შემოგვიერთდით
კატეგორია / კრიტიკა   411 ნახვა    1 წლის წინ
დაპაუზებული ისტორია... ანუ ქმნა მართლისა სამართლისა


სულ ახლახან გამოიცა ავტორთა კოლექტივის (დოდო ჭუმბურიძე, ვაჟა კიკნაძე, ხათუნა ქოქრაშვილი, ლელა სარალიძე) მიერ შექმნილი მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომი „საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში“ ორ წიგნად, რის აუცილებლობაც, ამ საკითხზე ადრე დაწერილ ნაშრომთა ანალიზის შედეგად ნაკარნახევმა გარემოებებმა წარმოშვა. მაგრამ არც იმის უგულებელყოფა შეიძლება, რომ, როგორც ნაშრომის რედაქტორის, ისტორიის მეცნირებათა დოქტორის, პროფესორ დ. ჭუმბურიძის ნაშრომისთვის გაკეთებულ წინასიტყვაობაშია ნათქვამი: „ისტორიული მოვლენების შეფასებისას ავტორთა მთავარი კრიტერიუმი ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართველი ხალხის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებია. რუსეთი, რომელმაც რამდენჯერმე მოახდინა საქართველოს სრული, ან ნაწილობრივი ოკუპაცია-ანექსია (1801-1810, 1921, 1992-1993, 2008) და რომელიც დღესაც იმპერიულ დამოკიდებულებას ავლენს ჩვენი ქვეყნისადმი, _ ბუნებრივია, დამპყრობელ ქვეყნად, ქართული სახელმწიფოებრიობის სახიფათო მოწინააღმდეგედ ფასდება. ამგვარი  ნაშრომის დაწერა აუცილებლად მიგვაჩნია იმ რეალურ ვითარებაში, როდესაც რუსეთსა და საქართველოში ამ ბოლო წლებშიც გამოვიდა ფართომასშტაბიანი გამოკვლევები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, სადაც გაყალბებულია ჩვენი ისტორია, რუსეთი ჩვენს საუკუნოვან მეგობრად არის გამოცხადებული, გამართლებულია მისი ყველა აგრესიული ქმედება და დადანაშაულებულია ქართველი ხალხი“...(დასახ. ნაშრ. წ, I, თბ., 2016, გვ. 4). აქვე მითითებულია აღნიშნულ პრობლემებზე მსჯელობისას რუსი ავტორების მიერ გამოჩენილ ტენდენციურობაზეც, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც „ვერ მალავდნენ იმ ძალადობასა და სისასტიკეს, რასაც რუსული იმპერიული ხელისუფლება იყენებდა საქართველოს დასაპყრობად“ (იქვე, გვ. 4-5), მაგრამ ისინი ყოველთვის ამოდიოდნენ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. აღნიშნულ პრობლემებზე მიძღვნილ ნაშრომებში ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულ ისტორიულ თვალსაზრისთა განხილვის დროს, ავტორთა კოლექტივი გამოდის მოვლენათა თანამედროვეობის შესაბამისად გააზრებისა და ობიექტური ანალიზის პრეტენზიით, რაც მისასალმებელია; ამასთან, მართლაც, აუცილებლობას წარმოადგენდა აღნიშნული ისტორიული პერიოდის საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ახლებურად გადააზრება და მასზე ახალ, თანამედროვე,  წონად თვალსაზრისთა გამოთქმა.

ერთი რეცენზიის მოცულობა, სამწუხაროდ, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ აღნიშნულ ორტომეულში განხილულ საკითხთა სრულ სპექტრს შევეხოთ. ამიტომაც დავკმაყოფილდებით რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მიმართულების წარმოჩენა-განხილვით, რაც საშუალებას მოგვცემს ნაწილობრივ მაინც შევუქმნათ მკითხველს ნათელი წარმოდგენა მასში განხილულ საკითხთა შინაარსზე.

პირველ რიგში ამ მიზნით შევეხებით ორტომეულის პირველი წიგნის პირველ თავს _ „საქართველო-რუსეთის XV-XVII საუკუნეთა ურთიერთობები XIX საუკუნის რუსულ ისტორიოგრაფიაში“ (ავტორი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე), სადაც აღნიშნული თავის ავტორი სამართლიანად აღნიშნავს ცნობილ რუსი ისტორიკოსის ნიკოლოზ კარამზინის ქედმაღლურ დამოკიდებულებას ქართველი ხალხისადმი და ამის დასამტკიცებელ სხვა მასალებთან ერთად მოჰყავს მის მიერ ქართველთა მიმართ გამოყენებული რუსული ტერმინი „zakosnev v nevejestve“ (იქვე, გვ. 9) რომელსაც ქართულად შედარებით შერბილებული ფორმით - „უბირობაში დახავსებულნი“- თარგმნის. მაგრამ ეს ტერმინი სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება - „უმეცრებაში დახავსებულნი“ და ნიკოლოზ კარამზინიც ზუსტად ამას გულისხმობს, ამიტომაც მისი ამ „დერჟიმორდული“ გამონათქვანის გაკეთილშობილების ცდა, ნ. კარამზინის გაკეთილშობილებას ვერ შეძლებს. ამიტომაც არ ღირს ამაზე ზრუნვა. ამასთან ავტორის მიერ იქვე მართებულად არის მითითებული, რომ კახთა მეფე ალექსანდრეს სიგელის ქართულ დედანს მოსკოვის პრიკაზში უნდა განეცადა ცვლილებები და როცა იგი აღნიშნავს, რომ „წარმოუდგენლად მიგვაჩნია თავის პირველსავე მიმართვაში კახთა მეფეს ასე დაემცირებინა თავი და საკუთარი პერსონისათვის უცნობი ჩრდილოელი მეფის „უმცირესი ყმა“ [„nijaiShcii xolop“; (იქვე, გვ. 11)] ეწოდებინა. როგორც ჩანს, აქ სამართლიანი უნდა იყოს ავტორის ეჭვი, რომ რუსი მეფე ხელოვნურად აძლევს სიგელში დაფიქსირებულ ამ ფაქტს მისთვის სასურველ ინტერპრეტაციას (მათთან ხომ ყველა „ხოლოპი“ იყო - უ. ო.).

საერთოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ნ. კარამზინი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის სამეფო კარის ისტორიკოსია და კარგად იცის, თუ როგორ ემსახუროს რუსეთის სახელმწიფოს დიდებას...

აქვე ავტორი განიხილავს სხვა რუსი ისტორიკოსების - ვლადიმერ სოლოვიევის და ვასილ კლიუჩევსკის არაობიექტურ მიდგომებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მიმართ, მაგრამ გვინდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნულმა ისტორიკოსებმა, ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსისაგან განსხვავებით, კარგად იციან თუ რა სჭირდება მათ სამშობლოს (განა რაიმე არ იციან, ან ვერ ხვდებიან?!). განხილულია აგრეთვე აღნიშნული საკითხების კვლევაში ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ბერძენიშვილის, იასე ცინცაძის, თამარ ტივაძის, ვალერიან მაჭარაძის, ალ. ბენდიანიშვილის, სერგეი ბელოკუროვის, მარი ბროსეს, ფრანცისკე ალოენის, მიხეილ პოლიევქტოვის და სხვათა მიერ შეტანილი უდიდესი წვლილი. კარგადაა წარმოჩენილი ამ ურთიერთობათა არარეალური საფუძველი და საბოლოოდ, ქართულ გარემოში მოსკოვური ილუზიების სრული კრახი.

ნაშრომში თითქმის სრულ სიახლეს წარმოადგენს რუსი ელჩების მორალური სახის ჩვენების ცდა XVII საუკუნის საქართველოში (თავი - რუსი ელჩების მორალური სახე და ქმედებები XVII საუკუნის საქართველოში, ავტორი ვ. კიკნაძე, იქვე გვ. 65-72). ნაშრომში პირდაპირ ნაჩვენებია რუსი ელჩების „საქმენი საგმირონი“ და ამგვარი საგმირო საქმეების ჩამდენთა თუ მათი მეფისაგან რა სიკეთეც იყო მოსალოდნელი, ვფიქრობთ, ნორმალური ქვეყნის ნორმალური სახელმწიფო მოღვაწენი, სათანადო დასკვნებს გამოიტანდნენ მათ თვალწინ დატრიალებული ამბებიდან, მაგრამ არა საქართველოში, სადაც დღემდეა შემორჩენილი ქვეყნის აშკარა მტრებისა და მათ მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედე­ბებისადმი არაადექვატური, მონური მორჩილებისაკენ მიდრეკილება და მათდამი ადვოკატური განწყობილებანი,  ეს მაზოხიზმის ქართული, განსაკუთრებული „ენდემური“ ფორმა. ამასთან არც გაუგონიათ და არც სურთ გაგონება, ძველი რუსეთის სახელმწიფოში მეფის აუგად ხსენებისათვის დაკანონებული აუცილებელი დასმენის წესის შესახებ, პაროლით „საქმე და სიტყვა“ („delo I slovo“), განურჩევლად მშობლისა, დედ-მამიშვილისა, ცოლისა თუ ქმრისა და სხვა (იქვე, გვ. 72). საკვირველია აგრეთვე რუსი ავტორების, განსაკუთრებით კი ვ. პოტტოს ნაშრომში მოცემული გენერალ ლაზარევისადმი მიძღვნილი პანეგირიკი; იმ გენერლისადმი, რომელიც საწოლ ოთახში შეუვარდა ქართლ-კახეთის სამეფოს უკანასკნელ დედოფალს და ძალით ცდილობდა მის იქედან გამოთრევას, რის გამოც იქვე მოკლული იქნა (იქვე, გვ. 85).

საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის იმპერატორები საფლავშიც აღარ აყენებდნენ ქართლ-კახეთის მეფეებს და ამ სამეფოს გაუქმების სამართლიანობის დასამტკიცებლად ალექსანდრე I-ის დავალებით მარკიზ პაულუჩმა გიორგი XII-ის საფლავზე გააკეთებინა წარწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველმა მეფემ თავისი ხალხის სიყვარულისათვის დაუთმო საკუთარი ტახტი რუსეთის იმპერატორს. (Platon Zubov, Shest pisem o Gruzii i kavkaze, pisannija v 1833 godu Platonom Zubovjm, moskva, 1834 g., s. 54); აღარაფერს ვამბობთ პლატონ ზუბოვისავე „ამ ხალხის ბედნიერება იქედან იწყება, რაც „ჩრდილოეთის არწივი“ დაეპატრონა კავკასიას“(იქვე, გვ. 42), ევგენი ბოლხოვიტინის  - „სურდათ რა გაენაწილებინათ ის მშვიდი ცხოვრება და კეთილდღეობა, რაც რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდათ...“ და ა. შ. (Evgeni AleqseeviC Bolxovitinov, „IstoriCeskoe izobrajenie Gruzii, Gruzia v politiceskom, cerkovnom I eja sostojanii, SP., 1802) , ან კიდევ,  მას სურს რუს მოქალაქეებს იმ ხალხზე მოუთხროს „რომელთა ბედი რუსი ბრძენი მეფეების ხელში გადავიდა“, იმ რუსეთის, რომლის მფარველობასაც საქართველო თურმე 215 წელი ითხოვდა (ნაშრ. გვ. 94-95).  

ამგვარი, რუს ხელისუფალთა პანეგირიკების საპირწონედ, ავტორს კარგად აქვვს შერჩეული ინგლისელი მოგზაურის ჯონ ბედლის მოსაზრებანი, რომელიც „დაუფარავად აღწერს იმ სისასტიკეს, რასაც რუსები სჩადიოდნენ ქალაქებისა და პუნქტების აღებისას“ (იქვე, გვ.99). აქვე მოყვანილია იტალიელი ქართველოლოგის ლუიჯი მაგაროტოს მიერ გამოყენებული XVIII ს-ის II ნახევარში მოქმედი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის ემერ დე ვატელის 1758 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის „ხალხთა სამართალი“ მიხედვით გაკეთებული დასკვნები რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ ჩადენილი ბოროტებების შესახებ, ბოლოს კი მაგაროტო მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნავს: „დღესაც კი, 1801 წლის მოვლენებიდან ორ საუკუნეზე  მეტი ხნის შემდეგ... რუსი ისტორიკოსები კვლავაც ორი საუკუნის წინ შემუშავებული ვიწრო ტენდენციური თვალსაზრისის დაცვას განაგრძობენ“[ლუიჯი მაგაროტო, „საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ (1783-1801), იტალიურიდან თარგმნა სალომე კენჭოშვილმა, გამომც. „მწიგნობარი“, თბ., 2008, გვ. 66; იქვე გვ. 102], რაშიც, უპირველეს ყოვლისა, რუსი ისტორიკოსებისგან  რუსეთის იმპერიის მიერ ამ იმპერიაში ძალადობით შეყვანილი ხალხებისათვის გაკეთებული სიკეთეების, მათი უვიცობის უკუნიდან და „უმეცრებაში დახავსებულობისაგან“ დამადლებულ-ნაგულისხმევი ხსნაა ხაზგასმული; არტემ არარატელის მსგავს პირველყოფილი გვაროვნული აზროვნების გადმონაშთებზე, როგორსაც, ხშირად, დღესაც ამჟღავნებენ მისი თანამეტომენი, - და რომელთაც ილია მართალმა მაღალკვალიფიციური მეცნიერული ლოგიკითა და ამასთან გამანადგურებელი სატირა-სარკაზმით გასცა პასუხი ყველა მიმართებით ისტორიულ ნაშრომში „ქვათა ღაღადი“, -  საერთოდ, ლაპარაკიც არ ღირს (იქვე, გვ. 126).

სარეცენზიო ნაშრომში ნათქვამია, რომ „რუსეთის მხარდაჭერის მომეტებული იმედი (მაჰმადიანურ ქვეყნებთან შედარებით მაინც) მათ (ქართველი მეფეები იგულისხმება - უ. ო.) ერთმორწმუნეობის ნიშნით უმტკიცდებოდათ“( წიგნი I, ჭუმბურიძე დ., თავი - დასავლეთ საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან XVIII ს-ის II ნახევარში, გვ. 161-196; გვ. 170). ამასთან ამავე ნაშრომის 196-ე გვერდზე აღნიშნულია, რომ ერეკლე II, რუსების ინტრიგების მიუხედავად, მაინც დაუახლოვდა სოლომონ I-ს, საქმეები მოაგვარა ოსმალეთთან და სპარსეთთანაც. მაგრამ რუსეთის პოლიტიკით განცდილი ამდენი იმედგაცრუებისა და მარცხის შემდეგ „მეფე მაინც რუსეთისაკენ იხედებოდა და მასზე ამყარებდა მთავარ იმედს...“ „ რუსეთის საფარველის მოშორვება და საქართველოს არარად ქცევა ერთ დროს იქნება“... „თუ მე ქრისტიანი ვარ, რუსეთის მონარხის ერთგული მოსამსახურე უნდა ვიყო!“ _ ამბობდა  ერეკლე II, რომლის ტანჯვა ისტორიულ მტრებზე არანაკლებ ახალმა „მფარველებმა“ გააღრმავეს და სიბერე ნამდვილ ჯოჯოხეთად უქციეს“(იქვე, გვ. 196) _ მართებულად შენიშნავს მკვლევარი. მაგრამ აქ ჩვენ გვსურს დავსვათ გარემოებებიდან გამომდინარე ასეთი კითხვა: რა არის ეს, თუ არა ქვეყნის გარშემო შექმნილი რეალური ვითარების ანალიზის უუნარობა და პოლიტიკური სიბეცე?! ბოლოს და ბოლოს საკუთრად ნაქცევი და, სიმართლე თუ გვსურს ვთქვათ, კახთ ბატონებისაგან „მოვერაგებული“ ქართლის სამეფო ტახტის შენარჩუნების დაუოკებელ სურვილს უნდა შესწირვოდა სამშობლოს ინტერესები?! ან კიდევ, რას ნიშნავს, „ მე თუ ქრისტიანი ვარ, რუსეთის მონარხის ერთგული მსახური უნდა ვიყო!“ ასეთი რა ნათელი, სიმართლე და სამართლიანობა დაინახა რუს ხელმწიფეთაგან მრავალგზის მოტყუებულმა და სვეგამწარებულმა ქართლ-კახეთის მეფემ, მართლაც მაგარმა ქრისტიანმა, რომ ქრისტეს იმედი წარიკვეთა და იმათ მოიმედედ დარჩა , ვისაც ასეთი ნდობა არაფრით დაუმსახურებია?! რასთან გვაქვს საქმე - რწმენის ნაკლებობასთან, თუ გადამეტებულ რელიგიურ  ფანატიზმთან?! იქნებ, სწორედ ამ და სხვა ცოდვებისათვის უწია ღვთის განგებამ ბაგრატიონთა შთამომავლებს! იქნებ, აქაც გამართლდა ძველი ქართული ანდაზა: „ბაბუას ნაჭამმა ტყემალმა , შვილიშვილს მოჰკვეთა კბილიო“- ამაზე დღესაც გვმართებს კარგად დაფიქრება!...

აქვე აღნიშნულია, რომ სოლომონ პირველიც  „იმედის თვალით შეჰყურებდა ერთმორწმუნე ძლიერ სახელმწიფოს“; მაგრამ ზემოთ ჩვენს მიერ გამოთქმულ თვალსაზრისის გარდა ანგარიშგასაწევია ის ფაქტორიც, რომ რუსეთმა სრულიად გამოიყენა  საქართველოში მის ხელთ არსებული აგენტურული ქსელისა და იძულების ბერკეტები, რითაც მოახერხა მოვლენათა მისთვის სასურველ კალაპოტში მოქცევა და საკუთარი ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელება.

უნდა ითქვას, რომ სათანადო თავში - „ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკა XVIII საუკუნის 90-იან წლებში: ურთიერთობა რუსეთთან“ - მკვლევარი დ. ჭუმბურიძე მართებულად შენიშნავს, რომ „მტკიცება იმისა, რომ რუსეთმა, მართალია დაიპყრო საქართველო, მაგრამ სამაგიეროდ გააერთიანა ქვეყანა, - სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს პროცესი დაწყებული იყო... კავკასიის მთაგრეხილის გადმოღმა მეფის რუსეთის პოლი­­ტი­კოსები ჰხედავენ მხოლოდ ტერიტორია „ზაკავკაზიეს“, რომელიც დიდი გარჯით გააერთიანეს კიდეც, მაგრამ არა საქართველოდ, არამედ რუსეთის გუბერნიად“ (იქვე, გვ. 236-237). ანალოგიურად სწორი დასკვნაა გამოტანილი იმერეთის დაპყრობის შესახებაც: „თუმცა რუსეთმა იმერეთის დასაპყრობად დიდი სამხედრო ძალა გამოიყენა და ხალხის წინააღმდეგობაც შეხვდა, მაინც ჩაწერა თავის იმპერიულ ქრონიკებში, რომ იმერეთის სამეფოც, ქართლ-კახეთის სამეფოს მსგავსად, „ნებაყოფლობით“ შეუერთდა რუსეთს, რაც აშკარა სიცრუე იყო.

იმპერიულმა რუსეთმა ფეხქვეშ გათელა სოლომონ მეორის სამეფო უფლებები, დაარღვია მასთან დადებული ელაზნაურის ტრაქტატი, ძალით და ტერორით დაიპყრო დასავლეთ საქართველო. იმერეთის სამეფოშიც, ისევე როგორც მთელ საქართველოში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ბრძოლას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა (გვ. 273) - ამბობს ავტორი და სამართლიანადაც. 

ისტორიის დოქტორი, ქალბატონი ხათუნა ქოქრაშვილი, ეხება რა დავით ბატონიშვილის მიერ შედგენილ პროექტს ალექსანდრე I-ისადმი საქართველოს ავტონომიური მმართველობის აღდგენის შესახებ, ხაზს უსვამს, რომ „მან იმპერატორს თამამი განცხადებით მიმართა და ლოგიკურად დაუსაბუთა, რომ თუ ევროპაში აუცილებელი იყო ძველი სამეფო დინასტიების აღდგენა, რასაც რუსეთის სახელმწიფოც მხარს უჭერდა, (დასახელებულია საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრია, პრუსია - უ. ო.), რატომ არ შეიძლება იგივეს გაკეთება მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მონარქიის  - საქართველოს მიმართ“; და იქვე აღნიშნულია, რომ დავით ბატონიშვილმა ამ მოთხოვნაზე ცივი უარი მიიღო, თხოვნის კვლავ განმეორების შემთხვევაში კი მას სამსახური დაკარგვითა და პეტერბურგიდან გასახლებით დაემუქრნენ (იქვე, გვ. 330-331). მკვლევარი იქვე აკეთებს სათანადო დასკვნასაც. მაგრამ ჩვენ აქ უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი, ქართული მხარისათვის არც თუ ისე სასიამოვნო გარემოებანიც, რადგან ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ გარემოებათა გამო რუსეთი საქართველოში იმავეს ვერ დაუშვებდა და ეს, მას არც სჭირდებოდა. ჯერ ერთი, საქართველოს სამეფოთა გაუქმება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ინტერესებში შედიოდა და მის მიერ მოხდა (იგი დღესაც მოქმედებს ამგვარი ორმაგი სტანდარტით); და მეორეც, - ევროპის ზემოთ დასახელებული სახელმწიფოები თუ სამეფო დინასტიები გააფთრებით იბრძოდნენ თავიანთი უფლებების აღსადგენად, - მაშინ, როდესაც ქართული პოლიტიკური ელიტა არა მარტო რუსეთ-საფრანგეთის 1812-1813 წლების ომის, თუ ამ პერიოდის მახლობლად მიმდინარე ომების დროს, არა მარტო ერთგულად ედგა მხარში იმპერიას, არამედ თავად იბრძოდა ადგილობრივ ამბოხებულთა წინააღმდეგ, თუნდაც 1812 წლის  კახეთის აჯანყების დროს, რომელიც უმთავრესად, სწორედ ქართული ძალების მიერ იქნა დათრგუნვილი. ამასთან, დიდი ფული დაიხარჯა ამავე ქართული ელიტის მოსყიდვა-გადაბირებაზე, რის გამოც მისდამი პატივისცემისა  და ნდობის ხარისხიც ძალიან დაბალი უნდა ყოფილიყო რუსეთის სამეფო კარზე. მათ ხომ ფულისა და ჯილდოების გამო საკუთარი მეფე და ქვეყანაც გაყიდეს და რატომ უნდა გაეწია ანგარიში რუსეთის ხელმწიფეს, ასეთ ყალბ ნიადაგზე მდგარი ყოფილი სამეფოს წარმომადგენელისათვის. მან ხომ კარგად იცოდა, ამ მისგან ნაყიდი არამზადების ნამდვილი ფასი, რომლებიც მასაც, ახალი შანსის გაჩენისთანავე, სარფიანად გაყიდიდნენ.

ამავე ავტორის მიერ წიგნის მეორე ნაწილში შეტანილ სტატიაში „ოსების მიგრაცია შიდა ქართლში“, ეხება რა აღნიშნულ პრობლემას, მკვლევარი შენიშნავს: „აღსანიშნავია, რომ XIII საუკუნის ბოლოს მონღოლების მხარდაჭერით ოსების ერთი ჯგუფი შიდა ქართლში შემოიჭრა. გარკვეული ხნით მათ დაიკავეს გორი და შიდა ქართლის ციხეები. თუმცა გიორგი ბრწყინვალემ შეძლო როგორც მონღოლების, ისე ოსების ქართლიდან განდევნა“(წიგნი II, თბილისი, გამოც. „მერიდიანი“,  2016, გვ. 4)

(გავიხსენოთ ვახტანგ გორგასლის მეფობის დასაწყისიც).

როგორც ვხედავთ, თანამედროვეობისთვისაც ძალიან ნაცნობი სურათია, თუმცა მონღოლები, ამჯერად, მათი „მემკვიდრე“ რუსებით არიან ჩანაცვლებულნი... და იმედია, „გიორგი ბრწყინვალეც“ სულ მალე გამოჩნდება.

 აქვე, არ გვსურს გვერდი ავუაროთ მკვლევარ დ. ჭუმბურიძის მიერ შენიშნულ სამწუხარო ტენდენციას (წიგნი II, თავი: რუსეთის კოლონიური პოლიტიკა საქართველოში და ქართული საზოგადოება. § საქართველოს „ნებაყოფლობითი შეერთება“ რუსეთთან და მისი შედეგები - გვ. 17-21), რომ ქართლის მეფეები იმდენად ცდებოდნენ, ისე სულ სტყუვდებოდნენ, რომ ზოგჯერ ფიქრობენ, განგებ ხომ არ იტყუებდნენ თავს; მაგრამ ეს ასე არ იყო. მათ, ძალიან ჭკვიანებსაც და სუსტებსაც, ატყუებდათ ყველა რუსი მეფე. ამასთან, წინაპრის მარცხი არცერთ მომდევნო ქართველ მეფეს არ გაუთვალისწინებია“(იქვე, გვ. 18).

რატომ?! რა არის ამის მიზეზი? - ეს კითხვა, ალბათ, ყველას გაუჩნდება, თუმცა მასზე ამომწურავი, მეცნიერულად გამართული პასუხი დღემდე არ არსებობს. ჩვენც შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ხშირი, ხანგრძლივი წარუმატებლობით გადაღლილ ქვეყანასა და მის მესვეურთ, რომელთაც შესაძლოა მაშინდელი მსოფლიო თუ რეგიონალური პრობლემების სწორად აღქმისათვის საგანმანათლებლო ბაზაც აკლდათ; ამასთან და აქედან გამომდინარე აქტიურად მოქმედებდა რა, ქვეყნის ინტერესებთან შედარებით, პირადი ინტერესის პრიორიტეტი (მაგ.: მეფეთა ქიშპობა სამცხის საათაბაგოსა თუ ქვეყანაში პირველობისათვის, გიორგიევსკის ტრაქტატის დადების დროს ალექსანდრე ბაქარის ძის ფაქტორი და მისი როლი, ქართლის სამეფო ტახტზე კახეთის ბაგრატიონთა ლეგიტიმურობის პრობლემა, ანალოგიური პრობლემები სხვა სამეფო-სამთავროებში და მათ გადასაჭრელად, უმთავრესად, რუსეთის მოიმედეობა, რასაც, ეს უკანასკნელი, კარგად უთავსებდა საკუთარ დამპყრობლურ პოლიტიკას, მიმართავდა რა მათ გადაბირებასა და მოქრთამვა-მოსყიდვას, თუ სხვა).

სამწუხაროდ ეს პროცესი, რამდენადმე მოდერნიზებული ფორმით, დღესაც გრძელდება და საქართველოში ახლაც არიან ძალები, რომლებიც აქ საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას, კვლავ რუსეთის დახმარებით ცდილობენ და ჩვენს ქვეყანაში რუსული პოლიტიკის გატარების „მეხუთე კოლონასა“ და ამავდროულად, მის „უფასო“ ვექილებს წარმოადგენენ. მათ გასაგონად, ჩვენს მიერ რეცენზირებულ ნაშრომში მოყვანილია ამონარიდი ცნობილი რუსი ისტორიკოსისა და ფილოსოფოსის გიორგი ფედოტოვის ნაშრომიდან - „Sudba I Grexi Rosii“ (Moskva, 1992), სადაც ის წერს: „ ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლეს რუსეთთან საქართველოს მშვიდობიანი შეერთების შესახებ, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, როგორი ვერაგობითა და  თუ საქართველოს როგორი დამცირებით გადაუხადა მას რუსეთმა ეს „თავისი ნებით შეერთება“(იქვე, გვ. 19). ხოლო პარაგრაფში - „იმედგაცრუებული“ ქართველები „დამნაშავის“ ძიებაში“, პროფესორი დ. ჭუმბურიძე აღნიშნავს : „...საზოგადოება ქვეყნის ინტერესების ღალატს  ელჩებს აბრალებდა. ამასვე ცდილობდნენ რუსი მოხელეები. მაგალითად, გენერალმა კნორინგმა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება პავლე I-ის საიდუმლო მრჩეველს, წარმოშობით ქართველ სერგეი ლაშქაროვს და გარსევან ჭავჭავაძეს დააბრალა (ზ. ცქიტიშვილი, გარსევან ჭავჭავაძის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, თბ., 1982, გვ. 167; ნაშრ., იქვე, გვ. 25).

იგივე თვალსაზრისს გამოხატავდნენ დავით, ბაგრატ და იოანე  ბატონიშვილები (ნ. გიგინაშვილი, ბაგრატიონი უფლისწულების პოლიტიკური მოღვაწეობა XIX საუკუნის პირველ მესამედში, თბ., 2007, გვ. 39). იმის დასამტკიცებლად კი, რომ გარსევან ჭავჭავაძე ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩის მოვალეობას, მის მიერ რუსული ენის მაღალ დონეზე უცოდინარობაა დასახელებული. თუმცა იქვე მოყვანილია ფაქტები, რომ ეს მას ხელს სრულებითაც არ უშლიდა, როდესაც საქმე მის პირად ინტერესებსა და „ევროპულად ცხოვრების“ მოწყობის სურვილს ეხებოდა. თანაც, საკვირველია, რა სირთულეს წარმოადგენდა ათწლეულების განმავლობაში გამუდმებით რუსეთში მყოფი ელჩისათვის რუსული ენის ჯეროვნად შესწავლა?! (ეს მისი ქართველი „ადვოკატების“ მიერ ხელოვნურად შექმნილი, მოგონილი „ალიბი“ უნდა იყოს -უ. ო.). ამასთან, ფრიად საგულისხმოა ამავე ავტორის იქვე მოტანილი დასკვნაც, რომ „შესაძლოა, ელჩებს მოსახდენი წინასწარ არ სცოდნოდათ, მაგრამ რუსი დიპლომატების ტყუილებისა და რუსულ პოლიტიკაზე რამდენიმე წლოვანი დაკვირვების შემდეგ, კი უნდა მიმხვდარიყვნენ რუსეთთან ურთიერთობის რეალურ შედეგს. მით უმეტეს ელჩებს რუსმა მოხელეებმაც დააბრალეს ღალატი და ქართული საზოგადოებაც დაარწმუნეს ამაში (იქვე, გვ. 28). ეს ხომ რეალობაა, რომელსაც წყალი არ გაუვა; რადგანაც ქართველ უფლისწულებს 1839 წლისთვის მაინც, დაწვრილებით შესწავლილი ექნებოდათ მათთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმის დეტალები და მასში გარსევან ჭავჭავაძის მიერ შესრულებული როლის შესახებ, რომელმაც  მათი საბოლოო დასკვნის მიხედვით - „ რუსეთისსავე ტაინი სოვეტნიკისა ლაშკაროვს... შთააგონა... რომ საქართველოში მეფობის გაუქმება „დიადი შესამატი იყოს რუსეთისა“. თანაც ავტორი იქვე, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტის ფონდებში დაცული დოკუმენტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ „ ამ საქმის შესრულება მათ საიდუმლოდ განიზრახეს. გარსევან ჭავჭავაძემ მეფის ძეთა შორის შური ჩამოაგდო, ხოლო ს. ლაშქაროვმა საქმე „მინისტერიაში“ მოაგვარაო“(იქვე, გვ.28). ამიტომაც ,სრულიად არ არის გასაკვირი, რომ „გარსევან ჭავჭავაძეს აღარც რუსები ენდობოდნენ და აღარც ქართველები“...(იქვე, გვ.29), რადგან ასეთია ხვედრი ყველა მოღალატე რენეგატისა. ამასვე ადასტურებს, ჩვენი აზრით,  აქვე მოტანილი შემდეგი პასაჟიც: „როდესაც სამშობლოში დააბრუნეს (გარსევან ჭავჭავაძე - უ. ო.) და თანამდებობა მისცეს, მისმა ვაჟმა ალექსანდრემ კნორინგს  მოსთხოვა მამამისისათვის  საპატიო შეხვედრა მოეწყოთ; მიაჩნდა, რომ ასეთი წესი უნდა შესრულებულიყო განსაკუთრებულად დამსახურებული პირებისათვის. მისი აზრით, გარსევან ჭავჭავაძე  ამას იმსახურებდა“ (იქვე). აქ, არავითარი საბუთი არ გვაქვს ვიგულისხმოთ, რომ მან პირნათლად შეასრულა თავისი ვალი სამშობლოს წინაშე; პირიქით, მის რუსეთში ელჩად მოღვაწეობას მოყვა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და ბაგრატიონთა დინასტიის, რომელსაც თითქოს-და ის ემსახურებოდა, სასტიკი დევნა და დაკნინება-რეპრესიები, რუსეთში მათი გადასახლების ჩათვლით. ალექსანდრე ჭავჭავაძეს, როგორც შვილსა და მისი გარემოცვის უახლოეს წარმომადგენელს, ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა ამ საქმეში გარსევან ჭავჭავაძის მიერ შესრულებული როლის შესახებ და როდესაც საქართველოში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელს ზემოთ აღნიშნული მოთხოვნით მიმართავდა, ჩვენ ვფიქრობთ, სწორედ ამ როლის ადექვატურ დაფასებას მოითხოვდა მისგან და რუსეთისგანაც. საქართველოსთვის მის მიერ გაწეული „ღვაწლი“ კი, მანაც კარგად იცოდა, რომ სულ სხვაგვარ „ჯილდოსა და დაფასებას“ იმსახურებდა. და აქ სრულიად ბუნებრივად გამოიყურება ავტორისეული მსჯელობაც, რომ „მტრისა და მოყვრის თვალშიც ჭავჭავაძე ერთნაირად საეჭვო პიროვნებად ჩანდა“. საქართველოში ბევრი იყო დარწმუნებული მის ღალატში... ხალხს სძულდა ისინი, ვისაც ამ ხელისუფლების (იგულისხმება რუსეთის ხელისუფლება -უ. ო.) მოყვანაში ედო წილი. გარსევან ჭავჭავაძეს ასეთად განიხილავდნენ. ბევრი მოღალატის ბედი ყოფილა მსოფლიო ისტორიაში ამგვარი“ (იქვე, გვ. 29-30).

მართებულად მიგვაჩნია ავტორის ის მოსაზრებაც, რომ ქართული საზოგადოების მთავარი ნიშან-თვისება XIX საუკუნის დასაწყისში ეროვნული ნიჰილიზმი იყო“... (იქვე, გვ. 30) ეროვნული ნიჰილიზმის ერთ-ერთი მასაზრდოებელი წყარო კოლაბორაციონიზმია. სამწუხაროდ, დიდი იმპერიების დაპყრობის ობიექტად ქცეულ პატარა ქვეყანაში ის გამორჩეულად ყვავის და ხშირად ეროვნული თვითშეგნების  გარკვეული ელფერითაც ინიღბება: მას ზოგჯერ თვითგადარჩენის იმპულსით ხსნიან და ამართლებენ. სინამდვილეში ის არღვევს ეროვნული სხეულის მთლიანობასა და სიმტკიცეს, გარეშე მტრებს უადვილებს დასაპყრობ ქვეყანაში შემოღწევასა და გაბატონებას“... ( მართლაც, ზუსტად მიგნებული მსაზღვრელებია გამოყენებული, რეალური პროცესის წარმოსადგენად) და სრულიად მართებულია იქვე მოცემული ავტორისეული დასკვნაც, რომ „XIX საუკუნის დასაწყისში ქართული სახელმწიფოებრიობა მხოლოდ რუსულმა იარაღმა კი არა, ეროვნულმა ნიჰილიზმმა და კოლაბორაციონიზმმა დაამხო“ (იქვე, გვ. 32)

ამასთან, არ შეიძლება არ დაეთანხმო მკვლევარს იმაშიც, რომ „ ერი, რომელიც საკუთარ შესაძლებლობაში არაა დარწმუნებული და მუდმივად სხვისი მოიმედეა, ვერ დაიცავს თავს გარეშე მტრებისაგან, ვერ იქნება საშინაო ასპარეზზე წარმატებული, ვერ მიაღწევს განვითარების სასურველ დონეს“ (იქვე, გვ. 30-31), რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია დღესაც და მომავალშიც.

 ნაშრომში განხილულია რუსული ინტელიგენციის  ირონიული და აგდებული დამოკიდებულება ახლად შეერთებული ქვეყნის ეთნო-კულტურული ღირებულებებისადმი (მაგ.: ალექსანდრე პუშკინის აღფრთოვანება დიმიტრი თუმანიშვილის „ახალ აღნაგოს“ ტექსტზე დაწერილი სიმღერით) აღნიშნულ პერიოდში თვით ქართული ინტელიგენციის წარმომადგენელთა - ივანე აფხაზის,  ფილადელფოს კიკნაძის, სოლომონ დოდაშვილის და სხვათა კრიტიკული და თვითკრიტიკული დემარშები.

„1832 წლის შეთქმულების „დამარცხების“ შემდეგ საქართველოში ბრძოლის გზად  რუსეთის ომებში ჩაბმული ქართველების გმირობა გამოცხადდა, რაც ქართველი ხალხის  ცნობიერებაში დაშვებული კიდევ ერთი დიდი შეცდომა იყო“ - ჩვენი აზრით, მართებულად შენიშნავს ავტორი (იქვე, გვ. 39).

ნაშრომში შთამბეჭდავადაა წარმოჩენილი „გაორებული თუ კოლაბორაციონისტი ქართველების“ სახე, განსაკუთრებით გრიგოლ ორბელიანის მაგალითზე, რომელიც „ხან შეუბრალებლად სჯიდა რუსეთის იმპერიისადმი დაპირისპირებულ მეამბოხეებს, თავს აყრევინებდა ურჩებს, ხანაც თავის კუთვნილ ხელფასს ურიგებდა მოსახლეობას; ლექსებში დამპყრობელ ვეშაპზე მოსთქვამდა, ცხოვრებაში ამ ვეშაპს აძლიერებდა და უერთგულესად ემსახურებოდა, - ამბობს ავტორი და იქვე სვამს კითხვას: „იყო კი „გაორებული“ მისი ეს მოქმედება და ცხოვრებისა და აზროვნების წესი?“ და თავად პასუხობს“ „ალბათ, არა! ეს ჩვეულებრივი, რუსის არმიაში აღზრდილი გენერლის ტაქტიკაა და მეტი არაფერი“. ვფიქრობ, ამ შეფასებაზე არაფრის დამატება არ ღირს, და უპირველეს ყოვლისა, ამად არ ღირს თავად აღნიშნული პერსონა, - : „გირგოლაობის“ სინდრომის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

ჩვენ, საგნის განხილვის თვალსაზრისით, მეტად ორიგინალურად და აღნიშნული პრობლემის გაგების ერთ-ერთ წარმატებულ ცდად აღვიქვით დ. ჭუმბურიძის მიერ გამოთქმული მოსაზრებანი თემაზე - „რატომ არ არის ლექსი - „საფლავი მეფის ირაკლისა“ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოლიტიკური ორიენტაციის გამომხატველი“ – (იქვე, გვ. 41-61). მიგვაჩნია, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მკვლევარის მიერ ნიკო ბარათაშვილის ამ „საიდუმლოს“ გახსნა იმიტომ, რომ ქართველი რუსეთუმები დღესაც საკუთარი მოსაზრება-პოზიციების გასამართლებლად, ხშირად ამ ლექსზე მიუთითებენ. ამ შეგნებულ,  რუსეთის ტრუბადურ გვამთადმი აღნიშნულ სტატიაში ამომწურავი პასუხია გაცემული. თან აქვე ხაზი უნდა გავუსვათ ერთ მეტად სამწუხარო, მაგრამ თავისი შინაარსით უმნიშვნელოვანეს დეტალს.

როდესაც რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I საქართველოს ეწვია, „სტუმრობამ ისეთი ზარ-ზეიმით ჩაიარა, გაკვირვებული თავად სტუმარიც დარჩა - „როგორ უნდა უყვარდეს მეფე ამ ხალხს, რომ ამდენი ბოროტების შემდეგ, ასე შემეგებნენო“( იქვე, გვ. 45), გაკვირვებით ჩაუწერია ნიკოლოზ I-ს თავის დღიურში. როგორც ვხედავთ, რუსეთის იმპერატორიც კი, უფრო ობიექტურად და რეალურად აღიქვამდა მოვლენებს, ვიდრე რუსეთის წინაშე დღესაც მუცელზე მხოხავი ქართველი მაზოხისტები, რომლებიც იმ წუთშივე აიტაცებენ ხოლმე რუსეთიდანვე საქართველოსა და მისი ნამდვილი მეგობრების გასაბიაბრუებლად გადმოსროლილ ყოველგვარ სიბინძურეს და შემდეგ მართლაც მაზოხისტური სიამოვნებით იმეორებენ მას. (მაგალითად, ზოგიერთ ხელოვანს თუ „დამსახურებულ“ მუშაკს სერიოზულად სჯერა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხოლოდ „პამპერსებითა და მტკნარი წყლით“ დაეხმარა) ?!.

 საუბრობს რა დეკაბრისტების შესახებ, იგივე მკვლევარი აღნიშნავს, რომ „როგორც ვიცით, დეკაბრისტები იყვნენ რუსი რევოლუციონერები“, რომლებმაც ევროპული ექსპედიციიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ „ გადაწყვიტეს თავიანთი ქვეყნის გარდაქმნა და ევროპული გარდაქმნების გატარება. ამ მიზნით, დეკაბრისტებმა ჩამოაყალიბეს ფარული საზოგადოებები... მოძრაობის ლიდერებმა შეადგინეს პროექტები რუსეთის შემდგომი მოწყობის შესახებ. სამწუხაროდ, მათი მიდგომა რუსეთის იმპერიაში შემავალი დაპყრობილი ხალხებისადმი ცარიზმის მსგავსად რეაქციული, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მეტად აგრესიული იყო“- ამბობს ავტორი და იქვე მოყავს ამის დამამტკიცებელი საბუთები  დეკაბრისტთა პროგრამებიდან (იქვე, გვ. 61-62), რომელთა განხორციელების შემდეგ, მათი აზრით, უნდა „ წაიშალოს ყოველგვარი ნიშანწყალი უწინდელი (ანუ ახლანდელი) მცხოვრებლებისა და ეს მხარე კეთილმოწყობილ რუსულ ოლქად გადაიქცეს“, - შემდეგ კი აღნიშნავს, რომ „ქართველები განათლებული და ლიბერალურად მოაზროვნე რუსი რევოლუციონერებით მოიხიბლნენ...“(იქვე) და ა. შ., რაც არარეალურად გამოიყურება; რადგან ზემოთ მოხსენებულ მათ პროგრამებსა და აზრებში ლიბერალიზმის ნიშანწყალიც არ ჩანს. ვფიქრობ, დიდი ხანია დადგა დრო, უარყოფილი იქნას ამ რუს ურა-პატრიოტ ნაციონალ-შოვინისტთა ლენინისეული და საბჭოთა ისტორიოგრაფიული სკოლისათვის დამახასიათებელი შეფასებანი და ითქვას, რომ მათი თვალთახედვისა და იმპერიული აზროვნების გამო, სრულიად წარმოუდგენელი იყო მათ გულწრფელი და თბილი ურთიერთობები ჩამოყალიბებოდათ დაპყრობილი ხალხების, კერძოდ კი კავკასიელების მიმართ. ამიტომაც საჭიროა საბოლოოდ შეწყდეს ამ ჩვეულებრივი რუსი „ოპრიჩნიკების“ გაფეტიშება-გაიდეალება. ვფიქრობთ, არც გრიგოლ ლორთქიფანიძის იმ შეფასებაშია რაიმე გადამეტებული, როდესაც ის აღნიშნული „ელიტასა“ და მის საქმიანობაზე მსჯელობს, რომ „...ქართველი ხალხის მოწინავე ნაწილი თითქმის სრულიად გატყდა წელში, ქედი მოიხარა და ამბორი დაუწყო იმ ხელს, რომელიც მას რუსული „კნუტით“ (მათრახით) უჭრელებდა ზურგს.“ (იქვე, გვ. 92; გრ. ლორთქიფანიძე, „ფიქრები საქართველოზე“, თბილისი, 1995, გვ. 71), მაგრამ, საბედნიეროდ, სულ მალე გამოჩნდა ილია ჭავჭავაძე და მისი მცირერიცხოვანი დასი, რომელმაც შეძლო მათგან სასიკვდილოდ განწირული საქართველოს სააქაოსაკენ მობრუნება.

რაც უფრო მეტს ვფიქრობ 1932 წლის შეთქმულებაზე, მეუფლება აზრი, რომ მის მონაწილე წევრებს არ გააჩნდათ აღნიშნული შეთქმულების გამარჯვების არავითარი რწმენა და მიმბაძველური ცრუ ოცნებებით, მხოლოდ „გულის ბუხარს“ იხარებდნენ. ამიტომაც ერთი სული ჰქონდათ, რომ ვინმეს სულმოკლეობა გამოეჩინა და ასეც მოხდა. იასე ფალავანდიშვილმა ისინი იხსნა იმ „დანაშაულის“ ჩადენისაგან, რომლისთვისაც მზად არ იყვნენ და შეუნარჩუნა შანსი, რუსეთის საიმპერატორო კარისათვის თავიანთი ერთგულება კვლავაც ემტკიცებინათ... შეთქმულების იდეა, ეს იყო დასავლეთიდან, კერძოდ იმდროინდელი პოლონეთიდან, მომდინარე მოდური სულისკვეთებისათვის თავისებური ხარკი, რომლის იქეთ წასვლა, გარკვეული მიზეზების გამო, მათ შესაძლებლობებს აღემატებოდა, და იგი იდეაშივე დარჩა. შეთქმულების დაწყების თარიღის მრავალგზის გადადებაც იმის დასტურია, რომ გრძნობდნენ რა საკუთარ სრულ უილაჯობას, ერთი სული ჰქონდათ ვინმე როდის გასცემდა მათ მიერ წამოწყებულ ამ ავანტიურას.

აღნიშნულ ჩვენს მოსაზრებას თავისებურად ამაგრებს ავტორისეული ანალიზი თემისა „რუსეთის იმპერატორები საქართველოში“, სადაც ის აღნიშნავს: „სტუმარს კავკასიური და მათ შორის, ქართული ადათი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს, მაგრამ ამ შემთხვევაში იმპერატორების წინაშე ქართველმა თავადაზნაურობამ შესამჩნევად გადააჭარბა. მათი ქცევა და სიტყვები უფრო მლიქვნელობის შთაბეჭდილებასა და უსიამოვნო განცდას ტოვებდა, ვიდრე ჩვეულებრივი სტუმრის, რაგინდარა საპატიოს პატივისცემა გულისხმობს. ეს მით უფრო, რომ სისხლისმღვრელი დაპირისპირებანი რუსულ ხელისუფლებას და ქართველი ხალხის წარმომადგენლებთან უკვე მრავალჯერ იყო გამართული“ [აქვე ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეიძლება დავამატოთ, რომ მათი უმრავლესობა, სწორედ ქართველი თავადაზნაურობის შესაშური თავგანწირულობისა და ძალისხმევის შედეგად იქნა ჩახშობილი, რუსული ჯილდოების, მაგალითად „სისხლის ჯვრის“ მიღების იმედით (იხ. ალ. ფრონელი, მთიულეთი 1804 წელსა, გამომც. „ქართველ ამხანაგთა სტამბა“, ტფილისი,1896 წელი, თუ სხვანი)].

მით უმეტეს, რომ „თავად იმპერატორმაც ვერ გაიგო კარგად, რატომ შეხვდა მას ასეთი ზარ-ზეიმით თბილისისა და ქუთაისის გუბერნიის ქართველობა, ამდენი აჯანყებების, ომების, სისხლისღვრისა და დამცირების ქვეშ გამოტარებულმა ხალხმა უსაზღვრო მორჩილება და მონური ქედმოხრა რატომ გამოავლინა მის წინაშე... თავად იმპერატორს 1837 წელს დღიურში ჩაუწერია: „არ შეიძლება არ გაოცდეთ იმით, რომ ხალხი მონარქისადმი ერთგულების გრძნობას ატარებს მაშინ, როცა არსებობს მმართველობის საძაგელი წესი, რომელიც ჩემდა სამარცხვინოდ, დიდი ხანია ტვირთად აწევს ამ მხარეს“ (იქვე, გვ. 112,113,114).

 როგორც ჩანს, ნიკოლოზ I უფრო ღრმად გრძნობდა და განიცდიდა აქ შექმნილ ვითარებას, ვიდრე ეს მონური სულისკვეთებით სიქა გაცლილი და მონარქის ერთგულ სამსახურში გახვითქული ქართული ე. წ . არისტოკრატია და მისი იმდროინდელი „სულიერი მოძღვრები“. ხოლო რაც შეეხება „ქართველთა კოლაბორაციონიზმისა თუ სამარცხვინო მლიქვნელობის გამომხატველ ფაქტებს“ (იქვე), ამის შესახებ, სამწუხაროდ, რა შეიძლება ითქვას?!. მაგრამ მაინც ვცადოთ...

როდესაც აზიაში გადასულმა ალექსანდრე მაკედონელმა მდინარე გრანიკოსში ყოველგვარი განსჯის გარეშე ისკუპა, თვით მდინარესაც აღმოაჩნდა ძალმოსილება, რომ ევნო მოყვრის საფარქვეშ მოსული „მტრისთვის“; საქართველოში კი, ამ ქედდადრეკილი მონების ნახვამ თვით ნიკოლოზ I-იც კი შეაძრწუნა, მაგრამ ისეთი რამეც გააბედვინა, რასაც მხოლოდ „რუსული ხოლოპიზმის“ უბადრუკ ნაშთებს თუ აკადრებდა ვინმე... მაგრამ მან ეს იკადრა, რადგან თავად იყო საკუთარი შეუზღუდავი თვითნებობის პირველი ხოლოპი და თავს გრძნობდა ღირსების გრძნობა დასაჭურისებულ საკუთარ ჰარამხანაში!.. და გრანიტის პედესტალზე აღმართული თუჯის ჯვარიც ზედ თბილისის გასასვლელთან,  წარწერით: „Jivji v pomoShci VjShnjago, v krove Boga nebesnago vodvoritsja“ (იქვე, გვ. 110) - მაშინდელი ქართული საზოგადოების სრული მორალური გაკოტრების თვალსაჩინო მაგალითია, რომლის დასაძლევადაც კოლოსალური მუშაობა გასწია ილია მართალმა და მისმა თაობამ (თანამოაზრეებმა). - რეცენზიის II ნაწილი კრებულის შემდგომ ნომერში დაიბეჭდება.

 

ნაწილი მეორე

გარდა ზემოთ უკვე მოხსენებული „სიკეთეებისა“, საქართველოს „ფიზიკური გადა­რ­ჩენისა“, რასაც ასე გვამადლიან რუსები და ქართველი რუსეთუმეები, ქართულმა სინამ­დვილემ რუსეთის იმპერიაში ყოფნის თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორიიდან მემკვიდ­რეობად მიიღო „ციციანოვობა“, იმპერიის მიერ აღზრდილი სამშობლოზე შეორგულე­ბუ­ლი მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრები;  „ვარლამოვი­ჩე­ბი“, ვარლამ ერისთავის მსგავსად საქართველოს რუსეთის საწოლში ჩასაწვენად „მომკაზმავები“; „გარსევანიჩები“, დღემდე შენიღბული და ქართული „საადვოკატო ხელოვნებით“ დაცული სამშობლოს ამომგდები მოღალატეები და მისგან გამომდინარე „გირგოლაობა“, როცა სხვათა დასანახად სამშობლოს ბედზე მოთქვამენ, საქმით კი სწო­რედ ამ სამშობლოს მტრებს ემსახურებიან და აძლიერებენ; „პავლიკიანები“, სულიერი მა­მე­ბი, რომლებიც საკუთარ სამწყსოს წყევლიან და შეაჩვენებენ, გასცემენ მას უკანასკნელი დასმენა-მაბეზღრობით; „უვაროველები“ - ქართული საეკლესიო და საერო საგან­ძურის გა­დარ­ჩენაზე „მზრუნველი“ რუსი ძალადმაცხოვნეები და მათ სათავეში მდგომი „მო-ცარ-ულები“ - ყველა რუსი იმპერატორი, რომლებიც არაფრად აგდებდნენ მათ მიერვე მიცე­მულ მეფურ სიტყვას და მათ საქმეთაებრ „მოიცარნენ“. მათმა ერთობლიობამ კი წარმოქმნა მანდრაგორას აბიბინებული ველი, რომლის აქტიური გამოყენება დღესაც ხდება საქართ­ველოში რუსეთუმეების მიერ თავიანთი „ძროხების“ გამოსაკვებად, იმ იმედით, რომ სა­ბო­ლოოდ თუ ვერ ჩაკლეს მათში ყოველივე ქართული, რძეს ხომ მაინც გაუფუჭებენ...

აღნიშნული პროცესი ერთხელ და სამუდამოდ რომ შეწყდეს, საჭიროა დიდი და ფარ­თომასშტაბიანი სამუშაოს ჩატარება და ზოგჯერ ძალზედ მტკივნეული სიმართლის პირდაპირ თქმა...

ნაშრომში როდესაც ლაპარაკია საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალური მოძრა­ო­ბ­ის ლიდერთა დევნაზე (ნაშრ., I ნაწილი, გვ. 409), ავტორი, სამწუხაროდ, რატომღაც აგრ­ძელებს ამ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ეპისკოპოს ლეონიდეს ღვაწლის ხელოვნუ­რად დამცრობის პოლიტიკას და მისი სახელის მოხსენიებას ქართული ეკ­ლესიის ავტო­კე­ფალიის გამოცხადების მომენტისთვისაც თავს არიდებს (იქვე, გვ. 414), რაც მაგონებს საქართველოს უახლოეს წარსულში მომხდარ ეროვნულ-განმათა­ვისუ­ფ­ლებელ ბრძოლა­ში დღემდე ზოგიერთთა მიერ ზვიად გამსახურდიას ღვაწლის მიჩქმალ­ვის მცდელობას. საქართველოში საშიშ ტენდენციად იქცა, რომ ქართული საქმის უანგარო მსახურებს თა­ვ­ზე უნდა გადავასვათ „დიდი პოლიტიკოსები“ და რუსეთის აპოლოგეტი „მეცნიერები“... აქვე ავტორი აღნიშნავს 1906 წლის აპრილში პეტერბურგში საქართველოს ეკლესიის ავ­ტო­კეფალიის საკითხზე შეკრებილ სინოდის სხდომაზე ეპისკოპოს კირიონის მოხსენე­ბას - „რომელმა „ივერიამ“ მიიღო ავტოკეფალია XI საუკუნეში“, რომელშიც ის ამტკიცებ­და, რომ იმ „ივერიაში“, რომელმაც   XI საუკუნეში ავტოკეფალია მიიღო, არა მთლიანად საქართველო, არამედ მხოლოდ ბიზანტიის იმპერიის გავლენის ქვეშ მყოფი სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, ე. წ. „ივერიის თემი“ იგულისხმებოდა“, და იქვე მკვლევარი სრუ­­ლიად მართებულად აღნიშნავს, რომ „კირიონის ეს თეზისი სწორი არ იყო და მხო­ლოდ ჰიპოთეზად შეიძლება ჩათვლილიყო“ (იქვე).

ჩვენ თავს უფლებას მივცემთ ვიკითხოთ, ეპისკოპოს კირიონს, რომლის 1906 წელს პეტერბურგის დელეგაციაში დანიშვნას არცთუ დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ეპისკო­პო­სი ლეონიდე, საერთოდ რაში დასჭირდა, ან რატომ უნდა დაეყენებინა აღნიშნულ სხდო­მაზე ისეთი საკითხი, რომელიც საწინააღმდეგო პოზიციას უმაგრებდა ზურგს და არა იმ­ას, რასაც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მომხრეები მოითხოვდნენ?... მითუმეტეს, რომ კირიონის ეს მოხსენება პირდაპირ ხელს უშლიდა ალ. ცაგარელის მიერ მეცნიერულ საფუძველზე დაყენებულ ივერიის უძველესი და აწ გაუქმებული საკათალიკოსოს აღდგე­ნის მოთხოვნას. რაც  შეეხება ამ სხდომების შემდეგ მიღებულ 1906 წლის 23 აგვის­ტოს „უმაღლეს ბრძანებულებას“, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი გამოცემით რუსმა „მოცა­რუ­ლებმა“ ხელიდან გაუშვეს თავიანთი ცოდვების (მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ ჩადენი­ლი ცოდვების) მონანიების უკანასკნელი შანსი და სასტიკად დაისაჯნენ კიდეც... ამას კი ნაშრომში მოსდევს მელიტონ კელენჯერიძისეული სრულიად სამართლიანი დასკვნა, რომ „ქართული ეკლესიის საფუძვლები ვერც სპარსელებმა, ვერც ოსმალებმა ვერ შეარ­ყიეს, და ეს მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთმა მოახერხა“... იგი იქვე აცხადებს: „ რაღა უნ­და ითქვას ამის შემდეგ იმ საცოდავ კაცუნებზე, რომლებიც უსინდისოდ და სიამაყით უცხადებენ ქართველებს - რუსი ხალხის რაღაც დიდ დამსახურებაზე ქართველი ერის წინაშე?!“ (იქვე, გვ.422).

ნაშრომში სამართლიანად არის შეფასებული რუსეთის მიერ დაპყრობილ საქარ­თ­ვე­ლოში იმპერიული ცენზურის პირობებში ქართველი პატრიოტების მიერ გაწეული უდ­ი­დესი მუშაობა და თავგანწირვა, მათი ღვაწლი ქართული სულიერების გადარჩენაში (ილია, აკაკი, ვაჟა, ნიკო ნიკოლაძე, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვა).

აღნიშნული ნაშრომის ერთ-ერთ სერიოზულ ნაკლად უნდა ჩაითვალოს თანამედ­როვე ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და მისი თანამდევი პრო­ცესების თითქმის სრული შეუფასებლობა, ყურადღების გადატანა ისეთ თითქოსდა „საგა­რეო“ ფაქტორებზე, როგორიცაა „ცხინვალის რეგიონის კონფლიქტი“ და „აფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში“. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათი განხილვის შედეგად გამო­ტა­ნილი დასკვნები სავსებით რეალურია, რასაც მოსდევს მათი შემოქმედი რუსეთის ქმე­დე­ბათა ასევე მართებული შეფასებანი, რომ „2008 წლის აგვისტოს აგრესია, რომელშიც რუსე­თი საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით ჩაერთო, რუსეთის მხრიდან აგრესი­ულ და დამპყრობლურ ხასიათს ატარებს. მიუხედავად რუს პოლიტიკოსთა შენიღბული ქმედე­ბებისა, დღეს აშკარაა, რომ აღნიშნული კონფლიქტები არის არა მხოლოდ დაპირის­პირება ორ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის, არამედ ეს არის რუსეთის იმპერიული ომი შავ ზღვაზე და კავკასიაში ჰეგემონობისათვის. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის ხე­ლი­სუფ­ლება XXI საუკუნეშიც იგივე მეთოდებით იბრძვის და არანაირ ანგარიშს არ უწევს სა­ერთაშორისო თანამეგობრობის აზრს“ (დასხ. ნაშრ. ნაწ. II, გვ. 475).

მაგრამ, ჩვენი აზრით, უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ ის ომი, რომელიც „ რუსეთის მხრიდან აგრესიულ და დამპყრობლურ ხასიათს ატარებს“ და „არის რუსეთის იმპერიუ­ლი ომი შავ ზღვაზე და კავკასიაში ჰეგემონობისათვის“, ასეთივე სახელწოდებით დაგვე­ფი­ქ­სირებინა („რუსეთის ომი საქართველოსთან შავ ზღვაზე და კავკასიაში ჰეგემონობისათვის“) და არა რო­გორც „ცხინვალის რეგიონის კონფლიქტი“ და „აფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში“; რაც ყველას საშუალებას მისცემდა განესაზღვრა, თუ რასთან გვაქვს საქმე და რომ აქ ეს ხე­ლოვნურად შექმნილი კონფლიქტი და ომი, თავისი ფსევდო აქტიორებით, რომლებიც ფაქ­ტობრივად რუსულმა იმპერიულმა მანქანამ შექმნა და იყენებს მოძმე ხალხების ერ­თ­მანეთზე მისაქსევად, არაფერ შუაშია. სწორედ ამას აფიქსირებს სავსებით მართებულად ავ­ტორიც, როდესაც მოვლენათა საფუძვლიანი ანალიზის კვალობაზე გაკეთებულ დასკ­ვნა­ში წერს: „2008 წლის აგვისტოს რუსულმა აგრესიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართ­ველოში არ არსებობს მტრულად განწყობილი კონფლიქტური რეგიონები, რომ არსებობს ერთი სტრატეგიული და ტაქტიკური მოწინააღმდეგე რუსეთის სახით“ (იქვე, გვ .476).

დიახ, ჩვენც სრულიად ვეთანხმებით მოცემული თავისა და პარაგრაფის ავტორს, რომ „ეს არის იმპერიული რუსეთის ომი შავ ზღვაზე და კავკასიაში ჰეგემონობისათვის“. დანარჩენი კი თავად აფხაზმა და ოსმა ხალხმა განსაზღვროს, - შედის თუ არა მათ ინტე­რესებში, რუსეთს ამ იმპერიულ ომში მას თავი საზარბაზნე ხორცად გამოაყენებინონ?!

აქვე მოხსენიებულ რუსეთის მიერ ქართველი ხალხის დაჩოქებაზე კი ვიტყოდი, რომ ეს, საბოლოოდ, აუხდენელი ილუზიაა, რადგანაც ყველამ კარგად იცის, რომ ქართ­ველმა ხალხმა, ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე, მისი დაჩოქებისა და განადგურების არა ერთი მოსურნე მოინელა, და რაც ვერ შეძლო „ათასწლოვანმა რომმა“, ბიზანტიამ, არა­ბობამ, თურქ-სელჯუკებმა, ძლევამოსილმა მონღოლმა თუ ირანელმა დამპყრობლებმა, რუ­სეთის იმპერიისთვისაც აუხდენელ ოცნებად დარჩება, რადგან ღვთისმშობლის წილ­ხვედრ ჩვენს სამშობლოს მისი მადლი და მეოხება იცავს. მართლმორწმუნე ქრისტიან რუს ხალხს, ეს დიდი ხანია აუწყეს მისი წიაღიდან გამოსულმა წმინდა მამებმა და გააფ­რთ­ხი­ლეს იგი, რომ საქართველოსთან კონფლიქტი, ზიანის მეტს არაფერს მოუტანდა რუ­სეთის სახელმწიფოს. ჯერ კიდევ არა არის გვიან, რუსეთში მოახერხონ გონიერების ამ ხმის გაგონება...

 ქართული სახელმწიფოს მესვეურთ კი ვურჩევდით, რომ თავიანთი ქვეყ­ნის პრობ­ლემების მოგვარების დროს, საკუთარი მშვიდობიანი და მაძღარი ცხოვრების უზრუნ­ვე­ლ­ყოფაზე ორიენტირებულ ე. წ. დიდი სახელმწიფოების და საერთა­შო­რისო ორგანიზაცი­ებ­ის იმედად ნუ იქნებიან. რადგან ყველა ასეთ ქვეყანასა და ორგანიზაციას გააჩნია საკუთარი პრიორიტეტულად მიჩნეული მიზნები და ინტერესები. უნდა გვესმოდეს და შესაძ­ლებ­ლობის ფარგლებში გავითვალისწინოთ ეს ინტერესები; მაგრამ ისიც კარგად გავაანა­ლი­ზოთ, რამდენად ემთხვევა და ხელს არ შეუშლის მათი განხორციელება საქარ­თველოს სამომავლო განვითარების პერსპექტივას, - ხელოვნურად ხომ არ ზღუდავს, ან არ აჩერებს მას, ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან თანხმობაში ვერ მყოფი მათში მიმდინარე იმპერიული პროცესები და განვითარების ტენდენცია.

ამიტომ, ჩვენისთანა, პოსტ-საბჭოური სივრციდან ახლად აღმოცენებული სახელ­მწიფოებისათვის სრულიად მისაღებად უნდა იქნას მიჩნეული ქმედუნარიანი სუვერე­ნუ­ლი დემოკრატია, რომლის ქვეშაც ვგულისხმობთ ისეთი სახელმწიფოებრივი  სისტემის ჩა­მოყალიბებას, რომელიც, ერთის მხრივ, შესაძლებელს გახდის მსოფლიო განვითარების თანამედროვე პრაქტიკიდან ყოველივე პროგრესულის დაუყოვნებლივ ათვისებას, ხოლო მეორეს მხრივ, მოგვცემს  ქვეყნის ეროვნულ მეობასთან შეუთავსებელი ხელოვნური ორიენტირებისა და „პრიორიტეტების“ მასზე თავს მოხვევის  შეუძლებ­ლობის გარანტიას.

ჩვენს მიერ აღნიშნული ნაშრომის ირგვლივ გამოთქმულ მოსაზრებებს, არა აქვთ მისი ყველა ასპექტის შეფასების პრეტენზია და წარმოადგენს ჩვენთვის ხელმისაწვდომ პრიორიტეტულ მიმართულებათა რეცენზირების მცდელობას. ამასთან გვსურს, მის ავ­ტო­რებს დიდი მადლობა მოვახსენოთ მათ მიერ ნაშრომზე გაწეული უდიდესი ძალის­ხმევისათვის, რომლის დროსაც მათ შეძლეს XVIII-XXI საუკუნეების საქართველო-რუს­ეთის ურთიერთობათა იმ ნიუანსების მართებული შინაარსის წარმოჩენა, რაც ამ ურთი­ერთობის უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებს წარმოადგენდა, ამასთან, მოახერხეს ბევრი ამ საკითხის, თანამედროვეობის შესაბამისად ისტორიული გადააზრება; განიხილეს და სათანადოდ წარმოაჩინეს მრავალი, ადრე ყურადღების მიღმა დარჩენილი უმნიშვნე­ლო­ვა­ნესი პრობლემა, რომლებიც აღნიშნულ ურთიერთობათა ნამდვილ, შეუფერადებელ სუ­რათს უფრო  თვალსაჩინოს ხდის.

ამიტომაც სარეცენზიო ნაშრომი  „საქართველო-რუსე­თის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში“ (ორ ნაწილად) ქართული ისტორიული მეცნიერების მნიშვნელოვან შენაძე­ნად უნდა ჩაითვალოს, რისთვისაც მისი ავტორები სათანადო წახალისებას იმსახურებენ.