თებერვალი მარტად გვექცა...
379 ნახვა  
  1 წლის წინ
თებერვალი მარტად გვექცა...
379 ნახვა  
  1 წლის წინ
შემოგვიერთდით
კატეგორია / პოლიტიკა   378 ნახვა    1 წლის წინ
თებერვალი მარტად გვექცა...


თებერვალი მარტად გვექცა...

 

ძნელია საქართველოს ისტორიაში გამოინახოს ისტორიული თარიღი, რომელიც თავისი ტრაგიზმით 1921 წლის თებერვალ-მარტის  ამბებს შეედრებოდეს... მაგრამ მისი წინარე პერიოდი და იმ დროს მიმდინარე მოვლენები, ძალიან მაგონებს საქართველოს დღევანდელობას.

მაშინაც, როგორც თანამედროვე საქართველოში, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ფაქტობრივად უარი თქვა ქვეყნის ეფექტური თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაზე; ციხიდან გამოუშვა საქართველოს დამოუკიდებლობის მამალი მტრები, ბოლშევიკები; მოახდინა მათი ორგანიზაციების ლეგალიზაცია და მოსკოვიდან საქართველოს გულში, თბილისში დაუშვა ბოლშევიკური რუსეთის 300 კაციანი აგენტურის ჩაბუდება, მათი რეზიდენტის სერგიე კიროვის მეთაურობით; რითაც საქართველოში თითქმის მიმკვდარებულ ბოლშევიკ-მოღალატეთ ახალი  სული შთაბერა და გააქტიურა ქვეყნის წინააღმდეგ მათი ძირგამომთხრელი საქმიანობა.

საქართველოს დღევანდელობაშიც ობიექტურ ისტორიკოსს არ გაუჭირდება ანალოგიური მომენტების დანახვა და მათთვის სათანადო სტატუსისა და გვარის მინიჭებაც კი, თუ მართებულ შეფასებას მისცემს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს: სახეზეა აშკარად პრორუსული, ნეობოლშევიკური აგენტურის ლეგალიზაცია და მათი აგიტაცია-პროპაგანდის არნახული გააქტიურება, ხოლო რაც შეეხება მათ რეზიდენტსა და რეზიდენტურას დღევანდელ საქართველოში, არც ამის გამოცნობა უნდა გაუჭირდეს ვინმეს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მაშინაც საქართველოს ხელისუფლების სათავეებთან იდგა ის პარტია, რომელსაც არასდროს  უფიქრია საქართველოს დამოუკიდებლობაზე და როდესაც ეს ისტორიული გარდაუვალობა დადგა, იძულებული გახდა დიდი ცრემლის ღვრითა და გულის ტკივილით ეღიარებინა იგი, დაეწყოთ იმის მშენებლობა, რისი ელემენტარული უბრალო პროექტი, მონახაზიც კი არ გააჩნდათ. თუმცა ამ საქმეშიც დიდად პრეტენზიულები აღმოჩნდნენ და ჩვენი სამშობლო გარდაუვალ ჩიხამდე მიიყვანა კიდეც. ასეა დღესაც. თუმცა დღევანდელობაში უნდა აღინიშნოს ერთი თავისებურება _ მათ მიერ ადრე დეკლარირებული და ახლა კი ოფიციალური იძულებითი განცხადება-ქმედებებით დასავლურ, ლიბერალურ-დემოკრატიული ქვეყნებისა და ღირებულებებისაკენ თითქოს-და სწრაფვა, საქმით კი რუსეთისაკენ პერმანენტული ხოხვა და აღმოსავლური, ავტორიტარულ-დესპოტური სისტემის ჩამოყალიბების განუწყვეტელი მცდელობანი, რომელშიც ყველაფერი ერთი პირის მიერ იქნება კონტროლირებული. ამის შედეგი კი საყოველთაოდ ცნობილია...

ამასთან, 1921 წლის თებერვლის მარტად ქცევას, ახლავს საკმაოდ ბევრი ლეგიტიმური ეჭვი, რომელთაგან მრავალი ოფიციალურად გამოითქვა უცხოურ თუ ქართულ გამოცემებში. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ყურადღება  გვინდა გავამახვილოთ იმაზე, რომ მუდამ „რუსეთის ერთიან სოციალ-დემოკრატიაზე“ მოქადაგე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტისთვის კი, მისი დარღვევის გამო „გულ გახეთქილმა“ და „მცრემლავმა მაზოხისტებმა“, თავად ხომ არ ჩააბარეს შეგნებულად ქვეყანა ბოლშევიკებს?! მით უმეტეს, როდესაც მიხვდნენ, რომ „რუსეთის სოციალ-დემოკრატიასთან“ ძველი ფორმით ერთობის აღდგენა შეუძლებელი იყო, ხოლო მათ რადიკალურ ფრთასთან, ბოლშევიკებთან ალიანსი, აშკარა ღალატად იქნებოდა აღქმული?! ნიკოლო მიწიშვილის ნაშრომში „თებერვალი“, ხომ ნათლად ჩანს ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი მის მუშურ-გლეხურ მასაში, ამ მიმართებით მათგან აშკარად გაცხადებული ეჭვი (ნიკოლო მიწიშვილი, თებერვალი, თბ., 2006). ამასთან თუ გავითვალისწინებთ, რომ მათთვის პარტიული ინტერესები ყოველთვის უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, - ეს სავსებით დასაშვებია (მისი მმართველი ელიტისთვის მაინც).

გავიხსენოთ თბილისის დატოვებაზე ნოე ჟორდანიას თითქმის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ყოველგვარი სერიოზული  სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური განბჭობის გარეშე. საერთოდ, ასეთი სამხედრო საშიშროების დროს მობილიზაციის გამოუცხადებლობა; მიუხედავად ბოლშევიკური რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე უეჭველი ცნობების არსებობის პირობებში, ქვეყნის თავდაცვისათვის სრული მოუმზადებლობა და მრავალი სხვა. მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ამ პერიოდში ბათუმისა და ბათუმის ოლქის  ირგვლივ დატრიალებული გარემოებანი, რომელიც ჟორდანიას მთავრობის უნიათო ნაბიჯების გამო, კინაღამ საქართველოს საზღვრებს მიღმა აღმოჩნდა.

იმაში, რომ თურქები ბათუმიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან გენერალ მაზნიაშვილისა და ქართველი გვარდიელების მიერ იქნა განდევნილი, ჟორდანიასა და მისი ხელისუფლების არავითარი წვლილი არ არის; რადგანაც მაშინ, როდესაც ბათუმისათვის ბრძოლები მიმდინარეობდა, ისინი უკვე უცხო გემზე მსხდარნი უცხოეთში მიიჩქაროდნენ. აქ კი ისევ ჭეშმარიტ ქართველთა თავგანწირვამ და გმირულმა სულმა გადაარჩინა ბათუმი და აჭარაც ოსმალთაგან კვლავ მიტაცებას.

 

 ისტორიის დოქტორი, პროფესორი უჩა ოქროპირიძე

2017 წლის 13 მარტი