შემოგვიერთდით
კატეგორია / ინტერვიუ   752 ნახვა    1 წლის წინ
ინტერვიუ უჩა ოქროპირიძესთან


შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი უჩა ოქროპირიძე

 

                                                                          ინტერვიუ

 

საქართველოსა და საქართველოს მსგავს პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებში დემოკრატიული არჩევნები, ისე როგორც ეს „დასავლეთის სამყაროში“ ესმით, არ არსებობს, რადგან აქ ფაქტიურად არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოების განმსაზღვრელი სამოქალაქო საზოგადოება. აღნიშნულ რეგიონში, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში ესმით ისე, ხმის მიცემით ხელისუფლების გადაცემის საკითხის გადაწყვეტა ფიქციაა, რადგან აქ  დიდი ხნის განმავლობაში კომუნისტური მმართველობის პერიოდში გამომუშავებული ჩვევის თანახმად, ადმიანები ამ გზით თავიანთი ხელისუფლების განხორციელებას გადაეჩვივნენ;  ამიტომაც, ჯერ კიდევ კარგა ხანს, აღნიშნულ სივრცეში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე, ფიქრიც კი ზედმეტია; და ეს ასე იქნება მანამ, სანამ კომუნისტური მენტალობის ჯერ კიდევ არსებული ნარჩენები, ხელისუფლებისათვის ბრძოლას ძველი, ნაცადი და მათთვის უტყუარი მეთოდებით გააგრძელებენ. ამაში იგულისხმება მთელი დღევანდელი თაობა, რომელიც თუმცა კი ცდილობს თავი დააღწიოს არაჯანსაღი წარსულის სულიერ და მენტალურ მემკვიდრეობას, მაგრამ მათი უმრავლესობა გაზრდილია ისეთ ოჯახებსა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გარემოში, სადაც აღნიშნული მემკვიდრეობის გავლენა, ცხოვრებისა და აზროვნების წესზე ზემოქმედების ძალა, ძალიან დიდია. და ეს რომ ასეა, ამის დამადასტურებელი უტყუარი ფაქტია, სწორედ საქართველოში ჩატარებული ბოლო, ივანიშვილისეული არჩევნები; როდესაც სახელმწიფომ და მთელმა  მისმა სისტემამ, საარჩევნო კომისიის ჩათვლით, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სისრულეში მოეყვანა ქართველი ხალხისათვის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი; სკრუპულოზური სიზუსტით გაემართლებინათ მის მიერ წინასწარ დაწერილი არჩევნების შედეგები და მისთვის ეპატაკებინათ მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების წარმატებით შესრულება. შემდეგ კი, როგორც პოზიციამ, ისე ოპოზიციამ თავგამოდებით იზრუნა შედეგების „გაპრავებისათვის“. თითქოს-და ქვეყნის ბედზე მოფიქრალი ამ პოლიტიკური სუბიექტებისათვის, უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა საკუთარი, პირადული ინტერესები (პარტიულ ინტერესებამდეც ვერ „გაქაჩეს“- უ. ო.), ვიდრე სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ბრძოლა; ქვეყნის ღირსებისა და იმიჯის დაცვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!..

მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ჩვენს გამაბაიბურებელ აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისი დამკვირვებლებითა და საინფორმაციო საშუალებებით.

მე ძალიან მაკვირვებს მათი განცხადებანი და დასკვნები, და ვერაფრით გამიგია, რატომ „ატყუებენ“ ისინი მთელ მსოფლიოსთან ერთად საკუთარ თავსაც?! ალბათ, დღევანდელი საერთაშორისო თამაშის წესებია ასეთი, რომ ყველა ხალხს „გაუპრავონ“ მსოფლიოს თვალში ის, რასაც ეს ხალხი იმსახურებს. ჩვენ კი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მეტი, ვერაფერი დავიმსახურეთ... ამაზეა მიბმული „რუსთავი-2“-სა და სხვა დანარჩენი პრობლემები!

რაც შეეხება 2017 წლის 11-12 მარტს ბათუმის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს, ჩემი აზრით, ეს იყო ხელისუფლების უნიათობით, არაკომპეტენტურობითა და მმართველობის ძველი სტილის დაბრუნების მცდელობით დაგროვებული პრობლემების კომპლექსური შედეგი. როგორც ცხელ კვალზე ჩემს მიერ საკითხის შესწავლამ და მისმა ანალიზმა გვიჩვენა, ხელისუფლების მოქმედ გუნდში წარმოშობილმა თვითკმაყოფილებამ, აქედან გამომდინარე არავის მოსმენის სურვილმა და კეთილმოსურნე რჩევის გაზიარების უუნარობამ, ის თანდათანობით მოსახლეობის პრობლემებისა და მის საჭიროებათა გაგება-გათვალისწინების შესაძლებლობას დააშორა. ამიტომაც მათ დროულად ვერ აუღეს ალღო მოსახლეობის ფართო ფენებში ხელისუფლების მიმართ დაგროვებულ უკმაყოფილებას და მცირე ბიძგი გახდა საკმარისი, რომ იგი ასეთი ფორმით გამომჟღავნებულიყო. ამასთან, უნდა ავღნიშნო, რომ ადმინისტრაციულ-სამართალდამცავი ორგანოს მუშაკები, თავად არ უნდა იქცნენ უსამართლო ქმედებათა და გადაწყვეტილებათა მიღების, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი პროვოკაციის წყაროდ. უბრალო ადამიანებში ისინი არ უნდა აღიქმებოდნენ, როგორც მათთან ანგარიშსწორების სურვილით შეპყრობილი, ხარკის ამკრეფი ბასკაკები.

ჩვენ კარგად გვესმის, საერთოდ ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და მათ შორის აჭარაში ნეპოტიზმთან დაკავშირებული პრობლემები და არც არაფერი საწინააღმდეგო არა გვაქვს როტაციის გზით კადრების გადაადგილება-გადმოადგილებისა, მაგრამ იმ მოტივით თავის მართლება, რომ თითქოს-და აჭარაში ორი-სამი ათეული საჭირო დონის, მომზადებული კადრი არ არის, შეურაცხმყოფელია და ხელისუფლების სრული უნიათობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

სწორედ ასეთი დამოკიდებულება და ერთმანეთისათვის თვალში ნაცრის შეყრის გაუმართლებელი პოლიტიკაც ქმნის ქვეყანაში ფეთქებადსაშიშ ვითარებას; რადგან ასეთი ვირეშმაკობით ხალხს ვერ მოატყუებ, თავისი შინაარსით და ურთიერთობაში დაშვებული აგდების ფორმით კი, იგი ძალიან გამაღიზიანებელი და დიდი საშიშროების შემცველია!

ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო არჩევნებზე დალაპარაკებაც არ მსურს. თუ ვითარება რეალურად არ შეიცვალა, ამგვარ არჩევნებში მონაწილეობის მიღება საერთოდ არ ღირს და ამას არც ვაპირებ. თავშიც ქვა უხლია ყველა საკუთარი ქვენა გრძნობების მონასა და ფარისეველს!..

თანამედროვე პირობებში საქართველოში ყველაზე საშურ საქმედ მიმაჩნია თავისი ქვეყნის ინტერესების ერთგული, შეგნებული და მცოდნე პატრიოტი ახალგაზრდების აღზრდა, რომელიც ამ ქვეყნის რეალური გულშემატკივარი და პატრონი გახდება. და არა ისეთების, როგორებიც დღეს არიან ხელისუფლებაში - საქართველოს ხარჯზე „აშენებას“ აპირებენ, ხოლო შემდეგ საზღვარგარეთ გაქცევას ფიქრობენ!!! სწორედ ეს მიმაჩნია, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ყველაზე დიდ შეცდომად - თავი უნდათ შემოგვასაღონ იმად, რაც არასდროს არ ყოფილან და არც იქნებიან, ჩვენ კი საშუალებას ვაძლევთ ამ გამოუსწორებელ და უხამს ცრუპენტელებს, კვლავ გვატყუონ.

არჩევნებსაც მაშინ ექნება აზრი, თუ კი შევძლებთ, რომ ეს პოლიტიკური ბალასტი, საკუთარი ცრუ ხიბლიდან გამოვიყვანოთ და თავისი დამსახურებულ ადგილი მივუჩენოთ ისტორიის სანაგვეზე.

ამ შემთხვევაში საქართველო ყველასათვის მნიშვნელოვანი გახდება, რადგან მსოფლიო თანამეგობრობაში შეიძენს თავის უნიკალურ სახესა და მისიას - რომელიც, მწუხარებით უნდა ავღნიშნო, რომ მათთან დამოკიდებულებაში, ამჟამად გულწრფელი არა რის, - რადგანაც საქართველოს დღეს საკუთარი არც ერთი გააჩნია და არც მეორე (იგულისხმება ჩვენი ქვეყნის თანამედროვე სახე და მისია); ამიტომაც პროგრესული მსოფლიო ვერ ხედავს ჩვენდამი მისწრაფების აღმძვრელ რეალურ ორიენტირს, თუმცა ცდილობს ჩვენს  გაკეთილშობილებაში თავისი წვლილიც შეიტანოს და თავიც მოგვაწონოს, როგორც მომავალში საორიენტაციოდ გამოსადეგმა ობიექტმა.

 

2. 04. 2017 წელი