თარგმნილია ჭახათურიდან...
338 ნახვა  
  1 წლის წინ
თარგმნილია ჭახათურიდან...
338 ნახვა  
  1 წლის წინ
შემოგვიერთდით
კატეგორია / საინტერესო ამბები   337 ნახვა    1 წლის წინ
თარგმნილია ჭახათურიდან...


თარგმნილია ჭახათურიდან...

 

ქვის მუღამი

 

ჭახათელი აგვისტოს ხვატში ზის კარგა მოზრდილ მრგვალ ქვაზე კინტრიშის ხიდის გადაღმა ნაპირზე და გზის გაგრძელებამდე სიცხისაგან შეწუხებული ისვენებს. გამეიარა ხინველმა და გულიანად მიესალმა. შეწუხება რომ შეატყო, მიზეზი ჩიეკითხა.

-         ჩემს გაჭირვებას რას დიეძებ, წადი გეიარე!.. - გაბრაზდა ჭახათელი.

-         იქნებ რამეში მოგეხმარო... - შეჰკადრა ხინველმა. მოხუცი უცებ გამოცოცხლდა, მიიხედ-მეიხედა, წამოხტა, იმ ქვაზე მიუთითა, რომელზედაც იჯდა და ეუბნება:

-         შენ რომ აი ქვაი ამ სიცხეში, ეგერ იმ ჯამის წვერში გქონდეს ასატანი, რა ჭკვაზე, ან რა ხასიათზე იქნებოდიო?

-         მერე აგერ არ ვარ, მე მოგეხმარები და ავიტან მაგ ქვას იქა...

-         აბა, მაგას თუ იზამ, მაგია ჩემი წუხილის მიზეზი და შენ აგაშენა ღმერთმა - გახალისდა ჭახათელი. ხინველმა ძლივს ასწია ქვაი და სასტიკ აღმართს შეუდგა ჭიპრვა-ჭიპვრით. ქვაი კარგა მანძილზე აათრია და ისე გეიხვითქა, რომ სულს ძლივს ითქვამდ... მოხუცი ეუბნება:

-         დიმიდევი მაი ქვაი აქა, გზის კიდურზეო.  ხინველი ასეც მოიქცა და როდესაც წელში ძლივ-ძლივობით გეიმართა, ბერიკაცს ჰკითხა:

-         ახლა რაღა ვქნათო?

-    ახლა, ბაბუავ, ვჰკრათ წრიხი ამ ქვას და ვისეიროთ, რაფერ მოადენს დგვეფას კინტრიშშიო - მიუგო ჭახათელმა.

 

 

 

 

„არმატურის“ გამოყვანა ჭახათურად

 

 ჭახათში სამეურნეო ნაგებობათა მშენებლობა მიმდინარეობდა და არმატურა მეიპარეს. მაგრამ მოულოდნელად რაიკომიდან კომისიის ამოსვლის ამბავი გეიგეს და ხიდის ქვეშ, ადიდებულ კინტრიშში ჩაყარეს. კომისიის ამოსლამდე მდინარის დონემ იკლო, დაპატარავდა, კომისიის წევრებმა ადვილად შეამჩნიეს წყალში ჩაყრილი „არმატურის“ დიდი ხვეულები და იკითხეს: - ამას აქ რა უნდაო?

-         ძალიან  მაგარი არმატურა დარჩა და წყალში გამოგვყავს, ვარბილებთო - არ დეიბნენ ჭახათლები.

 

ლაილა ჰინნელა...

 

ერთი ცოტა ჭკუაზე ქესეტად მყოფმა ჭახათელმა ყანა გამარგლა. ამასობაში სადილობაც მოვდა. ცეხლი გააჩაღა, მის ღვიოროში კვერი მუაგულავა, გვერდზე კი ერთი კაკალი ყველი და დოქით ღვინოც მიდგა და კვერის გამოცხობამდე დაღლილ კაცს ტკბილი ძილით ღრმად ჩაეძინა.

ამ დროს გამეიარა ორმა სხვა ჭახათელმა და ეს სურათი დეინახეს. მივიდნენ ღვიოროდან კვერი ნელა გამუაცურეს, იქვე ახლო დასხდნენ და მუშაკაცის ღვინოც და ყველიც ზედ მიაყოლეს, შემდეგ კი გზას გუუდგნენ. გამიეღვიძა ამ საწყალს და რას ხედავს, - ყველაფერი შეჭმულია და ღვინოც დალეულია.

-         ლაილა ჰინნელა, მუხამედე რესულა, - იძახის თავისთვის ჭახათელი - თუ შევჭამე რეიზა მშია, თუ არ შევჭამე და სა წევდა?

 

 

 

 

ლეგენდა თეთრ ვაცზე...

 

მეოცე საუკუნის 90-იანი წლების სასტიკი გაჭირვების დროს ჭახათლები,  ოცამდე კაცი, კანტორის ეზოში არიან შეკრებილი და არც სასმელი აქვთ არც საჭმელი. ამასთან იქვე შორიახლოს ბარდში ჩაბმული ერთ-ერთი მათგანის ვაცის პეტელიც აწუხებთ. სწორედ ამ ვაცის პატრონი იქვე, მათ კამპანიაში მყოფი, მაგრამ საკმაოდ შორს მცხოვრები პირის სახლში, ღვინის მოსაპარად წასვლაზე დეიყოლიეს და როდესაც „ბრიგადა“ საქმეზე გევდა, აქეთ აი მისი ვაცი წამოაქციეს და შეწუხებისათვის „პასუხი აგებიეს“; ზოგი შეწვეს, ზოგიც მოხარშეს და ღვინით დაბრუნებულებს პურმარილიც დაახვედრეს. გაჩაღდა ქეიფი, სვამენ სადღეგრძელოებს. ღვინის პატრონი იძახის: „რაცხა აი ღვინო ჩემსას გავსო, ვაცის პატრონმა, კაი ხნის მერე,  ვაცის ხმაი მეისაკლისა : რაცხა აღარ პეტელებსო... მეორეჯერ რომ გეიმეორა, ჭახათლებმა მუულექსეს:

ოთიოღლის თეთრი ვაცი,

მომპარავი ორი კაცი,

შემჭმელია ოცი კაცი,

და გადამხდელი არიკაცი-ო.

 

ჩაშვება ჭახათურად...

 

გორბაჩოვის პერიოდში შემოღებული „სუხოი ზაკონის“ ხანაში, უბნის ინსპექტორმა ჭახათლებს ბევრი არყის სახდელი და მასთან დაკავშირებული სხვა ინვენტარიც დუუტეხა, რამაც ისინი ძალზე გააბრაზა და მათ თავისებური შურისძიება გადაწყვიტეს. ინსპექტორს ვითომდა „შპიონი“ გუუგზავნეს და შეატყობიეს რომ ამა და ამ კაცის ოჯახიდან დიდი რაოდენობის „ვოტკა“ იყიდება, რომელიც ეზოში მდგარ „სარაიაში“ აქ დამალულიო.  ოპერიც თავისი 05-ით ავარდა ჭახათში, იქ ჯამეზე „მეგზური  გამეიჭირა“ და ისეთი ხრიგინით ააწვა აღმართში, რომ საწყალ მანქანას გულ-მუცელი გამუუღო. ეზოში მისულმა კი, მკაცრი ხმით მასპინძელი გამეიძახა. მას ვითომ და ძალიან შიეშინდა და გამოეგება გაკვირვებული სიტყვებით:

-         ხომ მშვიდობაა, უმფოსო?!

-         სარაია გააღე! - უბრძანა უმფოსმა.

-         ამ მინუთში, უმფოსო, - თქვა „დამნაშავემ“ და კილტე მოძებნა, გამეიტანა და სათავსის კარი გახსნა. აღმოჩნდა, რომ მართლაც არის იქ, რაღაც სითხით სავსე,  ლამაზად თავდახურული მინის ბალონები. გაახსნევინა ერთი, ჩამოასხმევინა, გასინჯა წყალია, მეორე გაახსნევინა , გასინჯა, - წყალია, მესამეც ასე და გაბრაზებულმა გლეხს დუუცაცხანა:

-         ამდენი მტკნარი წყალი ბალონებში რად გინდაო?

-         ეი და, ნენეი რომ მოკტა, ანდრეზი დიმიბარე, ჩემს ნაბან წყალს ერთ წელიწადს ნუ გადასხამო - „დეიმორცხვა“ ჭახათელმა. ოპერმა იმხელა დეიყლორჭინა, კუჭი კინაღამ პირიდან გადმოაგდო და ქობულეთამდე მანქანის ფანჯრიდან თავგადმოყოფილი, სულ ღა-ღა-ღა-ღა-ღა-ღა-თი მიდიოდაო - იგონებენ ოხუნჯი ჭახათლები.

 

 

ჭახათი, დემოკრატიის შუქურა...

 

 

ნიკიტა ხრუშოვის პერიოდში, როგორც მაშინ იტყოდნენ, დემოკრატიული პრინციპების დანერგვა იყო მოდაში და ჭახათშიც ახალი თავმჯდომრის დანიშვნა გადაწყვიტეს, თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ქობულეთიდან ამეიყვანეს ვიღაც, რამაც ჭახათლები ძალზე გააღიზიანა. მიდის „საარჩევნო კრება“ და ერთ-ერთმა გლეხმა მოყვანილ კანდიდატს მაგალითის სახით წარმოუდგინა ერთი პრობლემა, თან სთხოვა მისთვის იეხსნა, თუ როგორ გადაუწყვეტდა მას. კანდიდატი მთელი სერიოზულობით მიუდგა საკითხს და განაცხადა: „ გადავშლი საკოლმეურნეო წესდებას და ვიმოქმედებ წესდების მიხედვით“.

იფ, აი კაცი! - წამოიძახა შემკითხველმა. ახლა მეორემ დაუსვა სხვა ანალოგიური შეკითხვა და მანაც იგივე პასუხი მიიღო.

იფ, აი ნამდვილი სათავმჯდომრო კაცი!  ამაზე უკეთესს სად ვნახავთ? - შეაქო მეორემაც. საარჩევნო ფორმალობის შესასრულებლად გამოცხადდა 15 წუთიანი შესვენება და ყველანი კრების დარბაზიდან იქვე, ეზოში გავიდნენ. აქ, ცოტა ხანში, თავმჯდომრობის კანდიდატი დიდ მსხლის ძირას 3-4 მოხუცის დავას შეესწრო და იფიქრა- „ჩერეზ 15 მინუტ“ აგენის თავმჯდომარე ვარ, ამ გლეხებს მოვარიგებო და მათ კამათში ჩარევა მოინდომა. მაგრამ მათ შორს დაიჭირეს; ბოლოს ერთი მოუბრუნდა და ეუბნება: არ გეწყინოს უმფოსო, მარა, აი დურსუნაი მეუბნება, ამ სხალზე ავალო. მე კი ოთხმოცს გადავშორდი და ამხელა სხალზე ასული არვინ მინახავსო.

კანდიდატმა სხალი შეათვალიერა და თქვა:

-         ამაზე მეც ავალო.

-         კაი, ერთი ნუ შემშალეთ კაცი!? - გეიკვირვა ჭახათელმა.

იკამათეს და დანაძლევდენ: თუ მოხუცი წააგებდა, მთელ ამ კრების შემადგენლობის ქეიფს კისრულობდა, თუ კანდიდატი, მაშინ მარტვაი აი მოხუცი უნდა დიეპაიჯებია პურმარილზე.

კანდიდატმა ფეხსაცმელები გეიძრო და  - ტუკ, ტუკ, ტუკ, უცბად აშპა ხეზე. კარგა მაღლა რომ ევდა, ჭახათლებმა ძირიდან დუუძახეს:

-         ახლა მაქიდან კარგად გადიიხედე, შენს ასარჩევად ხმის დამთლელი კომისია თუ მოდის ქობულეთიდანო.

საწყალი ყველაფერს მიხტა, მარა გვიანღა იყო. ძირში ჩამოსულს კი მისი კაი მესტებიც (ფეხსაცმელი) აღარ დახტა და სხვისი კალოშებით დარჩა სახში წასასლელი.

 

 

 

 

კტარის გაპატიოსნება...

 

 

ჭახათში კტარის გასაპატიოსნებლად (დასაბანად) ხოჯა ეიყვანეს. მაგრამ ოხუნჯმა ჭახათლებმა ხოჯის გააბდლება გადაწყვიტეს და „ლედნიკში“ კტარის მაგიერ ცოცხალი კაცი ჩუუწვინეს. ხოჯამ დეიწყო წესის შესრულება, „კტარი“ ცოტაზე წამოსწია და თავზე წყალიც დაასხა. ამ დროს უცებ „კტარმა“ ხოჯას ხელი მხარზე დაჰკრა და დუუყვირა: „ხოჯა ეფენდი წყალი ნემეტარი ცხელია, გაანელე, თვარა დევწვიო...“

შეშინებულ ხოჯას გული კინაღამ გუუსკტა და მუუსვა , მარა რა მუუსვა. თელი ჭახათი მისდევდა , მობრუდი ხოჯა, გეხუმრეთო, მარა იგი დღემდე არ მიბრუნებულა...

 

დო ჩორტა

 ჭახათელს ნამეტარი გუუჭირდა ცხოვრება. მეზობელ სოფელში ჭკუა საკითხავი კაცი ეგულებოდა (ჭახათლების ამბავი რომ იცოდა, ეშინოდა, რამე არ მომიწყონო), მასთან გედევდა და თავისი გაჭირვება გაანდო, თან ჰკითხა: „ამ ჩემს უფარობას (უფულობას) რა ეშველებაო?“. მანაც გული გუუკეთა: „ნუ გეშინია, „დო ჩორტა“ (ე. ი. ბევრი) გექნებაო“. მერე, - „ამ ჩემს უქონლობას რა ეშველებაო?“ ამან კიდევ გუუმეორა : „ნუ გეშინია, ყველაფერი „დო ჩორტა“ გექნებაო. ჭახათელმა, - „ამ ჩემს უშვილობას რაღა ეშველებაო?“, ამან ისევ - „ნუ გეშინია, მე კარგად ვიყო და „დო ჩორტა“ გეყოლებაო“.

ამის გამგონე, ჭახათელი გაბრაზდა  და ამ ჭკვის კურკუტს უთხრა: „შენფერი ბეჩები ჭახათშიც „დო ჩორტა“ მყავდა და აქ რაღა მომარბენიებდაო“.

 

 

 

 

 

შექება ჭახათურად

 

თუ რამე ქვეყნის მოსაწონი გააკეთე, ჭახათელი ნაცნობი რომ შეგხტება, აუცილებლად პირში შეგაქებს, მარა ამ ფორმით: „ტანკი ხარ, ტანკი!... - მერე გვერდზე გეიხედავს და დააყოლებს: „მარა ფანერკის...“

 

აწონვა ჭახათურა...

 

ჭახათის ფერმაში სარაიონო რევიზორმა შემოწმება ჩაატარა და პირუტყვის წონაში, რაღაც ნაკლები დაფიქსირდა. ატყდა ერთი ამბავი, მარა ჭახათლები არ დეიბნენ და რევიზორს ასეთი „გამოსავალი“ შესთავაზეს: „ უმფოსო, მაგრად შემცდარი ვართ ერთ რამეში, - ძროხები ფეხზე დამდგარი ავწონეთ, ასე კი ნაკლები გამოდის წონაში, დაწოლილი უნდა აგვეწონაო.

გადირია რევიზორი, მარა ჭახათლები თავისას არ იშლიან, თუ არ გჯერავს ექსპერიმენტი ჩავატაროთო. დააყენეს რევიზორი სასწორზე და ჯერ ფეხზე დამდგარი ასწონეს, მერე დუუფინეს სასწორზე გაზეთი „კომუნისტი“ და ზედ დააწვინეს, ჩამუუდვეს ჩუმად ფეხი და  დამდგარ აწონილზე რამდენიმე კილოით მეტიც გამოვდა... ა, ბატონო, თუ არ გჯერავსო! - დაარწმუნეს კაცი ჭახათლებმა. 

რევიზორმა ეს „საკვირველი ამბავი“ ქობულეთის რაიკომის პირველ მდივანს, წარმოშობით გურულს უამბო, რომელიც იმ წუთას მიხტა ყოლიფერს და დაანამუსა: „აგწონეს ხომ ჭახათლებმა...“