შემოგვიერთდით
კატეგორია / ისტორია   735 ნახვა    1 წლის წინ
ლაზურად „ჭანი“ ნიშნავს „ციურნი“...


                                                                                                   უჩა ოქროპირიძე

ლაზურად  „ჭანნი“  ნიშნავს „ციურნი“...

 

„აქ ლაზურ-ჭანური ლაპარაკი დღესაც ისმის. ეს მხოლოდ იმის დამამტკიცებელი და მომასწავებელი საბუთია, რომ ლაზურ-ჭანური აქ იმთავითვე სუფევდა; რომ ხალიბები, ტიბარენები, მოსინიკები, დრილები და სხვანი, სწორედ ლაზურად მეტყველებდნენ. რომ ყველანი ისინი ქართველ ეროვნებას ეკუთვნოდნენ“ (ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. I, თბ., 1951, გვ. 415).

 

2015 წელს თბილისში ავტორთა კოლექტივმა (ნ. ახალაია, წ. ბაწაში, გ. ლორთქიფანიძე, ქ. ლორთქიფანიძე, ო. მემიშიში, ზ. ქავთარაძე) გამოსცა დიდტანიანი კრებული „ლაზები და ლაზეთი თურქულ გამოცემებში“.

აღნიშნული კრებული მრავალმხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაშრომია, მაგრამ მისთვის დამახასიათებელ ყველა ასპექტს ჩვენ აქ ვერ შევეხებით. თუმცა გვსურს განვიხილოთ და აზრი გამოვთქვათ კრებულში მოცემულ ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე საკითხზე, რომელთა შესახებ ჩვენც გვიფიქრია და გარკვეული დაკვირვება გვიწარმოებია.

კრებულის მესამე თავია „ლაზთა გენეზისი და ისტორია თურქეთის გამოცემებში (იქვე, 79-87), რომელშიც ვკითხულობთ: „... სახელი ლაზი - ქრისტიანობის პერიოდიდან დაკავშირებულია შავი ზღვის აღმოსავლეთ ყურეში მცხოვრებ სხვადსხვა ქვეყნებთან და უმრავლეს შემთხვევაში, განსხვავებულ ენაზე მოლაპარაკე ხალხებთან. არადა ეს სიტყვა აუცილებლად გარკვეულ ეთნიკურ ან ლინგვისტურ ჯგუფს უნდა აერთიანებდეს. ეთნიკური ლაზები განსხვავებულ ხალხს წარმოადგენდნენ და ცხოვრობენ თურქეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის ბოლოში, ფაზარის რაიონსა და მდინარე ჭოროხის დელტას შორის. მათი ენა საქართველოში მცხოვრებ მეგრელების მეტყველებას ძალიან ემთხვევა და თვით ქართულთან და ამ ქვეყანაში მცხოვრებ სვანების ენასთანაც აქვს კავშირი. ლაზები თურქეთში და შავი ზღვის მოსახლეობაშიც კი უმცირესობას წარმოადგენენ (იქვე, 89).

ჩვენ აქ უნდა მხარი დავუჭიროთ ვარაუდს, რომ სახელი ლაზი ქრისტიანობის პერიოდიდან კი არა, პროტობერძნული (სანამ ბერძნული მოდგმის ტომები, ხმელთაშუა და ეგეოსურ თუ მცირეაზიულ  სამყაროს დაიკავებდნენ) ეპოქიდან ფიქსირდება შავი ზღვისპირეთის, მისი მიმდებარე, მცირეაზიულ თუ ეგეოსურ სამყაროში სახელწოდება „პელაზგი“-ში (პე-ლაზ-გი), სადაც „პე“, ისევე როგორც  „მე“  „მე-გრე-ლი“-ში, „მე-ს-ხი“-ში (მე-გრ-ე-ლი, მე-ს-ხი) წინსართ-მწარმოებელი უნდა იყოს, „გი“, იგივე „ხი“ კი წარმომავლობის მიმანიშნებელი. ამასთან, შეიძლება ვიფიქროთ, რომ „პელაზგი“, სახელწოდება „მელაზხის“ ელინიზირებული ფორმაა; რადგანაც  ცნობილია, რომ ასო-ბგერა პ“ ქართულში თავისუფლად გადადის „ბ“-ში, მისი „მ“-დ ქცევა კი გამორიცხული არა არის, ანდა ბერძნულში, პირიქით; იგივე შეიძლება ითქვას „გ“_ს „ხ“-დ ქცევასა და პირიქით. აქედან, სრულიად დასაშვებია მოსაზრება, რომ „პელაზგის“ წინარე, პროტობერძნული, ანუ უძველესქართული შესატყვისი ფორმა იყოს „მელაზხი“, რაც უნდა ნიშნავდეს ლაზეთიდან წარმოშობილს, ანუ წარმოშობით ლაზს.

ჩვენ მტკიცე რწმენა გვაქვს იმისა, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთის, ეგეოსური თუ მცირეაზიული წინარებერძნული სამყარო, ანუ ამ რეგიონის ისტორიის პელაზგური ეპოქა მჭიდროდ იყო დაკავშირებული პროტოქართულ, იგივე პე-ლაზ-გურ, ლაზ-ურ სამყაროსთან, რაზედაც საუბრობენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი მკვლევარები. (ჰუმბოლდტი, ეშენბახი, ზ. გამსახურდია და სხვ.).

ამის ერთ-ერთ დამადასტურებელ ფაქტორად შეიძლება მიჩნეულ იქნას აგრეთვე ტროას ომის შემდეგ იქედან ლტოლვილი ენეასისა და მასთან ერთად გადარჩენილი და აპენინის ნახევარკუნძულზე გადასახლებული ტროელების ისტორია, რომელთაც იქ, ჯერ კიდევ ძველი რომის დაარსებამდე, (ანუ ძვ. წ-აღ-ის 753 წლამდე) დიდი ხნით ადრე ააშენეს ქალაქი ალბა-ლონგა, ხოლო მათ მიერ დაპყრობილ და შემდეგ შემომტკიცებულ პროვინციას „ლაცი-უმი“, ანუ ლაზთა ქვეყანა, ჩვენი აზრით, თავიანთი ადრინდელი სამშობლოს, საიდანაც ისინი გამოაძევეს, სახელი უწოდეს. (ლაცი = ლაზი, -უმი კი ლათინური ბოლოსართი-მწარმოებელი); აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სწორედ ალბა-ლონგელებმა თავიანთი ქალაქიდან 25 კილომეტრში დაარსეს „მარადიული ქალაქი რომი“.

ამავე კრებულში თუხა ბერზენა ლაზების ვინაობის შესახებ ასე მსჯელობს: „ყველა სიძნელის მიუხედავად ლაზების ერთი ნაწილი მაინც თავის საკუთარ ენაზე ლაპარაკობს. ლაზური ჩვენი ცხოვრების წესით ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ ლაზურში წარსული ცხოვრობს, მომავალი მაინც სხივოსნდება. ჩვენი დედა ენა ათასწლოვანი ენით გადმოცემულ პოემასავითაა. მიუხედავად ამისა, ის მაინც წნეხის ქვეშ იმყოფება. ამ ძველი ენის არსებობა ვის დააზიანებს? ნუთუ ის თურქეთის კულტურული სიმდიდრის დანამატი არ არის? - ნათქვამია სტატიაში. მაგრამ, ჭეშმარიტად უნდა ითქვას, რომ ლაზური ენა თურქეთის კულტურის სიმდიდრის დანამატი კი არა, თუ თურქული კულტურის მესვეურნი მართებულად გაიაზრებენ და მას სათანადოდ გამოიყენებენ, ამ კულტურული სიმდიდრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო და საფუძველია. „არადა ცდილობენ საუკუნეების სიღრმიდან გადმოცემული ჩვენი ენის წაშლას ხალხის მეხსიერებიდან“ - ამბობს ავტორი. ანუ საქმე გვაქვს ამ უნიკალური ეთნოსის საბოლოო აღმოფხვრის ცდასთან. რას მიიღებს ამით დღევანდელი, „ევროპული განვითარებისაკენ“ მოსწრაფე თურქეთი?! _ რასა და კიდევ ერთ მკვდარ ზონას საკუთარ სხეულზე, რომელიც სიცოცხლის შემთხვევაში, მისი სიმდიდრისა და მრავალფეროვნების დაუშრეტელი წყარო იქნებოდა.

აქვე, სტატიაში „ლაზები და ქართველები“ (იქვე, 91-95) ა. ი. აქსამაზი აღნიშნავს ბ. გ. ჰიუიტის შემოთავეზებას, რომ „ ქართულ ენაში ტერმინ ქართველელის დამკვიდრება ტერმინ ბრიტიშს დაემსგავსება, ხოლო ტერმინი ქართველი გაუტოლდება მეგრელს, სვანს, ლაზს და ტერმინი ქართველელი შეასრულებს ისეთსავე როლს მათ მიმართ, როგორც ბრიტანელი ასრულებს ინგლისელი, შოტლანდიელი, გალიელი და ირლანდიელი ტერმინების მიმართ (იქვე, 95). მაგრამ ასეთი რამ ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და ჩვენ ჩვენი ისტორიის რაობისა თუ ვინაობის გასარკვევად უნდა მივყვეთ ჩვენში დიდი ხნის წინათ დამკვიდრებულ ტრადიციას და უკვე არსებული რეალობის აღსანიშნავად, არ გამოვიგონოთ ახალი, ხელოვნურად შექმნილი ტერმინები, რადგან ქართველი მოიცავს ქართლელსაც, ლაზ-მეგრელსაც, გურულსაც, აჭარელსაც, მესხსაც, სვანსაც, იმერელსაც, კახელსაც თუ სხვა ქართული მოდგმის წარმომადგენელსაც. და ესენი ცალკ-ცალკე არცერთ არ არის ქართველი, - იგი ტრადიციულად მხოლოდ მათი ერთობაა; ხოლო თუ ბრიტიშ ფორმის ცნების შესაბამისი ტერმინით გვინდა მასში ჩადებული მიმართების ქართველებისათვის  გამოხატვა, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ არა ტერმინი „ქართველელი“, არამედ „საქართველოელი“, რაც ასევე უკვე დროით დამტკიცებული ტრადიციით იგივეა, რაც ქართველი. ამიტომ ასე ხელოვნურად შექმნილი ტერმინის შემოღება-გამოყენება, როგორც „ქართველელია“, სრულიად უადგილო და მიუღებელია, როგორც საქართველოსა და ქართველებისათვის, ისე ქართული ენისათვის. ხოლო რაც შეეხება ტერმინ „ბრიტანელის“ მიერ შესრულებულ როლს ინგლისელი, შოტლანდიელი, გალიელი და ირლანდიელი ტერმინების მიმართ, აქ სულ სხვა ისტორიულ გარემოებებსა და ხელოვნურად შექმნილ ვითარებასთან გვაქვს საქმე, რომელმაც წარმოშვა აღნიშნული “ტრადიციული“ მიმართებანი... იულიამ დამპყრობელი არც ინგლისელი იყო, არც შოტლანდიელი, არც გალიელი და არც ირლანდიელი.

ნაშრომში მოყვანილია გ. ამიჭბას მოსაზრება. როდესაც ის ბიზანტია-ლაზეთის უთანხმოებაზე საუბრობს, ახსენებს ეგრისისა და მისი მხარდამჭერი აფხაზური წარმოშობის ხალხს, რომელმაც „ანტიბიზანტიური მოძრაობა დაიწყო... ამ ბრძოლაში  „აფხაზური წარმოშობის ხალხი“ ეგრისის გვერდით დადგა“. ომი ბიზანტიის სასარგებლოდ დამთავრდა, მაგრამ ბიზანტია ამ მდგომარეობით მეტად შეშფოთებული იყო, რადგან აფხაზების მხარდამხარ ლაზური ხალხის ბრძოლა მათ გრძელ პერსპექტივაში პრობლემების მოტანას უქადდა, ამიტომ ისინი ერთმანეთისათვის უნდა გაეცალკევებინა და საჭიროების შემთხვევაში, ურთიერთ ომში ჩაება - აღნიშნავს ავტორი და იქვე განაგრძობს - „ამის შედეგი იყო ის, რომ VI საუკუნის მეორე ნახევარში  აფსილებმა და აბაზგებმა ეგრისის გაერთიანებიდან გამოსვლა გადაწყვიტეს“ (იქვე, 105).

აქ ნახსენები „აფხაზური წარმოშობის ხალხი“, სრულიადაც არ გულისხმობს იმას, რაც გ. ამიჭბას სურს გამოიყვანოს; და თუ აქ აფხაზური წარმოშობის ხალხზე შეიძლება საუბრის ჩამოგდება, ის აუცილებლად დასავლეთ საქართველოს ქართველური მოდგმის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ; ამიტომაც, როგორც იქვეა ნათქვამი: „VIII საუკუნეში ლაზიკის (ეგრისის) სამეფო აღარ არსებობს და მის ადგილზე აფხაზეთის სამეფო იმკვიდრებს ადგილს“ (იქვე), რადგან აღნიშნული მონათესავე ქართული სახელმწიფო წარმონაქმნები, საკმაოდ ადვილად და დიდი ტკივილების გარეშე გადადიოდნენ ერთი მეორეში. ერთი ჰეგემონი გაერთიანების ადგილს მეორე იკავებდა, ხოლო მტრული და არაკეთილმოსურნე ძალების მიერ მათი დაპირისპირების პროვოცირების ცდა, დღესაც გრძელდება.

 აქვე პროთურქული იდეოლოგიით განმსჭვალული ისტორიკოსი ქ. აქსოილუ ამბობს, რომ „ბედის უკუღმართობის მიუხედავად, ამ მხიარულმა ადამიანებმა (ლაზებმა) მოპოვებული სახელგანთქმულობა, ასევე შავი ზღვისპირეთის ოდითგანვე „ლაზისტანად“ ხსენება შეინარჩუნეს და ეს წოდება დღევანდელ დღემდე მოიტანეს, არადა, ისტორიის არცერთ მონაკვეთში შავ ზღვაზე გაბატონებულ ლაზებს სამეფო არ შეუქმნიათ.  ზოგი რომაელი ისტორიკოსის მიერ  ლაზების სამეფოს შესახებ გამოთქმული თეზისები დღემდე ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დასტურდება“ (Kamil aksoylu, Laz Kulturi, Ankara, 2010, p. 50). ქ. აქსოილუმ, როგორც ჩანს, არ იცის, სხვას რომ თავი გავანებოთ, 1204-1461 წლებში ტრაპიზონის სამეფოს  არსებობის შესახებ, რომელიც ამ წიგნშიც არაერთხელ არის მოხსენებული. ან თუ აღნიშნული ისტორიკოსის ზემოთ მოყვანილი მსჯელობა სწორია, მაშინ ვის ებრძოდა და რომელი სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრი აიღეს ოსმალებმა 1461 წელს ტრაპიზონის სახით?! ან კიდევ, რაში სჭირდებათ თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს მესვეურთ ლაზებისათვის მათი რეალური ისტორიის დამალვა?! ნუთუ მათი მიზანი კვლავ ლაზების საბოლოო ასიმილაცია  და გათურქებაა?! ავტორიც იქვე სრულიად სამართლიანად (მართებულად) მსჯელობს, - „ათასწლეულების განმავლობაში სოციოლოგიურ სინამდვილეთა“  განსხვავებულ და ურთიერთგამომრიცხავ ინტერპრეტაციათა  ძალზე საეჭვობასა და დამაფიქრებლობაზე“ (იქვე, 107) და იქვე განაგრძობს: „ტერმინი ლაზისტანი, რომელიც წარსულში გამოიყენებოდა და გეოგრაფიულად სწორად მიიჩნეოდა, რესპუბლიკის დაარსების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში აღარ გამოიყენება. დღეს ლაზების უმრავლესობამ ტერმინი ლაზისტანი არ იცის და ვინც იცის , მასაც არ მოსწონთ. ლაზები პატივს არ სცემენ არაფერს , რაც იწვევს მათ დაყოფას, თუნდაც გეოგრაფიული და ეთნიკური კუთხით... რეგიონალური განსაზღვრა არასწორია. უპირატესობას ვანიჭებთ ლაზების გეოგრაფიული განსაზღვრის( ?! - უ. ო.) სხვა ფორმის ცნებას (რას ნიშნავს?! - უ. ო.)... ეს არის დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული - ლაზონა. რომელიც ლაზურად ნიშნავს: „ ადგილს, სადაც ლაზები ცხოვრობენ“, ადგილს, „სადაც ბევრი ლაზი ცხოვრობს“, „ ლაზების სამშობლოს“. მაგრამ არასდროს არ გამოიყენება ლაზების ქვეყნის გაგებით და განსაზღვრული პოლიტიკური გაგება არ გააჩნია. ის ტერიტორია, რომელსაც ტერმინი ლაზონა მოიცავს, ერთი პატარა რეგიონია, აღმოსავლეთ შავი ზღვის ბოლო წერტილია და მოიცავს ტერიტორიას რიზედან სარფის საზღვრამდე არსებულ ნაწილობრივ ზღვის სანაპიროს და ნაწილობრივ მთის რეგიონს. წარსულიდან დღევანდელ დღემდე ეს არის რეგიონი ლაზებით მჭიდროდ დასახლებული. ტერიტორიას, სადაც ლაზები ცხოვრობენ, უწოდეს ლაზონა. აქ ყველა ტოპონიმი ლაზურია. რესპუბლიკის დაარსების შემდეგ და განსაკუთრებით 1950 წლიდან მოყოლებული თურქები შეეცადნენ, რომ ლაზური ტოპონიმები თურქულით შეეცვალათ, რომელიც დიდად წარმატებული ვერ აღმოჩნდა“ (იქვე, 111-112).

ეს ვრცელი ამონარიდი აღნიშნული კრებულიდან იმისთვის მოვიტანეთ, რომ ნათლად დავინახოთ, თუ როგორ ყველაფერი კეთდება აღნიშნულ რეგიონში ლაზური კვალის წასაშლელად. იმისთვის, რომ მათ აღარ ჰქონდეთ საკუთარი ქვეყანა და მასთან იდენტობის შეგრძნება; და ამას აკეთებენ (ცდილობენ გააკეთონ) ისევ ლაზების ხელით, როგორც ყოფილ საბჭოთა სივრცეში ხდებოდა საკუთარი თვითიდენტიფიკაციის წინააღმდეგ - „საბჭოთა ხალხის“ ხელოვნური კულტივირება.

ქემალ აქსოილუ იქვე სტატიაში „ლაზების აღწერა“, თხრობას ასე აგრძელებს: „ლაზები ავტოქთონები არიან. ამის მიუხედავად ისტორიის არცერთ პერიოდში ვერ მოახერხეს სახელმწიფოს შექმნა. ეს არის ხალხი, რომლებიც ყოველთვის ვიღაცის მმართველობის ქვეშ არსებობდა; მათ გააჩნიათ საკუთარი ენა, კულტურა, ტრადიციები, ცხოვრების წესი და ისინი სრულიად განსხვავებულები არიან სხვა საზოგადოებისაგან... ისინი მუდმივად ემორჩილებოდნენ იმ ქვეყნებს, რომელთა მფარველობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი შეცვლა, ან სხვა ხალხებისადმი დამსგავსება შეუძლებელი აღმოჩნდა... ისინი არ არიან მეომრები, მოჩხუბრები, აჯანყების მოყვარულნი, პირიქით, ნათელია, რომ ისინი არიან მშვიდობიანნი და მორჩილნი... რა შეიძლება იყოს იმაზე კომიკური, რომ ლაზები ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის პატარა ტერიტორიაზე და მთელ რეგიონს მათი სახელი მიენიჭა...

ის, რომ ლაზები არასდროს არ იყვნენ დამპყრობლები და მათი მიზანი არასდროს იყო ექსპანსია, ამის შედეგია... მათი კულტურა სრულიად განსხვავებულია სხვა კულტურებისაგან (იქვე, 112-113). ლაზი ავტორის ეს მოსაზრებანი, სამწუხაროდ,  სრულიად ადასტურებს მაჰატმა განდის თვალსაზრისს, რომ დაპყრობილი ქვეყნისთვის არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია - რადგან ჩვენ აქ ვხედავთ, რომ, შეიძლება მისდა უნებურადაც, როგორ ცდილობს ქ. აქსოილუ თანამედროვე თურქეთში ლაზთა იმ დღევანდელი ყოფის გამართლებას, რომელშიც ისინი დამპყრობთა უღელქვეშ მრავალსაუკუნოვანმა არსებობამ და სწორედ ამ დამპყრობლის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ჩააყენა; ამასთან, მრავალგვარ და ოსტატურ ხრიკს მიმართავს, რომ ლაზთა ეს მიძინება-ასიმილაციის პროცესი არ შეჩერდეს. აღარაფერს ვამბობთ  დამპყრობლის მიერ  თავსმოხვეულ და როგორც ჩანს, ფართოდ ტირაჟირებულ თეზაზე, რომ თითქოს-და ლაზებს სახელმწიფო არასდროს შეუქმნიათ, ( ამით მათ თურქ-ოსმალო დამრიგებლებს , მათთვის იმის ჩაგონება სურთ, რომ ისინი თუ არ გამოჩენილიყვნენ, ლაზებს გაქრობა-გადაშენების დიდი საფრთხე ემუქრებოდათ, როგორც ეს რუსულ და საბჭოთა იმპერიის პერიოდში ქართველთა მიმართ ხდებოდა) და იმაზედაც, თითქოს-და ისინი არ არიან მეომრები, მოჩხუბრები, აჯანყების მოყვარენი...  მაშ, ვინ და რით აკავებდა  საუკუნეების განმავლობაში ჯერ ბერძნულ- ბიზანტიურ, შემდეგ კი თურქ-ოსმალურ ექსპანსიას?! და რაში სჭირდება პროთურქულად განწყობილ ლაზ  მეცნიერს იმის მტკიცება თანამედროვე ლაზებისთვის, რომ „ისინი არიან მშვიდობიანნი და მორჩილნი“, თუ კი ეს იმპერიული იდეოლოგიის მსახური, არ გრძნობს ლაზთა შესაძლო გამოღვიძებისაგან მომდინარე საშიშროებას იმპერიული მანქანისათვის?!... ამის შემდეგ სრულებით არ არის ჩვენთვის მოულოდნელი მისგან ლაზთათვის  ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის თითქოს-და კომიკური წარმოდგენა (გაკომიკურება), როგორიც მათი ქვეყანა და საცხოვრის-სამშობლოა. ეს ძალიან მაგონებს ზოგიერთი საბჭოთა „წითელი ინტელიგენციის“ (ჰომოსოვეტიკუსის) მცდელობას, საბჭოთა კავშირისა და  მისი იდეური პროპაგანდის მიერ აგიტირებულ სიყალბეთა „მარადიულობა“ დაემტკიცებინათ.

ამავე კრებულის სტატიაში „ლაზთა ვინაობა“, ნ. ალქომრუ „გვმოძღვრავს“: მთავარი ადამიანის ფესვები კი არ არის, არამედ ის, საკუთარ თავს რად მიიჩნევენ. მთავარია ამ საკითხის მიმართებაში ენის, სამშობლოს, კულტურის ერთობა“ (იქვე, 114).

ჩვენ თუ ალქომრუს ამ თეზას დავეთანხმებით, რომ „მთავარი ადამიანის „ფესვები“, ანუ მისი უძველესი წარმომავლობა, ჯიში და ჯილაგი, მოდგმის დადგენა არ არის, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ ხეებიც საკუთარი ჯიშის  და „ფესვების“ მიხედვით ღებულობენ სახელწოდებას, რა დააშავა ადამიანმა, ამ უნიკალურმა ფენომენმა და რატომ უნდა დაექვემდებაროს მისი მოდგმა იმ ცხოველურ ინსტიქტს, ვთქვათ და დღეს რად აღიქვამენ ისინი თავს. მითუმეტეს ცნობილია, რომ ცხოველთა უმრავლესობა და ადამიანიც კი, ხშირად იმად აღიქვამს თავს, რა გარემოშიც იზრდება. ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური ზეწოლის შედეგად ხელოვნურად შექმნილი ისტორიული გარემო კი, - შეიძლება დავსვათ კითხვა - თუ რამდენად უწყობს ხელს ამ ადამიანთა  საკუთარ წარმომავლობასა და ნამდვილ ისტორიულ ვინაობასთან მართებულ იდენტიფიკაციას?! თუ, ამ შემთხვევაში, თავის იმით გამართლება შეიძლება, რომ „მთავარია ამ საკითხთან მიმართებაში ენის, სამშობლოს, კულტურის ერთობა“. და ეს მაშინ, შენი ამ მდგომარეობამდე მიმყვანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს საკუთარი მეობა, ისტორიული ვინაობა და გაძლიერდეს სწორედ შენს მიერ საკუთარი თავის  მოტყუების ხარჯზე, რომ თითქოს  ის და შენ ერთნი ხართ. არადა, ის შენს ხარჯზე მდიდრდება, იქმნის საკუთარ ისტორიას, უსინდისოდ გძარცვავს და შენ ყველაფერს კარგავ. და ეს მაშინ, როდესაც ერთმანეთის აღიარების პირობებში, შეიძლებოდა ორივენი უფრო ლამაზად და ბევრად უფრო მომგებიანი თვალსაზრისით წარმოჩენილიყავით. ახლა კი, შენი აღმოფხვრის ხარჯზე, ის თავის სასიცოცხლო ენერგიას იძლიერებს და იხანგრძლივებს, შენგან კი თანდათანობით აღარაფერი რჩება, გარდა მისი ხელოვნური ასლისა. თანაც დამცინავი ღიმილით გეუბნება: „თქვენ ლაზები , ბერძენთაგან წამოსულები, ან წარმოშობით ქართველები, ანდა სომხები ხართო“ (იქვე, 114). - შენაც, იმის მაგივრად, რომ პროტესტის გრძნობა გაგიჩნდეს, ცდილობ ამ მოძალადე ცინიკოსთან გააიგივო თავი და მასზე უძველესი ისტორიული წარსულისა და იმ კულტურის პატრონი, რომელსაც იგი წელამდეც ვერ შეწვდება, ექვემდებარები მის მიერვე ძალადობით დადგენილ ეთნიკურ დიქტატსა და შენი გადაგვარებისაკენ  წამყვან მის ამბიციურ სიბრიყვეს.

 ზოგიერთი ავტორის დაინტერესება ლაზებისა და ქართველების  გაუცხოებით, ძალიან დიდია. მაგალითად გ. ამიჭბა თავის სტატიაში წერს: „ლაზებს შავი ზღვის სანაპიროზე დასახლების შემდეგ აღარ ჰქონდათ კავშირები ქართველებთან, მათ ქვეყნებს შორის კავკასიის (? - წათე ბაწაში) მთები იყო“ (იქვე, 120). მიუხედავად აღნიშნულისა, უნდა ითქვას, ეს კავშირები გარკვეულ დრომდე გარკვეულ დონეზე გრძელდებოდა, მაგრამ მას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ლაზეთის ორივე მხარეს მოსაზღვრე იმპერიების მთელი იდეოლოგიურ-პოლიტიკურ მანქანა, რომელმაც, როგორც ვხედავთ, მავანთა წარმოსახვაში, ლაზთა  და ქართველთა შორის არ არსებული კავკასიონის მთებიც კი გააჩინა.

„ლაზები - რიზე-ტრაპიზონის ცარიელ და უპატრონო ადგილებში დასახლდნენ. მოგვიანებით, უკვე ოსმალთა ეპოქაში, როცა ამ მიწა-წყალს ლაზისტანი დაერქვა (?! - უ. ო.) აქ საკმაოდ დასახლებული ლაზური კოლონია აღმოჩნდა რომელიც დღემდე წარმოადგენს ლაზების უკანასკნელ, ბოლო სამშობლოს, როდემდე?.. ვნახოთ“ - აღნიშნავს ა. აქსამაზი, რადგან, როგორც ჩანს, მან არ იცის, რომ აღნიშნული ტერიტორია ლაზთა საცხოვრისია უძველესი დროიდან და ამავე დროიდან, იგი იყო მისი პატრონიც. ახლა კი, დადგა დრო ლაზები თავად დაფიქრდნენ, - თუ რატომ უმალავენ ყველასათვის ნათელ ამ ნამდვილ ისტორიას სწორედ ლაზებს დღევანდელი თურქული სახელმწიფოს მესვეურნი. იმიტომ ხომ არა, რომ ლაზებმა მშობლიურ მიწა-წყალზე მყარად არ იგრძნონ თავი და საბოლოოდ გადარჩნენ?!

კრებულის 138-ე გვერდზე ა. აქსამაზი აღნიშნავს, რომ ისტორიულად ამ მიწა-წყალს (კოლხეთს - უ. ო) პირველად ფინიკიელები ეწვივნენ, რომლებსაც აქ ძვ. წ. აღ-ის X-IX საუკუნეებში მარგალიტის მძივები, სარკეების მსგავსი საქონელი ჩამოჰქონდათ, აქედან კი კერამიკული ნაწარმი გაჰქონდათ“.

აქ უნდა ითქვას, რომ ფინიკიელები ამას პირველად ვერ გააკეთებდნენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რადგან  კარგად არის ცნობილი, რომ ძვ, წ. აღ-ის XIV-XII საუკუნეების შუა პერიოდში კოლხეთში არგონავტებმა იმოგზაურეს (გელოვანი ა., მითოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1983, გვ. 65).

აქვე სტატიაში ნათქვამია, რომ „1564 წ. ბათუმი მოექცა ოსმალეთის საზღვრებში... 1578 წ. მთელი კოლხეთის რეგიონი ოსმალეთის ჰეგემონიის ქვეშ მოექცა... და ასე გაგრძელდა 1878 წლამდე (300 წლის განმავლობაში)... კოლხეთის გზის კარის და განსაკუთრებით ფოთის მსგავსი ბუნებრივი პორტებით დასავლელი ვაჭრებისათვის უცილობლად მისაღები იყო და ისინიც უპირატესობას ამ პორტებს ანიჭებდნენ (იქვე, 139-140). იქვე ავტორი ამბობს, რომ „ ლაზთა ისტორია ახ. წ. აღ-ის I-II საუკუნიდან თვალსაჩინოვდება და ეს ის დროა, როდესაც ლაზები შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდიან“... (იქვე, 141).

ეს შეიძლება სიმართლესაც შეიცავდეს, მაგრამ ნაწილობრივ, რადგან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ლაზების სახელწოდება დაფიქსირებულია ბალკანეთის ნახევარკუნძულისა და ეგეოსური სამყაროს პროტობერძნული  მოსახლეობის - „ პე-ლაზ-გი“-სა და ტროას ომის შემდგომ აპენინის ნახევარკუნძულზე ენეასის მიერ გადაყვანილი და იქ დამკვიდრებული გადარჩენილი ტროელების მიერ (გელოვანი ა., ... 165-167) შექმნილი პროვინცია „ლაცი-უმი“-ს (იგივე „ლაზი-უმი“-ს - უ. ო.) სახელში. ავტორი იქვე აგრძელებს, რომ  ძვ.  წ. აღ-ის VI-IV ათასწლეულებში ხათებმა მოიშინაურეს თხა, ცხვარი, ცხენი და სხვა... ისინი იყვნენ პირველი კულტურული მკვიდრნი სამხრეთ და განსაკუთრებით, დასავლეთ ანატოლიის ფართო ტერიტორიაზე. შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ კი იყო დაფუძნებული ბერძნული კოლონიები“...(იქვე, 143)

აღნიშნულ პერიოდში ბერძნული კოლონიები კი არა, ბერძნული მოსახლეობა თვით დღევანდელ საბერძნეთშიც არ იყო ჯერ კიდევ გამოჩენილი. და თუ გავიხსენებთ ტროას მეფის, პრიამოსის პასუხს პელაზგური „საბერძნეთიდან“ მოსული ელჩებისადმი ელენეს უკან დაბრუნების მოთხოვნაზე, უნდა მივიჩნიოთ, რომ ტროას მკვიდრნი კოლხებად, ანუ პროტოქართული სამყაროს ნაწილად აღიქვამდნენ თავს. (როდესაც ელჩებმა პრიამოსს ელენეს „საბერძნეთში“, ქმრისთვის დაბრუნება მოსთხოვეს, მან უპასუხა, რომ ბერძნებმაც მოგვტაცეთ ჩვენ ქალი, მაგრამ იგი არ დაგიბრუნებიათო - პრიამოსი აქ, იასონის მიერ მედეას მოტაცებას გულისხმობდა - უ. ო).

ცნობილია, რომ ტროას ომი მიმდინარეობდა ძვ. წ. აღ-ის 1235-1225 წლებში, ძვ. წ. აღ-ის 1190 წელს კი განადგურდა ხათების იმპერია (იქვე, 143). აქვე აღნიშნულია, რომ  „ბერძნული წარმოშობის მილეტელებმა შავი ზღვის მთელ სანაპიროზე მცხოვრები ხალხები ეპოქის ყველაზე დიდ კულტურასა და ცივილიზაციას აზიარეს“ (იქვე, 144). ეს ჩვენთვის ძალიანაც გასაგებია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სრული უფლება ვთქვათ, რომ მათ კოლხურ (პროტოქართულ) სამყაროს ვალი დაუბრუნეს „ოქროს საწმისის“, ამ ღვთიური სიბრძნის სიმბოლოსა და მედეას გატაცებისათვის, რომლის გარეშე ისინი ამ სიბრძნეს ვერ გამოიყენებდნენ, რადგან სათანადო ცოდნას არ ფლობდნენ. და თუ ვერ გამოიყენებდნენ, შეიძლება მათი ცივილიზაცია საერთოდ დაღუპულიყო, რადგან, როგორც ჩანს, იგი მძიმედ იყო ავად და განკურნებას საჭიროებდა. ამას მოწმობს კოლხეთში „ოქროს საწმისის“ ჩამოსატანად გაგზავნილი გმირის, იასონის სახელი - იასოს - წამალი, განკურნება (გელოვანი ა., იქვე, 212-213).

კრებულის, განსაკუთრებით კი მისი ისტორიული ნაწილის გაცნობამ, საშუალება მოგვცა გამოგვეთქვა  რამდენიმე მნიშვნელოვანი ვარაუდი მათში წამოჭრილი საკითხების ირგვლივ. მასში აღნიშნულია, რომ „ანატოლიის შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ხალხს ლაზებს უწოდებდნენ. ასევე ლაზებად მოიხსენიებდნენ ყველა იმ ხალხს, ვინც შავი ზღვისპირეთიდანაც კი საბერძნეთში ბრუნდებოდა...“. ხომ არ არის ეს   ჩვენს მიერ ზემოთ პელაზგებისა და ტროას ომის შემდეგ მომხდარი მოვლენების ჩვენეული გააზრების  ხალხის ხსოვნაში ქვეშეცნეულად შემორჩენილი მეხსიერების ანარეკლი, დროით დაფარული ათასწლოვანი ისტორიის მითური გამოძახილის დაფიქსირება?! მითუმეტეს, რომ „მილეტელებმა და ბერძნებმა საუკუნეების მანძილზე ადგილობრივებთან ერთად ასიმილაცია განიცადეს, ანატოლიის ვრცელ სამოსახლოში გაითქვიფნენ და არც არის გასაკვირი, რომ ეტაპობრივად ენათა და რელიგიათა თანაარსებობის  შედეგად „ წარმოშობილმა“ ხალხმა ლაზი დაირქვა. ოსმალები კი ამ ხალხს Rum-ს (ბერძნებს) უწოდებენ“ (კრებული, იქვე, 147); რაც იმას ნიშნავს, რომ მარტო ბერძნებს კი არ მოუხდენიათ მათზე კულტურული და ცივილიზაციური ზეგავლენა, არამედ პირიქით, მათაც  არანაკლებ განუცდიათ ადგილობრივთა ზემოქმედება, რაც ადგილობრივთა კულტურულ-ცივილიზაციური განვითარების მაღალ რანგზე მეტყველებს და მათი ლაზებად წოდება, შეიძლება სწორედ ჩვენს მიერ ზემოთ დასახელებული ხალხის ქვეცნობიერში შენახული სინამდვილის ასახვას წარმოადგენდეს. და რომ „საბერძნეთში გადასახლებულ ამ ხალხს თურქები ურუმებს, ან ბერძნებს უწოდებდნენ“, ეს სრულებითაც არ არის შემთხვევითი, რადგან იმ ადრეულ პერიოდში, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ რეგიონში თურქების ხსენებაც არ იყო და მათ საიდან უნდა შემორჩენოდათ ანალოგიური მეხსიერება? და ისინიც იმ რეალობას ასახავენ, რაც მათ აქ დახვდათ ბიზანტიის, ანუ ბერძენთა ბატონობის სახით.

 და სწორედაც, სინამდვილეში „ისინი საბერძნეთში ძალით გადასახლებულნი, არც ურუმები (Rum) და არც ბერძნები იყვნენ. ისინი ქრისტიანები იყვნენ, ბერძნულად საუბრობდნენ და ეკლესიაში დადიოდნენ. ეს კოლექტივი რეგიონის ადგილობრივი ხალხი იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ელინისტური კულტურის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა“ (იქვე). და დიახაც,  „შესაძლებელია, ეს ხალხი თავს ლაზებად და არა ბერძნებად რომ თვლიდა, ამის მიზეზი ზემოთქმულიც იყო“ (იქვე).

„ადგილობრივი მოსახლეობა (იგულისხმება სინოპის, სამსუნის, ორდუს,  გირასუნის, ტრაპიზონის გარშემო -უ. ო.) სოციალური პირობების გამო, ივიწყებს თავიანთ მშობლიურ ენას და ითვისებს ბერძნულს.  შემდგომ პერიოდში ქრისტიანებიც ხდებიან, ერთად დადიან ეკლესიაში, მილეტელების ტრადიციებითა და ადათებით ცხოვრობენ და, ბუნებრივია, თავს ბერძნებად აღიქვამდნენ. ჩვენც ასე არ ვიყავით?“ - სვამს  კითხვას ავტორი და იქვე განაგრძობს _ „ჩვენს ქვეყანაში, თურქებთან საერთო ენით და რელიგიით, თავს თურქებად არ ვთლიდით? XIX-XX საუკუნეებში ომების შედეგად თავს დატეხილი ქაოსის, ტკივილისა და მტრობის მიზეზი, განა ასეთი არამართებული,  მცდარი შეფასებები და შეცდომები არ იყო?“ _ ამბობს იგი და ბოლოს დაასკვნის, რომ „ოსმალეთის იმპერიის ბოლო წლებამდე აქ ნაცხოვრები ხალხების შემაკავშირებელი და დამაშორებელი ყველაზე მნიშვნელოვანი  ძალა და სპეციფიკური საზოგადოების დამორჩილების საშუალება რელიგია იყო“, _ რაც, ჩვენი აზრით, სიმართლისგან შორს არ არის. სამომავლო განვითარებისთვის კი, ვფიქრობთ, დღევანდელი თურქეთის ხელისუფალთ ძველი, დრომოჭმული პოლიტიკა აღარ გამოადგებათ და მათ ამ მიმარულებითაც უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა გახდნენ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. მისი ყოველმხრივი განვითარების მიმართულება და ტემპები ამის საკმაოდ დიდ იმედს იძლევა და ჩვენ სრულებითაც არ ვართ მომხრე თურქეთის შიგნიდან აფეთქებისა და დანაწევრებისა, რადგან გვირჩევნია ჩვენს გვერდით იყოს მაღალგანვითარებული დემოკრატიული ფასეულობების პატივისმცემელი სახელმწიფო, რომლის დადებითი, წარჩინებული განვითარების აურა, ჩვენთვისაც გადამდები აღმოჩნდება. ამით იგი წარმატებით შეასრულებს შუამავალი ხიდის დანიშნულებას ჩვენსა და ევროპას შორისაც. ამისათვის კი, ჩვენი აზრით, საჭიროა თურქეთის მესვეურები არ დაელოდნენ  მოვლენათა ქვემოდან განვითარებას და უკვე გამოღვიძებულ ისტორიულ რეალობას მისცენ სათანადოდ განვითარების საშუალება საჭირო საკანონმდებლო ბაზისა და კონსტიტუციური წესრიგის შექმნით. ეს მათ თავიდან ააცილებს კრიზისებსა და გართულებებს  ქვეყნის შიგნით და ამასთან  თურქეთს წარმოაჩენს, როგორც პროგრესულად განვითარებად სუპერმონოლითს, რომელმაც დროულად აუღო ალღო თავის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და დაადგა არა მისი ხელოვნურად შეზღუდვისა და ჩახშობის, არამედ თანამედროვეობის შესაბამისად მისი გარდაქმნის გაბედულ გზას. ეს მძიმე, მაგრამ თურქეთის ნორმალური განვითარებისათვის ერთადერთი მართებული და რეალური გზაა. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ამ უახლოეს მეზობელს უკეთესი მომავლის გააზრებასა და შექმნაში.

 

ბათუმის შოთა რუსთაველი უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი უჩა ოქროპირიძე

1. 04. 2017 წელი, ქ. ბათუმი

მობ: 593 93 17 11