შემოგვიერთდით
კატეგორია / ისტორია   485 ნახვა    1 წლის წინ
ისტორიული დოკუმენტი და ისტორიული მომენტი (გამოხმაურება ლაზების დეკლარაციაზე)


                                                              უჩა ოქროპირიძე  (საქართველო ბათუმი)

                                         ისტორიული დოკუმენტი და ისტორიული მომენტი

(გამოხმაურება)

           

     თურქეთში მცხოვრებ ლაზეთის მესვეურთა მიერ შედგენილი - „ლაზების დეკლარაცია თურქეთისა და საქართველოს ხალხს და მსოფლიო საზოგადოებას“ - თავისი მნიშვნელობით ისტორიული დოკუმენტია, რომელშიც გამოხატულია თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ლაზების პროგრესული ნაწილის თვალსაზრისი საკუთარი ეროვნული იდენტობის  დადგენისა და დაცვის შესახებ. მაგრამ იგი ამასთანავე არის უდიდესი ისტორიული მომენტის აღმნიშვნელიც, რადგან თურქეთის სახელმწიფოში მოღვაწე ამავე საზოგადოებამ გაბედა და შეძლო ნათლად და არაორაზროვნად წარმოეჩინა თავისი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე ყოველგვარი მორიდებისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე.

ჩვენ მივესალმებით მათ მიერ ამ მიმართებით გადადგმულ ყოველ მართებულ ნაბიჯს და თავს მოვალედ ვრაცხთ, მხარში ამოვუდგეთ ყოველგვარ ალალსა და გულწრფელ ძალისხმევას. ამასთან ვფიქრობთ, არც ისინი დაგვძრახავენ და დაგვიშლიან, ასევე ალალად და გულწრფელად გამოვთქვათ ჩვენი აზრი აღნიშნულ დეკლარაციაში წარმოჩენილი პოზიციის მიმართ.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „საქართველო, ოფიციალური განცხადებით, მეგრელ-ლაზ ხალხს არ განიხილავს ავტონომიურ, ცალკეულ ელემენტად, არამედ მას განიხილავს ქართველი (ან გურჯი, Georgian) ერის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად. ლაზურ ენას კი, ქართული (ქართველური, Georgian) ენის ერთ-ერთ დიალექტად...“, რომ „ლაზები ქართველი ერის ნაწილს არასდროს  წარმოადგენდნენ და არც ახლა არიან მისი ნაწილი. ლაზები ქართველები (ქარველური) არ არიან. ლაზები ისტორიის დასაწყისიდანვე ლაზები არიან და სურთ ლაზებად დარჩენა...“, ან კიდევ ის, რომ „ლაზური ქართული (ქართველური) ენის, მისი კილოს, დიალექტის, ქართველური ენების (Georgian languages) ნაწილი არ არის. საერთო ქართველურის (common kartvelian) მსგავსი ქართველისტების ტერმინოლოგიების წინააღმდეგები არიან და მას უარყოფენ...“ განსაკუთრებით კი, რომ „ეს ტერმინოლოგიები ქართული ენის წინა პლანზე უსაფუძვლო წარმოჩენის, ლაზური და მეგრული ენების იგნორირებას ემსახურება... ამ არაობიექტურ ტერმინოლოგიის ნაცვლად  მეცნიერული და აპოლიტიკური ტერმინის „სამხრეთ-კავკასიის ენების“ (South Cavcasian Languages) ტერმინის გამოყენება“, - მათი აზრით, უფრო უპრიანი იქნებოდა. „ამით ლაზური დედაენის, ქართული ენის ან სხვა სამხრეთკავკასიის ენების ისტორიულ და გენეტიკურ სიახლოვეს არ უარვყოფთ. ეს სიახლოვე ინდოევროპულ ენათა ოჯახის ტევტონური ჯგუფიდან გამოსული გერმანული და ინგლისური ენების სიახლოვისთვის შეიძლება იყოს შედარებული. ზემოთ მოხსენებული ენები ლაზურსა და ქართულ ენაზე მეტად ახლოს დგანან, მაგრამ როგორც გერმანელებს ინგლისელებს, ან ინგლისელებს გერმანელებს არ უწოდებენ, ასევე არ შეიძლება ეწოდოს ამ სიახლოვის გამო ლაზებს ქართველები, ლაზურს ქართული.“(მაგრამ ჩვენ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს შორის, ბოლო დრომდე, არასდროს არ მდგარა იულიამ დამპყრობელი - უ. ო.). ამ სიახლოვის გარკვეული პოლიტიკური მნიშნელობით დატვირთვა უაზრობა და უხამსობაა...“ და ა. შ. (კრებული „ლაზები და ლაზეთი თურქულ გამოცემებში“, თბ., 2015, გვ. 769-770).

ჩვენ არც ამის საწინააღმდეგო გვაქვს რაიმე, მაგრამ მოდი სერიოზულად, ერთად დავფიქრდეთ, _ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ მიმართულებით სიარულმა, საკითხთა სიღრმისეულმა გააზრება-ანალიზმა.

სტატიაში - „სახელწოდება „ლაზის“ წარმოშობასთან დაკავშირებული საკითხები“ (იქვე, გვ. 122-125) ა. ი. აქსამაზი აღნიშნავს: „...ტერმინ ლაზს ბერძნები არავითარ შემთხვევაში თურქებთან ან ლაზებთან არ აიგივებენ. პირიქით, ამტკიცებენ, რომ ეს ტერმინი ბერძნულია და ნიშნავს „გაუმარჯოს საბერძნეთს“ (ელას ზი - წ. ბ.). თურმე პროფესორ მიშელ მეეკერისთვის ს. დელიგიორგისის ნაამბობს თუ დავუჯერებთ „...სიტყვა ლაზი მოჭრილი ენით გამოთქმული „გაუმარჯოს საბერძნეთს“ ყოფილა. ხოლო მეორე შემთხვევაში ქ. აქსოილუ ამბობს, რომ „ახ. წ. 500 წელს პროკოფიუსის „ომების ისტორიაში“ ვხდებით ასეთ ფრაზებს: „კოლხები, ანუ ლაზები“, „კოლხები ამავდროულად ლაზები იყვნენ“. VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათიასიც აღნიშნავს ლაზებისა და კოლხების იდენტობას - „ლაზიკაში მცხოვრებნი ადრე კოლხებად იყვნენ ცნობილნი და ეს ლაზები და კოლხები ერთი და იგივე ხალხია... მიუხედავად ძველი კოლხეთის სამეფოს დანგრევისა და სიტყვა კოლხის დავიწყებისა, ლაზებს დაახლოებით 500წლის შემდეგაც არ ავიწყდებათ კოლხი წინაპრები“ და როგორც აგათიასი აღნიშნავს „ ამის გამო გადაჭარბებულადაც კი ამაყობენ...“ (იქვე, ქ. აქსოილუ, ლაზებისა და სამხრეთ კავკასიელების წარმოშობა და მათი პირველსაცხოვრისი, გვ. 134-136).

აქ ყველაფერი ნათელია. მაგრამ ფ. კირზიოღლუ ამავე კრებულში განთავსებულ სტატიაში „ლაზთა და ჰემშინთა ისტორია“, ლაპარაკობს რა ლაზების შესახებ, გვეუბნება: „ლაზებს ისლამამდე 150 წლით ადრე, ჭოროხის ყელსა და აფხაზეთ-სამეგრელოს გამყოფ მდინარე ენგურს შორის და უფრო ღრმად - მდინარე ფაშ/რიონის გასწვრივ, რომის იმპერიის ნაწილის - ლაზიკის სამეფოში უცხოვრიათ (ანუ იგივე ეგრის-სამეგრელოში - უ. ო.). იგი „აგლუტინაციური ენის სამ დიალექტზე მოსაუბრე, მწერლობის არ მქონე, მცირერიცხოვანი თემია“ (იქვე, გვ. 153). მანვე კარგად იცის, რომ პლინიუსის (ახ. წ. 23-79) იმ ცნობის არსებობა, რომელშიც  ლაპარაკია  ლაზების „შავი ზღვის პირას და მდ. ფაზისის გასწვრივ ცხოვრების შესახებ“ (იქვე, გვ. 155) და იქვე მოყავს, მისი აზრით, „წყაროები, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ ლაზები ქართველ-მეგრელები არ არიან“ და ასევე „მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ლაზების/ჭანარების თურანულ და თურქულ წარმომავლობას“...

და აქედან რა გამოდის?

გამოდის, რომ ხსენებულ პერიოდში შავიზღვისპირეთის აღნიშნულ მონაკვეთში თურმე თურანულ-თურქული წარმომავლობის ვიღაცეები ცხოვრობდნენ, რაც ყოველგვარი ფანტაზიისთვისაც მიუწვდომელი აბსურდი და ისტორიული ბოდვის, მართლაც,  უმაღლესი რანგია. მაგრამ კირზიოღლუ თავისას არ იშლის და განაგრძობს: „კიდევ გვინდა ხაზი გავუსვათ: საქართველოს, თბილისის აკადემიურ გამოცემებში კატეგორიულად ცხადდება, რომ მეგრელები და ლაზები მოძმე ტომები არიან და რომ მათი ენებიც მსგავსია. ეს მტკიცებულებები კი მოძველებულია და ძალზე პრიმიტიულია“.

ამ, როგორც თქვენც დაინახეთ, ისტორიული ოპუსის გაგრძელებაში კირზიოღლუ მიმართავს იმპერიული მეთოდოლოგიისათვის მეტად დამახასიათებელ ხერხს; ამ, მართლაც, მის მიერ ხელოვნურად გაყოფილი ლაზ/მეგრელების ერთმანეთზე  დასაპირისპირებლად, ერთის დამცირებისა და მეორის თითქოს-და ამაღლების ხარჯზე; რითაც მათ, მისი ჭკუით, ერთმანეთისაგან რადიკალურად მიჯნავს და თანაც ორივეს დასცინის და ალბათ, გუნებაში ხითხითებს კიდეც, რადგან კირზიოღლუებმა კარგად იციან, რომ ერთ და იმავე მოდგმაზე (ხალხზე) ლაპარაკობენ... ამ მხრივ კირზიოღლუს ოინებისაგან დიდად არ განსხვავდება ამავე კრებულის ავტორის ნ. ალქომრუს მდარე ხასიათის  მოსაზრებანი (იქვე, გვ. 162-165), აღარაფერს ვამბობთ სომეხი პერ მინას ბჟაშკიანის (XVIII-XIX ს-ის მოღვაწე) თუ მისი მოდგმის ზოგიერთი წარმომადგენლისათვის დამახასიათებელ პასკვილურ ჟანრზე, რის გამოც ილია ჭავჭავაძეს „ქვათა ღაღადის“ დაწერა მოუწია. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ ჩვენს მიერ დასახელებული სომეხი ავტორიც კი, მიუხედავად მის ნაშრომში დაშვებული ზოგიერთი ლაფსუსისა, პონტოს სამეფოსა და კოლხების შესახებ თხრობისას, აღიარებს, რომ „კოლხეთის დღევანდელი მოსახლეობის უმეტესობას ქართველები და მეგრელები წარმოადგენენ. ესენი ორივე ერთ ერს ეკუთვნიან და ერთი და იმავე ენის, რჯულისა და ადათ-წესის მიუხედავად, ქართველებს აჩიქბაშს (იმერლებს), ჭოროხიდან ფოთის სამხრეთით ირანამდე გადაჭიმულ მათ ქვეყანას კი გურიელს უწოდებენ“ (იქვე, გვ.176; პ. მ. ბჟაშკიანი, „პონტოს ისტორია“, „კოლხეთის ისტორია“, გვ. 171-180).

 აქ შევეხებით ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც, ამ მრავალმხრივ საინტერესო კრებულში, ასეა გახმიანებული: „ საბჭოთა მმართველობა თავდაპირველად „მცირე“ ხალხებს პატრონად მოევლინა.

აღნიშნულ პერიოდში კავკასიაში რიცხობრივად მცირე ეთნიკური ჯგუფებიდან ზოგიერთმა „კულტურული უფლებები“ მიიღო და აქამდე უდამწერლებო ენებმა „ოფიციალური ენების სტატუსი მიიღეს და წერილობით ლიტერატურას ჩაუყარეს საფუძველი... აბაზი, ადიღე, აფხაზი, ჩეჩენი, ლაზი და სხვა რიცხობრივად პატარა ეთნიკურ ჯგუფთა ლიდერთა სახელებიც ამ პერიოდში წინა პლანზე გამოვიდა...“ და მათი ლიტერატურის დამფუძნებელთა შორის ლაზი ისქენდერ ჭითაშიცაა დასახელებული (ა. ი. აქსამაზი, ვინ და რატომ მოკლეს ლაზური ლიტერატურის წინამძღვარი ისქენდერ ჭითაში? იქვე. გვ. 180-186).

აქ, როგორც დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილია, საქმე გვაქვს უძველესი იმპერიული პოლიტიკის, „გათიშე და იბატონე“, გატარების საბჭოურ ნაირსახეობასთან, რომლის ამ ფორმით განხორციელებაც მიზნად ისახავდა ამ პატარა ერების ადრე მათზე საზოგადოებრივ-კულტურულად ზემოქმედების მქონე (დომინანტი) ერთობისაგან ჯერ ხელოვნურად გამოცალკევება-გამოყოფას, მათ განაპირებას, შემდეგ კი, როდესაც ისინი სრულიად დაუცველნი აღმოჩნდებოდნენ იმპერიული მანქანის ზეწოლის წინაშე, მათ თანდათანობით გარუსებას (რაც ფაქტიურად ხორციელდებოდა კიდეც).

დღეს ვერავინ აიღებს თავზე დაამტკიცოს, რომ ამას მართლაც მოყვა ამ მცირე ეთნიკურ ერთეულებში  ეროვნული ლიტერატურის აღორძინება, ან მათი „კულტურული უფლებების“ დაცვა. პირიქით, მათი გარუსების პოლიტიკამ მართლაც-და, შეუქცევადი ხასიათი მიიღო და რომ არა საბჭოთა იმპერიის მეყვსეული დაშლა, ახლა ე. წ. ახალი ისტორიული ერთობა - საბჭოთა ხალხი, რეალობად იქნებოდა ქცეული. ქართულს კი იგივე როლი ექნებოდა შერჩენილი საქართველოში, რაც ამჟამად ლაზურ ნანანენას აქვს თურქეთის რეპუბლიკაში.

შემდეგ იქვე ნათქვამია, რომ „კაჩკარის კულტურული წრე“, ანუ „ლაზებურას სამუშაო ჯგუფი“ წერს: „1935 წელს სოხუმში ლაზურად დაიბეჭდა სასკოლო წიგნი, რომლის ავტორიც იყო ისქენდერ ჭითაში - ლაზების დიდი პოეტი და მეცნიერი. სტალინის ბრძანებით ისქენდერი 1938 წ. (1939 წ. - წ. ბ.) მოკლეს და მოკლე ხანში ლაზი ხალხიც ციმბირში გადაასახლეს. ამასთან ერთად კულტურულ თავისუფლებასაც ბოლო მოეღო (იქვე, გვ. 181). შემდეგ კი იქვე ლაპარაკია ისქენდერ ჭითაშის მიერ 1935-1937 წლებში  სოხუმში გამოცემულ ლაზური სკოლების დაწყებითი (I-II) კლასების სახელმძღვანელოთა  შექმნა-გამოცემის შესახებ (იქვე, გვ. 182), ბოლოს კი მოტანილია აჭარელი ლაზის 1996 წლის შემდეგი ნაამბობი: „ საბჭოთა მმართველობამ „ოფიციალური ენის“ სტატუსის მქონე ლაზური ენის დასაწერად ლათინურის ნაცვლად კირილიცას გამოყენება ბრძანა. ისქენდერ ჭითაში ამას შეეწინაღმდეგა. ამიტომ მოსკოვიდან მოსული ბრძანების თანახმად... 1939 წელს ის ბაქოში მოკლეს“ (იქვე).

აი, სწორედ ჩვენი ზემოთ მოყვანილ მოსაზრებათა დადასტურება... და, მოდით ერთად გადავწყვიტოთ, - იქნებ ღირს ყოველივე ამაზე სერიოზულად დაფიქრება.

 და ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქ სრულიად უადგილოა დასმული კითხვა: „თუ ნამდვილი მიზეზი ანბანის პრობლემა იყო, მისი მოკვლის შემდეგ ამ რეფორმის განსახორციელებლად მის ადგილზე სხვა ვინმე რატომ არ დანიშნეს?..“ რადგან აღნიშნული პოლიტიკის ნამდვილი მიზანი ამ „მცირერიცხვან ეთნიკურ ჯგუფებში“ ე. წ. „კულტურული უფლებების“ მოთხოვნილებათა საბოლოო გაქრობა-გაუქმება იყო. რასაც აკეთებდნენ კიდეც, რადგან ეს იყო მათი „ეროვნული პოლიტიკის“ ჭეშმარიტი არსი და მიზანიც. რათა აღნიშნული „მცირე ეთნიკური ჯგუფები“ მათზე გავლენის მქონე საზოგადოებრივ-კულტურული ერთობისადმი, თითქოს-და  მათ მიმართ ჩადენილი უსამართლობის განცდის მუხტით დაემუხტათ და შემდეგ ეტაპზე, მათი მიზნების შესაბამისად, კონკრეტული რესპუბლიკების წინააღმდეგ დაერაზმათ, რაც დღევანდელ საქართველოში მომხდარი ფაქტია.

აქვე სტატიის ავტორი ა. ი. აქსამაზი აღნიშნავს: „ჩვენ ვხედავთ ისქანდერ ჭითაშის სახელთან არის დაკავშირებული ლაზების მიერ „კულტურული უფლებების“ მოპოვება და მისი სიკვდილის შემდეგ კი ამ „კულტურული უფლებების“ დაკარგვა; რაც, ჩვენი აზრით, ხელოვნურად შექმნილი, ისტორიულად ყალბი (მცდარი) თეზაა. რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლაზ-მეგრელებმა თავიანთი ისტორიული კულტურული უფლებები, ქართველ ხალხთან ერთად, შექმნეს საბჭოთა პერიოდამდე დიდი ხნით ადრე თავიანთი ათასწლოვანი გმირული ბრძოლითა და შემოქმედებით; ამიტომაც მას ამ უფლებას ვერავინ შეეცილება მანამ, სანამ ღვთისგან კურთხეული ერთობა, საქართველო, მათთან ერთად იარსებებს! (ის არ არსებობს ცალკე - ქართლელის, კახელის, მეგრელ-ლაზის, იმერლის, სვანის, მესხის, აჭარელის, გურულის თუ სხვა  ქართული მოდგმის შვილთა გარეშე, რადგან იგი მხოლოდ მათი ერთობაა).

ისქენდერ ჭითაში კი არის ლაზებისათვის სპეციალურად, ამასთან ხელოვნურად შექმნილი გმირი, რომელმაც, როგორც ჩანს, არ იცოდა თავისი ისტორიული ფესვების სიღრმე, თორემ მსოფლიო დანიშნულების მქონე ქართული ასომთავრულის, ამასთან ნუსხა-ხუცური და მხედრული დამწერლობის პატრონი, ლათინური შრიფტით ლაზური ანბანის შექმნას არ  მოინდომებდა. ამით მან, შეიძლება მისდა უნებურადაც,  შეასრულა იმპერიული დაკვეთა და ხელოვნურად დაუპირისპირდა იმ ერთობას, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წევრები სწორედ ლაზები (კოლხ-ეგრები) არიან. ამით კი ჩვენი ერთობის მტერს  გაანაპირებინა არა მარტო საკუთარი ხალხი, არამედ საკუთარი პერსონაც. (იგივე ხდება დღეს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებშიც). ყველაფერ ამის დამგეგმავმა კი მიზანს მიაღწია და ერთსაც და მეორესაც, თავისი ინტერესების შესაბამისად, გაუსწორდა.

სწორედ, ამჯერად თურქეთში, ამ პოლიტიკის „გამარჯვების“ შედეგია „ლაზების დეკლარაციაც“... თორემ ნორმალურ პირობებშიც კი, შეიძლება ჩვენს შორისაც იყოს რაღაც პრობლემატური საკითხები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მათი დეკლარაციების გზით გადაჭრის გზების ძიება, მიუღებელია, რადგანაც ჩვენი ურთიერთობა და ისტორიული თანაცხოვრება ათასწლეულებს ითვლის და ისტორიულ-სახელმწიფოებრივი ერთობაც, რომელსაც საქართველო ჰქვია, ამ ათასწლეულთა განმავლობაში ჩვენი წინაპრების მიერ ერთად დაღვრილი უზომო სისხლითა და საქმით (შემოქმედებითი შრომით) არის განმტკიცებული. ამიტომაც ვერავინ დააშორებს ერთმანეთს ფარნავაზსა და ქუჯის, იოანე მარუშისძესა და დავით მესამე კურაპალატს, დავით აღმაშენებელსა და გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, ცოტნე დადიანსა და კახაბერ რაჭის ერისთავს, ილია მართალსა და დუტუ მეგრელს, ალექსანდრე ოქროპირიძესა და ამბროსი ხელაიას, ივანე ჯავახიშვილსა და სიმონ ჯანაშიას, კონსტანტინე გამსახურდიასა და გრიგოლ რობაქიძეს... და ბოლოს, საქართველოსა და ქართულ ფესვებს ვერავინ მოგლეჯს საქართველოს ეროვნულ გმირებს - მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას!..

განა, ვინმეს შეუძლია მათი უდიდესი ქართველობის ეჭვქვეშ დაყენება?!

სიმართლე ძალზე მტკივნეულია, მაგრამ ეს არის... და, ასეთ შემთხვევაში მისი პირდაპირი თქმის მეტი არაფერი დაგვრჩენია და ვერც ვერაფერი გვიშველის. მაგრამ იმედია, მისი უდიდესი კეთილმოსურნეობით გამოყენება საჭირო შედეგს გამოიღებს!

P. S. გამოხმაურება უკვე მზად იყო, როდესაც ცნობილმა ქართველმა მწერალმა იაშა თანდილავამ მომაწოდა ცნობა, რომ ისქენდერ ჭითაში სინამდვილეში ყოფილა, ლაზებში შემოგდებული, ეროვნებით რუსი, ალექსანდრე ცვეტოვი, რომელმაც მიიღო ლაზური გვარი და აფხაზეთსა და სამეგრელოში ეწეოდა ერთიანი საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას. მანვე 15 ლაზი ახალგაზრდა წაიყვანა პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მათ შორის მხატვარი ხასან ჰელიმიში, მუჰამედ მემიშიში და სხვ.), როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, სასწავლებლად, თითქოს-და ეროვნული კულტურისათვის კადრების მოსამზადებლად; სინამდვილეში კი ეწეოდა „სუკ“-ის აგენტურულ საქმიანობას აფხაზებსა და მეგრელ-ლაზებს შორის, მათი ქართველებთან დაპირისპირების მიზნით.

თქვენდამი უღრმესი პატივისცემითა და სიყვარულით უჩა ოქროპირიძე

3. 03. 2017 წელი.  ქ. ბათუმი

                     უჩა ოქროპირიძე

              ისტორიული დოკუმენტი და ისტორიული მომენტი

                                              რეზიუმე

 

ნაშრომი წარმოადგენს გამოხმაურებას 2015 წელს თბილისში გამოცემულ კრებულში - „ლაზები და ლაზეთი თურქულ გამოცემებში“ დაბეჭდილ წერილში - „ლაზების დეკლარაცია თურქეთისა და საქართველოს ხალხს და მსოფლიო საზოგადოებას“, გამოთქმულ თვალსაზრისზე.

მასში განხილულია აღნიშნულ დეკლარაციაში წარმოჩენილი, ქართული ეროვნული თვითშეგნების თვალსაზრისით, ზოგიერთი უმართებულო დებულებანი და მათზე გამოთქმულია აზრი საქართველოს თანამედროვე ისტორიულ აზროვნებაში დამკვიდრებულ მუდმივ ღირებულებათა სასარგებლოდ.

ნაშრომი ამასთანავე მოიცავს თურქეთში მოღვაწე ზოგი ავტორის მცდარი და ორაზროვანი შეხედულებების კრიტიკას; წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ლაზებისათვის მათ გარშემო შექმნილი ურთულესი ვითარების გასაგებად ( მართებულად ) ახსნის ცდას.