შემოგვიერთდით
კატეგორია / ინტერვიუ   659 ნახვა    2 წლის წინ
სამართლიანი მსოფლიოს შექმნისათვის ბრძოლის ილუზია


             კავკასია იყო და არის არა მარტო ზესახელმწიფოთა შეჯახების არეალი, არამედ ცივილიზაციათა განახლებისათვის მუხტების გამცემი ეპიცენტრი, და თუ რატომ, ამის ახსნას კიდევ ერთი სრული ინტერვიუს ფორმატიც არ ეყოფა... აქ კი ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ კავკასია არის ადგილი, სადაც ყოვლის შემოქმედმა ადამი-ანი შექმნა, ადამად და ევად. და ეს სახელდება ”კა-ვ-კა-სი-ა”-შია ფიქსირებული, რომელიც ასე იშიფრება: “კა” ცნობიერების მატარებელი (ზეციური და მიწიერი ცნობიერების ერთობა _ კა-ცი), ადამი, იგივე “ვ”(ვინ), წმინდა წერილი და ისევ “კა” ცნობიერების მატარებელი ევა, “ვ”(ვინ), წმინდა წერილი (ადამი-ანი ღმრთისგან შექმნილი წმინდა წერილია), შემდეგ მოდის “სი” და “ა”, ანუ “სი” _ შენი, “ა”_ არსთა საწყისი, ღმერთი. საბოლოოდ რა გამოვიდა? _ ადამი და ევა, წმინდა წერილი, არსთა საწყისი შენი, ღმერთი შენი; ოღონდაც სიტყვა “კა-ვ-კა-სი-ა”-ში ზუსტადაა დაცული ღმერთის შესაქმეს თანმიმდევრობა ადამთან მიმართებაში. რომ პირველად ღმერთმა შექმნა ადამი (კა), იგივე წმინდა წერილი (ვ), შემდეგ ევა (კა და ასევე წმინდა წერილი) და ბოლოს უფალი პირდაპირ გვეუბნება, რომ ყველაფერი ეს შენი საწყისიაო.
რაც შეეხება “ზესახელმწიფოებს”, პირობითად ბრჭყალებში ჩავსვამ, რადგან ისინი არავითარი ზესახელმწიფოები არ არიან. მათი მესვეურნი კი ამგვარი სახელდებით თავიანთ დემონურ პატივმოყვარებას იკმაყოფილებენ და კავკასიისაკენ სწორედ იმიტომ მოისწრაფვიან, რომ ის ნაკლოვანება შეივსონ, რაც ამ სივრცეზე დაშორებამ ისტორიული არსებობის პერიოდმა მათში გამოიწვია. ისინი სწორედ იმიტომ ცდილობენ ასე გახელებით კავკასიურ სივრცეში დაბრუნებას, რომ უკვე მისუსტებული სასიცოცხლო ენერგია შეივსონ, ან ახლად იშვან ისევე, როგორც ამას ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი წარმომადგენელიც აკეთებს, როდესაც ახალი სასიცოცხლო ენერგიის შესაძენად, ანუ ხელახლა დასაბადებლად და გასამრავლებლად საკუთარი დაბადების ადგილს უბრუნდებიან (თევზთა სხვადსხვა სახეობები, კუ და კუსნაირები და სხვა). სწორედ ამ მიზნით ეწვია 3 ათასი წლის წინათ ლეგენდარულ აია-კოლხეთს პელაზგი იაზონი და თუმცა სიმბოლურად, მაგრამ იგივე მისიის მატარერბელი იყო აქ სულ ახლახან ტიმ სევერინის მოგზაურობაც... თქვენ, რა, _ ეჭვი გეპარებათ, რომ ბებერ ქალბატონს (ევროპა) ახლად დაბადება თუ არა, ენერგიის განახლება მაინც ესაჭიროება?! (ანდა რას ეძებდა კავკასიურ არეალში ჰიტლერი და მისი სპეციალური დაჯგუფება "ანანერბე"?!)
 აი, ეს არის მიზეზი თითქმის ყველა “ძალმოსილთა” კავკასიისკენ სწრაფვისა და სწორედ ეს არის ჩვენი მარადიული სიცოცხლისუნარიანობის საძირკველიც...
 - როდესაც ზვიად გამსასხურდია ერთიანი კავკასიური სახლის შექმნაზე საუბრობდა, იგი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა სრულიად კავკასიური ენერგიის გაერთიანებას გარედან მომავალი არაკეთილმოსურნე იმპულსებისა და აგრესიის შესაკავებლად, რადგან მას კარგად ესმოდა ის მისია, რომელზედაც ჩვენ ზემოთ ვილაპარაკეთ და სურდა ყველასათვის შეეგნებინებინა, რომ ამ მაცოცხლებელი სასიცოცხლო ენერგიის მშვიდობიან გზით მიღებასა და გამოყენებას წინ არაფერი ედგა; ამასთან, მისი კეთილმოქმედება უფრო ეფექტური იქნებოდა. მაგრამ ამ სივრცის ერთპიროვნულად ფლობის ცდუნება (როგორც მსოფლიოზე უპირობო გაბატონების გარანტია - უ. ო.) იმდენად დიდი და დაუძლეველი იყო, რომ ზვიად გამსახურდიას ეს ზოგადსაკაცობრიო კეთილი მისია გაუგებარი აღმოჩნდა ამ ე. წ. ზესახელმწიფოებისათვის და დღესაც მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა კავკასიის მისასაკუთრებლად, რაც ამ ცივილიზაციათა გონებრივ სიჩლუნგესა და მათში ნამდვილი მაცოცხლებელი ენერგიის სისუსტეზე მიუთითებს. მათ არც არაფერს ეუბნება და შეასმენს ის, უკვე განვლილი ისტორიული რეალობა, თუ რამდენი ასეთი მოძალადე ე. წ. ცივილიზაციები და “ ზესახელმწიფოები” მოინელა ამგვარმა უგუნურმა მოძალებამ (თუნდაც “მართლმადიდებლური ბიზანტია” და ასევე “მართლმადიდებლურ რუსეთში” რომანოვების დინასტიის ბედი კმარა მაგალითად, სხვებს რომ თავი გავანებოთ - უ. ო.).
მათ (“ზესახელმწიფოებს”), რომ მართებულად ჰქონდეთ შეგნებული საკუთარი მისია, ისინი თავგამოდებით უნდა იბრძოდნენ კავკასიური ერთობის ასაღორძინებლად და ამ რეგიონში დავანებული სასიკეთო ღვთაებრივი ენერგიის მსოფლიოს საკეთილდღეოდ გამოსაყენებლად. მაგრამ ამ უდიდესი მისიის შეუგნებლობა მათ საპირისპირო ქმედებისაკენ უბიძგებთ და ისინი ცდილობენ იმის მითვისებას, რაც მათ შესაძლებლობებს აბსოლუტურად აღემატება; თანაც ყველაფერი კეთდება კავკასიის დასანაწევრებლად, ზოგიერთ შემთხვევაში კი ამ ერთობის შიგნიდან საბოლოოდ ასაფეთქებლადაც. 
ზვიად გამსახურდიას და მისი ერთიანი კავკასიური სახლის იდეის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გაჩაღებაც სწორედ ამის დასტურია!.. რადგან ეს  ე. წ. ზესახელმწიფოები კავკასიას უყურებენ, როგორც მხოლოდ გეოსტრატეგიულ, ფიზიკური თვისებების მატარებელ სივრცეს და არაფერი ესმით მისი სულიერი, ღვთაებრივი მისიისა. და რადგანაც ამ საკითხის ასეთი ბუნდოვანი და მცდარი ხედვა აქვთ, აღნიშნული სივრცის ერთობა მათგან აღიქმება, უპირველეს ყოვლისა, როგორც გეოსტრტეგიული, სამხედრო-სივრცული ალიანსი, რომელიც, მათი აზრით, თავის ირგვლივ დაიწყებს კიდევ ახალი სივრცეების ათვისებას და წამოაყენებს, თავისი მზარდი ენერგიიდან გამომდინარე, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პრეტენზიებს (ევროპაში ამის მაგალითი, გერმანიის სახით, მათ არც თუ კარგ მოგონებებს უღვიძებს - უ. ო.), ასეთი ახალი გეოსტრატეგიული სივრცის ჩამოყალიბება კი, მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც საბჭოთა იმპერიის მემკვიდრე თანამედროვე რუსეთისათვის, ისე ე. წ. დასავლეთის “ზესახელმწიფოებისთვისაც” და აქედან გამომდინარეობდა მათი ერთიანი ალიანსი და ყველა ფორმით ურთიერთთანამშრომლობა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დასმხობად. და რადგანაც მათთვის კავკასია აღიქმებოდა მხოლოდ ისეთ გეოსტრატეგიულ სივრცედ, ანუ ფიზიკურ სხეულად, რომლის ერთიან სახლად ჩამოყალიბებისაგან ისინი გარდა პრობლემებისა, არავითარ პრაგმატულ სარგებელს არ ელოდნენ, ამ იდეის ძირშივე მოშთობა გადაწყვიტეს და ჩანასახშივე გაანადგურეს არა მარტო ამ იდეის განხორციელების შანსი, არამედ ამ იდეის მატარებელ-მქადაგებელი ზვიად გამსახურდიაც. (ჯოხარ დუდაევის ფიზიკური განადგურებაც, შეიძლება ამ იდეასთან თანაზიარობა-განდობილობის შედეგად განვიხილოთ).
რადგან ეს ე. წ. ზესახელმწიფოები და მათი მმართველი ელიტები დედამიწას და მის შემადგენელ ნაწილებს უმთავრესად განიხილავენ, როგორც მხოლოდ მის ფიზიკურად აღქმად სამხედრო-გეოსტრატეგიულ ერთეულებს, რომლებიც მათი ინტერესების შესაბამისად შეიძლება ოკუპირებულ-ანექსირებული იქნენ, - ანუ ისინი მათ აღიქვამენ, როგორც პროდუქტსა და საკვებს მათი “ზესახელმწიფოებრივი” მადის დასაკმაყოფილებლად, რაც თავისთავად დიდი უსამართლობაა და სრულებითაც არ შეესაბამება ღვთაებრივ ნებას. ამიტომაც, ასეთი პოლიტიკის შედეგად, დედამიწელთა უმრავლესობა, ჩვეულებრივი ამბავია, რომ ჩაგრულად აღიქვამს თავს და ყველა საშუალებით ცდილობს თავი დააღწიოს ასეთ მდგომარეობას. “ზესახელმწიფოები” კი ცდილობენ რამენაირად შეზღუდონ და თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარონ ჩაგრულთა განთავისუფლებისაკენ მიმართული ბუნებრივი და სამართლიანი სწრაფვა. მათი ეს ბრძოლა კი, ჩაგრულთა ბანაკისაგან, სრულებით არ აღიქმება, როგორ სამართლიანობის აღდგენის მცდელობა, რაც მათ შორის მტრობასა და ანტაგონიზმს კიდევ უფრო ამძაფრებს... შედეგად კი ვღებულობთ თანამედროვე, სიძულვილითა და ურთიერთმტრობით გაჯერებულ მსოფლიოს, სადაც “დამნაშავე” და “მსხვერპლიც” ერთნაირი უნდობლობით უცქერიან “სამართლიანობის აღდგენისათვის მებრძოლთ”, რადგან ტყუილს ყველგან მოკლე ფეხები აქვს... სამართლიანობისთვის თვითშეწირვა კი, ღვთაებრივი მადლია და მას თანამედროვე უსამართლობით გაჯერებულ მსოფლიოში, ვერავის მოსთხოვ, რადგან აქ საყოველთაო მარაზმი გახდა მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი. 
კავკასიიდან წასვლის შემდეგ, როგორც ჩანს, ადამის მოდგმას ყველაზე მეტად ღმრთისადმი რწმენა და აქედან გამომდინარე, სამართლიანობის შეგრძნება დაუჩლუნგდა; რადგანაც რაც უფრო მეტად შორდებოდა იგი დედამიწაზე კავკასიაში დაფიქსირებულ ღვთაებრივ ველს და ეს პროცესი, რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა, მით უფრო საგრძნობი ხდებოდა ღვთიური მადლის შესუსტება ადამიანში. ამიტომ, აუცილებელიც არის ამ შესუსტებული ენერგიის აღსადგენად იგი კვლავ მოწიწებით მიეახლოს თავის უძველეს საკრალურ ფესვებს და ახალი სასიცოცხლო ძალით აღვსილმა დედამიწაზე ღვთაებრივი ჰარმონია და მშვიდობა დააბრუნოს. აი, ეს არის კავკასიისა და კავკასიელთა, ანუ დედამიწელთა სამომავლო მისია!
-რაც შეეხება “უზრუნველყოფილი ევროპის” გაერთიანებას, ეს ამ ალიანსის ეკონომიკურმა და სამხედრო-სტრატეგიულმა ინტერესებმა განაპირობა და არა მათში იმის რწმენამ, რომ ძალიან "უყვართ" ერთმანეთი და ცალკ-ცალკე არსებობა არ შეუძლიათ (აი, თუნდაც სულ ახლახან დიდმა ბრიტანეთმა, იგრძნო თუ არა ევროგაერთიანებიდან მომდინარე მოსალოდნელი სუვერენიტეტის ელემენტარული შეზღუდვა, მასზე სასწრწფოდ გარიდება არჩია). ამ გაერთიანებით ევროპა ცდილობს ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ ზეწოლას, შესაბამისი კონკურენტუნარიანი სტრუქტურა დაუპირისპიროს ევროგაერთიანების სახით. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირი ევროპულ სუვერენულ სახელმწიფოთა ნებაყოფილებითი გაერთიანებაა და სრულიად განსხვავდება ე. წ. ევრაზიული კავშირისაგან, რომლის შეკოწიწებას ცდილობს იმპერიული ამბიციებით საკმაოდ გადატვირთული რუსეთი. თანაც იგი არაფრად დაგიდევთ მასში შეყვანილი ხალხების თავისუფალ ნებას და სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა ფორმათა გამოყენებით ცდილობს პოსტსაბჭოურ სივრცეში ახლად ჩამოყალიბებულ სუვერენულ სახელმწიფოთა ნების გატეხვას, მათ ძალად შეთრევას ევრაზიულ კავშირში. 
სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანიასა და სომხეთის ნაწილებზე, საქართველოში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის დამყარება, რითაც იგი ცდილობს შეინარჩუნოს რეგიონზე ზემოქმედების რეალური ბერკეტები, სამომავლოდ, საბოლოო მიზნის მისაღწევად, არ უნდა გამოვრიცხოთ, როგორც ადრე, მისი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი თურქეთთანაც, რომელთან დასაახლოვებლად, ბოლო დროს, ორივე მხრიდან სათანადო ნაბიჯებიც გადაიდგა.
_ კავკასიელთაგან ამ საფრთხის გაცნობიერების შესახებ ვიტყოდი, რომ მის ჭეშმარიტ პატრიოტებს,  ყოველთვის სათანადოდ ესმოდათ იგი და ამიტომაც დაუყოვნებლივ იქცეოდნენ კავკასიელთადმი მტრულად განწყობილთა უპირველეს სამიზნედ _ ალექსანდრე ბატონიშვილი, ბაისანგური, შამილი, მუჰამედ-ამინი, ილია მართალი, ზვიად გამსახურდია, ჯოხარ დუდაევი და სხვები. საერთო კავკასიური სახლის შექმნის გზაზე, ზემოთ ჩვენს მიერ ჩამოთვლილ გარემობებთან ერთად, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ისიც, რომ რუსეთის იმპერიის მიზანმიმართული კოლონიური პოლიტიკის შედეგად მოხდა კავკასიის რეგიონის ხელოვნური ეთნიკური აჭრელება და მასში ადგილობრივი, ავტოქტონი მოსახლეობის ხვედრითი წილის შესამჩნევი შემცირება, რითაც მოხდა კავკასიური თვითშემეცნებისა და კავკასიური ელემენტის ხელოვნური დასუსტება; რუსეთის მხარდაჭერით მოსული ელემენტების ხელოვნურად დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამასთან, მათგან ათასგვარი თითიდან გამოწოვილი, დაუსაბუთებელი პრეტენზიების წამოყენება კავკასიელთა მიწების მისათვისებლად.
ამიტომაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სანამ რუსეთი კავკასიაში ინარჩუნებს თავისი ზემოქმედების ბერკეტებს ოკუპირებული თუ სხვა სტატუსის მქონე ტერიტორიების სახით, ერთიანი  კავკასიური სახლის შექმნაზე ფიქრიც კი ზედმეტია, რადგანაც კავკასიაში დღეს არსებული მართვადი ქაოსის სტიმულატორი და შემოქმედი სწორედ რუსეთის სახელმწიფოა, რომელსაც რეგიონში წარმოებული არაქმედუნარიანი და უნიათო პოლიტიკით აქეზებენ ე. წ. ზესახელმწიფოები... და თუ მათ მართლაც სურთ შეიძინონ ზესახელმწიფოთა რეალური სტატუსი, თვალი უნდა გაუსწორონ სინამდვილეს და მათი საქმიანობის უმთავრეს მამოძრავებელ ძალად გადაქციონ სიმართლისა და სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლის რეალური მხარდაჭერა. სხვა შემთხვევაში ისინი აღიქმებიან ჩვეულებრივ მაქინატორებად, რომლებიც ცდილობენ შექმნან სამართლიანი მსოფლიოს შექმნისათვის ბრძოლის ილუზია, სინამდვილეში კი თავიანთი ქმედებებითა თუ უმოქმედობით, ყველა ბოროტ საქმეთა თანამონაწილენი  და ფარისეველ-მხარდამჭერები არიან.
 აი, სამწუხაროდ, ასე გამოიყურება თანამედროვე მსოფლიო მოვლენების რეალური სურათი ზნეობრივ-ეთიკურ ჭრილში, _ თუმცა მისი შელამაზების მცდელობაზე მილიარდები იხარჯება, მაგრამ იცოდეს ყველამ, რომ  ასეთი მცდელობის ავტორები უფრო მეტ ბოროტებას სჩადიან, ვიდრე დღეს მსოფლიოში უდიდეს ბოროტმოქმედთა სინდიკატი, რადგან მისი სამიზნე კაცობრიობის ზნეობრივ საყრდენთა მოშლა-განადგურება, ანუ ღმერთთან ბრძოლაა!...