შემოგვიერთდით
კატეგორია / დღიურები   1, 302 ნახვა    3 წლის წინ
ტაო–კლარჯეთის სევდა, ანუ ზრუნვა ქართულად



როდესაც ახლა ჩვენს, ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, თანამშრომელთა მიერ თურქეთის საქართველოში 2015 წლის 7–10 სექტემბერს მოწყობილს ექსკურსია-ექსპედიციაზე ვფიქრობ, რატომღაც თავში ამოტივტივდება ბავშვობის დროინდელი პოპულარული ლექსი-მისამღერი:

კაკაია, კაკაია,

რუსის გოგო რა კაია...

იყიდის მიტკალს,

შეიკერავს ნიფხავს...

ეს ლექსი-მისამღერი, ერთი შეხედვით, ძალიან პრიმიტიული და მსუბუქი მოგეჩვენებათ, მაგრამ მრავალ სიღრმისეულ ქვეტექსტსა და შინაარსსაც გულისხმობს და უპირველეს ყოვლისა კი, ამჟღავნებს სიშიშვლის დაფარვის სურვილს, თუმცა ესეც საკითხავია, საერთოდ სჭირდება ადრესატს ასეთი რამ?!. და ვფიქრობ, ალბათ, ჩემი ასეთი ასოციაციაც ამასთან უნდა იყოს დაკავშირებული...

რამდენი დღესვე გასაკეთებელი საქმე, გადასაჭრელი პრობლემაა თურქეთის საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ კი საკუთარი თავის წარმოჩენასა და სიშიშვლის დაფარვაზე უფრო მეტს ვფიქრობთ, ვიდრე რეალურ შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობაზე. ჩვენს ენერგიასა და სახსრებს, რეალური უკუგების გარეშე, ჰაერში ვფანტავთ, რის უფლებაც, ჩვენი ქვეყნის ისედაც მწირი შესაძლებლობისა და მატერიალური უზრუნველყოფის თითქმის არარსებობის პირობებში, ნამდვილად არ გვაქვს.

ახლა კი გულწრფელად აღარ მიკვირს, რომ როდესაც ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელძღვანელობას თურქეთის საქართველოში 2013–2014 წლებში მოწყობილი ექსპედიციების მასალათა გაცნობა მოვითხოვე, როგორც აღნიშნული ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრმა, თუ რატომ წავაწყდი სასტიკ წინააღმდეგობას, თითიდან გამოწოვილი თავის გამართლების მცდელობით, – რომ მათ თურმე იმდენი და იმდაგვარი მასალები მოუპოვებიათ, მათი საბჭოს წევრებზე გაცნობაც კი, მათ მიმართ უნდობლობის გამო, (თითქოს და სამეცნიერო საქმიანობაში გამოიყენებდა ამ მასალებს ვინმე), მიზანშეუწონილად მიაჩნდათ. მათ როდესაც საბოლოოდ დაამუშავებდნენ, მაშინ გახდებოდა ეს მასალა ყველასათვის ხელმისაწვდომიო...

მე კი ექსპედიციიდან დაბრუნებისთანავე, ჩემს მიერ მოპოვებული მასალა ჩვენი ინსტიტუტის კომპიუტერთა ვებ–გვერდზე განვათავსე და ღმერთმა ყველას მშვიდობაში მოახმაროს, ოღონდაც ისინი თურქეთის საქართველოს საკითხებითა და პრობლემებით დაინტერესდნენ და ამ მხრივ წარმართონ თავიანთი საქმიანობა, საერთო მიზნის გათვალისწინებით.

სარფის საბაჟოდან გასვლის შემდეგ, 2015 წლის 7 სექტემბერს, პირველად შევჩერდით შავშეთის მახლობლად სოფელ შერთულში, სადაც შევხვდით ამ სოფლის მკვიდრს, წარმოშობით მაჭახლელ გიორგი (ჰუსეინ) მალაყმაძეს(ბერელი), რომელმაც საკუთარ ოჯახში მიგვიწვია, ექსპედიციას ხელმძღვანელი რ. მალაყმაძე, მე და აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი.

მის სახლში ვნახეთ და გადავიღეთ იქ მოწყობილი ქართული ეროვნული სულისკვეთების ამსახველი კუთხე საქართველოს დროშით, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II ის ნაჩუქარი ბიბლიით (ბ–ნი გიორგი კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნათლულია) და თვით პატრიარქისა და ზვიად გამსახურდიის სურათებით;  აქვე აჭარის ტელევიზიამ ჩაიწერა ინტერვიუ გიორგი მალაყმაძესთან, რომლის ნაწილიც მეც მოვახერხე ჩემი მობილური ტელეფონით გადამეღო...

შერთულიდან, ჩვენს თავაზიან მასპინძელთან ერთად, გავემგზავრეთ ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სანახავად. ადგილზე გადავიღეთ ფოტო მასალა, რომლებშიც დაფიქსირებულია წარსულში ამ შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლისა და საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა, რომელიც დღითიდღე მძიმდება... ჩრდილოეთ კედლიდან სულ ახლახანს მოუხსნიათ მეტად მნიშვნელოვანი არქიტექტურული დეტალები, რომლებიც 2013 და 2014 წლების ექსპედიციების დროს ჩვენმა თანამშრომლებმა აქ დააფიქსირეს.

აღნიშნული დეტალები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ამოკაფულია ტაძრის სხეულიდან.

ტბეთიდან წამოსულებმა გზად გავიარეთ სათლელის ციხე და გადავიღეთ მისი ხედები. იქედან გზად მიმავლებმა კი დავლაშქრეთ ხანძთის მონასტერი: გადავიღეთ ხანძთის წმინდა გიორგის ეკლესია, მისი სამრეკლო და შემოგარენი, გრიგოლ ხანძთელის დროინდელი უმშვენიერესი წყაროთი და მასზე აშენებული სალოცავი ნაგებობებით, უკვე დანგრეული სხვა არქიტექტურული ანსამბლებით.

კომპლექსი მეტად სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფო ყურადღებას, შეკეთება-რესტავრაციას საჭიროებს; განსაკუთრებული ძალისხმევის გამოჩენის შემთხვევაში, მისთვის სიცოცხლის დაბრუნება კიდევ შეიძლება...

თითქმის შუადღის 4 საათზე დავიწყეთ დაუვიწყარი ეპოპეა ხანძთის მონასტრის დასალაშქრავად. ამ „გმირულ თავგანწირვაში“ ვმონაწილეობდით – მე , უჩა ოქროპირიძე, როინ მალაყმაძე, ჯემალ მიქელაძე, სიმონ გოგიტიძე, ნაილა ჩელებაძე, ნაილე მიქელაძე, მაია ჭიჭილეიშვილი, თამილა ლომთათიძე, ნარგიზ ახვლედიანი და აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი.

ხანცთაში ავაღწიეთ საათნახევრიანი ძალისხმევის შემდეგ. მაგრამ რაც იქ ვნახეთ და განვიცადეთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა...

ეს იყო უდიდესი მადლი, რაც ექსპედიციის აღნიშნულმა წევრებმა მივიღეთ.

მენატრებოდა, სადღაც შიგნით ვგრძნობდი და ისევ მენატრება ეს ღვთიური სასწაული, მაგრამ იმედი არ მტოვებს, რომ წინ კიდევ გველოდება გაოცების ღირსი განცდები.

უკან დაბრუნებისას, როინის დაჟინებული ძალისხმევის შედეგად, ჩვენი გოგონები შეუდგნენ თავისებური გოლგოთას გზას, რომელიც ახლა მთიდან დაბლა ეშვებოდა.

არასდროს დამავიწყდება ის განცდები, რომელთა გადატანა მათ ჩვენთან ერთად მოუხდათ...

თავიდან, ჩამოსასვლელში მათმა განწირულმა მზერამ შემაშფოთა, მაგრამ მაინც გაბედეს და თავი შეყვეს იმ სატანჯველში, რაც თუ არა ღვთის ნება, მათგან  ნამდვილად დაუძლეველი იყო.

არასდროს დამავიწყდება, ჯერ კიდევ ამ საშინელების დასაწყისში, ნარგიზ ახვლედიანის შიშით დანისლული გამოხდვა, როცა იგი ნაირა ჩელებაძესთან ერთად, ერთ-ერთ კარნიზზე გაიჭედა და უკან განწირულებით აღსავსე თვალებით მოგვხედა.

აქ ივაჟკაცეს მისმა მეგზურმა ნაილა ჩელებაძემ და თავად როინ მალაყმაძემ; აქედან ჩვენც გამამხნევებელი შეძახილები მივაშველეთ და ნარგიზიც გამოცოცხლდა...

აქეთ მე და ნაილე მიქელაძემ შუაში მოვიქციეთ ჩვენი ჭიჭი და ქარავანი მოულოდნელობით აღსავსე მომავლისაკენ დაიძრა.

ჭიჭის ხელს ისე მაგრად ვუჭერდი, თითიდან ბეჭედი მოხსნა და ნაილეს გადაულოცა, მე კი შემომკნავლა, – „უჩა, თუ რაიმე მოხდეს ხელი გამიშვი“... ნუ გეშინია, მეც  მეშინია-თქო – შევუღრინე მე – მაგაზე არც იფიქრო, წინ იარე–მეთქი და ჩამოსვლამდე ისე გავღვთისმოსავდით ყველანი, რომ სულ ღმერთის სახელს ვადიდებდით და მან ამ შემთხვევაშიც არ მიგვატოვა – დიდება უფალს!

შემდეგ კი იუსუფელის გავლით მდინარე პარხლის ლამაზ ხეობაში სასტუმრო "აგარაში" დავბინავდით და მომავალი, ახალი თავგადასავლებისთვის მოვემზადეთ.
8 სექტემბერს დილის 6 საათზე ავდექი, მოვწესრიგდი და პირველი დღის შთაბეჭდილებები ქაღალდზე გადავიტანე.

ცხრის  ნახევარზე ვისაუზმეთ და10 საათი იქნებოდა დაწყებული, ბანას მოსანახულებლად გავეშურეთ. თითქმის საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ მივადექით „იოზდოგან ენერჯის“ გრანდიოზულ კაშხალს, სადაც  საგზაო სამუშაოების გამო გზა ჩაკეტილი დაგვხვდა.

იძულებული გავხდით უკან მოვბრუნებულიყავით და იშხანისაკენ აგვეღო გეზი. ჩვენი „მერსედეს-სპრინტერი“

მძიმედ შეუდგა თავბრუდამხვევ აღმართს, რომლის ახლომახლო თუ სადმე სიცოცხლის ნიშნა-წყალი იყო, კაცი ვერც წარმოიდგენდა. მაგრამ აღმართის ავლის შემდეგ უცებ თავი ამოვყავით სამოთხეში, – ულამაზეს, ყველაფრით შემკულ ოაზისში, რომლის მფეთქავ გულსაც იშხნის წმინდა გიორგის ტაძარი წარმოადგენდა.

აქ მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს და მის ეზოში შესვლაც თავიდან პრობლემა გახდა, მაგრამ როინისეულმა დიპლომატიამ გაჭრა და საშუალება მოგვეცა სამონასტრო კომპლექსი ახლოდან დაგვეთვალიერებინა.

გადავიღეთ ტაძრის გარეგნული იერსახე. ჩვენმა ქალბატონებმა კი ადგილობრივებთან საერთო ენა მალე გამონახეს და ლეჩერისა თუ ბეთმეზის დამზადების პროცესშიც აღმოჩნდნენ ჩართულნი, იქიდან კი ყვავილებით დასაჩუქრებულნი დაბრუნდნენ.

და ისევ გზა... და სწრაფვა ოშკისაკენ.

ოშკი, ეს ქართული ისტორიული ცნობიერებისთვის გულში გაყრილი ხანჯალია... რამდენადაც გხიბლავს და გატყვევებს მისი გრანდიოზულობა, იმდენად დიდია ტკივილი და გაუსაძლისობა.

როგორც გვითხრეს, მის უზარმაზარ სივრცეში ადგილობრივი ბავშვები ფეხბურთის თამაშსაც ახერხებენ... ხოლო ჩვენი ექსპედიციის წევრების იქაური ახალგაზრდებისათვის მიცემულ შენიშვნაზე, რომ ეს ისეთივე სალოცავია, როგორც მათი მეჩეთი და იქ სიგარეტის მოწევა არ შეიძლება, მათი პასუხი ირონიული და ზოგიერთებისთვის მომაკვდინებელი დარტყმა აღმოჩნდა: – „ერთი განახათ საქართველოდან ჩამოსული მნახველები, როგორ აბოლებენ ოშკის კედლებშიო“ – უთქვამთ მათ. მრავლის მეტყველი და დამაფიქრებელი პასუხია, რომლის სამართლიანობაში ექსპედიციის შემდგომმა მსვლელობამაც თავისი ახალი შტრიხები შეიტანა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ჩვენი ექსპედიციის ზოგიერთ წევრისთვისაც გაუგებარი ყოფილა თუ რისთვის ვმოგზაურობთ და რას ვეძებთ ე. წ. თურქეთის საქართველოში.

ხახული, უმშვენიერესი ქრისტიანული ტაძარი, რომელშიც დღეს მოქმედი მეჩეთია განთავსებული. ამის გამო შედარებით კარგადაც არის შემონახული და ჯერ კიდევ „ყინჩად“ გამოიყურება. მაგრამ მის გამოხედვაში არის რაღაც სიამაყესთან წილნაყარი თვალშეუდგამი ცოცხალი სევდა...

როდესაც იქაურმა ხოჯამ, რომლის მიმართაც, მის მიერ გამოჩენილი ყურადღების გამო, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ტაძრის კარი გაგვიღო და მისი შიგნიდან დათვალიერების საშუალება მოგვცა, ჩვენს წინ გადაიშალა ხახულის თვალშეუდგამ გარეგნულ მშვენიერებასთან შეხამებული მისი უდიდესი შინაგანი ძალმოსილება – მარიამ ღვთისმშობლის ნიშით თუ ტაძრის ყოველ კუთხეში მიმობნეული სიწმინდეებითა და ჯვრებით, რომლის ქვედა ფონს წარმოადგენდა მაჰმადიანი მლოცველებისათვის განკუთვნილი, იატაკზე დაფენილი მრავალფეროვანი ხალიჩები და მუსლიმური სალოცავისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა, თავისი მინბარითა თუ სხვათა სახით.

ჩვენმა მასპინძელმა ხოჯამ, იქვე, ტაძრის შუაგულში, მოირთხა ფეხი და როდესაც ჩვენც ფეხშიშველები ტაძრის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში სევდიანი განცდებით დავფარფატებდით, ის ფხიზლად გვდარაჯობდა...

და მე მადლიერების გრძნობამ შემიპყრო, რომ მუსულმანმა ღვთისმსახურმა, უკვე საკუთრად მიჩნეული სალოცავის ყველა კუთხე-კუნჭულის, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან, წმინდად მიჩნეულ ადგილებზე მისვლისა და მათი ახლოდან დათვალიერების ნება მოგვცა.

ჩვენს წინაშე ფეხმორთხმული ხოჯისაგან, რაღაც ფარული იმპულსი აღწევდა ჩემამდე და ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ იგი შინაგანად, ადამიანური, შეიძლება მისგანაც შეუმჩნეველი თანაგრძნობით შემოგვცქეროდა და ვფიქრობ, რომ კიდეც ვეცოდებოდით, ხვდებოდა რა, თუ რა სევდა და ტკივილი ტრიალებდა ჩვენს გულებში...

ამისთვისაც მადლობთ ამ კეთილშობილ კაცს.

ისე მინდა მას ბოდიშიც მოვუხადო, ტაძარში ყოფნის მთელ მანძილზე ჩემი აკვიატებული ფიქრის გამო: „ქრისტიანული შინაარსითა და სულისკვეთებით გადატვირთულ ამ ღვთის ტაძარში, სინდისის ქენჯნის გარეშე როგორ ახერხებთ ლოცვას მუსლიმანებიო...“. მაგრამ ისიც ვიგრძენი, რომ ხოჯის განწყობა და ჩვენდამი დამოკიდებულება, ერთგვარი ამის ახსნაც იყო. ამასთან უცებ გამახსენდა, თუ რა დღეშია საქართველოშიც უამრავი ეკლესია-მონასტერი...

ნუთუ იქაც გვიშლის ვინმე მათ მოვლა-პატრონობას?!. ამ ავბედითმა გაფიქრებამ, მაჰმადიანი ღვთისმსახური კიდევ უფრო გააკეთილშობილა და აამაღლა ჩემს თვალში.

ამასთან ჩვენს მიერ ნახულ ყველა ძეგლზე უცხოურ და თურქულ ენოვანი ტექსტების გარდა, ქართული ტრაფარეტებიცაა. ხახულში კი, ამ ეკლესიის ისტორია, ლათინური ასოებით დაწერილი ქართული ტექსტით იყო მოთხრობილი.

მე ძალიან მეძნელება ამის მაინცდამაინც ევროპულ კონვენციებთან და ქარტიებთან დაკავშირება, თუ არ იქნებოდა თურქეთს ხელისუფლების კეთილი ნებაც. ამასთან ჩვენ, ქართველებს, არ გვესწავლება, თუ რას წარმოადგენს  და რა ძალმოსილების მატარებელია მსგავსი კონვენცია-აქტები, როდესაც მიუხედავად მათი N რაოდენობისა და დასავლეთელ „მეგობართა“ არაერთგზის აღშფოთება-გაწიწმატებისა, საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი რუსების მიერ არის ოკუპირებული, ხოლო დასავლეთის მიერ წაყრუების პოლიტიკით გულმოცემული, ჩვენზე „მზრუნველი“ ყოფილი „უფროსი ძმა“, გამალებით ცდილობს ამ რეგიონთა საბოლოო ანექსიას.

საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბებული სულისკვეთების განსჯისათვის ნოყიერ მასალას იძლევა თვით ჩვენი ექსპედიციისა და სამეცნიერო დაწესებულებების ჰაბიტუსი–ისტორია. ორი წლის განმავლობაში ჩემმა სამეცნიერო ინტერესმა, – მოვხვედრილიყავი სამეცნიერო ექსპედიციაში, რომელიც თურქეთს საქართველოში მიდიოდა, უნაყოფოდ ჩაიარა. (ხელმძღვანელობისაგან თავის გასამართლებლად გამოგონილ ათასგვარ სისულელეებზე აღარაფერს ვლაპარაკობ). ახლა კი აღმოჩნდა, რომ ამ ექსპედიციაში შეიძლება მონაწილეობდნენ ყველანი, ვისაც კი მოესურვება. მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რამდენად წაადგება ეს ჩვენი ექსპედიციის სამეცნიერო მიზნებს. ამასთან, ზოგიერთი მათგანი თავს უფლებას აძლევს იქ დურთოს თავი, სადაც არაფერი ესაქმება, გარდა გაჩუმებისა და ექსპედიციის წევრებზე მიყოლა-მოყოლისა... მაგრამ ჩვევა რჯულზე უმტკიცესია. და მაინც, ამ დღის მშვენიერი სულიერი განტვირთვა აღმოჩნდა თორთომის, მართლაც-და თვალწარმტაცი ჩანჩქერის ნახვა და დაგემოვნება. თუმცა გამიჭირდება იმის სიზუზტით განსაზღვრა, თუ ვინ რა დოზით მოახერხა ეს.

მეტად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ადამიანები საქართველოში წინსვლას ცდილობენ უკუსვლით... ზნეობრივი დეგრადაცია, მაამებლობა და ერთგულ-ქვეშევრდომული მუცელზე განრთხმა-ხოხვა, ძალიან ბუნდოვნად გვახსენებს იმ დროს, როდესაც ეს ხალხი ჯერ კიდევ ადამიანები იყვნენ.

სიმართლის შეუგრძნობლობა, მისი იგნორირება და მხარდაუჭერლობა, სარგებლისა და არარაობრივი არსებობისათვის თავგანწირვა, საქართველოს დღევანდელობისათვის დამახასიათებელი ზნეობის საყოველთაოდ განმსაზღვრელი და მასაზრდოებელი იმპულსებია.

ილიას ახლაც სადისტური სიამოვნებით დაახლიან ტყვიას და ათას პირ ტყავსაც გააძრობენ, ოღონდაც შეინარჩუნონ თავიანთი ფარისევლური არსებობის უფლება და  სინდისის მხილების წინაშე არ დააყენოს ვინმემ  ეს სიბარიტები..

აქ ადამიანობა განწირულია, ხოლო მისი მიმდევარი წარმოჩენილია „თეთრ ყვავად“, რომლის „ყრანტალი“ ჯერ კიდევ უშფოთებს მათ სინდისის ძარღვს... და ეს დარჩა ერთადერთ იმედად. 

ღმერთო, უშველე საქართველოს!!!

 

9.09.2015 წელი 6 საათი, თურქეთი, იუსუფელის მახლობლად სასტუმრო „აგარა“.

 

 


 

9 სექტემბერს ვინახულეთ პარხლის ტაძარი, შემდეგ გამოვედით სოფლიდან და გზად გადავიღეთ ულამაზესი სოფლის ხედები, აგრეთვე  კავკასიძეების ციხის კომპლექსის აღმოსავლეთ ფრაგმენტები.

ავედით ოთხთა ეკლესიაში, სადაც სამონასტრო კომპლექსის სრული გადაღება, მიუხედავად საკმაო დროისა,

მაინც ვერ მოვახერხეთ. ექსპედიციის ზოგიერთ „წევრი“ ისე „ჩქარობდა“, შინდის, მაყვლისა თუ სხვა კენკროვანების ჭამას ძლივს აუდიოდა. მე კი, ბოლოს ორიოდე მუჭა მაყვლის გასინჯვა კინაღამ დანაშაულად ჩამითვალეს და კიდეც გამაქილიკეს: მაყვლის ჭამას ეძახი საქმის კეთებასო?! მართლაც, საკვირველია ამგვარი სხვისი შრომის დაუნახაობა და უმადურობა... 

ოთხთა ეკლესიიდან წამოსულებმა კაკვასიძეების ციხის ფრაგმენტები დასავლეთს მხრიდანაც გადავიღეთ.

ოთხთა ეკლესიაც გრანდიოზულია მისი ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრაგმენტებით და სივრცული მაშტაბებით. კარგი პატრონის ხელში მისი გადარჩენა, ისევე როგორც ოშკისა, ჯერ კიდევ შეიძლება მაგრამ, სწორედ, ეს პატრონი არ ჩანს...

რაც შეეხება პარხალს, ისიც დღეს მეჩეთადაა გადაქცეული. მაგრამ იქაური ხოჯა ისეთივე გულითადი მასპინძელი არ აღმოჩნდა, როგორც ეს ხახულში მოხდა. მისი თანასოფლელების გამოკითხვის მიუხედავად, ხოჯის კვალისა და მობილური ნომრის დადგენაც კი ვერ შევძელით...

გარედან კი, იცოცხლე, ბევრი ვუკირკიტეთ, რომ ეგებ რაიმე სათქმელი გვეთქმევინებინა, მისი გარეგნული იერი მაინც აგვემეტყველებინა, მაგრამ მისი შინაგანი, უმთავრესი შინაარსი, ჩვენთვის მაინც დახურული და მიუწვდომელი დარჩა...

ნეტავ, რა მოიმოქმედეს მისმა დღევანდელმა მფლობელებმა ისეთი, რომ ამ ტაძრის შიგნიდან ვინმესთვის  ნახვისა ასე ეშინიათ?!. და თუ ისინი, მართლაც-და ჭეშმარიტი მორწმუნენი არიან, რატომ არ უნდა სცემდნენ ღირსეულ პატივს ათასობით კილომეტრ გამოვლილ, ასევე ჭეშმარიტ მორწმუნეთა ჭეშმარიტ გრძნობებს; და თუ სწამთ, რომ ისინიც ერთადერთ, დაუსაბამო და მარადიულ ღმერთს ემსახურებიან, ნუთუ ფიქრობენ, რომ ყოვლის მხედველი ყველაფერ ამას ვერ ხედავს, ან კიდევ მოუწონებთ?!

ეს, ხახულის ტაძრის ხოჯასთან შედარებით, მათ ნაკლებ მორწმუნეობასა და რელიგიური საკითხების ზერელე ცოდნასა და გაგებაზე მიუთითებს. თუ მათი რწმენა შეუბღალავი და მთლიანია ალლაჰის მიმარ, მათ მისი ძალაც იმდენად მაინც უნდა სწამდეთ, რომ იცოდნენ მისი ნების გარეშე მათ სალოცავს, ვერც ვერავინ შეეცილება და მითუმეტეს, ვერც ვერავინ წაართმევს. მაგრამ თუ შინაგანად გრძნობენ, რომ სამართლიან საქმეს არ ემსახურებიან, მაშინ ამგვარი ყალბი ღვთისმოსაობა მათ ვერაფერს უშველით.

ამიტომაც, საკუთარი სინდისის წინაშე მხილებული კაცი თავს ხომ არ მოიტყუებს და ზემოთ მოტანილი პასიური წინააღმდეგობით ცდილობს იგი სიმართლისაგან თავის არიდებას.

ამ სამწუხარო რეალობიდან გამოსავალი იმაში ვიპოვეთ, რომ პარხლის წყალს გულღიად გავუმხილეთ ჩვენი სევდა და კაეშანი, დიდხანს ვეხვიეთ და გულში ჩავიხუტეთ, მის ტალღებში ხელახლა გავინათლეთ და ამ მადლის ძალმოსილების ცოცხალი რწმენით, მაინც იმედიანად დავტოვეთ პარხლის მონასტერი და მდინარე პარხლის ღვთაებრივი მადლით განწმენდილები, ხეობას დავუყევით... 

გზაში ზოგიერთებთან საუბარმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ რა მიზერულია ჩვენი რწმენა უფლისადმი და მიუხედავად იმისა, რომ სულ თითქოს-და ღვთაებრივ მადლზე ვსაუბრობთ, რამდენად გვაკლია ამის ადეკვატური ზნეობრივი საყრდენი – სიყვარული და ღმრთისადმი ჭეშმარიტი ერთგულება.

ყველგან და ყველაფერში დოკუმენტებისა და საარქივო თუ საისტორიო წყაროების მითითებას მოვითხოვთ, რადგან არ გვწამს, რომ ჭეშმარიტების შეცნობის ერთადერთი ნამდვილი წყარო, თავად ღმერთია; ჩვენ ეს ჭეშმარიტება თვალწინ გვიდევს და ვერ დაგვინახავს, ვერ შეგვიგვრძნია, აქვე ხელის გაწვდენაზე, ჩვენსავე თავში არსებულ ღვთიურ მადლმოსილებას, ჩვენივე ურწმუნოებით და ზნეობრივი არარაობით ვკლავთ, ვსვამთ რა კითხვებს, რომელთა პასუხს ბავშვიც კი იოლად იპოვიდა საკუთარ თავში, ელემენტარული რწმენა თუკი ექნებოდა.

ადამიანებო, თქვენ გღუპავთ სწორედ ჭეშმარიტი რწმენის უქონლობა, ან მისი ფარისევლური მსახურება...

ნუ იფიქრებთ, რომ მე თქვენზე უკეთესად წარმომედგინოს თავი, მაგრამ მყოფნის ძალმოსილება, ჩემს სისუსტეებსა და გადაცდომებს თვალი გავუსწორო, თქვენ კი, ყოველთვის მართლები ხართ და დამნაშავეც ყოველთვის სხვა არის.

ამიტომაც, ვიცი, რომ ძალიან გიჭირთ ჩემი ატანა, მაგრამ თქვენ, ჩემს გარეშე უკეთესები ვერ გახდებით!...

მე კი მინდა, მართლაც ძალიან მინდა,  დაგიბრუნოთ წართმეული თუ თქვენს მიერვე გაცემული, დათმობილი ადამიანობა  და თავისუფლებაც...

ვერ წარმოიდგენთ, ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენი ამგვარ ყოფაში ცქერა, რა გაუსაძლისი და არაადამიანურად მტკივნეულია.

 

10.09.2015  1:44 სთ. თურქეთი – საქართველო ბორჩხა  

 

ბორჩხაში ჩამოსვლით თითქოსდა „ცივილიზაციას“ ისევ დავუბრუნდით. თუმცა აქაურ სასტუმროსა და გარემოში ადამიანით უფრო ნაკლები დაინტერესება იგრძნობა, რის ალეგორიულ გამოხატულებად, თითქმის და უმოძრაო, დამდგარი მდინარე ჭოროხი შეიძლება წარმოვიდგინოთ; რომელშიც თუმცა თევზები მრავლად არიან, მაგრამ მათთან ცქერის გარდა სხვა საკომუნიკაციო კავშირს ვერ ახერხებ...(დილით შევესწარით მდ. ჭოროხის ამოძრავებასაც, რაც ღვთით, კარგის მაუწყებლის მომასწავებელი აღმოჩნდება). მითუმეტეს, რომ საშუალება არ გეძლევა საკუთარი ემოციები ჩვეულებრივ, ქართული სადღეგრძელოებით გამოხატო, რადგან ჩვენი დირექტორის „დაკითხვის ოქმიდან“ ირკვევა, რომ დალევა საერთოდ არ შეიძლება და მთელი თურქეთი,  თურმე ცხოვრებას  ალაჰისა დიდებასა და ლოცვაში ატარებს. ამიტომაც ჩემს მიერ დირექტორისვე თხოვნით ექსპედიციაში  წაღებულ არაყსა და ღვინოს, თურქეთის საქართველოს ჩვენს მიერ მონახულებული ეკლესია-მონასტრები, წარმატებით „მოვალოცვინე“ და უკვე ეჭვიც აღარ მეპარება მათ პილიგრიმულ ღვაწლსა და ძალმოსილებაში. ხოლო იმაზე აღარაფერს ვიტყვი, თუ როგორი ზრუნვით ეკიდებოდა ზოგიერთი ჩვენი ექსპედიციის წევრი ჩვენს „ჯანმრთელობას“ და ათასგვარ ოინბაზობას მიმართავდა, რომ ჩვენთვის ალკოჰოლური „მოწამლვა“, რამენაირად თავიდან აეცილებინა. შემდეგ კი ეს მათი დიდი ზრუნვის შედეგად გადარჩენილი ალკოჰოლური მარაგი ისე გააქრეს, ილიკო ჩიგოგიძესაც გაუკვირდებოდა... მაგრამ რას იზამ? ოჯახი ხრამია... (აღმოჩნდა, რომ ეს "ჯილდო" წილად ერგო ჩვენი ექსპედიციის ვირეშმაკა მძღოლს).    

ახლა რაც შეეხება ჩვენს ექსპედიციის მსვლელობასა და მის საბოლოო შედეგებს.

როგორც თავიდან გაგვიმარტეს, თურქეთის საქართველოს ამ ნაწილში ჩვენი გასვლა, საექსკურსიო-დაზვერვითი ხასიათის უნდა ყოფილიყო; მაგრამ გზაში, ადგილზე, გაირკვა, რომ ყველას შეგვეძლო თითოეულ კულტურულ ძეგლზე, სურვილის მიხედვით, ტელეგადაცემაში მიგვეღო მონაწილეობა და ძეგლი წარგვედგინა.

ზოგიერთებს, ეს არც არის გასაკვირი, ვრცელი ტექსტები და ჩანაწერებიც აღმოაჩნდათ. ფუნქციებიც განაწილდა და ექსპედიციის წევრთ, გარკვეულ ძეგლებზე საუბარი დაევალათ.

მე ექსპედიციის დღიურის შედგენა და მისი საბოლოო შეფასება მერგო წილად, რაც ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ექსპედიციის ბოლო დღეს უნდა გამეკეთებინა.

მაგრამ, თქვენც ნუ მომიკვდებით, სად არის ჩვენი ადგილი „მთავრობის“ მიერ დაგეგმილ პიარკამპანიაში.

ეს ხომ, როგორც აგვიხსნეს, ინსტიტუტის რეკლამისათვის კეთდებოდა და თავი რომ „შეგვერცხვინა“?! მაგრამ არაუშავს, ჩვენც ჯერალდ ფორდისეული ფრთიანი გამოთქმით დავიმშვიდებთ თავს: „ფორდს არ სჭირდება რეკლამა!!!“

ექსპედიციის წევრებმა, მართლაც დიდი სამუშაოები გასწიეს. მარტო ჩემს მიერ გადაღებულ ფოტო მასალის და შთაბეჭდილებისა, თუ ამ მასალიდან გამომდინარე შინაარსის დალაგებას, შეიძლება თვეებიც არ ეყოს.

იყო დისკუსიებიც, აზრთა გაცვლა გამოცვლა, მგზავრობის დროს კი, ზოგიერთ საინტერესო საკითხებზე, სიღრმისეული საუბარიც; მაგრამ იყო სრულიად არაადეკვატური და გაუგებარი შეკითხვებიც, რომლებზეც, ჩემთვის დამახასიათებელი, პირდაპირი პასუხით, ექსპედიციის ზოგიერთი წევრი გამინაწყენდა. მაგრამ ჩემი პასუხის ამგვარი ფორმა იმ საკითხების გარშემო ირონიით განმსჭვალულმა მათმა შეკითხვებმა გამოიწვია, რომლებზეც, როგორც თვით დასმული შეკითხვის არსიდან ირკვეოდა,  მათ საერთოდ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. ისე, როგორც „ამდენი მეცნიერები“, იმ დონეზე მაინც უნდა ვაფასებდეთ ურთიერთს, რომ ისეთი კითხვები არ ვაკადროთ ერთმანეთს, რომლის შინაარსის ქვეტექსტია – ეი, შენ, რას ბოდიალობ? საკადრისი პასუხის მიღების შემდეგ კი, ბუჩქებში ჩასაფრებული ფოცხვერივით, შურის საძიებლად დროს არ უნდა ველოდოთ და მორიგ სისულელეს არ უნდა ჩავდიოდეთ, თანაც, თითქოს ჩვენი კოლექტივის ღირსების დაცვის საფენლით... „ვოტ ი მნე, მორიგი მამაცი გული“. თუმცა მასში სამსართლიანობის გადამეტებული შეგრძნება ნამდვილად არის და ვფიქრობ, მან, სულ ტყუილად  თავისთავზე მიიღო ჩემს მიერ ირონიულად ნათქვამი სარკაზმები, ამასთან ადრინდელი განაწყენების მაცდუნებელი ენერგიაც ვერ დაძლია და თავით გადაეშვა უწყლო აუზში. თუმცა მისი ბევრი სხვა დადებითი თვისება იმედს მაძლევს, ეს ყველაფერი დაძლევადია და სხვა დროს ასჯერ მაინც დაითვლის, სანამ რაიმეს იტყოდეს...

სუმელას დასალაშქრავად მიმავლები, რიზეში დასანაყრებლად ჩამოვსხედით. თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს ქალაქები უმშვენიერესი და გულის შეძვრამდე წარმტაცია. ბოლო ათწლეულებში თურქეთმა კოლოსალური ნაბიჯი გადადგა წინ და აქ დღესაც შთამბეჭდავია ეკონომიკური წინმსვლელობის და აღმშენებლობის ბუმი. შენდება გრანდიოზული ჰიდროელექტრო სადგურები,  გაჰყავთ ახალი სამიმოსვლო გზები და საერთაშორისო დანიშნულების ტრასები, (გზის დიდი ნაწილი გვირაბებში ვიარეთ) თითქმის ყოველი მდინარის სანაპირო მოშანდაკებულია, ან მათი ნაპირები გამაგრებულია რკინა-ბეტონის კარგად გააზრებული კონსტრუქციებით, ბევრ ადგილზე კი გაცხარებით მიმდინარეობს მათი მშენებლობა (პარხალი). .

აქ სოფლებს გარკვეული ყურადღება და მზრუნველობა ნამდვილად ეტყობა, ქალაქებიც მოვლილ-მოპატრონებული ჩანს, თუმცა, შინაგანი შინაარსი ამ გარეგნული ეფექტისა ძნელია კაცმა ასე, თვალის ერთი გადავლებით, დაადგინო და ამ მხრივ სათანადო სიტყვა სთქვა; მაგრამ იგრძნობა, და ეს აშკარაა, რომ ამ ქვეყანას გულშემატკივარი-პატრონი ჰყავს.

ჩვენი სუმელასაკენ დაუოკებელი სწრაფვა მოულოდნელად დასრულდა, როცა ტრაპიზონს თითქმის გაცილებულებმა აღოვაჩინეთ, რომ ჩვენი ექსპედიციის ხელმძღვანელს არამარტო პირადი პასპორტი და  აიდი ბარათი, არამედ ჩვენი საექსპედიციო ხარჯებისათვის აუცილებელი თანხის ნაწილიც დაეკარგა. ძებნამ და იქეთ-აქეთ გადარეკვა-გადმორეკვამ შედეგი არ გამოიღო და იძლებული გავხდით ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოსათვის მიგვემართა.

საკონსულოში მივლინებული ჩვენი დელეგაციის წევრები საქართველოს საკონსულოს უყურადღებობითა და განურჩეველი დამოკიდებულებით აღშფოთებული დაბრუნდნენ უკან.

კონსული საერთოდ არ დაინტერესებულა საკუთარ თანამოქალაქეებთან შეხვედრით და ჩვენი წარმომადგენლის შეთავაზებაზე, შეხვედროდა ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომლებს, რომლებიც იქვე საკონსულოს წინ იცდიდნენ, არ უპასუხია.

მალე გამზადებული დოკუმენტით ჩვენი დელეგაცია უკან დაბრუნდა. უკვე შეგვიანებული იყო, მაგრამ ექსპედიციის აქტიურ ქალთა  „ყოვლის შემმუსვრელმა კომიტეტმა“, როგორც ჩანს სუმელისაკენ გზის გაგრძელებას, ტრაპიზონის სავაჭრო ცენტრში „ფორუმი“ შოპინგის მოწყობა, ან უბრალოდ მისი დათვალიერება ამჯობინა და აქტიურად ამოქმედდა კიდეც.  ხოლო სუმელაში წასვლაზე ლაპარაკსაც აზრი რომ დაეკარგა, რამდენიმე ხნით სადღაც გადაიკარგნენ, – შემდეგ კი უცოდველი სახეებით გამოგვეცხადნენ და მათი სურვილი საქმედ აქციეს...

ყოველი ასეთი „წარმატების“ შემდეგ, უნდა გენახათ მათი ნეტარი სახეები. მათმა ასეთმა ქმედებებმა, ექპედიციის ისეთ ყოველთვის უწყინარი და თავშეკავებული წევრიც კი, როგორიც ბატონი ჯემალ ვარშალომიძეა, მწყობრიდან გამოიყვანა და როდესაც ტრაპიზონის აია-სოფიას დათვალიერების შემდეგ ფორუმში შესული ზოგიერთი თანამშრომელი, არაფრის ყიდვის სურვილით შეპყრობილი, მაინც ვერ ჩაეტია განსაზღვრულ დროში, მისი მოთმინების ფიალაც აივსო... და მე, 31 წლის განმავლობაში, რაც ვმთანამშრომლობთ, არასოდეს მინახავს ასე აღელვებული და მწყობრიდან გამოსული ბატონი ჯემალი.

ეს იყო ექსპედიციის მოთმინების შემოწმების აპოგეა...

      რაღა უნდა მოსთხოვო უბრალო, უბირ ხალხს, როდესაც „ამდენი მეცნიერებით“ დაკომპლექტებულ ჩვენს ექსპედიციაშიც შეუძლებელი აღმოჩნდა არამარტო ურთიერთ გაგება და ერთმანეთისადმი კეთილ განწყობის, არამედ ელემენტარული პატივისცემის მიღწევაც.

ავტობუსიდან რომ ჩამოვდიოდით, ერთი სული გვქონდა ერთმანეთი მხედველობის არედან, რაც შეიძლება მალე დაგვეკარგა... და ზოგიერთმა ამისთვის მომსახურება სარფის საბაჟოზეც კი გამოიძახა, რასაც სრული თანაგრძნობით შევხვდი...

 

11.09.2015 ქ. ბათუმი 12:47 სთ