შემოგვიერთდით
კატეგორია / შემეცნებითი   904 ნახვა    3 წლის წინ
ჰორიზონტს იქით სიცოცხლე გრძელდება (აბუსერისძე ტბელის პრემიის ლაურეატები)




ქართული ეროვნული სატკივარის დიდი ქომაგი იყო ღვაწლმოსილი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ თანდილავა, რომლის ფიქრი ყოველთვის თავს დასტრიალებდა მის სათაყვანებელ სამშობლოს, მისი უკეთესი მერმისისაკენ სწრაფვას... ნათელმა კაცმა უფრო დიდი სინათლისაკენ ისწრაფა და მარადისობას შეერია!..
ბატონი ზურაბი იყო მეცნიერებასთან სიყვარულით მისული, დიდი ზნეობრივი მუხტითა და გონიერებით აღბეჭდილი პიროვნება, რომელიც მხოლოდ ამგვარ პერსონათათვის დამახასიათებელი სიღრმითა და სისავსით სწავლობდა ქართული ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის, ეთნოლოგიის აქტუალურ საკითხებს და მეცნიერულ წრეებში დღესაც დამსახურებულად სარგებლობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტის ავტორიტეტით. მას გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია, რომლებიც ეძღვნება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მხარეთა ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ეთნოლოგიის საკითხებს, სწორედ ამ ხანგრძლივი და შრომატევადი მეცნიერული მუშაობის შედეგს წარმოადგენს მისი მონოგრაფია "წყლის კულტი ქართულ ფოლკლორში" და მისი სხვა ნაშრომები. ქართული ფოლკლორის მეცნიერულ კვლევაში განსაკუთრებული დამსახურებისა და  ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის  მიენიჭა (გარდაცვალების შემდეგ) პროფესორ ზურაბ თანდილავას აბუსერისძე ტბელის სახელობის სახელმწიფო პრემია.
აბუსერის ძე  ტბელის სახელობის პრემია ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა (მაშინ ჯერ კიდევ დოცენტმა), ბატონმა შოთა მამულაძემ მონოგრაფიისათვის "აჭარისწყლის ხეობის შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები”, რომელსაც ძალიან მაღალი შეფასება მისცეს სპეციალისტებმა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილების გამგის, პროფესორ რამინ რამიშვილის აზრით, შ.მამულაძის აღნიშნული კვლევა იძლევა საშუალებას გამოვიტანოთ დასკვნა, რომ "აჭარისწყლის ხეობა საკმაოდ თვალსაჩინო როლს ასრულებდა შუა საუკუნეების ერთობლივი ქართული კულტურის ფორმირებაში. ამდენად საკვლევი რეგიონის მიჩნევა ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართული ქრისტიანული ცივილიზაციის ჩამოყალიბების ერთ-ერთ მსხვილ კერად სავსებით გასაზიარებელია.
შ.მამულაძის მონოგრაფია მეტად საყურადღებო გამოკვლევაა, რომელსაც სამეცნიერო მიმოქცევაში შეაქვს ყურადღების მიღმა დარჩენილი დიდი რეგიონიდან მომდინარე პირველხარისხოვანი არქეოლოგიური მასალები, რაც თვალსაჩინო შენაძენია ჩვენი ისტორიოგრაფიისათვის” – დასძენს ღრმად პატივცემული მეცნიერი [რამიშვილი რ., საყურადღებო არქეოლოგიური გამოკვლევა, გაზ. `აჭარა”, 1995, 21.09., #208-209].
ბატონი შოთა, მის წარმომშობ მთის წყაროსავით კრისტალური და ალა-ლი პიროვნებაა, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, არ აკლია სიფიცხე და ქართული, ვაჟკაცური შემართება. აჭარის მთებში უყვარს მუშაობა, ალბათ იმიტომ, რომ იქედან უფრო კარგად ჩანს მისი სათაყვანებელი  სამშობლო, ხოლო სანატრელი ტაო-კლარჯეთი ხელის გაწვდენაზეა. მან აღნიშნული მონოგრაფიით (საერთოდ, მისი მოკრძალებული მოღვაწეობით), მართლაც  შეძლო უტყუარად წარმოეჩინა ამ რეგიონის მიერ ქართულ ქრისტიანული  ცივილიზაციის ჩამოყალიბება-განვითარების საქმეში შეტანილი წონადი წვლილი.
ჩვენს რთულსა და პრობლემებით აღსავსე დროში ცოტანი თუ დარჩნენ ისეთი პიროვნებანი, რომელთაც  უპირველეს ყოვლისა ადამიანი აინტერესებთ. პიროვნებაში ადამიანის შეცნობისაკენ სწრაფვა, მისი სიღრმისეული შინაარსის აღქმა, რჩეულთა ხვედრია, – და თუ გულის გულში არ გიზის ის დიდი სიყვარული, რაც ამას შეგაძლებინებს, ყოველი ცდა ფარისევლობა და ფუჭი ხარჯვაა.
 საბედნიეროდ არიან ადამიანები, რომელთაც თან დაჰყვათ ნათელი აურა, სხვათა ჭირის გაგებისა და ადამიანთა არა მარტო  თანაგრძნობის, არამედ მათთან თანადგომისა და თანაზიარების უნარი. სწორედ ასეთ პიროვნებათა რიცხვს მიეკუთვნება მრავალმხრივი, ამასთან ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ კომახიძე. იგი უდიდეს ენერგიას ახმარს აჭარის ისტორიის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეს, წარმოგვიდგება მეტად პროდუქტიულ მეცნიერ-მკვლევარად, რომლის ნაშრომებში ობიექტურად და საქმის ღრმა ცოდნით, ამასთან მისთვის დამახასიათებელი სითბოთი და სიყვარულით არის წარმოჩენილი ჩვენი (კუთხის) მხარის მრავალმხრივი ისტორია. ბატონი თეიმურაზი თავისი ნაშრომებით საზოგადოების წინაშე წარმოსდგება ღრმად განსწავლულ მემატიანედ, რომელიც მოქმედებს პრინციპით, – პირუთვნელად წარმოაჩინოს ჩვენი ქვეყნის ახალი და უახლესი ისტორიის კარდინალური საკითხები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისი ნაშრომები – "აჭარის კულტურის ისტორია”, "მემედ აბაშიძე”, "მამულიშვილი”, "აჭარის წარსულის გადასახედიდან”, "ღვაწლმოსილნი”, "ბათუმის ამაგდარნი” თუ მრავალი სხვა. ამასთანავე მისი თაოსნობით შეიქმნა მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, აშენდა თუ აღსდგა არა ერთი ეკლესია და ისტორიული ძეგლი და ა.შ. და ა.შ. მას ამ საქმიანობაში ყოველთვის გვერდში ედგა მეუღლე, ქალბატონი ნარგიზა აბაშიძე, რომლის ინიციატივითაც მოხდა იმერეთში, ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში მაცხოვრის სახელობის ეკლესიისათვის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც იგი 2002 წელს ჭიათურის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. მისივე ინიციატივით რესტავრაცია გაუკეთდა უბისის სამონასტრო კომპლექსს, აქვე კეთილმოეწყო ბერთა საცხოვრებელი და საფუძველი ჩაეყარა საეკლესიო და ისტორიული ლიტერატურისათვის ბიბლიოთეკის შექმნას. აღსანიშნავია აგრეთვე მისი საქველმოქმედო, აღდგენითი და აღმშენებლობითი საქმიანობა ზემო აჭარაში თუ სხვაგან.
მართლაც შთამბეჭდავი და მრავალმხრივია პროფესორ რამაზ სურმანიძის მოღვაწეობა. პროფესიით ექიმი, ამასთან შესანიშნავი მწერალი და ისტორიკოს-ბიოგრაფი, დახვეწილი ინტელიგენტი და იშვიათი ერუდიტი. ამ ჰარმონიის გამოძახილია მისი მშვენიერი, ხალხის წიაღიდან ნასაზრდოები შემოქმედება. მაგრამ განსაკუთრებული წვლილი ქართულ მწერლობაში რამაზ სურმანიძემ მწერალთა შემოქმედებითი ბიოგრაფიებით და ლიტერატურის ისტორიის კვლევა-ძიებით შეიტანა, – რომელიც მან ჯერ კიდევ უცნობი მასალებით გაამდიდრა. მან შემოიტანა სამეცნიერო მიმოქცევაში დიდი ილიას ეპისტოლური მემკვიდრეობის რამდენიმე უცნობი ნიმუში, აკაკის ბათუმური მისამართები, ალექსანდრე ყაზბეგის შფოთიანი მწერლური ცხოვრების ბათუმური პერიოდები, ვაჟა-ფშაველას, ეგნატე ნინოშვილის, მხატვარ-მოქანდაკეების, კომპოზიტორების, მსახიობების შემოქმედებითი ბიოგრაფიები. დაადგინა მარავალი ეპიზოდი რუსი მწერლების: ლევ ტოლსტოის, ანტონ ჩეხოვის, მაქსიმ გორკის, სერგეი ესენინისბ მიხეილ ბულგაკოვის და სხვათა ბიოგრაფიებიდან, რომლებიც მანამდე უცნობი იყო არა მარტო ქართველი, არამედ რუსი მკითხველისა და სპეციალისტებისთვისაც კი, ბატონმა რამაზმა თავისი კალამი მხატვრულ თარგმანებშიც სცადა და საკმაოდ წარმატებითაც. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს რამაზ სურმანიძის პუბლიცისტური მემკვიდრეობა [რომანაძე შ., რამაზ სურმანიძე – 70, ცხოვრების შუაგულში, გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 2003...].
სრულიად საქართველო კი არა, ალბათ ყველა, ვინც ინტერესით ადევნებს თვალს ამგვარ ამბებს, მოწმე გახდა ახალი მოვლენის დაბადებისა ბათუმის სინამდვილეში, სადაც ჩამოყალიბდა ბავშვთა საოპერო თეატრი, რომელმაც დადგა ხელოვნების შესანიშნავი ქმნილება "პრინცესა ტურანდოტი”. მან უდიდესი სიამოვნება მიანიჭა საოპერო ხელოვნების ყველა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს არა მარტო საქართველოში, სადაც იგი ერთგვარი ეროვნული სიამაყის აღმძვრელ ფაქტად იქცა, – არამედ უცხოეთშიც. ამ ქმნილების დაბადებაში უდიდესი წვლილი შეიტანა დამდგმელმა რეჟისორმა, საქართველოს სახალხო არტისტმა გიზო ჟორდანიამ.
ბატონმა გიზომ შექმნა ფაქტიურად ახალი საოპერო ჟანრი და ახალი სახეობა თეატრალურ ხელოვნებაში, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ იყო. ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავისი მნიშვნელობით ეს ფაქტი უნდა შევიდეს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოვლენათა დაბადების ნუსხაში. – და სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ მისმა ავტორმა აბუსერისძე ტბელის სახელობის პრემია (დაიმსახურა) მიიღო.
ცხოვრება მოვლენათა უწყვეტი კავშირია, წარსულიდან აწმყოს გავლით, მომავლისაკენ გადებული, – და ისტორიულია ყველა ის ფაქტი, რომელსაც თუნდაც პატარა მარცვლის როლის შესრულება შეუძლია სრულყოფილების მეტი სისავსით წარმოსაჩენად. მაგრამ ადამიანი, ყოვლის შემოქმედის ქმნილება და თვითონაც შემოქმედი, ეს თავად ისტორიაა, რომლის საწყისი და დასასრული ძალიან პირობითი ცნებებია – და ეს პატარა, მარადისობასთან წილნაყარი "მეტოქე უფლისა”, ისევე ავსებს სრულიად კოსმოსს, როგორც მისი შემოქმედია სრული და ერთიანი, – ხოლო თითოეული ინდივიდი მას ერწყმის და ამთლიანებს თავისი უნარ-შესაძლებლობის მიხედვით, – ყველა თავისი გონით წვდება მხოლოდ მისთვის მისაწვდომი ხედვის ჰორიზონტს... ჰორიზონტს იქით კი ცხოვრება გრძელდება!..
პროფესორ ნელი დუმბაძის პიროვნების გაცნობამ (რასაც მივწვდი) დაგვარწმუნა, რომ ბათუმში დადიოდა კოსმიური იდუმალების უნაზეს შრეებთან ნაზიარები, გასული საუკუნის ულამაზეს განცდათა ცოცხალი მეისტორიე!.. როდესაც მისი ცხოვრების არსში ჩახედავ და გაერკვევი, არ შეიძლება არ დაეთანხმო მის ბიოგრაფს, რომ "სოფლის ბუნებამ (ქალბატონი ნელი ოზურგეთის რაიონის სოფ. შემოქმედში დაბადებულა – უ.ო.) და მადლმა, მართლაც შემოქმედთან გახადა წილნაყარი მისი ასული, – ნატიფი, უზადო გარეგნობა, დახვეწილობა, გრძნობების სიღრმე შერწყმული გონიერებასთან და სიდარბაისლესთან, მიმტევებლობა, უბადრუკ მოშურნეთა სიბრალული, საკუთარი სიმაღლისა და დანიშნულების შეგნება – ქვეყნის გამრიგემ ამ სრულყოფილებას თითქოს ცალი ვერ უპოვა და მარტო შეატოვა წუთისოფლის დაუნდობელ ტრიალს”... ან რა ცალი უნდა მოსძებნოდა, მარად ჭაბუკად დარჩენილი ქართული პოეზიის რაინდის, ლადო ასათიანის მუზას. და მაინც, იგი თვალშეუდგამად თავმდაბალია იმდენად, რომ ღვთაებრივს ეახლება, როდესაც ლევან გოთუასადმი მიწერილ წერილში თითქოს თავისი სახის ხელთუქმნელ ხატებას აგვირისტებს.
ქალბატონი ნელი აღნიშნულ წერილში ლევან გოთუას სწერს, რომ "პატიებას არ გთხოვთ. მეუცხოვება ესეც. თუ დავაშავე დასჯილი ვარ კიდეც, რადგან შეგნებული მაქვს თქვენთვის შემთხვევითობა ჩემი”... გავდებავდი და ვიტყოდი, რომ ამ ლაკონურ შტრიხში (და არა მარტო აქ) ნათლად ჩანს ქალბატონ ნელის სულიერი სისავსე, მისი გამონათქვამის სინატიფე და უსასრულობისკენ სწრაფვა, რითაც იგი აღწევს ამაღლებულს... და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მისი მაღალი სულის მახასიათებელია. აკი, სახელოვანი მწერალი, ღრმად პატივცემული ლევან გოთუაც პასუხობს, რომ "მე ვიგრძენი, რომ თქვენ იმ მკითხველებს ეკუთვნით, რომლებიც მარტო იმას კი არ წვდებიან, რაც ასოებით არის დაწერილი, არამედ, რაც გაცილებით უფრო ღრმად არის”...
ქალბატონ ნელი დუმბაძის ცხოვრება ის ფაქტია და ასრულებს სწორედ იმ მარცვლის როლს, რომელსაც შეუძლია სრულყოფილების მეტი სისავსით წარმოჩენა. მან კარგად უწყოდა, რომ ჰორიზონტს იქით სიცოცხლე გრძელდება!.. ეს შემთხვევაც ამის ნათელი დადასტურებაა. სიცოცხლე და ცხოვრება ერთმანეთს ავსებს. ამიტომაც ესწრაფეთ მარადიულს.

                                      ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
                                                     უჩა ოქროპირიძე

P.შ. სიკეთის წახალისება ყველაზე დიდი ქველმოქმედებაა და ამ საქმეში ეკლესიის ავტორიტეტის ჩართვა კიდევ უფრო გაზრდიდა აღნიშნული პრემიის მნიშვნელობას. ამიტომაც ხომ არ შეიძლებოდა "დიდაჭარობისა” და "ტბელობის” სამეცნიერო კონფერენციები წმინდა აბუსერისძე ტბელის პრემიის მინიჭებით დაგვირგვინებულიყო? (სამ წელიწადში ერთხელ მაინც).

2005 წელი