შემოგვიერთდით
კატეგორია / კრიტიკა   726 ნახვა    3 წლის წინ
ედუარდ შევარდნაძის ტრაგედია – ფიქრი წარსულსა და მომავალზე



ყოველთვის მაინტერესებდა ედუარდ შევარდნაძე, მისი პიროვნება და მამოძრავებელი იმპულსები. ხშირადაც გამოვსულვარ მის წინააღმდეგ, უფრო სწორად, საქართველოში მისი მეორე დაბრუნების შემდეგ შექმნილი ყოვლის დამთრგუნველი ატმოსფეროს მხილებით, როგორც საინფორმაციო და პრესის საშუალებით, ისე საერთაშორისო თუ ადგილობრივი მნიშვნელობის კონფერენციების [თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში] თუ ქუჩის აქციებზე. და თუ ამას ვინმე მისი გამასხარავების სურვილად არ ჩამითვლის, როგორც ქართველი, გულწრფელად მეცოდებოდა იგი. ალბათ, ამის გამო. სიზმარშიც ხშირად ვხედავდი და ვცდილობდი იქ მაინც "მომექცია" ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.
ედუარდ შევარდნაძის წიგნი `ჩემი არჩევანი~ _ შეგნებულად არ წავიკითხე, რადგან ვფიქრობდი – რა არჩევანი უნდა ჰქონდეს პიროვნებას, რომელსაც თავისი ქვეყნისა და ხალხის არჩევანისათვის პატივი არასოდეს უცია და არც საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდეგნისათვის ჩატარებულ რეფერენდუმში მიუღია მონაწილეობა?!
მაგრამ როდესაც მისი ახალი მემუარები – ფიქრი წარსულსა და მომავალზე – მომიტანეს, მისი წაკითხვა გადავწყვიტე, რადგან ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ რა მის წარსულს, მაინტერსებდა რას ამბობდა მომავალზე. ამასთან ვაღიარებ, რომ მისი პოლიტიკური პროგნოზები და ნამდვილად გულწრფელი მოსაზრებები, ყოველთვის დარჩება მოაზროვნე მსოფლიოს მეხსიერებაში. _ ის ნამდვილად არ არის რიგითი პიროვნება, მაგრამ ამაზე თავად რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებს, მით უკეთესი. და რადგანაც ასე ვფიქრობთ, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი მიდგომა განსახილველი საგნისადმი - ედუარდ შევარდნაძის ტრაგედია - ფიქრი წარსულსა და მომავალზე.
როგორც ამ მემუარებიდან ჩანს, მისთვის "ჩვენს ხალხში" არასდროს იგულისხმებიან როგორც თავად უწოდებს "ზვიადისტები". მათ გარეშე კი ქართველი ერი ვერასოდეს იქნება ერთიანი მთელი. ამიტომ მისი ამ სენისაგან განკურნების მიზნით იძულებული ვართ მივმართოთ ერთადერთ ღვთისაგან ბოძებულ საშუალებას – მხილებას. ვინძლო, ამით მაინც ეწიოს ნათელს და მოახერხოს მისგანვე უარყოფილი, საკუთარი ერის წიაღში დაბრუნება. ამის დიდ იმედს გვაძლევს ამავე მოგონებებში ბატონი ედუარდის მიერ შექმნილი მეტად ტევადი და ღრმაშინაარსიანი შემდეგი პასაჟები: "ახლა ვიფქრობ, რომ 1956 წლის მარტის დღეებში ქართველი ახალგაზრდობის აღშფოთების მიზეზი ეროვნულის შელახვასთან ერთად იყო გაუცნობიერებელი პროტესტიც ბრძოლის იმ მიუღებელი ხერხების წინააღმდეგ, რომლებიც ემყარებოდა უღირსი საშუალებებით ბოროტების ამოძირკვას, უსამართლობის აღმოფხვრას"... [გვ. 53]; "როცა კონფლიქტში მესამე ძალაა ჩართული, იმ კონფლიქტის ჩაქრობა ძალზე ძნელია, ხშირად შეუძლებელიცაა." [გვ. 83]; "საკუთარ თავზე გამარჯვება ხომ ყველაზე დიდი გამარჯვებაა... "საღი აზრის" გამარჯვება, ყველაზე სასარგებლოა, რადგან წაგებული ამ დროს არავინაა. ყველა გამარჯვებულია..." [გვ. 163]. ამ მის მიერ გამოყენებულ უნიკალურ მსაზღვრელებს, ვფიქრობ, ბატონი ედუარდი თავის სამშობლოსა და საკუთარ ნამოქმედარსაც მიუსადაგებს და იქნებ მართლაც მოხერხდეს სიმართლის სამართლიანი აღქმა.
მოგონებათა დასაწყისში ბატონი ედუარდი იხსენებს მისი მეუღლის მეტად ღრმააზროვან კითხვას: "განა შეგიძლია, შენი ხალხის სისხლი დაღვარო?" _ [გვ. 49] ამ კეთილშობილ ქართველ ქალბატონს, ეჭვი არ მეპარება, თუ საჭიროება მოითხოვდა, შეიძლებოდა ამ კითხვისათვის ასეთი ფორმირებაც მიეცა: 1. განა შეგიძლია, შენი ხალხის გაბითურება? 2. განა შეგიძლია, შენი ხალხის მოტყუება? 3. განა შეგიძლია, შენი ხალხის გაჩანაგება? 4. განა შეგიძლია, შენი ხალხის ღალატი? და ა.შ. და როგორც 2003 წლის ნოემბერში გულიდან ამოსულმა აღნიშნულმა კითხვამ თავის დროზე შეაჩერა ბატონი ედუარდი, ეჭვი არ მეპარება, სხვა დროსაც ასე მოიქცეოდა, _ მაგრამ... მაგრამ ეს არის ედუარდ შევარდნაძის ტრაგედია.... და რადგანაც სიმართლე ასე ძალიან სწყურია, დაე, მიიღოს იგი, რათა მას მიეცეს რეალური განწმენდისა და მონანიების საშუალება.
_ ბატონო ედუარდ! როცა თქვენ თბილისში დაბრუნდით და მიესალმეთ საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიას, ეს იყო თქვენი ხალხის გაბითურება. და ამას აკეთებდით ყოველთვის. როცა ამგვარ საქციელს სჩადიოდით. როცა მხარში ამოუდექით უსამართლობას, სამხედრო-კრიმინალურ ბანდებს და ცრუ იმედებით აღავსეთ ქვეყანა, _ ეს იყო თქვენი ხალხის მოტყუება და...
_ როცა თქვენ სრულიად საქართველოს დასასჯელად შეუსიეთ კრიმინალ-არამზადები და იავარჰყავთ სამშობლო, _ ეს იყო თქვენი ხალხის გაჩანაგება-განადგურება. და ...., ხოლო _ როცა მასთან შერიგებასა და კონსესუსს მის დასათრგუნავად მისსავე მოსისხლე მტერთან შეთანხმება არჩიეთ, ეს იყო თქვენი ხალხის ღალატი!!!! და ა.შ.
როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დაცვის გამო გამართული მღელვარების შესახებ მსჯელობს, ბატონ ედუარდს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ამ მოვლენათა უამრავი მონაწილეა დღესაც საქართველოში და მისი "ხათრით" თავს არავინ გაისულელებს... მითუმეტეს, როდესაც ის მაშინდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე ლაპარაკობს. იმ პერიოდის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებს კარგად გვახსოვს ჯერ კიდევ 1977 წელს მიღებული საქართველოში რუსული ენის გაბატონებისა და 1978 წლის ე.წ. კონსტიტუციური ცვლილების ნიადგის შემზადებისათვის განკუთვნილი დადგენილება და შევარდნაძის დამქაშების მიერ უნივერსიტეტში იმის წარუმატებელი ქადაგება, რომ "ნუ ვეწინააღმდეგებოდით ისტორიულ გარდაუვლობას", ე.ი. "ერთიანი საბჭოა ხალხის" ჩამოყალიბებას და რუსული ენის გაბატონებას. კარგად გვახსოვს ისიც, თუ პროტესტის ნიშნად რატომ დატოვა სტუდენტთა ჯგუფმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი, როცა იქ ბატონი შევარდნაძე თავის მორიგ პროპაგანდისტულ კამპანიას ატარებდა, და რატომ გამოვაგდეთ ამავე უნივერსიტეტის აუდიტორიიდან მის მიერვე გამოგზავნილი ხელისუფლების მაღალი დონის ფუნქციონერი; აგრეთვე გვახსოვს ის პიროვნებებიც, ვინც ამ გამოსვლების დროს უნივერსიტეტის სტუდენტობას გვერდში ედგა ლექტორ-მასწავლებლების, ბატონ მიტო ლეთოდიანის, გია ავალიშვილის, მერაბ ვაჩნაძის, დევი კაჭარავას, სოსო კვიციანის და სხვათა ხელმძღვანელობით (ბოდიშს ვუხდი მათ, ვისი გახსენებაც ვერ შევძელი), ხოლო რაც შეეხება რისმაგ გორდეზიანს და უნივერსიტეტის სხვა პარტიულ ფუნქციონერებს, მაშინ გამოვლენილი მათი ეროვნული პოზიცია რაღაც არ მახსენედება.
მეტად მნიშვნელოვანია, შევარდნაძის მიერ იმის შეუქცევადი აღიარება, რომ "გორბაჩოვს არ უნდოდა საბჭოთა კავშირის დაშლა, ასევე როგორც დასავლეთის პოლიტიკურ ლიდერებს... ყველაზე ბოლო მომენტამდე ისინი ცდილობდნენ ამ ნგრევის თავიდან აცილებას... ჯეიმს ბეიკერი სერიოზულად მეკითხებოდა – ხომ არ ვიცოდი ვინ უჭერდა მხარს დასავლეთში ზოგიერთი მოკავშირე რესპუბლიკის სეპარატისტულ მისწრაფებას" [გვ. 246].
"სიმართლის უზენაესობა, ეთნიკური ნორმების უპირატესობა იდეოლოგიურ დოგმებთან შედარებით და არჩევანის თავისუფლება, ჩემთვის ჭეშმარიტ პრიორიტეტად იქცა", _ [გვ. 247], ამბობს აქვე შევარდნაძე, როცა გეოსტრატეგიული მესიანიზმისაგან განთავისუფლებული ქვეყნის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, _ მაგრამ რატომ გადაავიწყდა ყველაფერი  ეს სამშობლოში დაბრუნებულს? ამაზე პასუხი ერთია, _ მას თავისი სამშობლო და ხალხი ამ ჭეშმარიტი, მსოფლიო დონის პრიორიტეტების ღირსად არ მიაჩნია, რადგან თავს ყოველთვის მასზე მაღლა აყენებდა და იგი მხოლოდ საკუთარ მიზანთა განხორციელების საშუალებად მიაჩნდა... ეს მემუარებიც თავის გამართლებისა და თავისი სამშობლოს გამტყუნების თავხედური ცდაა, თუმცა მის ზოგიერთ მოსაზრებაში აქვე იგძნობა, რომ ამ ბოლო დროს მასში სულიერი გამოღვიძების პროცესი უნდა დაწყებულიყო, ამიტომაც ჩაიხედოს საკუთარ სინდისში და თქვას, რომ ეს ასე არ არის.
შევარდნაძისათვის მეტად დამახასიათებელი შტრიხია, რომ როცა ის საბჭოთა კავშირის დაშლის პრობლემებზე საუბრობს, აღნიშნავს: "ყოველი მათგანი კითხულობდა ვისთან უნდა ჰქონოდა საქმე კავშირის და მისი საგარეო პოლიტიკის აშკარა დეგენერაციის პირობებში, მე ვპასუხობდი, _ ამბობს მაშინ უკვე თანამდებობიდან გადამდგარი შევარდნაძე, - რომ ყველა რესპუბლიკა დაინტერესებულია ერთიანი ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული სივრცის შენარჩუნებით და მისი უმართავი დანგრევა, როგორც რესპუბლიკის, ისე მთელი მსოფლიოსათვის, უმძიმეს შედეგებს გამოიღებს"... [გვ. 256] გასაგებია, რომ  თვითონ ასე ფიქრობდა, მაგრამ რა უფლებით ლაპარაკობდა რესპუბლიკების სახელით. მაგრამ აქაც იგივესთან გვაქვს საქმე, _ ისინი მას შეკითხვის ღირსადაც არ მიაჩნია, რომ მათი პოზიცია გაარკვიოს. მისთვის მთავარია მსოფლიოს წარმმართველ ძალებში მაშინ მოდური თვალთახედვა გაახიმიანოს და მასთან რა საქმე აქვს, თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენულ უფლებებზე ვინ რას ფიქრობს. აგრეთვე როცა შევარდნაძე იგონებს, თუ როგორ დასდო ბრალი გორბაჩოვს: "ნებით თუ უნებლიედ ეს თქვენ მოახდინეთ პუტჩის პროვოცირება და მე მქონდა ყველა საფუძველი მეფიქრა, რომ თქვენ შეთქმულების თანამონაწილე ხართ" [გვ. 258] (1991 წლის აგვისტოს მოსკოვის პუტჩის შესახებაა ლაპარაკი), _ სამხედრო-კრიმინალების ანალოგიური ქმედებანი საქართველოში, რატომ არ მიაჩნია პუტჩად, ან რატომღა ადანაშაულებს გორბაჩოვს შეთქმულების ორგანიზებაში, ამან ხომ დააჩქარა, ეს თუ მისი მიზანიც იყო, საბჭოთა კავშირის დაშლა?! _ მაგრამ საქმე სწორედ იმაშია, რომ მათ ამ შედეგისათვის არასდროს არ უმუშავიათ, და ზემოთ, როდესაც შევარდნაძე ამბობს, გორბაჩოვს არ უნდა საბჭოთა კავშირის დაშლა, ასევე როგორც დასავლეთის ლიდერებს, მართალია. ამასთან ის და გორბაჩოვი თუ ნამდვილად მეგობრები იყვნენ, ყველაზე მართებულია ვიფიქროთ, რომ არც შევარდნაძეს უნდოდა ეს, თორემ სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ისინი ერთმანეთს ისევე ატყუებდნენ, როგორც წინამორბედი ბოლშევიკი ამხანაგები და სადღა რჩება აქ ადგილი მეგობრობაზე, "ახალ აზროვნებასა" და "ახალ მსოფლიო წესრიგზე" ფიქრისთვის. იგივე უნდა ითქვას სხვებთან მეგობრობაზეც. ხოლო იმ შემთხვევებში, თუ ბატონი ედუარდი გულწრფელი იყო ამ ურთიერთობებში, მაშინ სრულიად ფარისევლურია მისი წუწუნი მოსკოვში თანამდებობაზე მეორედ დაბრუნების გასამართლებლად, რომ "ვერავითარ სარგებლობას ვერ მოუტანდა უზარმაზარი ქვეყნის ქაოსური დაშლა, მისი სწრაფი რღვევა, დაჩქარებულად მიმდინარე აგონია. ვიმეორებ: საჭირო იყო ახალ მდგომარეობაში შედარებით უმტკივნეულო მართვადი გადასვლა და ეს ამოცანა მოითხოვდა პროცესის რეგულირების მექანიზმს [გვ. 257] _ ახ, შევი, შევი!... როგორ გსურს თავი როგორმე მსოფლიო მოვლენების წარმართვის განმსაზღვრელთა შორის მოიქციო და წარმოგვიჩინო, _ რა დიდი ხარ. შენ მართლა ხარ, გარკვეული თვალსაზრისით დიდი, მაგრამ რომ იცოდე ასეთი მცდელობანი როგორ გაპატარავებს და საკუთარ ადგილსაც გისაზღვრავს ისტორიაში. ... მაგრამ რას ვიზამთ, როგორც იტყვიან "თავსა ახლად ვერვინ იშობს" და ვერც საკუთარს გადაახტება. იგივე შთაბეჭდილებას ტოვებს მისი ნათქვამი: "მე უკვე აღარ მინდოდა გამოვკიდებოდი დაძრულ მატარებელს. თანაც თუ ამ შედარებას გავაგრძელებ, ვხედავდი, რომ მატარებელი გარდაუვალი კატასტროფისკენ მიექანებოდა და მსხვერპლი დიდი იქნებოდა. ერთადერთი, რისთვისაც ღირდა მისი გამოდევნება, ის იყო, რომ მატარებლის ნელი დამუხრუჭებით კატასტროფა და მსხვერპლი თავიდან აგვეცილებინა" _ [გვ. 259] აქვე უნდა ითქვას, რომ ეს თავდაცვის სუფთა ტალეირანული მანევრია (როცა მან პარიზი ჯერ მოკავშირეებს ჩააბარა, შემდეგ ნაპოლეონს და პირიქით) ამიტომ ის შეიძლება გამოადგეს დიპლომატის ისტორიას და არა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მისი კოლაბორაციონისტული პოზიციის გამართლებას. და ბოლოს აღვნიშნავ, რომ როდესაც ის საგარეო სამინისტროს კაბინეტში დაბრუნებაზე ლაპარაკობს, იქ იგონებს: "ამ დარბაზში ყველაფერი დარჩა ისე, როგორც ჩემს დროს იყო, გარდა ორი გამონაკლისისა, მხატვარ ნალბანდიანის სურათი – ლენინი კრემლის ფონზე _ შეცვალა ფოტოგრაფ ოშუპის ცნობილი ნამუშევრის ფერწერულმა ასლმა, რომელზედაც გამოსახულია შესამჩნევად შეწუხებული ლენინის დაჟინებული მზერა. იყო ამაში რაღაც სიმბოლური" [გვ. 260].
დიახ, ბატონო ედუარდ, ამაშიც და თქვენს ლენინიანაში დაბრუნებაშიც იყო რაღაც სიმბოლური _ შეწუხებული ლენინის დაჟინებული მზერა, ეს თქვენი მწუხარების ალეგორიაა დამსხვრეულ ილუზიათა გამო. ესეც ამტკიცებს, რომ თქვენ საბჭოთა კავშირის დანგრევა არც არასდროს გიფიქრიათ, _ ის უბრალოდ თავზე ჩამოგენგრათ!.... და შემდეგ იქვე მოტანილი თქვენი მსჯელობის ახალი შინაარსიც სოციალიზმ-ბოდიალიზმის დრომოჭმული ნაზავია მხოლოდ... და ეს არ არის გასაკვირი _ თქვენ დარჩით ლენინის ერთ-ერთი უკანასკნელი უერთგულესი მოსწავლე და ამასთანავე მის საქმეთა გამგრძელებლ უკანასკნელ მოჰიკანად და ამით თქვენი ადრინდელი დაპირებანი, რომ დარჩებოდით უკანასკნელ კომუნისტად _ გაამართლეთ. (ამის დადასტურებაა შემდეგი გვერდები: 262, 263, 264, 265 და განსაკუთრებით 268-ე გვერდი). 
და როცა რუსეთის მიერ საბჭოთა კავშირის უფლებამონაცვლეობის მითვისებაზე მსჯელობს, იქვე სვამს კითხვას: _ "ჩემთვის?... რას ნიშნავდა ეს ჩემთვის?"... რომელზედაც უნდა ვუპასუხოთ; საკავშირო კარიერის დასრულებას და თბილისში სამხედრო გადატრიალების დაწყების სიგნალს!... სადღაც ხომ უნდა დაბანდებულიყო თქვენი პოლიტიკური "ოქროს ფონდი" და აურწყავი ამბიციები. და კითხვაც სწორედ აქვს დასმული _ "ჩემთვის?"... რადგან მისთვის ხომ ყველაფერი ჯერ თავო და თავოთი იწყებოდა და მთავრდებოდა.
ასეთი ფონის შემდეგ შეიძლება სასიამოვნოდ არ გაგვაოცოს ავტორის ფერისცვალებამ, როდესაც იგი ძალად შეკოწიწებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შესახებ ლაპარაკობს _ "მისი დაბადებისას დანგრეული იმპერიის ხარბმა გენებმა მეტისმეტად გამოავლინეს თავი" _ აღნიშნავს ედუარდი და იქვე განაგრძობს, _ `"ასე დაინგრა მეოცე საუკუნის ბოლო იმპერია _ სისხლიანი, უტოპიური, ღვთის ნებისა და ბუნებრივ კანონთა საწინააღმდეგოდ შექმნილი... "ხალხთა საპყრობილე" და... "ბოროტების იმპერია" _ [გვ. 277]. ასეთივე შთაბეჭდილებას ტოვებს მისი მოსაზრებანი, რომ "საქართველოში შიდა კონფლიქტების საწყისები სწორედ რუსეთის იმ იმპერიული ძალების პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ, რომლებიც ესწრაფოდნენ და ესწრაფვიან შეინარჩუნონ რუსეთის გეოსტრატეგიული კონტროლი კავკასიაში. ფაქტობრივად არაფერი შევცვლილა ოციანი წლების დამდეგთან შედარებით, როცა სეპარატისტული მოძრაობები აფხაზეთში და შიდა ქართლში (ე.წ. სამხრეთ ოსეთში) გამოიყენებოდა "მოძრაობის დასაწყებად" (ს. ორჯონიკიძის და ს. კიროვის თქმით) იმპერიული ბატონობის დამყარების მიზნით. რეგიონზე მძლავრი გავლენის რეალური დაკარგვის პირობებს რომ შეეჯახა, რუსეთმა მაშინვე აამოქმედა თავისი აგენტურა... რუსეთის სახელმწიფოში იმპერიული აზროვნება არ გამქრალა, რუსეთი კვლავაც განაგრძობს მისთვის ჩვეულ პოლიტიკას. კონფლიქტები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში... სწორედ ამ პოლიტიკის განხორციელება იყო..."
და ბოლოს, "... მომაკვდავი იმპერიის შხამი კვლავ წამლავს ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ დროის მსვლელობას წინ ვერაფერი აღუდგება" [გვ. 278] _ ამ დასკვნებში უკვე იგრძნობა ბატონი ედუარდის განახლების სიო და მასში ბოლო წლებში მომხდარი ცვლილებების გამოძახილი, რომ იგი მიხვდა მთავარს – საჭიროა დაუბრუნდეს საკუთარ გენს და მას ემსახუროს, რომ ის პირველ რიგში ქართთველი და თავისი ქვეყნის ბედკრული შვილია.
მეც ქართველი ვარ და ამიტომაც ყველაფერი გასაგებად, ქართულად ვუთხარი _თავის მართლებას აზრი არა აქვს!!! 
ამიტომაც უფრო თამამად გადავალ ბატონ ე. შევარდნაძის მოგონებათა ნაწილზე "დაბრუნება საქართველოში".
"1992 წლის 7 მარტს ჩვეულებრივი სარეისო თვითმფრინავით მოსკოვიდან თბილისში გამოვფრინდი.
იმ დღეს ჩემი მეუღლის, ნანულის დაბადების დღე იყო. დილით, როგორც ყოველთვის, მივულოცე.
_ ეს შენი დაბადების დღეცაა, _ მიპასუხა, _ დღეს ყველაფერს თავიდან იწყებ.
_ არა, ეს მხოლოდ გაგრძელებაა, _ ვუთხარი", [გვ. 279] _ იგონებს ბატონი ედუარდი და მართალიცაა... ეს მისთვის მართლაც გაგრძელება იყო და ქვეცნობიერად აღიარებს ამას. ის ხომ ჩვეულებრივი მორიგი დავალების შესასრულებლად გამოგზავნეს საქართველოში.
შემდეგ კი ცდილობს რა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას საკუთარ "დამსახურებათ" ქართული საქმის წინაშე, ამბობს: "მხოლოდ სამოცდაათიან წლებში (ე.ი. მისი საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ – უ. ო.), როცა დისიდენტურმა მოძრაობამ საბჭოთა კავშირში ფართო მასშტაბს მიაღწია, გახდა შესაძლებელი ეროვნული მოძრაობა იატაკქვეშიდან გამოსულიყო. ინტელიგენციის, მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის მხარდაჭერით ამ მოძრაობათა ლიდერები აყენებდნენ მოთხოვნებს, რომელთა სამართლიანობა ეჭვს არ იწვევდა", _ აღნიშნავს ბატონი შევარდნაძე და უცებ თავში გიელვებს აზრი: ამიტომაც მოუწყო საჩვენებელი პროცესები მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას და დღემდე სპეკულირებს ამ უკანასკნელის მიერ გამოჩენილი თითქოს-და სისუსტის გამო. ასევე ავტორი შედარებით ობიექტურობას იჩენს 1988, 1989, 1990 და 1991 წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენების მისეული ხედვის წარმოჩენისას, მაგრამ ეხება რა 1991 წლის 2 სექტემბრის თბილისის აქციას, თავს  იჩენს მისთვის დამახასიათებელი მოვლენების ტენდენციური შეფასებანი, რაც გვაფიქრებინებს, რომ სწორედ 2 სექტემბრიდან იწყება საქართველოში შევარდნაძის დასაბრუნებლად ნიადაგის შემზადების ბოლო ეტაპი.
"2 სექტემბერს, თბილისში, კინოს სახლთან, განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგის მონაწილეებს. იყვნენ დაჭრილები. ხალხის წინააღმდეგ საბჭოთა ძალადობით გამოწვეული სახალხო მრისხანების ტალღაზე ხელისუფლებაში მოსულმა რეჟიმმა (თავიდანვე რეჟიმი იყო საქართველოს ეროვნული ხელისუფლება მისთვის _ უ. ო.) თვითონვე მიმართა ძალადობას. ამჯერად უკვე არა "რუსმა ოკუპანტმა, არამედ პრეზიდენტმა, ქართველმა, ყოფილმა დისიდენტმა აღმართა ხელი თანამემამულეების წინააღმდეგ", _ ნიშნის მოგებით აღნიშნავს შევარდნაძე, დღესაც, როდესაც არავისში ეჭვს აღარ იწვევს რომ 2 სექეტმბრის ე. წ. აქცია, დაგეგმილ პროვოკაციას წარმოადგენდა, _ რომელსაც თავიდანვე გაემიჯნა ზვიად გამსახურდია და მანვე არაერთხელ უარყო მასთან რაიმე კავშირიც კი. (ამის დამადასტურებელი უამრავი საბუთი არსებობს) და აქედანვე "იწყება" ბატონ ედუარდისთვის "საყოველაო მზის დაბნელება საქართველოში" და მაშინ აქ მიმდინარე მოვლენების ამგვარი ინტერპრეტაცია, რომელსაც სიმართლესთან არავითარი კავშირი არა აქვს, გარდა იმისა, რომ მასში ჩანს მონდომება, მკითხველი შეამზადოს საქართველოში მომხდარი  სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების აუცილებლობის აღიარებისათვის. ამიტომაც ბატონი ედუარდის სხვანაირი საქციელი თავიდანვე გამორიცხულია. რადგან მისი მიზანი ამ შემთხვევაში საკუთარი გეგმისა და ქმედებების გამართლებაა. ის ხომ აქვე თავად ამბობს, რომ როდესაც აუცილებლად ჩათვლის საქართელოში დაბრუნებას, ვერაფერი შეაჩერებს. ეს აუცილებლობა კი ხანგრძლივ პერიოდში უნდა შექმნილიყო და შეიქმნა კიდეც.
აბა, რას ემსახურება მსგავსი ტყუილები, როგორიცაა მაგალითად 283-ე გვერდზე მოტანილი: "ხელისუფლება განურჩევლად ურიგებდა იარაღს რეგიონებში შექმნილი "საძმოების" წარმომადგენლებს. გამძვინვარებული ადამიანები ჯგუფებად დაძრწოდნენ ქალაქში და თავს ესხმოდნენ ყველას, ვინც "ანტიზვიადისტად" ეჩვენებოდათ", ან, "4 და 5 ოქტომბერს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი მშვიდობიან დემონსტრაციას და ისევ იყო მსხვერპლი. ხელისუფლებამ ამაში ოპოზიცია დაადანაშაულა." - იგი აქ მოქმედებს "ჩემი შენ გითხარის" პრინციპით. მოკლედ როცა სჭირდება, ბატონი  შევარდნაძე ყოვლისმცოდნეა, ხოლო როცა აწყობს, უსინდისო ცრუპენტელა. თორემ მასზე უკეთ ვინ უწყის თუ ვინ იყო ეს ე. წ. "ოპოზიცია", მაგრამ, ამ შემთხვევაში, იგი თავის თანამოსაგრე კონდოტიერთა ჩვეულებრივი დამცველი-ვექილია.,. არც ზვდიად გამსახურდიას სჭირდება მისი ფარისევლური ნიანგის ცრემლები, რომ თითქოს "ზვიად გამსახურდია, უპირველესად ტრაგიკული ფიგურა იყო, რომლის პირადი ტრაგედიაც მსოფლიო სიდიდის ტრაგედიებს შეიძლება შევადაროთ" [გვ. 285] თუ მას სურდა, შეეძლო ბატონ ზვიადს კი არა, თავის ქვეყნას დადგომოდა გვერდში. მაგრამ მას ის ურჩევნია დღესაც ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ყალბი ვერსია ავრცელოს [გვ. 286]. რადგან, მისი ჭკუით, "ამქვეყნიური სასუფეველი" ხომ წაჰგლიჯა, იმქეყნიურშიც არ უშვებს ქრისტიანულად. ეს შევარდნაძისნაირთა ამოუწურავი ბოღმისა და შურისმაძიებლობის, მათში სამარადჟამაოდ ჩაბუდებული სიძულვილის არამზადული გამომზეურებაა!... და რა უნდა თქვას ასეთმა ვინმემ სიყვარულზე, სიკეთეზე, მსოფლიოს გადარჩენაზე, როდესაც თავისი სულიერების ავგიას თავლაც ვერ გაუწმენდია?! ისევ ეროვნული მოძრაობის მიერ შობილი მითიური გმირის ძალისხმევა რჩება საჭირო, რომ ამ სულიერ ხეიბრებს სასუფეველში მოხვედრის შანსი დაუბრუნდეთ – ეს არის მისგან ჯვარცმული ზვიადიზმის მისიაც. ჯერჯერობით კი, სულ ტყუილია მათ მიერ თავის მონანიე-განწმენდილად წარმოდგენა. მითუმეტეს, როგორც შევარდნაძე აქვე ბილწსიტყვაობს: "ზვიადს შეეძლო გადაექცია რეციდივისტი მინისტრად, ვეტერინარი – იურისტად, მომღერალი-მედოლე _ სახელმწიფო მოღვაწედ, სტომატოლოგი ან მხატვარი – სამხედრო გენიად" - თავად რატომ ავიწყდება ვინ უმშვენებდა გვერდს საქართველოში დაბრუნებულს. ნამდვილი კრიმინალ-რეციდივისტებთან ერთად მის გვერდით თავს იწონებდნენ სამუდამო მონობისათვის განწირული ისეთი არარაობანი, რომელთა გვარ-სახელების ჩამოთვლისაგან თავს ვიკავებ მათი შთამომავლების დანდობისა გამო, თორემ ხომ იცის ღმერთმაც, რომ წესიერ საზოგადოებაში, მათი სახელის ხსენებაც სირცხვილად ითვლება. ისე ფიგურალურად თუ ვიტყვით, _ ზვიად გამსახურდიამ არარაობანი პიროვნებებად აქცია – ხოლო ე. შევრდნაძემ პიროვნებანი – არარაობად _ აი, ეს არის ამ ორი ურთიერთსაპირისპირო პოლუსის მთავარი მახასიათებელი. ხოლო თავად, ბატონი ედუარდი, რა სასწაულმოქმედი აიბოლიტიც იყო, საკუთარ ტყავზე (პირდაპირი მნიშვნელობით) გამოსცადა მისგან ივარქმნილმა ჩვენმა ქვეყანამ. მაგრამ მისგან გამოყენებულ ყველაზე დამახასიათებელ და ბინძურ მეთოდს წარმოადგენს ე. წ. ჩაშვება ვერაფრის მოშველიებით, როცა უსიტყვოდ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა ენდოთ მის "შეუვალ" ავტორიტეტს _ ამას პრინციპულად მოითხოვს, რაც, რა თქმა უნდა, მისგან გასაკვირი სრულიადაც არ არის. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ "რაც უნდა ემტკიცებინა ჩემს შესახებ ზვიადისტურ პროპაგანდას, მე არასოდეს წავსულვარ ჩემი ხალხის წინააღმდეგ" _ [გვ. 291] ეს იგივეა, გიენამ მტკიცება დაიწყოს – უმი ხორცი არასოდეს მიჭამიაო. ამის მტკიცებას რას შემატებდა ზვიადისტური პროპაგანდა, _ მთელი მისი კარიერა და ბიოგრაფია ხომ საკუთარი სამშობლოსა და ხალხის გაბიაბრუების ცდაა. თუ ამის უარყოფას მოისურვებთ, თქვენი ამავე მემუარებიდან მოგიყვანთ უტყუარ მაგალითებს:
1. "ვინ უნდა დაედანაშაულებინათ ამაში, თუ არა ის, ვინც ერთმანეთს მიუსია ქართველები და ოსები?" [გვ. 292] კითხულობს ის და ხელს გამსახურდიასკენ იშვერს, როდესაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავად აღიარებს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები რუსეთის მიერ იყო ინპირირებული [გვ. 278] ამავე რიგისაა მე-2 მაგალითიც, _ "სხვათა შორის, ვიცოდი, რა მწარე შეცდომა იყო ომის დაწყება სამხრეთ ოსეთში და შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ, როცა უკვე საქართველოში ვიყავი, მე ბოდიში მოვუხადე ოსებს ყოვლად გაუმართლებელი და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისათვის. ვფიქრობ მათაც უნდა მოუხადონ ბოდიში ქართველებს იმ კონფლიქტის პროვოცირებისათვის" [გვ. 292] – როგორც უკვე ვთქვით, მან კარგად იცის ვისგანაა ინპირირებული ეს ე. წ. ოსურ-ქართული კონფლიქტიც. ამასთან მან კარგად იცის ამ ე. წ. სამხრეთ-ოსეთის უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც ისინი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანას მოითხოვდნენ. ამის საპასუხოდ კი ოსებს გაუთავისუფლა ამ აქტის სულის ჩამდგმელი ტორეზ კულუმბეკოვი და ბოდიშიც მოუხადა. რისთვის?! რუსეთის მიერ ინპირირებული კონფლიქტის და ამ კონფლიქტის ოსების მიერ პროვოცირებისთვის?! ან სად დაინახა, რომ ოსები ამის გამო რაიმე სინანულს გრძნობდნენ და მობოდიშების გამო პროვოკაციების შეწყვეტას აპირებდნენ?!
მე-3-ც, ეს პასაჟი - "რა იქნებოდა, რომ პრეზიდენტს გამოექვეყნებინა მის ხელთ არსებული "მონაცემები" _ თუნდაც ერთი ფაქტი, რომ მე მერწმუნა საკუთარი მონაწილეობა მის მიერვე პროვოცირებულ აფეთქებაში" _ [გვ. 293].
მთელი მისი საქციელი, მაშინ და ახლაც, თავის მართლებისაკენ დაუოკებელი სწრაფვაა ამის უტყუარი დასტური, ხოლო რაც შეეხება შევარდნაძის ხელმძღვანელობით მოსკოვის ანტიქართულ შტაბს, მოსკოვის ხელს, რომლითაც გამსახურდია პრეზიდენტის სავარძლიდან მოისროლეს – ამის შესახებ ჯერ კიდევ 1991 წლის ოქტომბერში აღიარა ჩემთან საუბარში დღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა თამაზ დიასამიძემ.
და მე-4 _ "მოდიოდნენ პრეზიდენტის გარემოცვიდანაც არცთუ იშვიათად მისი თანხმობით და მთხოვდნენ მხარი დამეჭირა მისთვის. ყველას ვეუბნებოდი, რომ მხარდაჭერა იქნება ერთი პირობით: თუ გამსახურდიას პოლიტიკა ჩაეწერება პასუხისმგებელი და ცივილიზებული სახელმწიფო ქცევის ნორმებში. სამწუხაროდ, ვერ ჩაეწერა" _ (იქვე) ამბობს შევარდნაძე. რა არის ეს, თუ არა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის აბუჩად აგდება და გაბიაბრუების ცდა... გამოდის, რომ კრიმინალური სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხელისფლებაში მოსული დამნაშავეები უფრო მისაღები ყოფილა მისთვის და მათი ტერორისა და ძარცვა-გლეჯის პოლიტიკა უფრო ჩაწერილა "პასუხისმგებელი და ცივილიზებული სახელმწიფო ქცევის ნორმებში."
რაც შეეხება ნაპოლეონის 100 დღისა და შევარდნაძის დაბრუნების შედარებას, ის აბსურდულთან ერთად კომიკურ იერს ატარებს. რადგან მისი დაბრუნება, ბურბონების დაბურნებას უფრო გავდა საფრანგეთში, ვიდრე ნაპოლეონისას... ამ ამბის წმინდა ელენეთი დამთავრების შესახებ კი ვიტყოდი – ნაპოლეონს რომ იგივე ეკადრა, რაც ედუარდმა მოახერხა, ისიც თავიდან აიცილებდა ამ გადასახლებას...
"არ მქონდა არც თანამდებობა, არც უფლებამოსილება და არც მოქმედების კანონიერი საფუძველი" _ [გვ. 298] აღიარებს ბატონი შევარდნაძე და ვფიქრობ, მან კარგად უნდა იცოდეს, ბოლოსდაბოლოს, რა შეფასება მიიღო ასეთივე სტარტით დაწყებულმა კომუნისტურმა ექსპანსიამ საქართველოში 1921 წლის შემდეგ. და დღეს რატომ ფიქრობს, რომ ამგვარად დაწყებული საქმის გათეთრებას ვინმე როგორმე მოახერხებს?!... მაგრამ, როცა იქვე ამბობს, რომ იმ დროისათვის მხოლოდ უკრაინამ გვაღიარაო, (მის ჩამოსვლამდე პერიოდს გულისხმობს – უ. ო.), ჩვეულებრივ ცრუობს, რადგან ჯერ კიდევ გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო აღიარების პროცესი და მის დაბრუნებამდე იმ სახელმწიფოთა რიცხვმა, რომელთაც ცნეს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რამდენიმე ათეულს მიაღწია, ასევე ცრუობს, რომ "გამსახურდიამ მასში (ჯ. იოსელიანში – უ. ო.) დაინახა თავისი უშუალო საფრთხე და "მხედრიონი" და მისი მეთაური კანონგარეშე დააყენა" [გვ. 299] თუმცა აქვე თვითონაც აღიარებს, რომ "იოსელიანსაც და კიტოვანსაც რთული დამოკიდებულება ჰქონდათ კანონთან, რთული დამოკიდებულება ჩემთან." თუ ესენი ასეთი კარგი ხალხი იყვნენ, თვითონ რატომ მოუხდა მათი ციხეში ჩასმა?! უბრალოდ სამართლიანობა მოითხოვს მათი საქმიანობის შეფასებისას ტენდენციურობამ არ შეგვიპყროს, და მითუმეტეს, ვერაფერი გაამართლებს იმას, რომ საქართველოში დაბრუნებისას მათ მიერ ჩადენილ კრიმინალურ ქმედებებს მიესალმო და ამასთან, მათი შავბნელი საქმეების გათეთრება იკისრო. და ამის ჩამდენ შევარდნაძეს რად უკვირს შეძახილები სტუდენტური ქანდარიდან: "როგორ გრძნობთ თავს ახალი მეგობრების, კანონიერი ქურდების გარემოცვაში?", _ "თქვენ თქვით, რომ გაქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა დამოუკიდებელი საქართველოს აშენებისათვის. ეს არ არის მართალი. თქვენ არ გაქვთ ჩვენი ხალხის სიყვარული" [გვ. 307] ისინი ცამდე მართალნი იყვნენ. თქვენ არასდროს არ გქონდათ ჩვენი ხალხის გულწრფელი სიყვარული და თუ ვინმე გემლიქვნელებოდა, გეტმასნებოდა, ეს გამოწვეული იყო თქვენდამი შიშით, ან ეს იყო ის ხალხი, რომელსაც თქვენ სჭირდებოდით თავიანთი უდღეური ამბიციებისა და ავანტურისტული მიზნების მისაღწევად. რადგან მათ თავად კარგად უწყოდნენ რა საკუთარი არარაობა, თქვენზე მოჭიდებით ცდილობდნენ თავიანთი ამპარტავნული და პატივმოყვარე ინტერესების დაკმაყოფილებას.
აბა, ფხიზელი თვალით გადახედეთ მათ არარაობრივ არსებობას და დაინახავთ, რამდენი ხრავდა და ხრავს თქვენგან მიგდებულ ძვალს, თქვენ კი თვალს გარიდებენ, რომ ვინმე არ დააეჭვონ....
რაც შეეხება ე. შევარდნაძეზე შეტევას და დარტყმას წელს ქვევით, ამაზე ის საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდეს, რადგან მისი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად, სწორედ ეს წიგნია წელს ქვემოთ დარტყმისა და ტექნიკური ჩაშვების თვალსაჩინო ნიმუში. სწორედ ამას ეუბნება ბატონ ედუარდს მის მიერ წიგნის 308-ე გვერდზე დამოწმებული ჟურნალისტი: "გამსახურდიას დამხობის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა სამხედრო-სამოქალაქო მმართველობამ მოიწვია ედუარდ შევარდნაძე, რომ გაკეთილშობილოს თავისი ფასადი და ნაწილობრივ მაინც გახდეს ლეგიტიმური. მას არ გააჩნია სხვა პოლიტიკური არგუმენტი, გარდა ნეგატივიზმისა (ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის უაზრო წინააღმდეგობა ყოველგვარი გარეშე ზემოქმედებისადმი  - უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბ., გამომც. "განათლება", 1979, 1989, გვ. 333), იდეოლოგიურ ბაზად კი ანტიზვიადიზმი გაიხადა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს აშკარად არასაკმარისი ჯენტლმენური ნაკრებია სერიოზული პოლიტიკისათვის" _ შენიშნავს წერილის ავტორი და უდიდესი პრეტენზიების მქონე პოლიტიკოსს, მასზე ოდნავ მეტი კი უნდა მოეთხოვებოდეს.
რაც შეეხება "ქართველი ხალხისათვის მიზიდულობის ორ პოლუსს, დაპირისპირებას გამსახურდიასა და შევარდნაძეს შორის", ეს არის ბრძოლა წარსულსა და მომავალს შორის, შევარდნაძემ კი კარგად უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოს ისტორია ყოველთვის მომავალზეა ორიენტირებული და ჯერ არასდროს ყოფილა, რომ აქ წარმავალს დარჩენოდა საბოლოო გამარჯვება. მან უნდა იცოდეს ისიც, რომ მომავლის წინააღმდეგ ამხედრებული რეაქცია ყოველთვის წარმავალის მოკავშირეა და როცა მსოფლიო სიბრძნეზე აცხადებ პრეტენზიას, მის შესაბამის სიმაღლეზეც უნდა შესძლო დადგომა, როცა წარმავალისა და მოსავლის გასაგნებული ბრძოლის თანამონაწილე ხდები.
იქნებ სხვა ასპარეზზე, ბატონი ედუარდი, კიდეც ცდილობდა მომავლის მხარეზე დამდგარიყო, მაგრამ თავის სამშობლოსა და მის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში ეს მან ნამდვილად ვერ შეძლო და ამიტომაც სჭირდება სულის ბერვა მის ეროვნულ აფრებს, მაგრამ მისი ეს ცდაც განწირულია, რადგან ამგვარი ხელოვნებით გაბერილი აფრა ვერაფერს დაძრავს, ეროვნული მოძრაობის პასატებმა კი მას დიდი ხანია ჩაუქროლეს. და თუ რაიმე მაინც მოახერხა, ის მხოლოდ ტყუილების გუდის გაბერვას შეძლებს, რასაც აკეთებს კიდეც. ამაში მას ვერ უშველის ვერც მამარდაშვილის და ვერც სხვათა ფილოსოფია, რადგან კაცს, რომელიც თავს სამშობლოზე მაღლა აყენებს, სწორედ სამშობლოს თვალში არა აქვს არავითარი მადლი. 
არავის აქვს უფლება თავი სამშობლოზე მაღლა დააყენოს. შევარდნაძეც ანალოგიური თვისებების მატარებელია და მას მამარდაშვილის პასაჟებში საკუთარ ცოდვათა გამართლების ძიების მცდელობა ვერ უშველის. პირიქით, ეს ამტკიცებს მათ სულიერ სიბარატიზმს, ემსახურონ საკუთარ უდღეურ ილუზიებს.
როცა შევარდნაძე თავის მემუარებში თამრიკო ჩხეიძის სიტყვებს ეხება: "თუ შევარდნაძე მოინდომებს, შეიძლება გახდეს დიქტატორი", _ იქვე სვამს კითხვას: "მინდოდა კი დიქტატორობა?" _ და შეიძლება ითქვას ორივე თავისი თვალთახედვიდან გამომდინარე მართალია.
თამარ ჩხეიძე, როცა ამ სიტყვას ამბობდა, ჩემი აზრით, გულისხმობდა ყველანაირად იმედგაწყვეტილ ხალხში გამჯდარ დროის მოთხოვნას, რომ როგორმე თავი დაეღწიათ იმ საყოველთაო განადგურებისა და ყოველდიღურად სიკვდილის თვალებში ცქერისაგან, რაც საქართველოში სამხედრო-კრიმინალური ბანდების განუკითხავმა თარეშმა მოიტანა, და რის გამოც შევარდნაძის პოლიტიკური ე. წ. მოკავშირეები, ე. წ. დემოკრატიული რევოლუციის შემოქმედი ე. წ. ოპოზიცია მზად იყო ედუარდისათვის განუსაზღვრელი უფლებამოსილებანი მიენიჭებინა, ოღონდაც მათ მიერ წამოწყებული ავანტიურის ბოლომდე მიყვანის შანსი შეენარჩუნებინათ. ამიტომაც შევარდნაძე მათ თანდათანობით დახუნძლეს აბსოლუტური მონარქის უფლებებით. გრძნობდა რა ყველაფერ ამას, განსაკუთრებით კი მათი პოლიტიკური არარაობის ფონზე საკუთარ შესაძლებლობებს, მართლაც რად უნდოდა ბატონ ედუარდს დიქტატორობა, როდესაც ყველაფერს მორჭმით განაგებდა, _ ეს ხომ მისი დამცრობა იქნებოდა (იოსელიან-კიტოვანის მოცილების შემდეგ მაინც). და აქ გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ამაში იგი ცამდე მართალი იყო.
ან ამ ავანტურისტთა ბანაკში ვინ გაბედავდა სერიოზულად ჩამოეგდო საუბარი სახელმწიფო მეთაურის იმპიჩმენტზე, ვინ ისურვებდა იმ ტოტის მოჭრას, რომელზედაც იჯდა! რა თქმა უნდა, არავინ. და აქედან გამომდინარე, შევარდნაძის ღაღადიც, რომ "მე არ მიმიღია არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის გარეშე", [გვ. 312] მტკნარი სიცრუეა, რადგან "ჭური", რომელიც მან პარლამენტად აკურთხა (უმნიშვნელო გამონაკლისით), რასაც ის ჩასძახებდა, იმას ამოსძახებდა, და მათი მხარდაჭერაც, შევარდნაძის მხრიდან ხშირად აშკარა შანტაჟით ხდებოდა უზრუნველსაყოფი.
ბატონი ედუარდი იქვე ნიშნისმოგებით აღნიშნავს: "გამსახურდიას რეჟიმი უშედეგოდ ესწრაფოდა საერთაშორისო ხიდების აგებას და როცა ეს არ გამოდიოდა, თავს ესხმოდა "დამპალ დასავლეთს", ადანაშაულებდა დემოკრატიის იდეალების ღალატში" [გვ. 313] ამგვარი ნიშნის მოგებით ლაპარკში კარგად ჩანს, თუ როგორ ამზადებდა ბატონი შევარდნაძე ნიადაგს, რომ ეს დღეს ეთქვა – ეს ერთი, და მეორედაც – ის თავად არ აღიარებს, რომ დასავლეთს საბჭოთა კავშირის დაშლა რა სურდა და ის თავისი პრობლემების ხავერდოვან მოგვარებაზე ზრუნავდა?! მაშ, რა შეიძლებოდა ამგვარი პოზიციისათვის ეწოდებინა დისიდენტ პრეზიდენტ გამსახურდიას?.. თუ რასაც "შევი" ხედავდა, გამსახურდიას არ შეიძლებოდა დაენახა?! და საერთოდ, რა გონებრივი უპირატესობა შეიძლებოდა ჰქონოდა კომუნისტ შევარდნაძეს დისიდენტ გამსახურდიასთან, _ ამის განსაზღვრა, ვისაც გონება შერჩენია იმათ მივანდოთ. მაშინ კი საქმე იმაში იყო, რომ ბატონი შევარდნაძე დასავლეთმა თავის მიზნებს ამსახურა, საქართველოსათვის სავალალო ყველა შედეგებით; ამიტომაც უქმნიდნენ საჭირო ფონს, როგორც თავად აღიარებს მათთვის ამ ყველა თვალსაზრისით კონტროლირებად პოლიტიკოსს. გამსახურდია კი, ამ პროცესში აუცილებლად წინ წამოსწევდა, და ასეც აკეთებდა, დასავლეთის პასუხისმგებლობის საკითხს, დასავლეთს კი არავითარი პასუხისმგებლობის აღება არ სურდა და მისგან საბოლოოდ თავის დაძვრენა გამსახურდიას მოცილებით სცადა, მაგრამ ამისათვის სამარცხვინო ბოძზე გაკვრას მაინც ვერ ასცდა. (სხვათაშორის, ამის შედეგია, დღევანდელ ვითარებაში, მისი მცდელობანი თავიდან აიცდინოს მორიგი სირცხვილი) _ მაგრამ, ჯერჯერობით, ამაოდ.
ბატონი ედუარდი აქვე განაგძობს, რომ "მე არავისთვის მითხოვნია აღიარება – არცთუ მთლად ლეგიტიმური და, თუ ზუსტი ვიქნებით, სულაც არალეგიტიმური ხელმძღვანელებისაგან ასეთი რამის გაკეთება არნახული პოლიტიკური უტაქტობა იქნებოდა" [გვ. 313-314] _ მაგრამ ის უფრო მისაღები დარჩა დასავლეთისათვის სწორედ ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნულ მიზეზთა გამო, ვიდრე ქართველი ხალხის ნება და მასში გამოხატული მისი ეროვნული ხელისუფლება. _ ეს კი დასავლეთის სიდამპლის, მართლაცდა უტყუარი ფაქტია _ და არა იმისა, რომ "ყოფილმა რეჟიმმა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცი" [გვ. 314]. (ორ საერთაშორისო კონფერენციაზე ბათუმსა და თბილისში ჩვენს ამ შეფასებებს "დასავლეთმა" ვერაფერი დაუპირისპირა, გარდა სიჩუმისა _ უ. ო.).
"პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ, არ არსებობს პირადი ურთიერთობები, არის მხოლოდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები" [იქვე], იქვე ამბობს შევარდნაძე, (რაც ჩერჩილის ცნობილი გამოთქმის პერიფრაზირებაა) და თუ ეს იცის, თვითონ გააკეთოს დასკვნა, ვინ იყო თავად ის დასავლეთისათვის იმ კონტექსტში, რაც მან გააკეთა, _ როგორც ჟარგონზე იტყვიან _ უბრალო შესტიორკა", _ თავის მოტყუებას თუ არ ისურვებს, _ ხოლო თავისი სამშობლოსათვის კოლაბორაციონისტ-კონდოტიერი. ამიტომაც მის ე. წ. მეგობრებსაც და მათ "დიდ ღვაწლსაც" ნურავის ამადლის, რადგან ქართველ კაცზე უკეთ იშვიათად იცის ვინმემ, თუ რა არის ნამდვილი მეგობრობა. 
მიუხედავად ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა, როცა ბატონი ედუარდი მართლა გულწრფელია, მართლაც შეუძლია გამონახოს სიტყვები, რომლებიც ყველას გულის სიღრმემდე შეძრავს, და მისი ასეთი გულწრფელობის ნიმუშია მოწოდება "კედლის აქეთა მხარეს", სადაც მართლაც მოახერხა ეპოვნა გზა ადამიანთა გულებისაკენ და ამიტომაც "სასოწარკვეთის ეს ძახილი მსოფლიომ გაიგონა" [გვ. 310] აი, ასეთი წამი ქმნის მარადისობას...
ის გულწრფელია იმაშიც, როცა ამბობს: "სიძულვილის და შურისგების მხეცი გალიიდან გამოვიდა” [გვ. 321] – დიახ, ბატონო ედუარდ, სიძულვილისა და შურისგების მხეცი გალიიდან გამოვიდა მაშინ, როდესაც თქვენ უარი უთხარით თქვენს ქვეყანას დახმარებაზე, როდესაც მონაწილეობა მიიღეთ საბჭოთა კავშირის შესანარჩუნებლად გამართულ რეფერენდუმში, როცა საქართველოს თქვენთვის მიუღებელ ხელისუფლებას, დარაზმეთ და შეუსიეთ მთელი საბჭოური ნომენკლატურული აგენტურა, როცა სამხედრო-კრიმინალურ ბანდას დაუდექით გვერდით, და როგორც ამ წიგნში აღიარებთ, რესპექტაბელურობა შესძინეთ სახელმწიფო დამნაშავეთა ხროვას და ა.შ. და ა.შ., და იგი დღესაც გალიიდან გამოსული რჩება, რადგან თქვენ ცდილობთ თქვენი ე.წ. მოგონებებით მის გამართლებას. იგი გალიიდან გამოსული იქნება მანამ, სანამ იკადრებთ ასეთ მორიგ სიცრუეთ: "1991 წლის 9 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას თანხმობით (ეს საყურადღებოა!) მიიღო აპარატეიდული საარჩევნო კანონი, რომელმაც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მოსახლეობას აფხაზური უმცირესობის (მოსახლეობის 17%) უმრავლესობა უზრუნველყო, რაც რეალურად გაფორმდა კიდეც 1991 წლის დეკემბრის არჩევნებით, როდესაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა – ქართველები, რუსები, უკრაინელები, სომხები, ბერძნები, ებრაელები, ოსები, ესტონელები, შესაბამისი დეპუტატებით – საპარლამენტო უმცირესობაში აღმოჩნდა – უზენაეს საბჭოში მათ ორნახევარჯერ ნაკლები ადგილი მიიღეს, ვიდრე 17-მა პროცენტმა აფხაზმა" [გვ. 390]. ამხანაგი შევარდნაძე აქ სასტიკად სტყუის და თანაც მრავალ ასპექტში: ჯერ ერთი, როცა აფხაზებს უნდა ჰყოლოდათ 70-დან 32 დეპუტატი, ქართველებს – 28, ხოლო დანარჩენთ – 10, საიდან გამოდის ორნახევარჯერ ნაკლები მათთვის (სულ 38 ადგილი, ვიდრე აფხაზეთისათვის, ეს მის მათემატიკის მასწავლებელს მოვკითხოთ, _ მეორეც, _ მან თუ ხელისუფლების შესანარჩუნებლად "ბალტინის არმადას" გაურიგდა, აღარაფერს ვამბობთ მის მოსაპოვებლად საყოველთაოდ ცნობილ კრიმინალებთან გარიგებაზე, ნუთუ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას არ ჰქონდა უფლება აფხაზეთში გარდამავალი პერიოდისათვის ასეთი დათმობის გზით სიმშვიდე და სტაბილურობა შეენარჩუნებინა, რაც არ დარღვეულა  საქართველოს სათავეში კრიმინალების მოსვლამდე?! და მესამეც, გამსახურდიას ხელისუფლების ყველა წარმატება ხომ შევარდნაძის პირადი ტრაგედია იყო _ აი, მისი ნამდვილი ტრაგედია და მისი ტრაგიკული აზროვნების მიზეზი, ამასთან ნაყოფიც... და შემდეგ, როდესაც ის წერს: "აფხაზეთი კრიმინალურ ანკლავად იქცა, ტერორისტთა და მძარცველთა თავშესაყარად. საჭირო იყო სასწრაფო და გადამჭრელი ზომების მიღება" [გვ. 392] _ ნუთუ ის არ გრძნობს ყოველივე ამაზე პასუხისმგებლობას... ნუთუ თავის მოტყუებასაც შესძლებს?! ან როცა ამბობს, "ზვიადისტების" გამოსვლა თბილისის და სოხუმის "აქცია" (გივი ლომინაძის წინააღმდეგ – უ.ო.) აშკარად სინქრონიზებული ჩანდა" [გვ. 393], რად უკვირს, თუ ძალები, რომელთაც ურთიერთობა კონსესუსისა და ურთიერთ ინტერესების პატივისცემაზე ააგეს, ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდნენ. ან კიდევ "13-14 აგვისტოს სადგურ ინგირთან სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს. აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ საქართველოსთან ახლა მხოლოდ საავტომობილო გზა აკავშირებდა და თუ ამ გზაზე ავტოხიდსაც ააფეთქებდნენ, ეს მთლად მოწყვეტდა ქვეყნის ამ ორ ნაწილს ერთმანეთისაგან". [გვ. 395].
ედუარდ შევარდნაძეს ადრეც საყვედურობდნენ გეოგრაფიის ვოლუნტარისტულ აღქმას და ახლაც ინგირის ხიდის აფეთქება როგორ მოწყვეტდა ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს, ეს ალბათ მის საიდუმლოდ დარჩება სიკვდილამდე. (ამგვარი სიცრუით ბატონი ედუარდი, როგორც აფხაზეთიდან მისი სამთავრობო ჯარების გამოქცევისას მოიქცა, ხელოვნურად ცდილობს სიტუაციის გამძაფრებას და მასში "მტრის" (რომელშიც იგი ყოველთვის "ზვიადისტებს" გულისხმობს) დაადანაშაულებს, ასეთი ფანდით კი თავის გათეთრებას. მაგრამ არ გათეთრდების... და როგორც ჩვენთან, აჭარაში იტყვიან, მას ჭოროხიც კი ვერ გარეცხავს"... მითუმეტეს როცა საქართველოში უშუალოდ მისი დაბრუნების შემდეგ ჩადენილი დანაშაულების გამართლებას ასეთი არგუმენტებით ცდილობს: დრო იყო ასეთი _ უდისციპლინობისა და თვითნებობის დრო. ვისაც რა უნდოდა იმას აკეთებდა, ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო დალაგებული" [გვ. 403], ან "კიტოვანმა რამდენიმე დღე შეიცადა და ჩემგან რომ ვერ მიიღო სოხუმში ჯარების შეყვანის ნებართვა, თავად გასცა ბრძანება და შევიდა სოხუმში... უკონტროლო ჯარი შეესია მოსახლეობას, აფხაზურს თუ ქართულს. ძარცვა დაიწყო, ბევრი გაძარცვეს..." [გვ. 405]. თუ ყველაფერი ასე იყო, რატომ აიღო თავზე ამ კრიმინალების პოლიტიკის გათეთრება და რატომ არ გადადგა?!, ან კიდევ, როცა იქვე განაგრძობს - "მერე გუმისთაზე ქართული ბატალიონი ჩააყენეს, _ ზვიადისტების ბატალიონი იყო, სხვათაშორის, კარგი ბიჭები იყვნენ და შემდგომაც კარგად იბრძოდნენ, სანამ ზვიადი დაბრუნდებოდა. ჩეჩნეთიდან და აუკრძალავდა"... [გვ. 405] რას ნიშნავს ეს?! ნუთუ "ზვიადისტების", როგორც ის ამბობს, "ბატალიონი" ოდესმე ე. შევარდნაძის მთავარსარდლობას ექვემდებარებოდა?! და თუ ის იბრძოდა, ყოველთვის ზვიად გამსახურდიას მითითებითა და ბრძანებით. ბატონი ედუარდი კი, იმ დონეზე ვერ მორევია ბოღმას, სხვა სიტუაციებში სიბრძნის მანტია მოსხმული, რომ ზიზღისა და მძულვარებისაგან ატანილი, ამისთანა სიბინძურის გასაღებას ცდილობს...
ზვიად გამსახურდიამ კი ჩამოსვლისთანავე ყველას გამოგიწოდათ შერიგების ხელი აფხაზეთის გადასარჩენად, მაგრამ თქვენ მასთან კომპრომისს მოსისხლე მტერთან გარიგება და მასთან ალიანსში საკუთარი ხალხის დათრგუნვა ამჯობინეთ, ახლა კი ისევ თავის გასამართლებლად ათას აბდაუბდას ჩმახავთ... და არც ასეთი რამ - "ქართულ-აფხაზური ომი" - ბუნებაში არ არსებობს – ეს არის ქართულ-რუსული ომის გაგრძელება რუსეთის მიერ, ამ ეტაპზე უკვე საქართველოს დასანაწევრებლად (რუსეთი დღესაც ცდილობს, რამენაირად ამ ომის ქართულ-აფხაზურ ომად გადაქცევას...) თქვენ კი მას ხელს უწყობთ.
მსგავსი ასპექტებით საკმაოდ მდიდარია მემუარები. თუნდაც ეს რად ღირს: "თუმცა რუსებს რა უნდა ვუსაყვედურო, როდესაც თავად ქართველები, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები, ყველაფერს აკეთებდნენ ქვეყნის დასაშლელად და რუსეთის განზრახვათა განსახორციელებლად" _ [გვ. 410] ამბობს ედუარდი და არ უკადრისობს არანაირ სიცრუესა და დეზინფორმაციას, რომ მის მიერ ნაკურთხი საქმეები სხვებს გადააბრალოს და მათკენ გაიშვიროს ხელი, ვინც ამ საქმეთა აღსრულებაში თავგანწირვით ეწინააღმდეგებოდა. ამაში დასარწმუნებლად სხვა არფერია საჭირო, მხოლოდ უნდა გადავხედოთ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მის ნამოღვაწარის შედეგს, რითაც საქართველოს მიმართ რუსეთის ყველა განზრახვა მართლაც სისრულეში მოიყვანა _ ქვეყანა გააპარტახა, დაშალა, დსთ-ში შეათრია, და რა მივიღეთ? დღეს უკვე აშკარად ოკუპირებული აფხაზეთი და შიდა ქართლი, რომელიც მაშინ ბატონმა ედუარდმა საქართველოში თავისი ხელისუფლების უდღეურ არსებობის გაგრძელებას შესწირა დაგომისისა და სოჭის შეთანხმებებით.
ის როცა რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებულ დაბომბვაზე საუბრობს, ამბობს, რომ რუსთაგან ერთ-ერთმა განაცხადა: "ჩვენი არ არის, ჩამოაგდეთ!" ჩამოგდებას, რა თქმა უნდა, დიდი დრო არ უნდოდა, მაგრამ მაშინ ეს იქნებოდა არა უბრალოდ ქართულ-რუსული ინციდენტი, არამედ ქართულ-რუსული აშკარა ომი!" [გვ. 414] – რაც მისი აზროვნების მოწყობის დამახასიათებელი ნიმუშია (თეიმურაზ ხევისთავის სინდრომი). ნუთუ, თუ რუსულ თვითმფრინავს არ ჩამოვაგდებდით, ეს ასე არ იყო?!
მაგრამ შევარდნაძე ზუსტად ამისათვის გამოგზავნეს რუსმა და დასავლელმა "მეგობრებმა" საქართველოში, რომ მათთვის ყველანაირად პროგნოზირებადი და მართვადი იყო და რადიკალური ქმედედებით მათ უხერხულობას არ შეუქმნიდა, რითაც ისინი ბოლომდე ინარჩუნებდნენ გარანიტიას, ჩუმად ეკეთებინათ თავიანთი საქმე ამ რეგიონში, რაც მან პირნათლად შეასრულა. როდესაც ამას ვამბობ, სრულებითაც არ მაქვს მისდამი ანგარიშსწორების არავითარი სურვილი, _ უბრალოდ მინდა ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, რომ ვერავის შეიყვანს შეცდომაში თავისი მემუარებით. რასაც ბატონი ედუარდი კარგად გრძნობს, მაგრამ მას სურს უკანასკნელი სამსახური გაუწიოს იმ სიბარიტებს, რომლებიც მას შეეწირნენ და ამით მომავლისათვის იმედი შეუნარჩუნოს მათ ფარისევლობით თავის გატანისა, _ რაც სრულ წინააღმდეგობაშია მის მონათვლასთან და სატანის მსახურების გზის გაგრძელებას წარმოადგენს.
ბატონო ედუარდ, ვინა ხართ თქვენ, მართლაც უცოდვილესი მოკვდავთაგანი, რომ მსოფლიოსა და მითუმეტეს, უფლის მოტყუება შესძლოთ?!
საქართველოს და ქართველ ხალხს თქვენი გასამართლება და დასჯა არაფერში სჭირდება, - მაგრამ მას სჭირდება თქვენს მიერ ყველაფერი ამის აღიარება, _ და რადგან მან კარგად იცის, რომ სხვანაირად ვერც მოიქცეოდით _ ყველაფერს შეგინდობთ და გაპატიებთ. ამასთან ბოლოს და ბოლოს ეღირსებით იმასაც, რაც ასე გინდათ _ მის გულწრფელ სიყვარულს უძღები შვილისადმი. თქვენი ეს აღიარება კი, მას სჭირდება იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.

უ. ოქროპირიძე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ქ. ბათუმი, 14.10.2009 წ. 
დღე მცხეთობა-სვეტიცხოვლობა