შემოგვიერთდით
კატეგორია / კონფლიქტები   1, 132 ნახვა    3 წლის წინ
კონფლიქტების ანატომია საქართველოში და მათი დარეგულირების პრობლემები




პრობლემა, რომელიც თავის დისერტაციაში–„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები და მისი დარეგულირების პრობლემები“–ისტორიის აკადემიური დოქტორის ხარისხის მაძიებელმა სულხან ალექსაიამ კვლევის საგნად გაიხადა თანამედროვე საქართველოს ყველა პრობლემათა  გასაღებია და ამიტომაც ურთულესია; დიდი გონიერებითა და პასუხისმგებლობით, ამასთან დიპლომატიური ტაქტით არის საჭირო მისი გაშუქება და საერთოდ მასზე საუბარი. აღნიშნულ რეგიონთა კონფლიქტებისა და  მათი დარეგულირების გზების ძიებისას მრავალი დაშვრა და მასზე მიძღვნილი სტატია-ნაშრომების რიცხვი არა ერთ ათეულს შეადგენს, ამიტომაც ჩვენი დღევანდელი განხილვის საგანი მეტად დიდ პასუხისმგებლობასა და ღრმა ანალიზს გვავალებს, რომ ადრე განხილულ პრობლემების გადაწყვეტის გზათა ლაბირინთებს შორის დავადგინოთ, მოახერხა თუ არა თავისი ორიგინალური და თავისთავადი მიმართულების პოვნა და მისი მეცნიერული დასაბუთება წარმოდგენილ ნაშრომში ღრმად პატივცემულმა დისერტანტმა.
სწორედ ამ საკითხს ეხება ბ-ნი სულხანი სადისერტაციო ნაშრომის შესავალში, კერძოდ მის მე-4 გვერდზე, სადაც ის აღნიშნავს – „დღევანდელ პირობებში ჩვენ უდავოდ გვჭირდება საქართველოს (გარშემო შექმნილი საერთაშორისო ვითარება იგულისხმება – უ.ო.) ზუსტი გეოსტრატეგიული ანალიზის გაკეთება, რუსული საფრთხის ღრმა გააზრება და ადექვატურ ქმედებათა დაგეგმვა. ეს გახლავთ უახლესი პერიოდის მთავარი ამოცანა. წარმოდგენილი ნაშრომის სიახლე და პრაქტიკული მნიშვნელობაც სწორედ ყოველივე ამის ადექვატურ გააზრებაშია საძიებელი“–და ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ დავადგინოთ ამასთან ობიექტურად შევაფასოთ, მიაღწია თუ არა ღრმად პატივცემულმა დისერტანტმა, მართლაც, ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს და მოგვცა თუ არა  ხელშესახები სიახლე პრობლემის გააზრებისა და გადაწყვეტის გზების ძიების თვალსაზრისით.
სწორედ ამ ნიშნით განვიხილეთ ჩვენ წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომი და თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ჩვენს მიერ გამოჩენილი კრიტიკული პათოსისა, ის მართლაც ორიგინალური საკმაოდ მაღალი ხარისხის აღმოჩნდა, სწორედ ზემოთ დისერტანტის მიერ აღნიშნული პრობლემების ადექვატური გააზრებისა და გადაწყვეტის გზების ძიების მიმართულებით.
უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ დისერტანტს ამ მიზნის მისაღწევად  მოტანილი აქვს უზარმაზარი ისტორიული და საარქივო მასალა და მათი ურთიერთშეჯერების კვალობაზე ცდილობს გახსნას პრობლემის ურთულესი არსი.
დისერტაცია შედგება შესავლის, საკითხის ისტორიოგრაფიის და 6 თავისაგან, რომელიც თავის მხრივ დაყოფილია 10 პარაგრაფად და, რაც მთავარია, სადისერტაციო ნაშრომის მხოლოდ დასკვნები მოიცავს 23 (ოცდასამ) თაბახის ფურცელს.
დისერტაციის შესავალში ლაპარაკობს რა თანამედროვე მსოფლიო გლობალიზაციის პრობლემებზე და მასთან დაკავშირებულ მსოფლიო ბაზრის გადანაწილების საკითხზე, დისერტანტი სამართლიანად აღნიშნავს, რომ „ყურადღება გადატანილია  ენერგორესურსებზე და სატრანზიტო გზებზე. იმის გამო, რომ საქართველო ერთ-ერთ სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენს და მასზე გადის ენერგომატარებლები, სწორედ ამიტომაც ჩვენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ინტერესთა არეალში ვართ მოქცეული. მათი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების თანხვედრამ რამდენადმე გამოიწვია აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებიც“... [გვ. 4]. მაგრამ, რადგანაც დღეისათვის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომი მომხდარი ფაქტია, კარგი იქნებოდა დისერტაციის ამ ნაწილში ასახულიყო, რომ ამ ომის შემდეგ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნისა და ენერგოგამტარებლის როლი რამდენადმე შეიზღუდა. სწორედ ეს იყო ამ ომში რუსეთის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანიც, რომ მსოფლიო აღნიშნული დერეფნის  სრულ უპერსპექტივობაში დაერწმუნებინა. ამასთან, დღევანდელ პირობებში ამ ენერგოგამტარებლების ხაზის რუსულ მავთულხლართებს  იქეთ შესაძლო აღმოჩენა სრულიად დაუკარგავს მას ყოველგვარ დანიშნულებას და, აქედან გამომდინარე, ფასსაც.
ნაშრომის ამავე ნაწილში მოცემულია რუსეთის თანამედროვე პოლიტიკის უმთავრესი მახასიათებლების ანალიზი და აღნიშნულია, რომ „ზოგადად რუსეთის სახელმწიფოსათვის დღემდე მთავარ მახასიათებლად რჩება მის საშინაო და საგარეო  პოლიტიკაში „რუსული  ველიკოდერჟავული იდეები კარგი იქნებოდა, ამ იდეების თანამედროვე შინაარსის უკეთ გასაგებად, აქვე თქმულიყო, რომ რუსეთი ცდილობს თავისი გავლენის სფეროდ მიჩნეულ რეგიონებში ხელოვნურად შექმნას მართვადი ქაოსი, ამ ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევისათვის საბაბის საპოვნელად,–და შემდეგ როგორც ნაშრომშია,–„რუსეთი აგრეთვე ცდილობს ორპოლუსიანი მსოფლიოს შენარჩუნებას და ამ მხრივ კონკურენციას უწევს აშშ–ს“ [გვ. 5]. აქვე უპრიანი იქნებოდა იმის აღნიშვნაც, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტორი სძენს ამ ხელოვნურად ინსპირებულ კონფლიქტებს საერთაშორისო ხასიათს, და სწორედ ამიტომაც „რუსეთი ებღაუჭება საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებს და ყოველგვარი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების იგნორირებით ცდილობს მის მითვისებას“ [გვ. 5], რადგან მისი ასეთი ქმედებანი სწორედ საერთაშორისო გარიგების შთაბეჭდილებას სტოვებს. და  თუ ეს არ არის, უნდა დაისვას სამართლიანი კითხვა, – ამ აშკარად საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ფეხქვეშ გამთელავი სახელმწიფოს წინააღმდეგ რატომ არ არის ამუშავებული საერთაშორისო სამართლებრივი თუ ეკონომიკური ბერკეტები?!
ღრმად პატივცემული დისერტანტი იქვე სამართლიანად აღნიშნავს, რომ „...რუსეთს თავისი ინტერესები აქვს აგრეთვე ბალკანეთში. იგი აქტიურად უჭერდა მხარს სლავურ მართლმადიდებლურ მოსახლეობას“... [გვ. 5].
თუ აქ დისერტანტი XIX ს–ის რუსეთის ბალკანურ პოლიტიკას გულისხმობს, ეს როგორც რუსეთის შემდეგმა ქმედებებმა დაამტკიცა, იყო ე.წ. „პოლიტიკური მარიაჟი“  ბალკანეთის სლავური ქვეყნების და საერთოდ, ბალკანეთის საკითხის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და შემდეგში ამ ქვეყნებს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდათ ამ მოძალადე „კეთილისმყოფელისგან“ თავის დასაღწევად; ხოლო რაც შეეხება სერბიისა და კოსოვოს გარშემო შექმნილ გარემოებათა გამო რუსეთის გაღიზიანებას, იგი, როგორც დისერტანტი არაერთხელ აღნიშნავს, იმითაა გამოწვეული, რომ გაბედეს და რუსების ინტერესთა იგნორირებით შეეხნენ მისი გავლენის  სფეროდ მიჩნეულ რეგიონს და ამით შელახეს მისი, როგორც ზესახელმწიფოს  პრეტენზიის მქონე ქვეყნის თავმოყვარეობა და არა იმით, რომ მას აინტერესებდა, ან აინტერესებს ამ სახელმწიფოთა სასიცოცხლო სივრცისა და მოთხოვნილებათა დაცვა, რაც მის მიერ არაერთგზის ყოფილა ფეხქვეშ გათელილი.
ესეც, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი ირიბი დასტურია იმისა, რომ აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტების დღევანდელი ფორმატი საერთაშორისო გარიგების შედეგია, სწორედ რუსეთის დაშოშმინების მიზნით.
ამიტომაც დისერტაციაში მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ „...კონფლიქტური კერა არა მარტო რუსეთის ფაქტორით არის გამოწვეული, არამედ სეპარატიზმი მოდიოდა მისგან წაქეზებული აფსუა ლიდერებიდანაც“... [გვ. 6], ჩვენი აზრით, საკითხის რამდენადმე გაუბრალოებას წარმოადგენს, რადგან ამ ე.წ. აფსუა ლიდერებს აქ არავინ არაფერს ეკითხებოდა და ეკითხება, რადგან სწორედ ესენი არიან რუსეთის ფაქტორის პროდუქტები, რუსეთის იმპერიის მიერ ადგილზე აღზრდილი ნომენკლატურული კაპიტალის უკანასკნელი ნარჩენები. და თუ ჩვენ აფხაზებთან (ასევე სხვებთანაც) ურთიერთობის ნორმალიზება გვსურს, უნდა ვიმოქმედოთ ამის გათვალისწინებით და ამასთან, თანდათანობით შევზღუდოთ ამ კასტის სამოქმედო არეალი ქართულ სახელმწიფოში, რადგანაც ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ, როგორც თბილისში, ისე სოხუმში, ცხინვალის რეგიონსა თუ საქართველოს სხვა კუთხეებში.
რაც შეეხება სადისერტაციო ნაშრომის ისტორიოგრაფიულ ნაწილს [გვ. 8-45] მის პირველ თავს – „აფხაზთა და ალან-ოსთა ეთნიკური ვინაობის საკითხისათვის“ [გვ. 46-68] დისერტანტი თანმიმდევრულად განიხილავს ამ საკითხთა ირგვლივ სამეცნიერო მიმოქცევაში დამკვიდრებულ და უკვე საკმაოდ აპრობირებულ შეხედულებათ და სიახლის თქმის პრეტენზია მას აქ თითქმის არა აქვს, თუმცა უზარმაზარი მასალა აქვს მოტანილი.  ამიტომაც ვფიქრობთ, სასურველი იქნებოდა, რომ დისერტაციის ეს ნაწილი მოკლედ და კომპაქტურად ყოფილიყო წარმოდგენილი; თუმცა აღვნიშნავ იმასაც, რომ ზოგიერთი საქმეში გაუთვითცნობიერებელი, მაგრამ დაინტერესებული მომხმარებლისათვის, ასეთი ვრცელი ექსკურსი, შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს. აქვე აღვნიშნავ, რომ საკვლევ თემასთან დაკავშირებით, ბ-ნი დისერტანტის პოზიციის გასაგებად მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 45-ე გვერდზე დაფიქსირებული მოსაზრებაც: „ქართველ მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზები, რომლებიც აქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ, ისეთივე ქართველური ტომები იყვნენ, როგორც მათთან ერთად მცხოვრები ეგრები, კოლხები, სვანები, ხალიბები, ქართები და სხვა. მაგრამ XVII საუკუნეში ჩამოსახლებულმა ჩრდილო კავკასიელმა აფსუებმა, რომლებიც რეალურად არიან ადიღეური წარმოშობისანი, თავიანთ თავს უწოდეს „აფხაზი“. ალბათ, ჩვენი შეცდომაცაა, რომ დროზე ვერ გავაკეთეთ სათანადო რეაგირება ამ ტერმინთა გაიგივების გამო და თავ–თავიანთი სახელი არ დავარქვით ყველაფერს. ეს შეცდომა კი დღეს ტერიტორიების დაკარგვად დაგვიჯდა“ [გვ. 45]. აღნიშნული პრობლემის სწორად გაგების ტენდენცია ხაზად გასდევს დისერტაციას, რაც მეტად მნიშვნელოვანია და დისერტანტის სასარგებლოდ განგვაწყობს.
დისერტაციაში მითითებულია, რომ როგორც „ქალაქი“ ცხინვალი პირველად 1392 წლის მცხეთურ სიგელში იხსენიება: [გვ. 61], რაც მთლად ზუსტი არ უნდა იყოს, რადგან 1392 წლის საეკლესიო მამულების სიაში ცხინვალი მოხსენიებულია ქართლის სხვა სოფლებთან ერთად ქრცხინვალის სახელწოდებით და იქ არსად არის ნახსენები, რომ იგი ქალაქი იყო [თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, ტფ., 1898, გვ. 195-198 (197 გვ.)].
დისერტანტი საუბრობს რა ტერმინ „სამხრეთ–ოსეთის“  ოფიციალურ დოკუმენტში 1860 წელს პირველად გამოჩენის შესახებ, აღნიშნავს, რომ  ეს არის ამ ეთნიკური ტერმინის მაშინდელი რუსეთის გეოგრაფიულ ლექსიკონში ჩანერგვის დასაწყისი“... [გვ. 65] და მოაქვს რა დიდძალი მასალა ოსთა კავკასიაში და კერძოდ საქართველოში ჩამოსახლებისა და მათი უმართებულო პრეტენზიების შესახებ, ბოლოს სრულად ეთანხმება დასკვნას, რომ „ოსი ხალხის მთელი ისტორია არის უწყვეტი და თანმიმდევრული მიტაცება მეზობელი ხალხების ტერიტორიებისა კავკასიაში. არ არის არცერთი მეზობელი ხალხი, რომელთა ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი მათ არ მიეთვისებინოთ“ [გვ. 65-66].
სადისერტაციო ნაშრომის 62-66 გვერდებზე განხილულია საქართველოში ოსთა ჩამოსახლების შესახებ ვ. ითონიშვილის, ჯ. გვასალიას, კ. ხარაძის, გ. თოგოშვილის, ბ.კალოევის, ვას. კვირიკაშვილის, ა.თოთაძისა და სხვათა მეცნიერულ კვლევაში გამოყენებული სტატისტიკური მასალების ანალიზის საფუძველზე დისერტანტი აკეთებს მეტად მნიშვნელოვან დასკვნას, რომ „ამ სტატისტიკაზე თვალის გადევნებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ცხინვალის რეგიონის კონფლიქტი გახლავთ ხელოვნურად ინსპირებული რუსეთისა და ოსური ეთნოსის მიერ“ – [გვ. 66] მაგრამ აქაც უნდა ითქვას, რომ ოსურ ეთნოსს არავინ  არაფერს ეკითხება და აქაც მოქმედებს ჯენ კიდევ შემორჩენილი რუსული იმპერიული ნომენკლატურის კოლაბორაციონასტული კასტა, რომელთა წევრებსაც საერთოდ არ ანაღვლებთ ოსი ხალხის ბედი და მისი მომავალი, რადგან აღნიშნულ კასტას სამშობლო არა აქვს, და როდესაც თვით ოსები და თუნდაც აფხაზები ჩაწვდებიან ამ კასტის მიერ ჩადენილი საქმეების რეალურ შინაარსს, ისინი თავად გამოუტანენ  მათ დამსახურებულ განაჩენს. ეს უნდა მოთმინებით ავუხსნათ თვით ოსებსა და აფხაზებსაც და თავი გავანებოთ ამ კასტისათვის სეპარატისტების წოდებას, რადგან ასეთი სახელი მათთვის დიდი პატივია, რადგან ისინი საკუთარი ხალხის ნამდვილი ინტერესების გამყიდველი კონდოტიერები არიან, და არა მათი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლები.
ამასთან, როცა დისერტანტს მოყავს ანზორ თოთაძის შედგენილ ცხრილში მოცემული მონაცემები, სასურველი იქნებოდა მას დემოგრაფიული ექსპანსიის მასშტაბების გადაანგარიშება დაეწყო 1922 წლიდან 1989 წლამდე, როდესაც ცხინვალში ოსთა რიცხვი 1922 წლის 613 სულიდან, 31587-მდე 1989 წელს, ანუ 51-ზე მეტჯერ, 5100%-ით გაიზარდა, ხოლო რუსებისა-64 სულიდან 1836-მდე, ანუ 29-ჯერ, 2900%-ით; და ეს მაშინ, როდესაც ქვეყნის  მკვიდრი ქართული მოსახლეობის რაოდენობა აღნიშნულ წლებში, სულ რაღაც ხუთჯერ არ გაზრდილა.
აქ ყველაფერი დღესავით ნათელია, თუ საიდან მოდიოდა და რა მიზანს ემსახურებოდა ასეთი გააფთრებული დემოგრაფიული ექსპანსია, მაგრამ აქვე უნდა დაისვას მეტად კანონზომიერი ისტორიული კითხვა: – „რატომ უშვებდა ამას საბჭოთა  საქართველოს ხელისუფლება?! რომელსაც გაეცემა ასევე კანონზომიერი ისტორიული პასუხი: –„იმიტომ, რომ ის არასდროს წარმოადგენდა საკუთარი ქვეყნის და ხალხის მოთხოვნათა გამომხატველ მმართველობას და მარიონეტი, ქართველი ერის ინტერესების გამყიდველი კოლაბორაციონისტებისაგან შედგებოდა. ამიტომაც ქართველმა ხალხმა აღარასდროს აღარ უნდა დაუშვას საქართველოს ხელისუფლების საჭესთან ანალოგიური სულისკვეთების მატარებელი ნომენკლატურული კასტის მოსვლა და ქართულ სივრცეში მისი ამოღზრდა.  და როდესაც ვლაპარაკობთ, რომ „ე.წ. სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის შექმნა გახლავთ საბჭოთა კავშირის მიერ ჩადებული „ნაღმი“ და ა.შ. და ა.შ. – [გვ. 68], ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს „ნელი მოქმედების ნაღმები“ საქართველოს ცოცხალ სხეულში ჩადებული იქნა სწორედ ქართველი ხალხის უძღები შვილების არნახული რუდუნებითა და მონდომებით. ამიტომაც ეს აბელ არავიძენი, როცა საქართველოში სასტიკად უსწორდებიან წმიდა ილია მართლის მსგავს უდიდეს მამულიშვილთ, მთელი ქართველი ერი ფეხზე უნდა დადგეს და დასაწყისშივე ამოიძირკვოს იმ უწმინდურების სათავე, რომელსაც მსგავსი ბოროტების შემზადება შეუძლია.
თავში – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი 1918–1989 წლებში [გვ. 68-118], მეორე პარაგრაფში – აფხაზეთის საკითხი 1918-1921 წლებში [გვ. 80-91] – პატივცემულ დისერტანტს მოტანილი აქვს მეტად მნიშვნელოვანი პასაჟი, როგორც ნამდვილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის გასაღებს და სულისკვეთებას წარმოადგენს. აი, ისიც: „თბილისში კავკასიის მეფისნაცვალ დიდ მთავარ ნიკოლოზ რომანოვთან 1916 წლის 26 აპრილს შედგა აფხაზ დეპუტაციასთან შეხვედრა, რომელშიც შედიოდნენ თავადი ალ. შერვაშიძე, თავადი პ. ანჩაბაძე, აგრეთვე ბ. ზუბხაია და ა. ჩუკბარი. დეპუტაციამ მეფისნაცვალს სხვადასხვა მოთხოვნა წაუყენა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სკოლების გახსნა, სადაც სწავლება ქართულ და აფხაზურ ენაზე იქნებოდა. მოითხოვეს ასევე, რომ ფახაზეთის ეპარქია დარჩენილიყო საქართველოს ეგზარქატის, ხოლო სოხუმის ოკრუგი-ქუთაისის გუბერნიის, ანუ საქართველოს შემადგენლობაში“ [გვ. 80-81]. აი, ბატონებო, აფხაზი ხალხის ნამდვილი სულისკვეთება, მისი ჭეშმარიტი ნებისყოფის გამოხატულება, რომელმაც რუსეთის იმპერიის ერთიანობის პირობებში მშვენივრად იცოდა მტერ-მოყვარის გარჩევა.
მაგრამ როდესაც რუსეთის იმპერიის ერთიანობა დაირღვა და მას დაშლის საფრთხე დაემუქრა, რუსეთმა აფხაზეთშიც შესძლო იმ წუთშივე გამოენახა უტოპიური იდეებით გადატვირთული, მტერ-მოყვარის არ მცნობი კონდოტიერები და ისინი ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის დაეპირისპირებინა; მათი მეშვეობით აემუშავებინა რუსული იმპერიული ინტერესების შესაბამისად ძველი ცნობილი პრინციპი „გათიშე და იბატონე“. ამიტომაც პირდაპირ, ყველას გასაგონად უნდა ითქვას: ის პიროვნებანი, რომლებიც ასე აშკარად ასრულებენ ჩვენი საერთო არაკეთილმოსურნე ძალის მიერ შეკვეთილ დაკვეთას (როლს), ღალატობენ საკუთარი ხალხის ჭეშმარიტ სასიცოცხლო ინტერესებს და შეგნებულად მიაქვთ იგი აღნიშნული ძალის იმპერიული სულისკვეთების განხორციელების სამსხვერპლოზე. და კიდევ ამიტომაც, ისინი საკუთარი ხალხის ჭეშმარიტი ნების გამომხატველებად ვერ ჩაითვლებიან. ისინი ღალატობენ თვით აფხაზთა პერსპექტიულ მომავალს და ამ რეგიონში მტრის საქმესა და სულისკვეთებას აძლიერებენ... და აქ არაფერ შუაშია აფხაზი ხალხი, – იგი ამ შემთხვევაში მსხვერპლს უფრო წარმოადგენს, ვიდრე მის საწინააღმდეგოდ მიმართულ მტრულ ქმედებათა აქტიურ აქტიორს. ამაში კი ქართულმა მხარემაც უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, რადგან საქმე აქამდე მივიდა და საერთოდ, ეს რომ დავუშვით.
ამიტომაც თბილისშიც, საქართველოს ხელისუფლებაში ყოველთვის უნდა გვყავდეს ჩვენი ხალხების ნამდვილ საერთო ინტერესთა გამომხატველი პატრიოტები და არა კრემლის უშუალო დაკვეთათა აღმსრულებელი, სამშობლოს მოღალატე მარიონეტები, რომელთა კისერზეცაა აღნიშნულ რეგიონებში შექმნილ პრობლემათა ლომის წილი. ამიტომ ამ თვალსაზრისით შევეხებით ზოგიერთ ასპექტს.
სადისერტაციო ნაშრომის 114-ე გვერდზე დისერტანტი აღნიშნავს: „აფხაზეთის კონფლიქტური კერა, არა მარტო რუსეთის ფაქტორით არის გამოწვეული, არამედ სეპარატიზმი მოდიოდა მათგან წაქეზებული თვით აფსუა ლიდერებიდანაც [აქ ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ მოსაზრებათა გამო უმჯობესი იქნებოდა გვეთქვა, – „აფსუა  ლიდერებად ხელოვნურად გამოყვანილ აფსუა მარიონეტებისგან – უ. ო.] ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ „აფხაზეთის კონფლიქტი“ მათ ხელოვნურად აქციეს ეთნიკურ დაპირისპირებად. ამიტომ ჩვენ სამართლიანად მიგვაჩნია, რომ აფხაზურ კონფლიქტს ვუწოდოთ ეთნოპოლიტიკური კონფლიქტი“ [გვ. 114] მაგრამ ზემოთ ჩვენს მიერ განხილულ მოსაზრებათა გამო, ჩვენი აზრით, ამ ე.წ. „აფხაზურ კონფლიქტს“ არ შეიძლება ეთნოპოლიტიკური კონფლიქტი  (რაში მის გადაზრდასაც მტრული ძალა ყველანაირად ცდილობს) ეწოდოს, სწორედ იმიტომ, რომ ამ კონფლიქტს  რუსეთი და მისი მარიონეტი ე.წ. აფხაზი ლიდერები ხელოვნურად აქცევენ ეთნიკურ დაპირისპირებად, რასაც დისერტანტი თავადაც აღნიშნავს. ამიტომაც იგი უნდა განისაზღვროს არა როგორც ეთნოპოლიტიკური კონფლიქტი, არამედ როგორც რუსეთის სახელმწიფოს მიერ სპეციალურად შექმნილი მართვადი ქაოსი, რომლის საშუალებითაც იგი ცდილობს თავისი გავლენის შენარჩუნება-განმტკიცებას კავკასიაში და ამ შემთხვევაში, კერძოდ საქართველოში საკუთარი დიდმპყრობელური ამბიციების განსახორციელებლად; და სწორედ ამგვარ შეფასებას აძლევს, პატივცემული დისერტანტი, ყველაფერ ამას  215-ე გვერდზე, რაც ჩვენს ამ მოსაზრებას კიდევ უფრო უმაგრებს საძირკველს.
იმავე 114-ე გვერდზე დისერტანტი ამბობს: „...საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ, კრემლის კარნახით, გაასხვისა საქართველოს ტერიტორიები“... აქაც უპრიანი იქნება პირდაპირ მივუთითოთ, რომ ეს იყო არა ხელისუფლება, არამედ საქართველოს კომუნისტური ნომენკლატურა, რადგან ის არ შეიძლება ხელისუფლებად განვიხილოთ, თუნდაც სწორედ იმიტომ, რომ ყოველთვის „კრემლის კარნახით“ მოქმედებდა როგორც პირწავარდნილი მარიონეტი და წარმოადგენდა მისი ინტერესების გამტარებელ სპეციალურ კასტას საქართველოში.
ამის დასტურია აი, თუნდაც დისერტანტის მიერ დისერტაციაში მოტანილი ისტორიის მეცნ. დოქტორ, პროფესორ ავთანდილ სონღუაშვილის მიერ მოპოვებული უნიკალური  დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც „1960 წლის 11 მაისს აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანმა ბღაჟბამ თხოვნით მიმართა საქართველოს კპ პირველ მდივანს ვ. მჟავანაძეს, რათა ნება მიეცათ იმავე წლის ივნისში აღენიშნათ რუსეთთან აფხაზეთის შეერთების 150-ე წლის იუბილე, ხოლო 1989 წლის ე.წ. „ლიხნის მანიფესტში“ იგივე აფსუა სეპარატისტ-მარიონეტები ქართველებს ბრალს სდებენ XIX საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარ აფხაზთა მუჰაჯირობაში, შემდგომშიც მათ თავს დამტყდარ ყველა უბედურებაში [გვ. 117].
აღნიშნულ დოკუმენტებში სრულიად გაშიშვლებულია აფსუა სეპარატისტ-მარიონეტთა ნომენკლატურული კასტის ჭეშმარიტი სახე. აქ ამ კასტის ერთი წარმომადგენელი საკუთარი ხალხის რუსეთის იმპერიისაგან დაპყრობისა და მისი შემდგომი გენოციდის დაწყების 150-ე წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნის ნებართვას ითხოვს, ხოლო მეორენი ამ დაპყრობისა და გენოციდის ავტორებს, რუსებს ქართველებზე შესჩივიან, თითქოს აფხაზთა აღნიშნულ უბედურებებში ქართველ ხალხს რაიმე წილი ედოს, გარდა იმისა, რომ XIX საუკუნის აღნიშნულ პერიოდში თავგანწირვით ცდილობდა რუსეთის იმპერიისაგან გენოციდისათვის განწირული აფსუების გადარჩენას; და თუ დღეს ისინი ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი აფხაზურ მიწაზე, ეს სწორედ ქართველ მოღვაწეთა ამ თავგანწირვისა და მათზე ჭეშმარიტი, კეთილმოსურნე ზრუნვის შედეგია, რაც კარგად ახსოვთ ნამდვილ აფხაზ პატრიოტებს.
აი, სწორედ ზემოთ აღნიშნული, ასეთი უბინძურესი სიყალბიდან ნათლად ჩანს ამ ე.წ. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შინაარსის მთელი სიყალბეც და ისიც, რომ ჭეშმარიტ აფხაზ პატრიოტებს არაფერი აქვთ გასაყოფი და მითუმეტეს, სამტრო ქართველებთან და საქართველოსთან. და აქედან ისიც ნათელია, თუ საითკენ მიჰყავთ ამ უბინძურეს სიყალბის ავტორთ მათგან დეზორიენტირებული, მოტყუებული და ამიტომაც აშკარად განწირული აფხაზი ხალხი.
ისევ ქართველი ხალხის კეთილმა ნებამ და კეთილმოსურნე თანადგომამ უნდა იხსნას აფხაზეთი და აფხაზები დაღუპვისაგან. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავი გავანებოთ აფხაზებისაკენ  არაკეთილმოსურნე თვალით ცქერას და უშურველად გავუწოდოთ საშველად ხელი საკუთარი ნომენკლატურულ კასტის მიერ დასაღუპად განწირულ ჩვენს თანამოძმეთ. აი, რა გადაგვარჩენს ერთად ორივეს და იხსნის ქართულ სახელმწიფოს ღირსებასაც.
დღემდე კი, სამწუხაროდ, სწორედ ისეა საქმე, როგორც ამის დისერტანტი თავის ნაშრომში აღწერს: „მოსკოვი ეფექტურად იყენებს ვითომცდა ეთნოსთა მოთხოვნებს და მისთვის საჭირო მიმართულებით წარმართავს მათ“, და აქედან გამომდინარე დისერტანტისეული დასკვნაც, რომელიც აქვეა გაკეთებული, რომ „ეთნოკონფლიქტები ხელოვნურია და მათი გადაწყვეტა საერთაშორისო ორგანიზაციებს და დასავლეთსაც კი არ შეუძლია“ [გვ. 206] – რეალურ სურათს ასახავს და არაფერია მასში გადაჭარბებული. ამიტომაც სრულად მართებულად გამოიყურება აქვე მოცემული შემდეგი დასკვნაც, რომ–„მიუხედავად იმისა, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში არსებული ეთნოკონფლიქტები  ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის ინსპირირებული, მისი ესკალაცია განსხვავებულად მიმდინარეობს და ამ თვალსაზრისით ინდივიდუალურია. ამიტომ, სწორი იქნება, თუკი ჩვენ შევეცდებით ცალ-ცალკე შევისწავლოთ ისინი და ვეძიოთ ამ კონფლიქტებისაგან თავის დაღწევის გზები, რომელიც, ჩვენი აზრით, უფრო სწორ და გააზრებულ პოლიტიკაშია საძიებელი“... [გვ. 206] მაგრამ, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ „უფრო მეტად სწორი და გააზრებული პოლიტიკის“ გააზრებას და შემდეგ გატარებას თუკი მოწინააღმდეგეს დავუტოვებთ იმის გაფიქრებას შანსსაც კი, რომ ჩვენ მზად ვართ, წარმავალი მიზნის მისაღწევად, თავი, თუნდაც დროებით, მოვიტყუოთ. ამიტომ აქ პირდაპირ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კონფლიქტთა ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ინსპირირებულობის თეზა საკმაოდ საეჭვო ჩანს და იგი მსოფლიო გლობალური პოლიტიკის შემადგენელ კომპონენტად შეიძლება განვიხილოთ შემდეგ მიზეზთა გამო. დღეს ფართოდ რეკლამირებულ „თავისუფალ სამყაროს“ მიერ წარმოებული გლობალური პოლიტიკა, თუკი თავს არ მოვიტყუებთ, სრულიადაც არ არის ისეთი სამართლიანი, როგორადაც მის წარმოჩენას ეს ძალები ცდილობენ და მის საპირწონედ და გადასაფარავად, ამ ე.წ. „თავისუფალ სამყაროს“, როგორც ჩანს, სჭირდება ისეთი თვალშისაცემი და მსოფლიო სამართლებრივი პრაქტიკისათვის სრულიად მიუღებელი ნაბიჯების დაფიქსირება, როგორსაც დღევანდელობაში რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში აკეთებს. თორემ, თუ არა რუსეთის აგრესიის წამქეზებელი უჩინარი ფაქტორი, მათთვის არავითარ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს პრინციპული, გადამჭრელი ნაბიჯებით რუსეთის თავგასულობისა და მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების აშკარად ფეხქვეშ გათელვის აღკვეთა, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოხდა. ამიტომაც უნდა ვაღიაროთ, რომ ანალოგიური კონფლიქტები ნაშობია მსოფლიო გლობალური პოლიტიკის იმ უსამართლო ნაბიჯების ე. წ. „გაპრავების“ სურვილიდანაც, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოში აქვს ადგილი. ასე, რომ ამ გლობალური პოლიტიკის გატარებისას ჩვენსავით პატარა ქვეყნების წინაშე  ტყუის ყველა და ამ ფარისევლურ „მშვიდობისმყოფელობას“ ეწირება სწორედ ჩვენი სამშობლოს ინტერესებიც. ეს ჩვენ ყველას პირდაპირ და გახსნილად უნდა ვუთხრათ, რათა მათ გაიგონ, რომ ჩვენ აღარ ვაპირებთ ჩვენი სამშობლოს სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე თავის მოტყუებას... და სრულიად მართალნი არიან პროფესორი ვაჟა შუბითიძე და გიორგი ტალახაძე, როდესაც ამბობენ, რომ „გლობალიზაცია ეს გახლავთ განვითარებადი ქვეყნების დაკაბალების პროცესი“, რომელიც დისერტაციის 237-ე გვერდზე დასკვნის სახით არის გამოტანილი.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასევე დასაზუსტებელია დისერტანტის თეზა, სადაც იგი განსაზღვრავს, რომ „აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები არის ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტები“... [გვ. 207] რადგან, ვფიქრობთ, აქაც დიფერენცირებული მიდგომაა საჭირო, რასაც ადასტურებს კიდეც დისერტანტის მიერ ცნება „სამხრეთ ოსეთის“ ბრჭყალებში ჩასმა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მან კარგად იცის და ეს მის რწმენასაც შეადგენს თეზა – არავითარი „სამხრეთი ოსეთი“ არ არსებობს და ეს არის ქართველი ბოლშევიკ უზურპატორებისაგან თავის დროზე საქართველოსათვის თავს მოხვეული, უსამართლო წარმონაქმნი. ამის შესახებ ოსებს აფრთხილებდა ცნობილი ოსი მეცნიერი აკადემიკოსი ვასილ აბაევი და მათ ურჩევდა, არ ჩაბმულიყვნენ ყოვლად გაუმართლებელ ავანტიურაში, – არ მოენდომებინათ ქართული მიწების მიტაცება, რაც მათ, სამწუხაროდ, უგულებელყვეს...
ასევე, ჩვენი აზრით, დასაზუსტებელია დისერტანტის მიერ გამოყენებული „ეთნოელიტის“ ცნება. დისერტანტი აღნიშნავს, რომ „...აფხაზეთის და შიდა ქართლის კონფლიქტი არა მარტო „ეთნოელიტის“ წარმომადგენლების, არამედ... რუსეთის მიერაა ინსპირირებული“ [გვ. 209].
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ე.წ. „მოღვაწეთა“ კატეგორიისადმი ტერმინ „ეთნოელიტის“ გამოყენება არ უნდა იყოს მართებული, რადგან იგი თავისი შინაარსით რაიმე ელიტა კი არ არის, არამედ „ნომენკლატურულ-კოლაბორაციონისტული კასტა“ რომელსაც ამ ხალხის ნამდვილ ინტერესებთან არავითარი კავშირი არა აქვს.
მიუხედავად ჩვენს მიერ ზემოთ გამოთქმული მოსაზრებებისა და სურვილებისა, რომელთა მთავარი მიზანიც იყო სადისერტაციო ნაშრომის არსის ნამდვილი, სიღრმისეული წარმოჩენა, უნდა ვაღიაროთ, რომ ნაშრომს აუცილებლად აქვს ის ღირსება, რომ იგი კონფლიქტოლოგიის პრობლემის შესწავლა-კვლევის თვალსაზრისით, მართლაც ახალ სიტყვად ჩაითვალოს აღნიშნული მიმართულებით წარმოებულ ისტორიულ სამეცნიერო მუშაობაში და ამიტომაც ყოველგვარ ეჭვს გარეშე იმსახურებს ძიებულ ხარისხს. 

                                                             ისტორიის აკადემიური დოქტორი უჩა ოქროპირიძე