შემოგვიერთდით
კატეგორია / პუბლიცისტური სტატიები   871 ნახვა    3 წლის წინ
გამოხმაურება ნოდარ ლატიბაშვილის სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომზე: ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში XX საუკუნის 70-80-იან წლებში (1975-1992წლები)



   XX საუკუნის 80-იან წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენდა ეროვნულ-განმათა-ვისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტ, ე. წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში და მისი შეუქცევადი რღვევა. აღნიშნული ისტორიული მოვლენის თანამდევი პროცესები ძალზე მტკივნეულად და ხშირ შემთხვევაში ტრაგიკულად აისახა ჩვენი სამშობლოს ისტორიაზეც. მასზე მეცნიერულად გამართული, თანამედროვე ისტორიული ხედვის ჩამოყალიბება ქართული ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა და მისი აუცილებელი ვალია, მითუმეტეს, რომ აღნიშნულ პრობლემას, ზოგიერთ შემთხვევაში, საბჭოთა ისტორიუგრაფიულ სკოლა გამოვლილ მეცნიერთა ნაწილი, მათთვის შინაგანად და შინაარსეულად ახლობელი, მოძველებული სტერეოტიპების მიხედვით განიხლავენ, რაც სრულიად არ უწყობს ხელს აღნიშნულ პრობლემაზე მართებული, ისტორიული ჭეშმარიტების შემცველი თვალსაზრისის ჩამოყალიბებას.
    ძალზე მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული პრობლემის კვლევაზე გამახვილდა დისერტანტთა ყურადღება და ისინი ცდილობენ ზემოთ ჩვენს მიერ აღნიშნული ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიის ხარვეზის შევსებას. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია სწორედ დღეს საატესტაციო განხილვისათვის ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დისერტანტ ნოდარ ლატიბაშვილის მიერ წარდგენილი ნაშრომი: ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში XX საუკუნის 70-80-იან წლებში (1975-1992 წლები).
   აღნიშნულ ნაშრომში დისერტანტი ცდილობს თანამედროვე ისტორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით შექმნას ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოცემული ეტაპის არა მარტო პირუთვნელი ისტორია, არამედ მისი სიღრმისეული ანალიზის შედეგად გააკეთოს შესაბამისი დასკვნებიც. როგორც ნაშრომიდან ჩანს, პატივცემულ მაძიებელს კარგად ესმის საკუთარი პასუხისმგებლობის ხარისხი აღნიშნული ისტორიული მოვლენების კვლევისას და მისი მცდელობა, დაიცვას ობიექტურობა  და თან ყურადღების მიღმა არ დარჩეს ამ საკითხის მეცნიერულ კვლევა-ძიებაში მიღწეული უმნიშვნელოვანესი უახლესი შედეგები, ნამდვილად ყურადღების ღირსი და მისაბაძია (დიმიტრი შველიძე, იგორ კვესელავა და სხვები).
   სადისერტაციო ნაშრომში დისერტანტი აკეთებს ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი  მოძრაობის მისთვის საინტერესო მონაკვეთის პერიოდიზაციას, რომელშიც, ჩვენი აზრით, სწორადაა გამოყოფილი მისი ცალკეული ეტაპები, მაგრამ როდესაც მის მეორე, 1985-1988 წლების პერიოდზე საუბრობს [დისერტ: 5], ჩვენ ვფიქრობთ, ამ ეტაპის დამამთავრებელ ფაზად 1989 წლის 9 აპრილის მიჩნევა, უფრო უპრიანი იქნებოდა.
   ავტორი განიხილავს რა საკითხის ირგვლივ არსებულ ვითარებას, მართებულად მიუთითებს ზოგიერთ ავტორთა ტენდენციურობაზე და აღნიშნავს კიდეც, რომ ისინი ვალდებული იყვნენ “ეროვნული ხელისუფლების შეცდომებისა და არასწორი პოლიტიკის გვერდით, თანაბრად დაენახათ მისი ოპონენტების შეცდომა-დანაშაულიც” [დისერტ: 8].
   დისერტანტი სათანადოდ აფასებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ი. კვესელავას მიერ ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორიის შესასწავლად გაწეულ დიდ შრომას, მიუთითებს მის განსაკუთრებულ ობიექტურობაზე 80-იან წლებში საქართველოში დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის საქმიანობის შეფასებისას, ამასთან აღნიშნავს, რომ “ავტორი არ მალავს ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ ზოგადად მას, ეროვნული სახელმწიფოებრიობის ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითად აფასებს” (კვესელავა, 1999, 2004, 2007).
   მკვლევარ დიმიტრი შველიძის ნაშრომის “პოლიტიკური დაპირისპირება და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში (1987-1992), - შესახებ მართებულად აღნიშნავს, რომ “იგი წარმოადგენს მეცნიერული სიღრმით მოვლენების კვლევის მაგალითს, მასში თითქმის სიზუსტით არის შესწავლილი და შეფასებული 1987-1992 წლების მოვლენები. სუბიექტური ფაქტორი აქ თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი და საქართველოს ისტორიის უახლესი მოვლენები... წიგნში მეცნიერული ზნეობითა და პირდაპირობით არის წარმოდგენილი…” [დისერტ: 9] ამიტომაც სრულებითაც არ არის გასაკვირი, რომ დისერტანტის მოსაზრებანი და საბოლოო დასკვნების უმრავლესობა, ზუსტად ამ ნაშრომთა გათვალისწინებით არის დისერტაციაში განხილული და წარმოდგენილი, თუმცა მას აქვს თავისი ორიგინალური ხაზი და მიგნებებიც.
   ნაშრომში გამოყენებულია ა. ბენდიანიშვილის, გ. შარაძის, აკ. და პ. სურგულაძეების, შ. ვადაჭკორიას, მ. ვაჩნაძის, ა. სონღულაშვილისა და სხვათა ნაშრომებიც. აქვე მითითებულია გრ. ჟვანიას, გ. წიქარიშვილის, უ. ბლუაშვილის და სხვათა ნაშრომების ტენდენციურობასა და ცალმხრივობაზე [დისერტ:10]. 
   დისერტაციაში მოთხრობილია თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ კუთხეში II მსოფლიო ომის წლებში შექმნილი არალეგარული ანტისაბჭოთა ჯგუფების საქმიანობის შესახებ [დისერტ:12] აქვე განხილულია 1956 წლის მარტის ამბები და აღნიშნულია, რომ 9 მარტის ტრაგედიამ ბიძგი მისცა ქართული ეროვნული ცნობიერების გამოფხიზლებას და საბჭოთა რეჟიმის მიმართ ქართველი ხალხის კრიტიკული თვალთახედვის გამახვილებას.[დისერტ: 15] მითითებულია ქართული დისიდენტური მოძრაობის იმ თავისებურებაზე, რაც მისი ცალკეული წარმომადგენლის ინდივიდუალურ მოქმედებაში გამოიხატებოდა. აგრეთვე აღნიშნულია საბჭოთა დისიდენტური წრეების მტრული დამოკიდებულება ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმართ და ახსნილია ამის მიზეზიც, რაც ამ საკითხებში დისერტანტის ღრმად ჩახედულობაზე მიუთითებს [დისერტ:15-19].
დისერტანტი საკმაოდ ობიექტურად აღწერს 1978 წლის აპრილის ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნებისათვის ბრძოლის დრამატიზმით აღსავსე მოვლენებს და მეტად მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ მრავალი დოკუმენტისა და ისტორიული მასალის ანალიზის საფუძველზე დამაჯერებლად აქარწყლებს ყოველგვარ მითს საქართველოს კომუნისტური პარტიისა და ედუარდ შევარდნაძის მიერ ამ საქმეში შესრულებული რაიმე დადებითი როლის შესახებ და, ბოლოს, აკეთებს სათანადო დასკვნასაც [დისერტ: 24-26]
დისერტაციის II თავში, _ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა XX საუკუნის 80-იან წლებში (4 პარაგრაფი), თანმიმდევრულადაა მოთხრობილი პარტიული და პოლიტიკური გაერთიანებების, მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბების შესახებ 1987-1989 წლებში, აღნიშნულია აშშ სენატის 1989 წლის 19 აპრილის დადგენილების, ქართული ეროვნული მოძრაობისათვის, უდიდესი მნიშვნელობის შესახებ [დისერტ: 29]. ნათქვამია, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა, როგორც მემარცხენე, ისე ცენტრისტული და მემარჯვენე მიმართულების ორგანიზაციები და ალიანსები. მითითებულია, რომ 1991 წელს შექმნილმა "საქართველოს დემოკრატიულმა კავშირმა" აქტიური მონაწილეობა მიიღო კანონიერი ხელისუფლების დამხობასა და ე. შევარდნაძის საქართველოში ჩამოყვანაში [დისერტ: 32], ხოლო იქვე, როცა დისერტანტი საუბრობს ვ. ადვაძის თავმჯდომარეობით დაფუძნებულ "საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირზე", რომელშიც, დისერტანტის აზრით, ავტორიტეტული პიროვნებები იყვნენ გაერთიანებული, "გონივრული თანმიმდევრობით ხალხის კონსოლიდაციისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღსადგენად, სრული პილიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სუვერენიტეტის მისაღწევად", _ ეს ჩვენ შეცდონად მიგვაჩნია, ამ პრო-კომუნისტური "ტროას ცხენის" მარიონეტული ბუნების გამო. ამასთან ყველასთვის ცნობილია კანონიერი ხელისუფლების დამხობის საქმეში ამ კავშრის წევრთა "გონივრული თანმიმდევრობის" შესახებ. სინამდვილეში ეს იყო ეროვნული ძალისხმევის გასანეიტრალებლად შეკოწიწებული ე. წ. "ავტორიტეტულ" პიროვნებათა პროკომუნისტური ალიანსი, რომელთა წევრებმაც თავიანთი "ავტორიტეტი" ბოლომდე ამსახურეს უდღეური საბჭოთა ილუზიების განხორციელების ცდას. იგივე მიზანს ემსახურებოდა "შოთა რუსთაველის საზოგადოების" შექმნაც. აქვე დისერტანტი ახსენებს ზვიად გამსახურდიას ე. წ. "აღსარების" თამარ ჩხეიძისეულ შეფასებას, რის შესახებაც ვიტყოდი, რომ სწორედ თამარ ჩხეიძემ იცოდა ყველაზე უკეთ საბჭოთა "სუკ"-ისა და ნომენკლატურული მმართველობის სრული თვითნებობის პირობებში, ამგვარი "აღსარების" ნამდვილი ფასი და მისი დაპირისპირება ზვიად გამსახურდიასთან უფრო პიროვნული ხასიათისა იყო, ვიდრე ამგვარი "აღსარებით" გამოწვეული [დისერტ: 33-37]. ხოლო, რაც შეეხება მისივე წამოყენებულ "დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ზომიერ სტრატეგიას და ეროვნული მოძრაობისათვის პოლიტიკური რეალიზმისაკენ მოწოდებას" [დისერტ: 41], ის მართლაც შეიცავდა გონივრულად გასააზრებელ მინიშნებებს.
     დისერტანტი ობიექტურად აფასებს აგრეთვე ე. წ. გარდაქმნის პერიოდში ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ ჩატარებულ საქმიანობას, რამაც იგი დიდი და გადამწყვეტი ბრძოლებისათვის მოამზადა [დისერტ: 44] ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქვე მოიხსენიებს 1988 წლის 21 ოქტომბრის ბათუმის აქციასაც, თუმცა ძალიან ცოტას ამბობს რეგიონის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს, ბათუმის ამავე წლის  20 ნოემბრის მიტინგ-მანიფესტაციაზე [დისერტ: 49-50]; ხოლო, საუბრობს რა ბათუმში 1988 წლის 10 დეკემბერს დატრიალებულ მოვლენებზე, ამბობს: "...არასტუმართმოყვარედ დახვდნენ არაფორმალებს 10 დეკემბერს ბათუმში ...პრესა იტყობინებოდა, გონივრული რჩევითა და საუბრით რომ ვერაფერი გააგებინეს, მოსახლეობა იძულებული გახდა, ისინი აჭარიდან გაეძევებინა", - რაც ამ მოვლენის აჭარის მაშინდელი ხელისუფლების შეფასებიდან მომდინარე ვერსიაა. სინამდვილეში კი, ეს იყო ამავე ხელისუფლების მიერ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ აჭარის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია, რასაც სათანადო პასუხი გაეცა 1988 წლის 12 დეკემბრის აჭარის ასსრ შრომითი კოლექტივების ე. წ. აქტივის კრებაზე, სადაც დაიგმო აჭარის ხელისუფალთა პროვოკაციული ქმედებანი, შემდეგ კი სწორედ ამას შეეწირა მისი ხელმძღვანელიც; რაც შეეხება აჭარის მოსახლეობას, იგი ამ შემთხვევაში, აღნიშნული პროვოკაციული პოლიტიკის მსხვერპლს წარმოადგენდა და აქ ბევრი რამ კეთდებოდა, რათა სხვა დროსაც არ გამოეყენებინათ ის მსგავსი პროვოკაციების მოსაწყობად, რის აღნიშვნასაც ჩვენს მოვალეობად ვთვლით, როგორც ამ მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე.
    ეხება რა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, დისერტანტი მიუთითებს ამ საკითხში ქართულ საზოგადოებაში არსებულ შეფასებათა სხვადასხვაობაზე და ამბობს: `ზოგიერთები თვლიან,..მოვლენების თანდათანობით განვითარებასა და უმსხვერპლოდ გადარჩენას მაინც მოჰყვებოდა იგივე შედეგები და საზოგადოება ნაკლებად დაზარალდებოდა"...და იქვე ამის შესახებ მოჰყავს აკაკი ბაქრაძის აზრი: "ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრობა რომ ევოლუციის, თანდათანობითობის გზას დასდგომოდა, იგი ძმათა სისხლით არ შეიღებებოდა, ბუნებრივი განვითარების გზას გაჰყვებოდა. თავისუფლება, რომელიც ღმერთმა გვიბოძა, უცრემლოდ და უსისხლოდ დამკვიდრდებოდა საქართველოში, მაგრამ სულწასულობის გამო..." და ა. შ. და ა. შ. პირველ რიგში აღვნიშნავ, _ ღმერთს როდესაც ახსენებ, ისიც უნდა გწამდეს, რომ მისი ნების გარეშე არაფერი ხდება, და მეორეც, ალბათ, რა `სულწასულები ყოფილან ფარნავაზ მეფე, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, გიორგი სააკაძე და სხვები, რომ თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისა და გადარჩენისათვის უბრძოლიათ; და, ალბათ, შაჰ-აბასიც ოდესმე მოკვდებოდა და მოკვდა კიდეც...
   პროცესების ბუნებრივად განვითარებაზე აქ საუბრი სასაცილოა, როცა საქმე ცოცხალ ისტორიულ პროცესს, მითუმეტეს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ეხება. ჩვენი მომავალი თაობა ამგვარი კოლაბორაციონისტული შეგონებებით ქვეყნის გულშემატკივარ მამულიშვილად ვერ ჩამოყალიბდება, ჩვენ თუ მას ისტორიული პროცესების "ბუნებრივი განვითარებისათვის" მინებება ვუქადაგეთ. კაცობრიობას ასე რომ ეფიქრა, იგი დღემდე ჩანასახოვან მდგომარეობაში დარჩებოდა და აღარც აღარავის დასჭირდებოდა მისი ისტორია, რადგან ისტორიული განვითარება უბრალოდ შეწყდებოდა, აღარ იქნებოდა. და მგონია, ქართველებს არც იმის დავიწყება გვმართებს, რომ "მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ქვეყნის ძალისა და სიცოცხლის მომცემი"...ხოლო რა მაჰატმა განდები იყვნენ ეს ე. წ. პროცესების ბუნებრივი გზით განვითარების სასარგებლოდ "მოქადაგენი", ყველამ კარგად ვნახეთ 1991-1992 წლების ტრაგიკული მოვლენებისა და მის შემდგომ პერიოდშიც.
    დისერტანტი ღრმად და საქმის ცოდნით ეხება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებულ მოვლენებს. აქვე მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ ყურადღების გამახვილება აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის (უფროსი) კიევში წარმოთქმულ სიტყვაზე, რომ "მე კონგრესში ბევრი მთხოვს არჩევანის გაკეთებას - გორბაჩოვის მხარდაჭერასა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ რესპუბლიკებს შორის. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს იქნება ყალბი არჩევანი [დისერტ: 61] 
    დიახ, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ასეთი არჩევანის გაკეთება სწორედაც ყალბი იქნებოდა, რადგან მას გორბაჩოვი და საბჭოთა კავშირიც სჭირდებოდა და რესპუბლიკების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაც. პირველი, იმ უზარმაზარი სივრცის გასაკონტროლებლად, საბჭოთა კავშირი რომ ერქვა, მეორე კი, ამავე საბჭოთა კავშირის დასასუსტებლად და ადვილად დასაყოლიებლად, ამავე სივრცეში საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის. ხოლო ფეხზე მდგარი და საკუთარი აზრის მქონე, არც ერთი აძლევდა მას ხელს და არც მეორე.  
     ძალზე საინტერესოა დისერტანტის მიერ 1991 წლის მოსკოვის პუტჩიდან 20 წლის შემდეგ ჟურნალ "შპიგელ"-ის მიერ მოძიებული, აქამდე უცნობი დოკუმენტების გამოყენებაც, რომელიც ფარდას ხდის მ. გორბაჩოვის მზაკვრულ როლს თბილისის 9 აპრილის ტრაგედიის მომზადებაში [დისერტ: 61-62] აქვე განხილულია კომუნისტური პრესისა და ინფორმაციის საშუალებების მიერ ამ ტრაგედიის ყალბი, დემაგოგიურ-დანაშაულებრივი შეფასებანი, რაც იმის დასტურია, რომ ქართველი ერის უდიდესმა ტრაგედიამაც კი, ვერ მოახერხა მათში სინდისის ძარღვის შეტოკება... და დღეს რა გასაკვირია, ქართულ ისტორიოგრაფიას შემორჩენილი მათი მემკვიდრენი მიიჩნევდნენ, რომ "გაღებული მსხვერპლი არ იყო საჭირო, რადგან მოვლენები ეროვნული მოძრაობის სასარგებლოდ ისედაც განვითარდებოდა" [დისერტ: 64]. ამის შესახებ, უკვე ზემოთ მოგახსენეთ, აქ კი ერთსაც დავამატებდ:ამ თავისი ნებით გონება გახეიბრებულებს რომ ჰკითხო, ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, თურმე, არ შეიძლება და ქართველმა ხალხმა უარი უნდა თქვას თავისი ისტორიის ამ სახელოვან ფურცელზე, ხოლო "გმირთა" პედესტალი უნდა დარჩეს მოვლენების "ბუნებრივი განვითარების სასარგებლოდ მოქადაგეთ", რათა მათი უმოქმედობა და არარაობრივი არსებობა გაამართლონ. მათი გმირები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ერის ინტერესების ისეთი გამყიდველი კოლაბორაციონისტები, როგორებიც ქართველი ბოლშევიკები, ან კიდევ, იასე ფალავანდიშვილები, სერგო ორჯონიკიძეები, ედუარდ შევარდნაძეები და სხვადასხვა ჯურის შადიმანები იყვნენ. და დისერტანტი სრულიად სამართლიანად ეთანხმება პროფესორ დიმიტრი შველიძის მიერ ეროვნულ მოძრაობისათვის დამახასიათებელი ამ რთული მომენტის ობიექტურ ახსნას, როდესაც ნაშრომში აფიქსირებს მისეულ დასკვნას: "საქმე იმაში იყო, რომ ლალი ჯავახიშვილი, მერაბ მამარდაშვილი, გივი თუმანიშვილი, რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია და სხვანი, უნდა ვაღიაროთ, იმხანად, იმჯერად, იმ დროს, 1989 წლის ზაფხულის პერიოდისათვის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლები არ იყვნენ. მათი ნაწილი, ზოგი შესანიშნავი პროფესიონალები იყვნენ, ზოგნი კარგი საზოგადო მოღვაწენი, ზოგნი ბრწყინვალე რეჟისორები, მწერლები, მუსიკოსები, მეცნიერები, გულწრფელი პატრიოტები და ასე შემდეგ, მაგრამ არა მებრძოლები, არა ისეთები, ვისაც შეეძლო იდეისათვის საკუთარი ინტერესის განწირვა, თავის გაწირვა, ფიზიკური საფრთხის წინაშე დადგომა, დაპატიმრების, გადასახლების ფასად დამოუკიდებლობის იდეის სამსახური" (შველიძე, 2008: 60) [დისერტ: 70] და ამ მართებულ პოზიციას უნდა დასჯერდნენ მისი ადრესატებიც...
    ნაშრომში დამაჯერებლად არის წარმოდგენილი ქართული ეროვნული მოძრაობის ბრძოლა მრავალპარტიული არჩევნებისათვის; განხილულია ეროვნული ფორუმის შექმნისა და მისი საქმიანობის საკვანძო მომენტები, აგრეთვე მისი გახლეჩის მიზეზები. ყურადღება გამახვილებულია ამ საქმეში შეიარაღებული ფორმი¬რებების დაპირისპირების მიერ შესრულებულ როლზე და ა. შ.
    ასევე სპეციალური პარაგრაფი ეძღვნება ნაშრომში "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" ჩამოყალიბებასა და მისი ეროვნულ კონგრესთან დაპირისპირების მიზეზების კვლევას. აღნიშნულია, რომ მრგვალი მაგიდის კონცეფცია იწუნებდა კონგრესის ეროვნული დაუმორჩილებლობის იდეას და მას არარეალურად თვლიდა, თვითონ კი საქართველოს მოსახლეობას სთავაზობდა დროებითი უმაღლესი ხელისუფლების არჩევნებს და მოითხოვდა იმ სამართლებრივი დოკუმენტის დადგენას, რომელიც შემდგომი სამართლებრივი აქტების საფუძველი და მომავალი პროცესების კანონიერ ფარგლებში მომქცევი აქტი გახდებოდა". შემდეგ კი ითვალისწინებდა ამისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბერკეტების მთელ სისტემას და ამ საქმეში საჭიროდ ცნობდა ლიტვური გამოცდილების გამოყენებას [დისერტ: 79-80]. დისერტანტი აღწერს რა მრგვალი მაგიდის მიერ თავისი მიზნების მისაღწევად კარგად გათვლილ სტრატეგიას და სამართლებრივ ქმედებათა მექანიზმს, ობიექტურად ასკვნის, რომ "მრგვალი მაგიდის კონცეფცია, რომელიც მიუღებლად მიაჩნდა მის ოპოზიციას, ნამდვილად იყო რეალისტური", [დისერტ: 82] და უნდა ავღნიშნოთ, რომ დისერტაციაში მოყვანილი ყველა არგუმენტი ამ კონცეფციის სასარგებლოდ მეტყველებს და დისერტანტს მისი ამგვარი, თითქმის სრულყოფილი გააზრება, კიდევ ერთი დადებითი კუთხით წარმოაჩენს, რადგანაც ცნობილია, რომ მრგვალი მაგიდის აღნიშნული კონცეფციის მართებული აღქმა ვერაფრით მოახერხეს მისმა, დიდი პრეტენზიების მქონე, ოპონენტებმა.
    იქვე ავტორი მიუთითებს, რომ "კონგრესის იდეა მაინც აღმოჩნდა...რადიკალებისა და ელიტარული ინტელიგენციისათვის მთავარი ძალა, რომელიც მათ მომავალ პოლიტიკურ ბრძოლებში გააერთიანებდა და გაამარჯვებინებდა" [დისერტ: 83] (აქ ფრაზას "მომავალ პოლიტიკურ ბრძოლებში" შევცვლიდი სიტყვებით "ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლებში"_ უ. ო.) და სრულებით არაა მოულოდნელი, რომ თუ გიორგი ჭანტურია ადრე "ინტელიგენციას აკრიტიკებდა, კონგრესმა იგი გააერთიანა" [დისერტ: 83], რადგანაც მათ ჰქონდათ ერთი საერთო მიზანი, _ ყველა საშუალებით ბრძოლა ეროვნული მოძრაობისა და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. ამიტომაც უწოდებდა ზვიად გამსახურდია "საბჭოთა ინტელექტუალებს" წითელ ინტელიგენციას. ამით ის მათ ჭეშმარიტ, შინაგან შინაარსს, უსვამდა ხაზს. ამიტომაც იყო მათი ქმედებანი ასეთი სინქრონული და მათი ამ ჭეშმარიტი შინაარსის ადექვატური. ამიტომაც სრულიად სამართლიანია დისერტანტის მიერ ამ საკითხზე პროფესორ დიმიტრი შველიძის უმართებულესი დასკვნის გაზიარებაც. აქედანვე იღებს სათავეს ქართული ეროვნული მოძრაობის უდიდესი სირცხვილი, პრაღის ე. წ. # 24 რეზოლუცია და გიორგი ჭანტურიას მიერ იმის დაფიქსირება, რომ "თუ ჩვენ კომპრომისზე წავალთ, უნდა დავუთმოთ მტერს, რაც არ მოხდება"... ჭანტურიასთვის მტერი, ამ შემთხვევაში, ზვიად გამსახურდია იყო, _ ზუსტად მიანიშნებს დისერტანტიც [დისერტ: 85].
    დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით დისერტაციაში დადასტურებულია, რომ "კონგრესის არჩევნები ფალსიფიცირებული იყო" [დისერტ: 86] შემდეგ დისერტანტი საუბრობს მრავალპარტიულ არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვებასა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ [დისერტ: 87-94]. IV თავში კი ჩამოთვლილი და ზედმიწევნით განმარტებულია ყველა ის ღონისძიება და ქმედებანი, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ დასახა აღნიშნული მიზნის მისაღწევად [დისერტ: 94-100]. იქვე განხილულია ეროვნული ხელისუფლებასთან კონგრესისა და სამხედრო ჯგუფების დაპირისპირების იდეოლოგირ-პოლიტიკური საფუძვლები, [დისერტ:100-115] რომელშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საწყის ეტაპზე წარმატებების მქონე ეროვნული ხელისუფლებას კონგრესის გარდა დაუპირისპირდა სხვა ძალებიც, რომელთაც დაიწყეს სამხედრო ძალით გადატრიალების მზადება; ზედმიწევნით არის განხილული თ. სუმბათაშვილის ე. წ. პროექტი საქართველოს ეროვნული კონგრესის საქმიანობის უმთავრესი პრინციპების შესახებ, რომლის გაცნობა, ყველა გონიერ ადამიანს, კიდევ ერთხელ დააფიქრებს ზოგიერთთა ფანტაზიის უკიდეგანობაზე. თუ იგი, გარკვეული მიზეზების გამო, დასავლეთისათვის გაუგებარი დარჩებოდა, მაშინ საქართველოში პერმანენტული ეროვნული დაუმორჩილებლობა უსასრულოდ უნდა გაგრძელებულიყო და ამას, მართლაც შეიძლებოდა ემსხვერპლა არა მარტო ქართველი ერი, არამედ მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღწევის იდეა და, რა თქმა უნდა, მისი ღირსებაც... და დისერტანტის დასკვნაც ადექვატურია: "კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტი განუხორციელებელი და არარეალური სამართლებრივი რომანტიზმი გახლდათ. მას უამრავი უზუსტობა, უტოპიური წარმოდგენები, მაშინდელი გეოპოლიტიკური და საერთაშორისო ვითარების აბსოლუტური შეუფასებლობა, გულუბრყვილო სქემები ედო საფუძვლად" [დისერტ: 106]_ამ¬ბობს იგი. ასეთივე უსაფუძვლო და უხერხემლო იყო ამ ე. წ. ოპოზიციის სხვა პრე¬ტენ¬ზი¬ებიც და სამხედრო შეიარაღებული ბანდების განიარაღების შემდეგ მათ მიერ  დაკავებული პოზიციაც, როდესაც ისინი ამ ბანდათა უკრიტიკო დამცველებად წარმოჩნდნენ. ამგვარი "სიმართლის დამცველები"  მსოფლიოსაც აწუხებდნენ და სთხოვდნენ დახმარებას "...მარიონეტული დიქტატურის" წინააღმდეგ ბრძოლაში [დისერტ: 112-113].
    შემდეგ დისერტაციაში განხილულია საქართველოს უზენაესი საბჭოს ეროვნული პლატფორმა დამოუკიდებელი საქართველოს საშინაო მოწყობისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და მის საფუზველზე 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებას, იმავე წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებს. მაგრამ იქვე ხაზსგასმულია საქართველოს კონგრესის პარტიათა ნაწილის დაჟინებული განცხადება, რომ "რომ ჩვენი პარტია მუდამ იქნება ეროვნული დაუმორჩილებლობის გზით საქართველოს სრული  სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის ავანგარდში" [დისერტ: 118] სამწუხაროდ, მათ ისიც ვერ გაიგეს, რომ თვით 31 მარტის რეფეენდუმი და მის საფუზველზე გამოცხადებული 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, იყო ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელებული აქტი და ირონიულად აცხადებდნენ, რომ "...ბატონმა ზვიადმა ირწმუნა 9 აპრილს მოგონილი საკუთარი ტყუილი საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე" [დისერტ: 118].
    ალბათ, ძნელია წარმოიდგინო საკუთარი ხალხის ნების ამგვარი გაბაიბრუება და მისი სასიცოცხლო ინტერესების გაუგებრობისა, თუ აშკარა მტრობის შინაარსობრივი სიღრმე... ამიტომ საუბარს შეგნებულად აღარ ვაგრძელებ მათ მიერ ჩადენილი მსგავსი შინაარსის, დისერტანტის მიერ ნაშრომში თვალსაჩინოდ წარმოჩენილ, ქმედებებზე, რამაც ახალგაზრდა ქართული ეროვნული სახელმწიფო ტრაგიკულ ბოლომდე მიიყვანა; მაგრამ აღვნიშნავ, რომ ქართულ ეროვნულ მოძრაობას შეხიზნული ეს ყველაფრის მკადრებელი სიბარიტები წარმოადგენდნენ მათი თანამედროვე მსოფლიოს "დემოკრატიის" სახესაც და მის სირცხვილსაც...
     ჩვენ ვიზიარებთ დისერტანტის დასკვნას, რომ 1991-1992 წლებში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება არ იყო არავითარი სახალხო ან დემოკრატიული რევოლუცოა, რადგან, ჯერ ერთი, არ არსებობდა მისი მასობრივი მხარდამჭერი მოსახლეობა და მეორეც,_არ აარსებობდა რევოლუციის გამომწვევი რეალური საფუძველი, გამომწვევი მიზეზი _ დიქტატურა. საქართველოში არსებობდა ობიექტური კანონზომიერებით _ კრიზისული ვითარებით გამოწვეული ე. წ. ლეგიტიმური ავტორიტარული დემოკრატია, რომელსაც ურიგდებოდა მოსახლეობის უმრავლესობა, მაგრამ ვერ ურიგდებოდა უმცირესობა" [დი¬სერტ: 169]. ჩვენ დავამატებდით,  რევანშისტულად განწყობილი ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურა და პრივილეგირებული წითელი ინტელიგენცია, აღარაფერს ვამბობ მათთან მოთანამშრომლე ე. წ. ოპოზიციაზე.
და ბოლოს, როდესაც პატივცემული დისერტანტი ცდილობს წარმოადგინოს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ბანაკებს შორის პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზები, რომელიც 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებით დასრულდა, ძირითადად სწორად ახდენს მის განსაზღვრა-კვალიფიკაციას, მაგრამ მე-10 პუნქტში ასახელებს "ქართული ეთნოფსიქოლოგიის, ეროვნული ხასიათისა და მენტალობის დამახასიათებელ ნეგატიურ თვისებებს", რაც, ჩვენი აზრით, არ ასახავს სინამდვილეს, რადგან აქ საქმე გვაქვს სწორედ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ჩამოყალიბებული ქართველი "ჰომო სოვეტიკუსის" ფსიქოლოგიის, არა ეროვნული ხასიათისა და მენტალობის დამახასითებელ ნეგატიურ თვისებებთან;  და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ქართული, ნამდვილად ეროვნული ეთნოფსიქოლოგიის ჩამოყალიბება იწყება ქართული სახელმწიფოს აღდგენის და მისი რეალურად განხორციელების კვალობაზე.
     მიუხედავად ჩვენს მიერ ზემოთ გამოთქმული ზოგიერთი განსხვავებული მოსაზრებისა, მთელი დისერტაციის გაცნობისას არ მტოვებდა იმის განცდა, რომ ვსაუბრობდი თანამოაზრესთან, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. ამიტომაც აქვს ჩვენს სადისერტაციო გამოხმაურებას თავისებური დიალოგის ფორმა. ამასთან ჩემს სასიმოვნო მოვალეობად მიმაჩნია აღვნიშნო, რომ დისერტანტმა მოახერხა საკვლევი თემის ირგვლივ არსებული სიძნელეების წარმატებით დაძლევა და დღეს საატესტაციო საბჭოს წინაშე წარსდგა როგორც კარგად მომზადებული, ზრდასრული მეცნიერი. 
    ამიტომაც, ჩვენი აზრით, პატივცემული დისერტანტი, ნოდარ ლატიბაშვილი აუცილებლად იმსახურებს ძიებულ ისტორიის დოქტორის აკადემიურ ხარისხს.
     მადლობთ ყურადღებისათვის.
 

  
 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ისტორიის დოქტორი უჩა ოქროპირიძე