შემოგვიერთდით
კატეგორია / ისტორია   3, 688 ნახვა    3 წლის წინ
“...კეთილგვაროვანი ოქროპირიძენი” – ოქროპირიძეთა გვარის წარმოშობის ისტორიიდან


                  უჩა ოქროპირიძე 
ისტორიის დოქტორი, პროფესორი                                                                                                                           
“...კეთილგვაროვანი ოქროპირიძენი” –
ოქროპირიძეთა გვარის წარმოშობის ისტორიიდან

      ოქროპირიძეთა გვარი, ისე როგორც ქართულ გვართა უმრავლესობა პიროვნების სახელისაგან, კერძოდ, ოქროპირისაგან შეიძლება იყოს წარმოშობილი. (ოქროპირი ნიშნავს მჭევრმეტყველს, ორატორს, მოძღვარს). ცნობილი ისტორიული პიროვნება იყო ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველი, მეცნიერი და მწერალი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი იოანე ოქროპირი (347-407 წლები), რომელიც სიცოცხლის ბოლოს აფხაზეთის ბიჭვინთაში გადმოასახლეს და იქ მიმავალი გზად კომანაში (კამანში) გარდაიცვალა. 980 წელს ოშკის ლავრაში საქმიანობდა, ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ასევე იოანე ოქროპირი. ტაოელ ძმებს ოქროპირსა და ათანასეს მოუხატავთ 1083 წელს პეტრიწონში (ბაჩკოვო-ბულგარეთი) აგებული მონასტერი. [ბექირიშვილი, 1996: 146-150] X საუკუნის დასასრულს ქართლის კათალიკოსი იყო წმინდა იოანე (მეოთხე) ოქროპირი (980-1001 წ. წ.), რომელიც პარხლის ტაძრის  (XI ს-ის) წარწერებში სახელდებულია, ,,ქართლისა და ყოვლისა აღმოსავლეთის პატრიარქად” [მეტრეველი, 2010: 37), რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ საქართველოში პატრიარქის ტიტული ამ დროიდან არსებობდა და ამ წოდების პირველ მატარებლად სწორედ ეს იოანე მეოთხე ოქროპირი შეიძლება მივიჩნიოთ[სილოგავა: 2008] ამავე პიროვნებაზეა საუბარი შატბერდისეულ კრებულშიც [ჟორდანია, 1892: 309]. 1033-1048 წლებში კი ქართლის კათალიკოსი ყოფილა იოანე (მეხუთე) ოქროპირი, რომელიც იხსენიება საეკლესიო კრების დადგენილებაში შიომღვიმის მონასტრის შეუვალობის შესახებ. [პირთა ანოტირებული... 2004: 346-349] იმავე პიროვნების შესახებაა საუბარი “ქართლის ცხოვრების” პირველ ტომში…[ქართლის ცხოვრება, 1955: 296], თედო ჟორდანიას “ქრონიკებში” [ჟორდანია, 1897: 36], ივ. ჯავახიშვილის თხზულების „ქართველი ერის ისტორიის“ VIII ტომში [ჯავახიშვილი, 1977: 314] და სხვაგანაც.  შემდგომ საუკუნეებშიც ამ სახელით არაერთი სასულიერო პირია მოხსენებული: ოქროპირ-მოძღვარი, მოწმე ოპიზის მოძღვარ იოანეს მიერ ბერთას ღვთისმშობლისადმი მიცემული დაწერილისა (XII ს.), იოანე XI ოქროპირი – საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი (XVI ს.), ოქროპირი – წმინდა სამების ეკლესიის დეკანოზი (XVII ს.), ოქროპირი – ბოლნისის ღვთისმშობლის ეკლესიის დეკანოზი (XVII ს.) და სხვა [პირთა ანოტ... იქვე;] 
აჭარის ერისთავთ-ერისთავს ცნობილ მწერალს, ასტრონომსა და ფილოსოფოსს ტბელ აბუსერისძეს ეკუთვნის ნაშრომი „გალობა წმიდათა იოვანეთა ნათლისმცემელთა, მახარებელისა ოქროპირისა“... ტბეთის სულთა მატეანის XI-XIII საუკუნეთა ნუსხაში მოხსენიებულია ოქროპირ მოძღვარი, კაცი ოქრო გიორგიეთ... კაცი ოქრო ჭუმბასძე, ოქროპირ ლომთათიძე და იორდანე კაცი ოქროს-ძე, [ტბეთის სულთა...1977: 148, 153] ხოლო „თისლისა და ხახულის ხელნაწერების მინაწერების“ ტექსტში მოხსენებულია ოქროკაცი, ოქროპირ სიხათ, ოქროპირ სიხასძე, სიხათ ოქროპირი და მისი დედა თეკლა, სიხასძე ოქროპირი, მონაზონი [თისლისა და ხახულის...1986: 83]. ნაშრომში, _ აჭარის ლივის ვრცელი და მოკლე დავთრები, _ მოხსენიებულნი არიან ზემო აჭარის სოფელ ნენიაში მცხოცრები ოქროპირი ძე გაბრიელისა [აჭარის ლივის... 2012: 61],  ხულაში მცხოვრები ოქროპირი ძე კარაბილისა [იქვე, 67], სოფელ ღორჯომს მცხოვრები მახარებელ ძე ოქროპირისა [იქვე, 69], ქვედა კურძას მოსახლე ოქროპირი [იქვე, 72), როსტევან ძე ოქროპირისა _ ტბეთის რაბათის მოსახლე [იქვე, 78] და სხვა. 
საყურადღებოა აგრეთვე 1465 წლის 23 აპრილის მცხეთის სიგელი (#75), რომელშიც აღნიშნულია,რომ იგი: ,,...დაიწერა... მოქცევასა მეთოთხმეტესა, ქ-კს :რნგ: აპრილსა ოც-და-სამსა ხელითა ოქროპირის შვილისა მახარებელისასა...” [ჟორდანია, 1897: 285-286]. ხოლო თ. ჟორდანიას შედგენილ „ისტორიული საბუთები შიო-მღვიმის მონასტრისა და „ძეგლი“ ვაჰანის ქვაბთა“ რომელიც წმ. მღვდელმთავარ ალექსანდრეს 1896 წელს გამოუცია, XIV-XV საუკუნის ხუცურად დაწერილ დოკუმენტში ვკითხულობთ: „...და დამიდევს აღაპი მამისა ჩემისათვის... იოანე ოქროპირისა ჩემისა შვილისათვის...“ [ჟორდანია,1896: 47] და სხვა.
აჭარაში მირათის ხეობის ისტორიულ ძეგლებს შორის საყურადღებოა მდინარეების ჩირუხისა და უჩამბის შესართავთან შუახევის, იგივე ოქროპირაულის ციხე-სიმაგრის ნაშთები, [რუხაძე, 1957: 61-69] რომლის კავშირი ოქროპირიძეთა გვართან გარკვეული არ არის.
ქართლის ოქროპირიძეთა გვარში შემორჩენილი გადმოცემის მიხედვით (მთხრობელი ზურაბ ოქროპირიძე – დისევი, 65 წლის), ამ გვარის მამამთავარი იყო დავით აღმაშენებლის თანამედროვე საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე იოანე მახარობელი (დისეველ ოქროპირიძეთა ერთ-ერთ შტოს სწორედ მახარობლიანთი წარმოადგენს), რომელიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა დავითის მიერ გატარებულ რეფორმებსა და სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში; (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იოანე მართლაც არის მოხსენებული დავით აღმაშენებლის მიერ შიომღვიმისადმი გაცემულ ორივე ანდერძში _ პირველში, როგორც „სულიერი ბერი და მეფის მოძღვარი“, ხოლო მეორეში, როგორც „ქართლის კათალიკოსი“.) [ნათელი ქრისტესი...2003: 210-213] ამის გამო სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ღვაწლის დასაფასებლად მეფეს მისთვის მამული უბოძებია სამემკვიდრეოდ, რასაც დავითის დამ საკუთრივ მისი კუთვნილი სოფელიც საჩუქრად დაუმატა, რომელიც აღნიშნულ მამულს ზემოდან საზღვრავდა. ამიტომაც ამ სოფელს ხალხმა დისეული, ანუ მეფის დის მიერ ნაბოძები უწოდა, აღნიშნულია გადმოცემაში. ეს არის სწორედ ოქროპირიძეთა ბუდე-სამშობლო, სოფელი დისევი. ამავე გადმოცემის თანახმად იოანე მახარობლისათვის დავით აღმაშენებელსვე მიუცია გვარი ოქროპირისძე [„ივერია“, # 210, 1890]. ამასთან ცნობილი ფაქტია დავით აღმაშენებლის მიერვე გაცემული გუჯარის ოქროპირიძეთა ოჯახში დაცულობის შესახებ. 
ცნობილი მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იოსებ მეგრელიძე თავის ნაშრომში მიუთითებს: „ალექსანდრე ბესარიონისძე ოქროპირიძემ დისევში გვიჩვენა ერთი გუჯარის ასლი, რომლის დედანი მცხეთის სიონის არქივში ინახებოდა და ეს პირი დეკანოზ გაბრიელ ოქროპირიძემ გადაიღოო. აქვე მყოფი მოხუცი ექიმი ბესარიონ ოქროპირიძე ამბობს, – აღნიშნულია ავტორის იმავე წყაროში – ჩვენს წინაპრებს მუდამ საჩივარი ჰქონდათ. დისევი ჩვენ დავით აღმაშენებელმა გვიბოძა და ნურავინ გვერევა შიგო.
ალექსანდრემ გვიჩვენა პაპამისის განცხადების პირი, – განაგრძობს იგივე ავტორი, – რომელშიც ის მართლაც ჩივის: დისევი დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული ჩვენი, ოქროპირიძეების, იყო და საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგაც ჩვენ უნდა გვეკუთვნოდესო. ამ განცხადებას ხსენებული გუჯრის პირს ვურთავთ და გთხოვთ, ჩვენი ჩვენ მოგვახმაროთო“. [მეგრელიძე, 1963: 30-31] მოცემულ გუჯარში ოქროპირიძეთა ამ საგულვებელი მამულის მცხეთის სვეტიცხოველზე გადაცემის, მისი საზღვრებისა და მასთან ერთად „კეთილგვაროვან ოქროპირიძეთა“ მისთვის შეწირვის შესახებ არის აღნიშნული, [მეგრელიძე, იქვე; ჩემი სოფელი...2011: 24-25] 
ნიშანდობლივია ისიც, რომ სოფლის, გვარის მფარველი წმინდანი უძველესი დროიდან დღემდე, იოანე მახარებელია, რომელიც ქართულ სასულიერო-საისტორიო თხზულებებში არაერთხელ მოიხსენიება ოქროპირად. მაგ: ტბელ აბუსერისძის „გალობა წმიდათა იოვანეთა: ნათლისმცემელთა, მახარებელისა ოქროპირისა...“, ან 1218-1227 წლების არსენ კათალიკოსის სიგელი, სადაც ნათქვამია: `...და ვინც ეს დაწერილი და გაგებული წ~სა მღუიმისა შეუცვალოს... უწინდელი წ~სა მამამთავრისა იოვანესი ქკ~ზისა, ანუ ოქროპირი ქკ~ზისა... და  რაოდენნი სხუანი შემდგომად სხენან ხელით წერილნი სანატრელისა... წ~ისა მამამთავრისა მელქიზედეკისი“. თ. ჟორდანია იქვე მიუთითებს, რომ „იოანე და ოქროპირ ერთი და იგივე სახელია“. [ ჟორდანია, 1896: 50-51]. 
საკუთარი სახელებიდან ოქრო, ოქრია, ოქრუა, უამრავი გვარია ნაწარმოები: ოქროშიძე-ოქროშიაშვილი, ოქრომჭედლიძე-ოქრომჭედლიშვილი, ოქრიაძე-ოქრიაშვილი, ოქრუაძე-ოქრუაშვილი, ოქროკვერცხიშვილი, ოქროსცვარიძე და სხვა. ოქროპირიძეთა გვარი კი უნდა მომდინარეობდეს საკუთარი, ან მჭევრმეტყველების, ორატორული ხელოვნების გამო შერქმეული სახელის, ოქროპირისაგან; – ოქროპირიძე (ოქროპირაშვილი). მართალია ძირი – ოქრო ყველასთვის საერთოა, მაგრამ შინაარსობრივად განსხვავებულია. 
რაც შეეხება ოქროპირიძეთა გვარის ფორმირება-წარმოშობას, ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდის ამსახველი რამდენიმე დოკუმენტი იძლევა იმის საშუალებას, დავუშვათ ვარაუდი, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ ამ მეფის დროს და შეიძლება უფრო ადრეც დაწყებულიყო. 1074 წელს დაწერილი ათონის ტყავის წიგნში (თედო ჟორდანია ამ წიგნის დედანს ათონის მანუსკრიპტს უწოდებს  და თვლის, რომ იგი დაწერილია 1028 წლამდე)  1011 წლის თარიღის ქვეშ ნათქვამია: ,,...…ქრისტე შეიწყალე ბერი იოანე გრძელისძე და სულიერი შვილი მათი იოანე ოქროპირი…... რომელთა მიერ აღიწერა წმინდა ესე წიგნი. მოიხსენეთ სულიერი ძმაი ჩემი გარერჩელი წმ. ლოცვასა თქვენსა”... იქვე წმინდა თეოდოსის ცხოვრების აღწერის ბოლოსაც, 1013 წლის ქვეშ, აღნიშნულია, რომ ,,... მოიხსენეთ წმ. ლოცვასა თქვენსა ბერი იოანე გრძელისძე და იოანე ოქროპირი და საბა და ივანე გარერჩელი”... [ჟორდანია, 1892: 166]. სავარაუდოა,  აქ საქმე გვაქვს ოქროპირის, როგორც გვარის პირველად ხსენებასთან, რადგან ვფიქრობთ, რომ ორივე დოკუმენტში იოანე გრძელისძეც და ივანე გარერჩელიც (ისევე როგორც ჯაყელი, თორელი, თუხარელი თუ სხვა) გვარებითაა მოხსენებული. ამიტომაც სრულიად დასაშვებია, რომ ამ შემთხვევაში ოქროპირიც გვარის მნიშვნელობით იყოს ნახმარი, რაც საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება.
ვინ იყვნენ ოქროპირიძეთა წინაპრები?
გაზეთ „ივერიის“ 1890 წლის # 210-ის მონაცემთა  მიხედვით, რასაც ოქროპირიძეთა გვარისადმი გაცემული დავით აღმაშენებლისეულად მიჩნეული სიგელიც ამტკიცებს, სოფელი დისევი აღნიშნულ მეფეს ერთგული სამსახურის სანაცვლოდ ოქროპირიძეებისათვის უბოძებია. აღნიშნულ ვერსიას იზიარებს ცნობილი ისტორიკოსი იოსებ მეგრელიძე. ვერსიის მართებულობას ადასტურებენ ოქროპირიძეთა გვარის ცნობილი მოღვაწეები.
„მატიანე ქართლისაის“ ავტორის ცნობით დისევ-კულბითი ჯერ კიდევ XI საუკუნემდე ეკუთვნოდა „წმინდასა სვეტიცხოველსა“. ამასვე გვაუწყებს თ. ჟორდანის ქრონიკების II ტომში დაცული 1020 წლის მელქისედეკ კათალიკოსის სიგელიც, რომელშიც ნათქვამია: ,,...ჩუენ კურთხეულმან ქართლის კათალიკოს-პატრიარქმან მელქისედეკ ...აღვაშენე... ქართლს მონასტერი პალავრა ოთხითა სოფლითა ცუქითი შესავალითა მისითა, ყინწვისი შესავალითა მისითა და შინდების ნახევარი: კურბითის :რა: (101 – ავტ.) აზნაორი კარგი სოფელი ერთი: ჩოჩეთს უბანი :ა: (1 - ავტ.) მიწა და ვენახი სამეფო”…[ჟორდანია, 1897: 33, (1020 წლის მელქისედეკ კათალიკოსის სიგელი)]. ამასვე ადასტურებს 1040 წლით დათარიღებული ბაგრატ კურაპალატის გუჯრის ნაწყვეტიც, რომელიც, სხვათა შორის, თავისი ხელით დაუწერია ,,...ქრისტესმიერ კათალიკოზსა ოქროპირს...” და მასვე დაუმტკიცებია ,,...და მტკიცე არს უკუნისამდე”... [იქვე, გვ.35-36] ორივე გუჯარში მოხსენებულია სოფელი კულბითი, რომელიც დავით აღმაშენებლის მიერ ოქროპირიძეთა გვარისადმი გაცემულ წყალობის სიგელში მთლიანად დისევის საზღვრებშია მოქცეული [ჟორდანია, 1892: 181-188] 
     ისტორიკოსი როლანდ თოფჩიშვილი ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ოქროპირიძეთა წინაპარი, სახელად ოქროპირი, ლიახვის ხეობის უკიდურესი ზემო წელიდნ, ისტორიული დვალეთიდან გადმოსახლდა დისევში.  ზემოაღნიშნულ ამბებთან ეს თქმულება თითქმის არ მოდის წინააღმდეგობაში. დვალეთი, ქართველი ტომის ხალხით დასახლებული, უძველესი ქართული პროვინცია იყო. იგი, ჯერ კიდევ V საუკუნიდან ვახტანგ გორგასალმა ნიქოზის საეპისკოპოსოს დაუქვემდებარა. IX-XI საუკუნეში კი ცენტრალური ხელისუფლება ცდილობდა არაბთაგან და შემდეგ თურქ-სელჩუკთაგან არაერთგზის მოოხრებული, ხალხისგან დაცარიელებული შიდა ქართლის აღორძინებას. ამიტომ მთიანი რეგიონებიდან ბარში ინტენსიურად ხდებოდა ქართველთა ნაწილის ჩამოსახლება. დვალეთს ამ მხვრივ დიდი როლი უნდა ეთამაშა ქართლის მომძლავრების საქმეში.
საისტორიო თხზულების „მატიანე ქართლისაი-ს“ მიხედვით ქართლის კათალიკოსმა მელქისედეკმა გამოარჩია შიდა ქართლის რამდენიმე სოფელი „შესავალითა მისითა“ სვეტიცხოვლისათვის შესაწირავად. მის შემდგომ პერიოდზე კი ასე მოგვითხრობს იგივე მატიანე: „და გარდაიცვალა წმიდა ესე და აწ წარუმართენ ღმერთმან ოქროპირს, მელქისედეკისაგან შვილად გაზრდილსა. დაჯდა კათალიკოს-პატრიარქად ოქროპირი და ამანცა მრავალი შემატა დიდსა კათოლიკე ეკლესიასა... წმიდამან ამან კათალიკოს-პატრიარქმან ოქროპირმა მრავალი ეკლესია აღაშენა და განაახლა...“ [ქართლის ცხოვრება, 1955: 295-296; პირთა ანოტ... იქვე].
შეიძლება დაიშვას ვერსია, რომ ხომ არ არის ერთი და იგივე პიროვნება  მელქისედეკისაგან „შვილად გაზრდილი“ ოქროპირი და გვარის ეთნარქად მიჩნეული (დისეველი) ოქროპირი? მითუმეტეს, რომ უწმინდეს პატრიარქ მელქისედეკს ახლო ურთიერთობა ჰქონდა შიდა ქართლთან. ორივე ოქროპირის ცხოვრების ხანა კი დროში საინტერესოდ ემთხვევა დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის წინა პერიოდს. მაგრამ როგორადაც არ უნდა იყვეს, ერთი რამ უდავოა: გვარის მესაძირკვლე დისეველი ოქროპირი უნდა ყოფილიყო, გამორჩეული სასულიერო მოღვაწე. საერთოდ კი ოქროპირი, თავიდან როგორც თიკუნი, შემდეგ კი პიროვნების საკუთარი სახელი _ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, _ მჭევრმეტყველთან, ორატორთან, მოძღვართან არის დაკავშირებული. 
ამასთან უნდა ითქვას, რომ ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილი თქმულება-წარმოდგენები, ხშირ შემთხვევაში, ისტორიული სინამდვილის ადამიანთა ხსოვნაში დალექილი რეალობის გამითიურებული ასახვაა; ყოველივე ამას თუ დავუმატებთ ზემო აღნიშნულ სხვა გარემოებათ და მათი ანალიზის მიხედვით ვიმსჯელებთ, შესაძლებელია, რომ ოქროპირიძეთა გვარის ეთნარქი, იოანე-ოქროპირ მახარობელი, სწორედ ქართლის კათალიკოს-პატრიარქების ოქროპირი IV-ისა და ოქროპირV-ის (ან კიდევ, ერთის, ან მეორის) ნათესავ–შთამომავალი ყოფილიყო (დროშიც კარგად ემთხვევა მათი ზეობის ხანა, 980-1001 და 1033-1048 წლები, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის წინა პერიოდს) და იქნებ სწორედ ამის გათვალისწინებით მისცა დავით მეფემ მას გვარად ოქროპირისძე. ამასთან, როგორც ისტორიული რეალობა და „პირთა ანოტირებული ლექსიკონი“ გვიჩვენებს სახელ ოქროპირის მატარებელ პიროვნებათა უმრავლესობა საეკლესიო მოღვაწეა [პირთა ანოტ.... იქვე]. 
რაც შეეხება დავით აღმაშენებლისეულად მიჩნეული წყალობის წიგნს, რომლითაც სამართლიანად ამაყობენ ოქროპირიძეები, მკვლევარებში აზრთა სხვდასხვაობას იწვევს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ დოკუმენტის ავტორი ქართლის მეფე დავით მეათე (1505-1525) შეიძლება იყოს. თუმცა ოქროპირიძეების გვარის თითქმის ყველა გამოჩენილი მოღვაწე ადასტურებს, რომ აღნიშნული სიგელი (წყალობის წიგნი) წმინდა დავით აღმაშენებლისეულია, რასაც მხარს უჭერენ სხვა ისტორიული წყაროებიც. 
სავარაუდოა, რომ დავით აღმაშენებელმა ოქროპირიძეებს გამორჩეული დამსახურებისათვის უბოძა ეს მიდამო და სოფელი დისევი ,,თავის სამართლიანის სამზღვრებით“ შესწირა სვეტიცხოველს. აღნიშნული აზრი გაზიარებულია გაზეთ ,,ივერიის“ 1890 წლის 210-ე ნომერშიც. მკვლევარ იოსებ მეგრელიძეს ნაშრომში ,,წარწერები და სხვა სიძველეები პატარა ლიახვის ხეობაში“, [მეგრელიძე, 1963: 30-31) მოჰყავს ცნობილი სასულიერო მოღვაწეების  გაბრიელ დეკანოზის [(1824-1904), მღვდლის ალექსანდრე ოქროპირიძის, დიაკვან ვლადიმერ ოქროპრიძის და სხვათა საჩივრები: ,,დისევი დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული ჩვენი, ოქროპირიძეების იყო და საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგაც ჩვენ უნდა გვეკუთნოდესო“. [იქვე]
 საქართველოს დამსახურებული ექიმი, პროფესორი ბესარიონ ოქროპირიძე წერდა: ,,ჩვენს წინაპრებს მუდამ საჩივარი ჰქონდათ, დისევი ჩვენ დავით აღმაშენებელმა გვიბოძა და ნურავინ გვერევა შიგო...“ 
სიგელი, რომელზეც ვსაუბრობთ, XVIII ს-ის II ნახევარში სიძველის გამო ერეკლე მეორის თხოვნით განუახლებია ანტონ კათალიკოსს. თავად ტექსტი ანტონ კათალიკოსმა გადააწერინა დეკანოზ იოვანეს. ცნობილი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იოსებ მეგრელიძე აღნიშნულ დოკუმენტს უფრო ,,გალობანი სინანულისანის“ ავტორისად მიიჩნევს და ტექსტის ბოლოს მითითებული თარიღით, (1516)?, გაკვირვებას კითხვის ნიშნით გამოხატავს. 
სიგელში ვკითხულობთ: ,,ქ. ნებითა ღვთისათა ჩვენ მეფეთ მეფემ აფხაზეთისათა აღმოსავალ-დასავალამდე მპყრობელ პატრონმა ხელმწიფემან დავით და ძემან-ჩემან დიმიტრიმან ესე მტკიცე და უცილობელი შემოწირულობისა სიგელი მოგახსენეთ თქვენ ცათა სწორსა სასოსა ჩვენსა სვეტიცხოველსა და მას შინა აღმართებულსა და კვართსა საუფლოსა და მირონსა წმიდასა შემოგწირეთ სოფელი დისევი თავის სამართლიანის სამზღვრებითა. ასე მოგვიხსენებია და შემოგვიწირავს საქარე გზამდისინ, წურბელთ წყარომდისინ და სათიბის წვერამდისინ, ღრმა გზამდისინ, ბერიჯვრის წვერამდისინ და სათიბის წვერამდისინ, საოსო გასაყარ გზამდისინ, იქით საიკორთო გზამდისინ, გახვრეტილ ქვამდისინ, სასადილო წყალმდისინ, ფურთსადგომამდისინ, წითელ კოშკამდისინ, ნასერლები, ჩხოკურის წყალამდისინ, მრგვლივ ტყემდისინ და ტბამდისინ, კვირაცხოვლის გზამდისინ, და ნაცარყანა ხევამდისინ, ზეით გზამდისინ და ქვევით შარამდისინ ეს სოფელი დისევი მრგვლივ სამზღვრით შემოგვიწირამს ყოველის კაცის უცილებლად და ულაპარაკოდ და ხელშეუშლელად მოგვირთმევია და კაცნი შემოგვიწირამს კეთილგვაროვანი ოქროპირიძენი მოსახლენი დავით და ნიკოლოზ და მალიაძე დემეტრე ესენი თავისის მთითა, ბარითა და აბილახტაური თავისი საწისქვილოთი, ეს ასრე მოგვიხსენებია და შემოგვიწირამს თქვენ სვეტიცხოველსა და კვართსა კათალიკოსსა დოსითეოსსა; შეიწირე მცირე ესე შესაწირავი, და ნაცვლად გვაგე დღესა მას განკითხვისასა, ხოლო დამამტკიცებელი და რომელმაც ამას შლად ხელყოს, რისხამს ღმერთი და ყოველნი მისნი წმინდანი და სვეტიცხოველი და ჩვენთა ცოდვათა მიერ განკითხვისა დღესა მას განკითხვისასა, ხოლო დამტკიცებული ამისანი ღმერთმან აკურთხოს.
დაიწერა ხელითა მღვდელმონაზონის ეგნატისათა თვესა აპრილსა იგ (13 – ავტ,) ქკნ [ს] სდ (204 – ავტ,), ხელჩართული ესე არს. დავით მეფე ვამტკიცებ. ნებითა ღვთისათა ჩვენ ყოველის საქართველოს პატრონმა, მეფის ირაკლის შორის ძემან ანტონი დავით მკვიდრისამან გარდავაწერინე წიგნი ესე წინაშე ჩვენისა სიონის დეკანოზის იოვანეს უმეტნაკლებოდ, რომელისაცა მკვიდრი ჩვენა გვაქვს“. (თარიღი 1516 წ.?). [მეგრელიძე, იქვე; ჟორდანია, 1897: 334]
რიგ გარემოებათა გამო მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი წმინდა დავით აღმაშენებლის ხელიდან მომდინარეობს. წინამდებარე სიგელში მოყვანილი სამეფო ტიტულატურა, ,,მეფეთ მეფე აფხაზეთისათა და აღმოსავალ-დასავალამდე მპყრობელ პატრონი“, დიდგორის შემოქმედს უფრო შეეფერება, ვიდრე დანაწევრებული, ისიც აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი კუთხის მეფეს. თუმცა, ერთი რამ მაინც დასაზუსტებელია: წყაროს მიხედვით, ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი დოსითეოსია, დავით აღმაშენებლის დროს თედო ჟორდანიას ქრონიკების მიხედვით – იოანე [ჟორდანია, იქვე, (მეფესა დავითს მონაზონი არსენ): 70], როინ მეტრეველის უახლესი მონაცემებით კი _ 1090 წლამდე დიმიტრი, შემდეგ ბასილი III 1090-1100წლებში, შემდეგ კი მას 1104 წლიდან მოსდევს იოანე VI, რუის-ურბნისის კრების თავმჯდომარე, [მეტრეველი, 2012: 55-56] ოქროპირიძეთა გვარში შემორჩენილი თქმულება-გადმოცემების იოანე მახარებელ-ოქროპირი. მახარებელი და ოქროპირი რომ ერთმანეთის ბადალია, ამის შესახებ არაერთგზის არის მინიშნებული თედო ჟორდანიას ქრონიკებში და ეს არის დაფიქსირებული აბუსერისძე ტბელის ნაშრომის ზემოთ მოყვანილი სათაურშიც. თუ არ ჩავთვლით 1100-დან 1104 წლამდე არსებულ გაურკვეველ სიცარიელეს, რომლის პერიოდშიც შეიძლება დავუშვათ დოსითეოსად სახელდებული პიროვნების კათალიკოს-პატრიარქობა, სხვა ასეთი ვინმე დავით აღმაშენებლის ზეობისას არ ჩანს. რაც შეეხება ქართლის მეფის, დავით X-ის მეფობის ხანას, ქართლის კათალიკოსად იხსენიება დოროთეოს II (1507-1511, ზოგან 1516). როინ მეტრეველის მიხედვით კი ამ დროს დოროთეოსის (1503-1505 და 1511-1516 წ.წ.) გარდა კათალიკოს-პატრიარქები იყვნენ იოანე VIII (1505-1509 წ.წ.), დიონისე (1509-1511 წ.წ.) და ბასილი VI (1517-1528 წ.წ.). [მეტრეველი, 2010: 82-84) ასე, რომ დოსითეოსი აქაც არ ფიქსირდება. მაგრამ თუნდაც დავუშვათ, რომ დოსითეოსი იგივე დოროთეოსი იყო, ეს არაფერს არ ცვლის, რადგან ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ დავით X არა სიგელის ავტორი, არამედ სიძველის გამო, პატარა კახის მსგავსად, მისი განმაახლებელია და გარკვეული ცდომილებანი რომელიმე გადამწერის შეცდომამ გამოიწვია. (თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ დოროთეოსი და მეფე დიმიტრი ერთად არიან მოხსენებული დავით აღმაშენებლის მეფობის შემდგომ ახლო პერიოდის, 1154 წლის გიორგი მთაწმინდელის წერილშიც, რომელშიც დოროთეოსი ნახსენებია როგორც 70 მოსწავლისათვის დატოვებული საკითხავის ავტორი,  რომელიც წმ. გიორგი მთაწმინდელს უთარგმნია ლათინური ენიდან ბერძნულ და ქართულ ენებზე). [ჟორდანია, 1897: 78-79]
ამასთან ცნობილია 1392 წელს შედგენილი სია მცხეთის საეკლესიო მამულებისა, რომელშიც საქართველოს სხვა სოფლებთან ერთად პირდაპირ შეტანილია სოფ. დისევიც. მასში ნათქვამია: “...კუალად სოფელი ზერტი თვისითა მამულითა, ნასოფლარი, სათიბი; სოფელი ქვეში; სოფელი ფლავი; სოფელი დისევი; სოფელი ჩხიკეთი; სოფელი სათიხარი;……და რაც ქართლს, კახეთს, ანუ სომხეთს და სხუათა ადგილთა ყმანი და მამულნი ყოფილან აწ ჩვენ გუჯრითა ამით განვაახლეთ და ვათარხნეთ ყოვლისა სამეფოსა ხარჯისაგან...“ [ჟორდანია, 1897: 195-198]. ადრე მოხსენიებულ გუჯართა მონაცემებსაც თუ გავითვალისწინებთ, ყველაფერი ეს იმის დასტურია, რომ დისევი 1516 წლამდე დიდი ხნით ადრე უკვე შეწირულია სვეტიცხოვლისადმი. აღნიშნული გუჯარი   ხელმოწერილია ასე:  „მეფე ალექსანდრე ვამტკიცებ ნებითა ღთისათა“ და აქვს დასმული ბეჭედი წარწერით „მონა ღვთისა ალექსანდრე". ნუსხა აღნიშნული გუჯრის შემდგომში დაუმტკიცებია სვიმონ მეფეს (+1599 წ.), როსტომს (+1656 წ.) გიორგის (იქვე, გვ. 197), საიდანაც ჩანს, რომ სიგელ-გუჯართა განახლება ჩვეულებრივი პრაქტიკა უნდა ყოფილიყო იმ  პერიოდის საქართველოში. ამასთან შიო-მღვიმის აღნიშნულ მამულების შესახებ უნდა იყოს საუბარი 1445-1469 წლების შიო მღვიმის სიგელში, რომელშიც ნათქვამია: „...მეფეთ-მეფემან გ~გი და მეუღლემან ჩ~ნმან პატრონმან დედოფალმან ნესტან-დარეჯან ესე სიგელი გკადრე... შიოს უდაბნოს მღვიმისა... მას ჟამსა, ოდეს კარზედა მოგუიდეგით და ძუელნი გუჯარნი და განაჩენნი მის სულკურთხეულისა აღმაშენებლისა დავითისი და ჟამთა უკანასკნელობისა  და შლილობისაგან დიადი წესი და საქმე შეცულოდა და სულკურთხეულსა მამასა ჩემსა ხელ ეყო...“ [ჟორდანია, 1896: 73]
და ბოლოს,  ჩვენი ამ შეხედეულებებისა და აღნიშნული სიგელის დავით აღმაშენებლისადმი კუთვნილების  ირიბ დასტურად შეიძლება მივიჩნიოთ 1534 წელს ნიკორწმინდის ხუცურად დაწერილი სიგელიც გაცემული იმერთა მეფის ბაგრატ მესამის მიერ, რომელშიც ნათქვამია: „...შემოვსწირეთ სოფელნი და დაბანი ...თ-ქნ წ-ო გ-ი მთისა მთავარმოწამეო! როგორათაც დავით აღმაშენებლისაგან და ძისა მისისა დიმიტრისაგან შემოწირული ყოფილიყო...“, და „...ჩვენ მეფეთა-მეფემ აფხაზეთისათა აღმოსავალ-დასავალამდე მპყრობელ პატრონმა ხელმწიფემან დავით და ძემან ჩემმან დიმიტრიმან ესე მტკიცე და უცილობელი შემოწირულებისა სიგელი მოგახსენეთ...“, როგორადაც დავით აღმაშენებლისეულად მიჩნეული ჩვენი გვარის მომხსენებელი გუჯარი იწყება, ფაქტიურად უნდა მიუთითებდეს ამ ორ დოკუმენტში მოხსენებულ პიროვნებათა იდენტურობაზე.
აგრეთვე აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თ. ჟორდანიას „ქრონიკების“ მეორე ტომში აღნუსხულ [გვ. 344-345] 1519  წლის ქვათახევის მონასტერზე  შეწირულების სიგელში, 1526 წლის  მცხეთისა [გვ. 368-369] და 1550 წლის [გვ.390-391] ქვათახევის სიგელებში, ყველგან მოხსენიებულია მეფე დავით მეათის შვილები, – ლუარსაბი, ადრაზანი და რამაზი. ერთადერთი დოკუმენტი, სადაც ამ მეფის შვილად დიმიტრია მოხსენებული, არის „ქართლის ცხოვრების“ მეორე ტომში აღნუსხული ცნობა [ქართლის ცხოვრება, 1959: 492], რომელიც 1518 წელს მომხდარ ამბავთა შესახებ მოგვითხრობს. მასში ნათქვამია, რომ „აღიძრა ყაენი და წარმოვიდა საქართველოს საქრისტიანოსა; ხატთა და ჯუართა ყუელასა ატყუევებდეს. პატრონმან მეფემან დავით თვისი შვილი რამაზ გაგზავნა და ყაენს წინა მიაგება და დაიხსნა საქრისტიანო. და დაჰყო რაოდენიმე ხანი მერმე დღითა კეთილითა აღსავსემან აღირჩია კეთილი ნაწილი და იქმნა მონაზონ, და უწოდეს სახელად დამიანე. და ესხა ძენი სამნი: ლუარსაბ, დიმიტრი და რამაზ.“ მაგრამ ამავე მოვლენაზე, ზუსტად 1518 წლის ქვეშ, თ. ჟორდანიას ზემოთ დასახელებულ ქრონიკებში [გვ. 335] ოთხჯერაა საუბარი და არცერთხელ არ არის ნახსენები დიმიტრი უფლისწული (ყველგან ლაპარაკია ლუარსაბის, ადრაზანისა და რამაზის შესახებ), რაც “ქართლის ცხოვრებაში” ამ ფაქტთან დაკავშირებით დაშვებულ უზუსტობაზე უნდა მიუთითებდეს. ამასთან საგულისხმოა ისიც, რომ დავით მეათისა და მისი შვილებისადმი მიძღვნილ სიგელებში სამივე ვაჟი _ ლუარსაბი, ადრაზანი, რამაზი, ყოველთვის ერთადაა მოხსენებული და რომელიმე მათგანი მამასთან ერთად ცალკე არაა დაფიქსირებული, როგორც ეს დავით აღმაშენებლისეულად მიჩნეულ გუჯარშია გაკეთებული.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული,  კიდევ ერთხელ ჩვენი მოსაზრებების სასარგებლოდ მეტყველებს, რომ ხსენებული წყალობის სიგელი უცილობლად დავით აღმაშენებლის ხელიდან უნდა იყოს გამოსული. (უ. ო.)
როგორც ჩანს, სხვადასხვა ეპოქის ერთიანი საქართველოს, თუ ქართლის მეფეებს არა ერთხელ განუახლებიათ ოქროპირიძეების საგვარეულო სოფლის – დისევის სვეტიცხოვლისადმი შეწირულობის სიგელი. ერთ-ერთ შემთხვევაში მის განმაახლებლად ქართლის დაუმორჩილებელი და გმირი მეფე სიმონ I (1556-1600) გვევლინება. 1559 წელს აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დომენტი I-ის (1556-1560) თხოვნით სიმონ მეფემ (იგი ზემოთნახსენები ქართლის მეფის – დისევისადმი ბოძებული სიგელის სავარაუდო განმაახლებლის, დავით მეათის შვილისშვილია) დისევთან ერთად სვეტიცხოველს დაუმტკიცა ძველი შეწირულობები, რომელსაც მცხეთის დიდი სიგელი ეწოდება [ჟორდანია, 1897: 400-401] მასში მითითებულია სვეტიცხოველის კუთვნილი მამულები, სოფლები მათი საზღვრებით. 
 ყველაფერი ზემოთ განხილული, სოფელ დისევისა და მასში მცხოვრები ძირითადი გვარის – ოქროპირიძეებისადმი ქართული სამეფო ხელისუფლების მნიშვნელოვან ყურადღებაზე მეტყველებს, რაც აღნიშნული საგვარეულოს წარმომადგენელთა ღვთისა და სამშობლოსადმი კეთილმსახურების შედეგად უნდა მივიჩნიოთ. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის მიერ დავით აღმაშენებლის სიგელის განახლება კი იმის დასტურია, რომ სოფელი დისევი XVIII საუკუნის ბოლომდე მცხეთის სვეტიცხოვლის  საკუთრებას წარმოადგენდა.    
თუ თვალს გადავავლებთ ძველ ქართულ სიგელ-გუჯრებს, წყალობის წიგნებს, დავრწმუნდებით, როგორი სიზუსტით არიან ისინი შედგენილნი. შემწირველი ადრესატისადმი შეწირულ ყველა წვრილმანს აღნუსხავს. დავით აღმაშენებლის მიერ ოქროპირიძეებისადმი ნაწყალობევ სიგელში ზედმიწევნითაა ნაჩვენები სვეტიცხოვლისადმი ბოძებული დისევის საზღვრები. სიგელი ოქროპირიძეებს ,,კეთილგვაროვანთ“ უწოდებს. როგორც ჩანს, დიდმა დავითმა “კეთილგვაროვან ოქროპირიძეებს” ოფიციალურად უბოძა ვრცელი ტერიტორია და იგი დაუქვემდებარა მცხეთის სვეტიცხოველს, რითაც გაგრძელდა მათი თავდადებული მსახურება სამშობლოსა და დედა ეკლესიისადმი.
წმინდა იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს: “არაფერია უფრო წმინდა, ვიდრე ენა, რომელიც უბედურების ჟამს ჰმადლობს უფალს! ჭეშმარიტად გეტყვით: არაფრით განსხვავდება იგი მოწამეთა ენისაგან და იგივე გვირგვინს ღებულობს...“ [„ყოველთა შინა ჰმადლობდეთ“...2009-2010: 8-9]
და ადამიანურ სათქმელში, რომელი სიტყვა გამოხატავს ამ წმინდა ენას უფრო უკეთ, ვიდრე ოქროპირი, ე. ი. ენა, რომელიც მუდამ ჟამს ჰმადლობს უფალს; ამიტომაც მისგან ოქროპირიძეთა გვარის წარმოშობის შესაძლებლობა მეტად სანდომიან საქმედ მიგვაჩნია; რადგან, განა ვინმე არ ისურვებს ისეთ საძირკველს, რომელიც უკვდავებაზეა დაშენებული, განა ვინმე უარყოფს ისეთ მამას, რომელსაც ჩვენთვის მარადიული ფასეულობების ჩანერგვა განუზრახავს, – და განა ღვთისთვისაც სათნო არ იქნება წმინდანთა ნაკურთხ ემბაზში განბანოს ჩვენი ლამაზი გვარის უფლისადმი ერთგულად ნამსახური მემკვიდრენი?!! მითუმეტეს, ეს თუ დოკუმენტებითაც მხარდაჭერილია.
                                                                                                
გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:
 
ბექირიშვილი, 1996: - ბექირიშვილი ი., აჭარის ისტორია გვარ-სახელებში, ბათუმი 
მეტრეველი, 2010: - მეტრეველი რ,. ერთიანი საქართველოს მეფეები და პატრიარქები, გამომც. “არტანუჯი”, თბილისი 
სილოგავა, 2008: - სილოგავა ვ., პატრიარქი X საუკუნის საქართველოში. პარხლის წარწერა, ოშკი, თბილისი 
ჟორდანია, 1892: - ჟორდანია თ., ქრონიკები, I, ტფილისი 
ჟორადნია, 1897: - ჟორდანია თ., ქრონიკები, II, ტფილისი 
ჟორდანია, 1896: - ჟორდანია თ., ისტორიული საბუთები შიო-მღვიმის მონასტრისა და ძეგლი ვაჰანის ქვაბთა, ტფილისი 
პირთა ანოტ... 2004: - პირთა ანოტირებული ლექსიკონი, III, საქართველოს მეცნ. აკად. კ. კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი, გამომც “არტანუჯი”, თბილისი  
ქართლის ცხოვრება, 1955: - ქართლის ცხოვრება, ტ. I, თბილისი
ქართლის ცხოვრება, 1959: - ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბილისი 
ჯავახიშვილი, 1977: - ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია (თორმეტ ტომად), ტომი VIII, თბილისი 
ტბეთის სულთა... 1977: - ტბეთის სულთა მატიანე, თინა ენუქიძის გამოცემა, თბილისი
თისლისა და ხახულის... 1986: - თისლისა და ხახულის ხელნაწერების მინაწერები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებელი დაურთო დარეჯან კლდიაშვილმა, თბილისი 
აჭარის ლივის... 2012: აჭარის ლივის ვრცელი დამოკლე დავთრები, ოსმალური ტექსტი, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და ფოტოასლები გამოსაცემად მოამზადეს: ზ. შაშიკაძემ და მირიან მახარაძემ, თბილისი
რუხაძე, 1957: - რუხაძე შ., დარჩიძეებისა და შუახევის ციხე-სიმაგრეები, აჭარის ასსრ სახელმწ. მუზეუმი, შრომები, ტ. II, სახელმწ. გამომცემლობა, ბათუმი 
ოქროპირიძე, მთხრობელი ზურაბ ოქროპირიძე, 65 წლის  
ნათელი ქრისტესი... 2003: ნათელი ქრისტესი საქართველო, წ. 1, ანდერძი დავით მეფისა შიო მღვიმისადმი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომც., თბილისი 
გაზ. “ივერია” - გაზ. „ივერია“, #210, 1890;  
მეგრელიძე, 2000: - მეგრელიძე ი., წარწერები და სხვა სიძველეები პატარა ლიახვის ხეობაში, საქართველოს მეცნ. აკადემიის მოამბე, #5, თბილისი 
ვარდოსანიძე, 2000: ვარდოსანიძე ს., საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდი (1918-1921 წ.წ.), თბილისი 
ჩემი სოფელი... 2010: – ჩემი სოფელი – ლიახვის ხეობა, ჟურნ. „კარიბჭე“,#9 (122), 30. IV-15. V    
ყოველთა შინა ჰმადლობდეთ, 2009-2010: - „ყოველთა შინა  ჰმადლობდეთ“(წმ. იოანე ოქროპირის მიხედვით), ჟურნ. „საპატრიარქოს უწყებანი“, # 4, 24. XII. 09-7. I. 10
„კეთილგვაროვანი ოქროპირიძენი...“_ ოქროპირიძეთა გვარის წარმოშობის
ისტორიიდან
რეზიუმე

ნაშრომში მოცემულია ოქროპირიძეთა გვარის წარმოშობის შესაძლო მოკლე ისტორია. ნათქვამია, რომ ოქროპირიძეთა გვარი უნდა წარმოშობილიყო სასულიერო წოდების მქონე პიროვნების სახელის, ან თიკუნისაგან - ოქროპირი; ხოლო გვარი ოქროპირისძე, თავად დავით აღმაშენებელს მიუცია გვარის საგულვებელ ეთნარქ იოანე მახარობლისათვის. 
გვარი მოხსენებულია დავით აღმაშენებლისეულ წყალობის სიგელში, რომელშიც ლაპარაკია სვეტიცხოვლისადმი სოფელ დისევისა და ამასთანავე „კეთილგვაროვან ოქროპირიძეთა...“ მისთვის შეწირვის შესახებ. აქვე მოცემულია მეცნიერული მსჯელობა, რომ აღნიშნული სიგელი ნამდვილად დავით აღმაშანებლისეულია და მოტანილია ამის დამადასტურებელი პიდაპირი თუ ირიბი დოკუმენტური მასალები და მტკიცებულებანი. გაკეთებულია სათანადო დასკვნები.