შემოგვიერთდით
კატეგორია / ისტორია   1, 461 ნახვა    3 წლის წინ
ეროვნული მოძრაობის ისტორიიდან საქართველოში 1977–1987 წლებში



1970-იანი წლებიდან განსაკუთრებით გაძლიერდა დისიდენტური მოძრაობა საქართველოში, რომელმაც იკისრა მოსახლეობისათვის სამართლის თქმის გზით თვალი აეხილა სახელმწიფოში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, გამეფებულ უკანონობას, სიყალბისა და უზნეობის ატმოსფეროზე, რომელიც ჩვენს სამშობლოს, საქართველოს უფსკრულისაკენ მიაქანებდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა  ინფორმაციები საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან დარღვევებზე, აგრეთვე კულტურის ძეგლების  განადგურებისა და ქართულ ეკლესიაში ფეხმოკიდებულ დანაშაულობათა შესახებ. დიდი ყურადღება ექცეოდა ქვეყნის განათლებისა და სახელმწიფო სტრუქტურებში  თუ კულტურის სფეროში გამეფებული რუსიფიკაციის მხილებას.
1972 წლიდან ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველები მჭიდრო კავშირს ამყარებენ რუსეთის  დისიტენტურ წრეებთან. თბილისში იბეჭდება ა.სოლაჟენიცინის ანტისაბჭოთა სულისკვეთებით გამსჭვალული ნაშრომები და სტატიები, ხოლო 1974 წელს გამოცემული  „გულაგის არქიპელაგი“ მიზეზი ხდება მწერლის სამშობლოდან გაძევებისა. მიუხედავად ამისა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა კისრულობენ უმძიმეს  მისიას აღნიშნული ნაშრომის  საქართველოში გამოცემისა და გავრცელებისა, რასაც მათ წარმატებით გაართვეს თავი. ამის პარალელურად ძლიერდება საქართველოს დისიდენტური მოძრაობის საერთაშორისო კავშირები და იგი 1975 წლიდან ურთიერთობას ამყარებს ამავე წლის აპრილში მოსკოვში ჩამოყალიბებულ „საერთაშორისო ამნისტიის“ მოსკოვის ჯგუფთან (ვ.ტურჩინის, და ა. ტვერდოხლებოვის მიერ შედგენილი), ხოლო 1976 წელს მოსკოვში შექმნილი ჰელსინკის ხელშეკრულების საშემსრულებლო ჯგუფის ანალოგიურად იმავე წლის ივნისში ასეთივე ჯგუფს ქმნის საქართველოში ზვიად გამსახურდია, რომლის მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში შეკრებილი მასალები ქვეყნდება ჟურნალში „საქართველოს მოამბე“; ამავდროულად 1975-1976 წწ. გამოდის თავისუფალი ალმანახი „ოქროს საწმისი“, რომელშიც იბეჭდება კომუნისტური ცენზურის მიერ აკრძალული მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებები, რამაც საბჭოთა ოფიციალური სამეცნიერო და ინტელექტუალური წრის წარმომადგენელთა სასტიკი გააფთრება გამოიწვია. ამას 1977 წლის მარტიდან შედეგად მოჰყვა სასტიკი ბრალდებები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საბჭოთა საქართველოს თითქმის მთელმა „ნაღებმა ინტელიგენციამ“ და სამეცნიერო ელიტამ, რითაც მათ საფუძველი შეუმზადეს ამ პიროვნებათა წინააღმდეგ მიმართუ-ლი სასამართლო პროცესის ფარსის  გათამაშებას.
კარგად რომ გავერკვეთ 1977-1987 წლებში საქართველოში მიმდინარე ეროვ-ნული იდეალებისათვის ბრძოლის მთელ სირთულეში, საჭიროდ მიგვაჩნია, საკმაოდ ფართოდ  განვიხილოთ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას წინააღმდეგ მთელი საბჭოური სისტემის მიერ მიმართული სპეცოპერაციის არსში რომელიც მათ საზოგადოებას სასამართლო პროცესად წარმოუჩინეს; ამით გვსურს მოვახერხოთ იმ გარემოს შინაგანი არსის შედარებით სრული სურათის აღდგენა, რომელშიც დისი-დენტურ მოძრაობას თავისი საქმიანობის წარმოება უხდებოდა.
1978 წლის მაისში გაიმართა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სასამართლო პროცესი, რომლის შესამზადებლად მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დიდი წვლილი შეიტანა, როგორც „ქართულმა წითელმა ინტელიგენციამ“ და საბჭოთა სისტემის იდეოლოგიურმა სამსახურებმა, თუ ამ საქმიანობაში დახელოვნებულმა „სუკმა“, ასევე აღნიშნული აქტიორების მიერ საღ აზრ გამოცლილმა, დაბეჩავებულმა, ნებაწართ¬მეულ¬მა ე.წ. ქართულმა საზოგადოებამ.
საქმე იმაშია, რომ გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში საქართველოში საგრძნობლად გააქტიურდა დისიდენტური მოძრაობა, რომელიც 1972 წლიდან მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის დისიდენტურ წრეებსა და მათ თვითგამოცემებს მოსკოვსა და ლენინგრადში (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი). თბილისში იწყება  ა. სოლჟენიცინის, ა. სახაროვის, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების, მერაბ კოსტავას წერილებისა და სტატიების ბეჭდვა და გავრცელება თვითგამოცემების საშუალებით. საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებისა და ეკლესიისათვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო ზვიად გამსახურდიას სტატიები – „პოლემიკა დასავლეთის პრესასთან საქართველოს ეკლესიის მდგომარეობის შესახებ“, წერილი რედაქციას“, მისივე დოკუმენტური მასალები – „საზოგადოებრივი პრობლემები“, „თეიმურაზ ჯვარშეიშვილის დაკითხვის ოქმები“ და სხვა. მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ უზრუნველყვეს ა. სალჟენიცინის ბესტსელერად ქცეული ნაწარმოების – „გულაგის არქიპელაგი“ – გამოცემა და გავრცელება საქართველოში [1, გვ. 4].
აღნიშნული საქმიანობა იმ პერიოდში ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდად ითვლებოდა, ხოლო მისი ავტორები სასტიკ დევნა-შევიწროვებასა და რეპრესიებს განიცდიდნენ. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა სულ მალე დააპატიმრეს და გაასამართლეს. მათი საქმე # 131-ის საბრალდებო დასკვნაში სწერია: „გამსახურდიამ მიზნად დაისახა მასიური გავრცელება ანტისაბჭოთა ლიტერატურისა. 1974 წლიდან იგი აქტიურად შეუდგა პოლიგრაფიული და საბეჭდი მოწყობილობით სპეციალისტების მიზიდვას, რომელთაც დიდი ფულადი ანაზღაურება ჰქონდათ“... 1974 წლის გაზაფხულზე მან მოიპოვა ა. სოლჟენიცინის „გულაგის არქიპელაგის“ ოთხივე ნაწილი, იმ ავტორისა, რომელიც გაძევებული იქნა სსრკ-დან მისდამი მტრული მოღვაწეობის გამო. „გულაგის არქიპელაგი“ გამოიცა პარიზში, უმკა-პრესში“, რომელიც გმობს მარქსისტულ-ლენინურ მოძღვრებას სოციალისტურ რევოლუციაზე“... [იქვე, გვ.5] (დღეს წარმოდგენაც ძნელია, თუ ეს საქმეები რა შეუწყნარებელ ცოდვად და დანაშაულად ითვლებოდა მაშინ – უ. ო.) მანამდე კი, 1975 წელს ზვიად გამსახურდიას ირჩევენ მოსკოვში ჩამოყალიბებული „საერთაშორისო ამნისტიის“ ჯგუფში საქართველოს წარმომადგენლად, ხოლო 1976 წელს მოსკოვში შექმნილ  პელსინსკის ხელშეკრულების საშემსრულებლო ჯგუფის ჩამოყალიბების კვალობაზე იმავე წლის ივნისში ზვიად გამსახურდია საქართველოში ქმნის ანალოგიურ ჯგუფს, რომლის მიერ შეკრებილი სტატიები და მასალები საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხებზე იბეჭდებოდა ქართულ თვითგამოცემის ჟურნალში „საქართველოს მოამბე“ [იქვე].
1975 წლის მაისში გამოვიდა ჟურნალის „ოქროს საწმისი“ პირველი ნომერი, რომლის გამოცემაც გაგრძელდა 1976 წელს. სულ გამოვიდა 4 ნომერი–ორი 1975, ორიც–1976 წელს. მასში იბეჭდებოდა კომუნისტური ცენზურის მიერ აკრძალული მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებები: ივ.ჯავახიშვილის „XIX  საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები“, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას სტატიები და ლექსები, კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა –„მტრების მეგობრობა“ და მისი არქივიდან ის სტატიები და მასალები, რომლებიც ცენზურამ აკრძალა და რომლებშიც იგი აკრიტიკებს სოვეტიზაციის შედეგად საქართველოში შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ჩვეული პირდაპირობით მსჯელობს ქვეყანაში როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ სფეროში შექმნილ ვითარებაზე. აქვე იბეჭდებოდა საბჭოთა გამოცემების მიერ უგულვებელყო¬ფილი მწერლებისა და პოეტების –გაბრიელ ჯაბაშანურის, ადამ ბობღიაშვილის, ოთარ მაი¬სურაძის, შოთა ჩანტლაძის, ასევე ქართული ლიტერატურის  კლასიკოსების ვაჟა–ფშაველას, აკაკი წერეთლის, ლადო ასათიანის სხვათა გამოუქვეყნებელი და უცნობი ნაწარმოებები [იქვე, გვ.6].
რაც შეეხება ჟურნალს „საქართველოს მოამბე“, იგი პოლიტიკური ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობისათვის მიეწოდებინა  ეროვნულ, რელიგიურ და სოციალურ პრობლემებზე, აგრეთვე სსრკ-ში შექმნილ საერთო მდგომარეობაზე  მართებული ინფორმაცია. მის  პირველ ნომერში დაიბეჭდა გაეროს ადამიანთა უფლების დაცვის დეკლარაცია, კრიტიკული წერილები საქართველოს ისტორიის სწავლების საკითხზე ქართულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, საქართველოში გატარებულ რუსიფიკაციის პოლიტიკის, საქართველოს  მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობის, კულტურის ძეგლების დაცვის, საქართველოში ციხეებში პატიმრების წამების, პოლიტ-პატიმარ ვ. ჟვანიას დახვრეტის, საქართველოს საპატრიარქოს გაძარცვის, რომელშიაც მხილებული იქნენ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, სახელმწიფო თანამდებობებისა და სასულიერო პირები და სხვა. მეორე ნომერში კი მხილებულია „წითელი  ინტელიგენციის“ ზოგიერთი წარმომადგენელი სუკ-თან თანამშრომლობაში, რამაც საზოგადოების ამ ნაწილის დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამას მოჰყვა  პრესაში  თავდასხმები მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიაზე, რომელთა ავტორებიც დაუფარავად მოითხოვდნენ მათ დაპატიმრებას (რ. გორდეზიანი, ვ. ქვაჩახია, აკ. სურგულაძე გ. ხავთასი და სხვები) [იქვე, გვ.6]. 1977 წლის 23 მარტიდან კი სეტყვასავით  წამოვიდა ბრალდებები მათ წინააღმდეგ: „მოღალატე“, „იმპერიალიზმის აგენტი“, „ხულიგანი“, „მომხვეჭელი“, „მოღალატე ფარისეველი“ და სხვა საბჭოთა იდეოლოგიური მანქანისათვის დამახასიათებელი ბინძური გამონათქვამებით სავსე პასკვილებით გაივსო პრესა. მაგრამ ამასთანავე მათ ჰქონდათ ქართული საზოგადოების თანადგომაც. ამ აღვირახსნილი კამპანიის გამო აღშფოთება გამოთქვა ქართველი სტუდენტებისა და ინტელიგენციის პროგრესულმა ნაწილმა, ხოლო 1977 წლის 2 აპრილს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ მუშებმა მათზე თანაგრძნობის ნიშნად გაზეთში არ დაბეჭდეს  ზვიადისა და მერაბის წინააღმდეგ მიმართული მორიგი პასკვილი და გაზეთის აღნიშნული  ნომერის სტატიისთვის განკუთვნილი გვერდი გამოვიდა თეთრი, ანუ დაუბეჭდავი. სრულად რომ ჩავწვდეთ მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას მიმართ გაჩაღებული ამ ბინძური კამპანიის არსს, აქვე მოვიყვანთ ციტატას ერთ-ერთი პასკვილიდან. „მოღალატენი“ – სხვაგვარად ვერ უწოდებ ერთ მუჭა ხალხს ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით, რომლებიც ცდილობენ შელახონ ყოველივე სისხლითა და დაკოჟრილი ხელებით მოპოვებული. სადღესასწაულო მარშის დროს თქვენ არ გაქვთ უფლება  მხარში ამოუდგეთ იმ ხალხს, რომელთა წინააღმდეგ გამოდიხართ“. აქვე გამოყენებულია საბჭოთა სისტემისათვის დამახასიათებელი „ჭეშმარიტების ერთადერთი მფლობელის“ სსრკ კომ.პარტიის ცკ-ის მაშინდელი გენერალური მდივნის ლ. ბრეჟნევის ციტატა, რომ „სოციალიზმის მოწინააღმდეგეების, იმპერიალიზმის აგენტების მიმართ ჩვენ ვღებულობთ და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა“, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზვიადისა და მერაბის დაპატიმრება გარდაუვალი იყო [ოქროს საწმისი, თბ., 2006, გვ.7].
მაინც რამ გამოიწვია „ქართული საზოგადოების“ ამ ნაწილის ამგვარი გაცოფება, რომ კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალებისთანავე მშიერი სვავებივით დააცხრენ მის ნააზრევზე ამოზრდილ იდეებს, სიმართლისა და სამართლის ახალგაზრდა მეძიებელთა შესამუსრავად დაირაზმნენ? ეს რომ კარგად გავიგოთ ამისათვის აუცილებელია გადავხედოთ თვით კონსტანტინე გამსახურდიას ადრინდელი მოღვაწეობის შინაარსს და ზვიადისა და მერაბის მიერ გამოცემულ თვითგამოცემების მიერ აღებულ კურსს,  რომელიც საბჭოთა წითელი ინტელიგენციისათვის სრულიად მიეღებელ „მკრეხელურ“ ელფერს ატარებდა. ამ ჩვენი დებულების განსამტკიცებლად საჭიროა აქვე განვიხილოთ მაგალითები.
ჟურნალის „ოქროს საწმისი“ წინასიტყვაობაში ზვიად გამსახურდია წერს: „საწმისი, საწომისი, ღრუბელს ნიშნავს... საწმისი, საწვიმისი, წვიმის მშობელს, ვითარცა ღვთისმშობელი ქრისტესი ლოგოსის, რომელიც  გარდმოხდა უღვთობის გვალვით გადამხმარ მიწაზე ვითარცა წვიმა განხორციელებული. სანუკვარია წვიმა ხანგრძლივი გვალვის შემდგომ, ასევე სანუკვარია სიტყვა ხანგრძლივი იძულებითი მდუმარების შემდგომ – აი, რატომ დაერქვა ჩვენს ჟურნალს „ოქროს საწმისი“... [ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #1, 1975 (მაისი)] უკვე ამ წინასიტყვაობაშია გამოხატული კომუნისტური იდეოლოგიური გვალვით  გაბერწებული ქართული სინამდვილის შეცვლისა და ხანგრძლივი იძულებითი მდებარეობიდან ქვეყნის გამოყვანის აუცილებლობა, და ამ თვალსაზრისს თავგანწირვით როგორ არ შეებრძოლებოდა ამ „ქართული სინამდვილის“ შემოქმედი ქართული წითელი ინტელიგენცია და „გამასებული“ საზოგადოება. ამ თვითგამოცემებში ხომ მათი სულიერი გაბერწების უდავო ფაქტები იყო დაფიქსირებული მხოლოდ იმითაც კი, რომ მათში იბეჭდებოდა ამ სინამდვილის ქართველ მსახურთა მიერ მრავალგზის უარყოფილ-დაგმობილი ავტორთა მამულიშვილური ნაღვაწნააზრევი. თუნდაც გაბრიელ  ჯაბაშანურის ანტისაბჭოთა ეპოპეა –„ინვექტივა–მონუმენტი“ რად ღირს, სადაც იგი კომუნისტური რეჟიმისა და მის ერთგულ მსახურთა მართლაც მონუმენტურ ბოროტ სახესა და საქმეთ დაუნდობლად აშიშვლებს და ამბობს: „შენ დააბნელე მსოფლიო თალხით/, მზეს მოერკალე კუპრის ღრუბლებად,/ თავისუფლება წაართვი ხალხებს/ და თავისუფლად ფიქრის უფლებაც“. ან, „რამდენი ღერი თმისა გასხია,/ იმდენი დედის გამძიმებს ცრემლი,/ სამყაროს რისხვა შენთვის ახია/ და ეს სამყაროც  გრისხავს და გწყევლის“ – „შენ აეშაგთა შავთა  მსტოვართა/ ხარ შავს ხროვაში გამოკიდული./ შენდა საქებად ცრუ ხელოვანთა/ შენ ააყეფე ხმა მოსყიდული“ [2]. ალბათ დღეს მაინც არავისთვის არ არის ძნელად მისახვედრი, რომ ამ ცრუ ხელოვანთა მოსყიდულ ხმაში პოეტი სწორედ წითელი ინტელიგენციის წარმომადგენელთა უმრავლესობის სამშობლოს ბედისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულებისა და კარიერისტული მისწრაფებებით ნასაზრდოებ ქვეგამხედველურ მოღვაწეობას გულისხმობდა. და, რა თქმა უნდა, ადრესატმა უცებ შეიცნო საკუთარი თავი, ამიტომაც, რადგანაც ჭკუაც არ ეყო, ხმაურით გასცა ის მიმართულება, საითკენაც ამ სიტყვების დაწერისას პოეტის მზერა იყო მიპყრობილი. ან ლეონ ქართველის ამ სიტყვებს როგორ მიიღებდა საბჭოთა იდეოლოგიურ სამსახურის ერთგულებაზე ყურებგაბასრული და დახელოვნებული „ხელოვანნი“ – „ვისაც ქართველი ჰქვია და ვისაც მამული აწუხებს,/ სანამდის არ დაგვიანდა/ ბრძოლა – მონობის მარწუხებს!.. [3], ან კიდევ მისივე „კავკასიონი განერთხო ფერხთით,/ვით ტახტრევანთან შეიხის მონა,/ქართულ ტაძრებში რუსული ღმერთი/და ჩინ-მენდალი გახდა ბატონად./ სისხლის წვიმებმა ზეცას უწია“/... [ლ. ქართველი, უკანასკნელი ცრემლი, იქვე].
უფროსი რუსი ძმის წინამძღოლობით `ახალი ისტორიული ერთობა – საბჭოთა ხალხის“ ჩამოყალიბება-განვითარებისათვის მოქადაგე „წითელ ინტელიგენციას“ ეხამუშებოდა და უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა ამავე ჟურნალში გამოქვეყნებული ივანე ჯავახიშვილის სტატია „XIX  საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები“, რომელშიაც სასტიკადაა გაკრიტიკებული მეფის რუსეთის  კოლონიური პოლიტიკა ამიერკავკასიაში და თვალნათლივ არის მხილებული კატკოვისა და მის მიმდევართა რუსიფიკატორული პოლიტიკა ამ რეგიონში. გამოაშკარავებულია სომხების საქართველოში ჩამოსახლების სულის ჩამდგმელებისა და განმხორციელებლების კანანოვ-ხატისოვთა თანამოაზრეების ქართული მიწების მიტაცებისათვის გამიზნული ჭეშმარიტი ზრახვანი. იქვე ნათქვამია, რომ „ამ დროს ქართველი ხალხი არავის ახსოვდა. თავის მამაპაპეულ მიწა–წყალზე დასახლება ყველაზე უპირველესად ხომ მისი უფლება იყო, ამის გაგება და გაგონება არც რუსი ერის მთავრობას და არც მის სომეხ მოხელეთ არ სურდათ. ქართველი გლეხკაცობის სასიცოცხლო ეკონომიკური ინტერესები ფეხქვეშ ითვლებოდა, მას გადასახლების გზა თავის სამშობლოშიაც კი შეკრული ჰქონდა იმ დროს, როდესაც უცხოეთიდგან მოყვანილებს მიწაც ეძლეოდათ და ყოველგვარი დახმარებაც“. აქვე საუბარია სომხების მიერ ლორეს რაიონის მიტეცებასა და ჯავახეთ–ახალქალაქის  მითვისების მცდელობაზე და საბოლოოდ დასკვნის სახით ნათქვამია: „თუ წინანდელი რუსეთის ბატონობის დროს ქართველი ხალხის ინტერესები საქართველოში ფეხქვეშ იყო გათელილი და თავისუფალი მიწა საქართველოში რუსი და სომეხი მოხელეების პოლიტიკის წყალობით მხოლოდ სომხებმა და რუსებმა ჩაიგდეს ხელში. ნუთუ ახლა შესაძლებელია, – მიმართავს ივ.ჯავახიშვილი საბჭოთა სახელმწიფოს მესვეურთ,– რომ ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესები სომეხ დაშნაკთა პოლიტიკურ ეროვნული პროექტების განხორციელებას შეეწიროს მსხვერპლად?“ [4].
მწერალი ნოდარ წულეისკირი ეხება რა ქართული ენის სავალალო მდგომარეობას საქართველოში რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითის მოყვანის შემდეგ დასძენს: „როგორც ვხედავთ, დასავლეთ საქართველოში ხალხს საკუთარი სახელი დავიწყნია, კახელ გლეხს ტაბიკის სახელი, თბილისში ძუძუთა ბავშვს რა ენაზე ებულბულებიან ხომ ვნახეთ... ჩვენი რესპუბლიკა უმაღლეს დამთავრებულთა ე.წ. დიპლომიანთა რესპუბლიკა გახდა, მაგრამ იშვიათად თუ იპოვით კარგ ექიმს, კარგ ინჟინერს, კარგ აგრონომს, კარგ პედაგოგს“, – აღნიშნავს მწერალი და აქვე სვამს კითხვას: „რატომ მოხდა ეს. რა არის ამის მიზეზი? – და იქვე პასუხობს: – „მიზეზი ის გახლავთ, რომ ახალგაზრდას ყველაფერს ვასწავლით გარდა მშობლიური ენისა, მშობლიური ისტორიისა, ამიტომ მისი აზროვნება შეზღუდულია, მკვდარია, რაღაც იცის, მაგრამ გამოთქმა უჭირს, საბოლოოდ ცუდი სპეციალისტია“ [5] ასკვნის მწერალი და განაგრძობს: „გამოუსწორებელ შეცდომასა და დანაშაულს სჩადის ჩვენი ინტელიგენცია, როდესაც ქედმაღლურად, ირონიულად უყურებენ ქართული ენის დამცველებს და ქარის წისქვილებთან მებრძოლ დონკიხოტებად ნათლავენ მათ, რადგან ყოველივე ის, რაც დედა ენას ჭირს, ცხოვრების მოთხოვნა, ობიექტური კანონზომიერება ჰგონიათ...
ქართველი მწერალი, რა თქმა უნდა,  მეშჩანებსა და უმეცრებს კი არა, ჩვენს სა¬ხელ¬განთქმულ ენათმეცნიერებებსაც კი ვერ დაეთანხმება ამ საკითხში. ვერ დაეთან¬ხმება იმათ, ვისაც ქართულ ენაში სხვა ენის უსაზღვრო შემოჭრა ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია და მისი შეჩერება უიმედო საქმე ჰგონია.
ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ პატარა ერებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება, სამწუხაროდ, თვით ამ ერების წიაღშიც გაჩნდა, სულერთია ერთ მშვენიერ დღეს მაინც აღარ ვიქნებითო, რა საჭიროა მშობლიური ენაო, – ასე ფიქრობენ და ბავშვები ქართულის ნაცვლად რუსულ სკოლებში შეჰყავთ“ – აღნიშნავს მწერალი [იქვე]. ნოდარ წულეისკირის სიტყვაში გატარებული თითქოსდა პროკომუნისტური პათოსისა, ვის მოხვდებოდა ყველაზე მწარედ მისგან მოქნეული მათრახი, თუ არა „წითელი ინტელიგენციის“ კომუნისტური წყობილების სამსახურისადმი თავშეწირულ ღამურებს, ამ საბჭოთა სისტემის სამსახურში ნებით ჩამდგარ ყოველივე მშობლიურის თვითმკვლელობაზე ხელის მომწერ, ამავე სისტემის მიერ ნაშობ სიბარიტებს?
იგივე განცდები იქნებოდა ამ კატეგორიის წილხვედრი, როცა ჟურნალის ამავე ნომერში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გურამ რჩეულიშვილისადმი მოსაგონარს წაიკითხავდნენ, რადგან პირველის ამ სიტყვებში უმალ საკუთარ თავს შეიცნობდნენ: „შენ დაამსხვრიე ის ბორკილები, რომელსაც ატარებდნენ  სხვები. შენ ვერ იგუე ის ბორკილები“ [6] (ამათ კი იგუეს და თავსაც მშვენივრად გრძნობდნენ – უ. ო.)  ხოლო მათი უმრავლესობა მერაბის მიერ წარმოდგენილ ამ სცენაში, რომ „ალავერდის გუმბათზე მდგომი ჭაბუკი, შემოქმედებითი ცეცხლის ჩადებას ჰლამობდა ინერტიული ბრბოს მიხრწნილ გვამში“ [7] თავს ვერასდროს წარმოიდგენდა, რადგან ეს მხოლოდ იმ რჩეულთა ხვედრია, ვისაც მოყვასისათვის თავგანწირვა უშურველად შეუძლია.
ამავე ჟურნალში მოყვანილია საბჭოთა ქართულ მწერლობისათვის დამახასიათებელი ნიშანდობლივი ფაქტი, რომლის მიხედვითაც ზვიად გამსახურდიას მეგობრებთან მისულა „ერთი ჩვენი პოპულარული მწერალი, რომელსაც წაუკითხავს მისთვის ადგილები თავისი, გაბედული“ რომანიდან. კარგა ხანს კითხულობდა თურმე მწერალი. ბოლოს შეეკითხა მეგობარი,– რაშია გაბედულება შენი რომანისა? მწერალმა მიუგო: განა ვერ მიხვდი, როდესაც რომანის გმირები იმყოფებიან ერთ დიდ, მაღალჭერიან ოთახში, ეს ოთახი ეკლესიას ნიშნავს? (?!) ვაგლახ! განა წარმოსადგენია სულიერი კასტრირების ამ დონემდე დაშვება?! და ნუ დაგავიწყდება, რომ ეს მწერალი უკეთესია დაცემულთა შორის“–შენიშნავს ზვიად გამსახურდია თავის მინაწერში და იქვე ამბობს, რომ `დღევანდელი  ქართულ პროზა მე ერთ იგავს მაგონებს:  ოთახში დასვენებულია მიცვალე¬ბული, მის ირგვლივ იმყოფებიან ნათესავები, ახლობლები, უეცრად ოთახში ბუზი ბზუილით შემოფრინდება. იქ მყოფთა ყურადღება მთლიანად ბუზზე კონცენტრირდება: იხილავენ მის არსებას, მის ფრენას, აანალიზებენ, მსჯელობენ მასზე. მათ დაავიწყდათ გლოვა მთავარზე და ბუზით ერთობიან“... [ზვიად გამსახურდია, მინაწერი, იქვე], ხოლო ამათ საპირისპიროდ, „ოქროს საწმისის“ მე-2 ნომერში უდიდესი პატივისცემით იგონებს ემიგრაციაში გარდაცვლილ ქართველ პოეტს გიორგი გამყრელიძეს (გრიგოლ ზოდელი) და აღნიშნავს, რომ „თავის შესანიშნავ ლექსებში მან დაიტირა იავარქმნილი მამულის ბედი, თუმც მამულმა ვეღარ დაიტირა იგი და ამჯერად, გერმანიის მიწას მიაბარეს ნოსტალგიით  გულგასერილი“; [8], აქვე ბეჭდავს მის პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე ლექსებს, რომელთაგან ერთერთი ასე მთავრდება: „ვერას დამაკლებს/ დუშმანი ვერას,/ კვლავ მოვესწრები/ თავისუფალ მზის ამოწვერას“, ხოლო ლექსში „როსინანტი“ პოეტი ამბობს: „ახლა ძეგლებით ჩვენ არ გვაკვირვებს/ დავიწყებული მისი მხედარი,/ და დარჩა სანჩოს და იმის ვირებს/ მას შემდეგ ბურთი და მოედანი“ [იქვე]. აქვეა გამოქვეყნებული ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, (მერაბ კამარელის ფსევდონიმით) ლექსები, ამ უკანასკნელის კრიტიკული სატირით აღსავსე იგავები: „იადონი და ბულბული“ და „ბულბულის განქიქება“, რომელშიც ბულბულის გამკრიტიკებელ ჩხიკვს, ძერასა, თუ ყორანში ბევრი იმ დროინდელი ე.წ. შემოქმედი შეიცნობდა საკუთარ თავს. აგრეთვე კონსტანტინე გამსახურდიას წერილები: „ველიკორუსები და არარუსები“ [9], „ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი“ [10], „პასუხი“ [11], „ვინ არის შოვინისტი?“ [12]; ამ წერილების შინაარსი დაინტერესებული მკითხველისათვის საკმაოდ ცნობილია, მაგრამ მაინც უნდა შევეხო ჩემს სტატიაში ზოგიერთ მათგანში გამოხატულ რამდენიმე კრიტიკულ მოსაზრებათ. წერილში „ველიკორუსები და არარუსები“ კონსტანტინე გამსახურდია ამბობს: „როცა საფრანგეთის რევოლუციონერმა ხალხმა ბასტილია დაამხო, მთელმა საფრანგეთმა, მძიმე ტვირთმოხსნილ კაცსავით ამოისუნთქა, ხოლო რუსეთის  „კრესტისა“ და პეტრე-პავლეს ციხის აღების შემდეგ კიდევ მრავალი ხუნდები დარჩა გაუხსნელი რუსეთში მობინადრე არარუს ერების მაჯებზე, კიდევ მრავალი „კრესტი“ დარჩათ მათ ასაღები.
შედარებით თავისუფლად ამოისუნთქა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთში გაბატონებულმა ერმა ველიკორუსებისამ და მასვე ხელში შერჩა ის მუხრუჭი, რომელიც დღემდისაც აბრკოლებს სხვა ერების წინსვლასა და განვითარებას“... (მართლაც წინასწარმეტყველური პასაჟია – უ. ო.).
„როგორც სინამდვილიდან მჟღავნდება, – აღნიშნავს ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, – რუსეთის პოლიტიკის სოციალისტურმა მესვეურებმაც ვერ შეიგნეს ის ხალასი ჭეშმარიტება, რომ დიდ სახელმწიფოებს მხოლოდ დარღვევისა და დაშლის უფსკრულისაკენ მიაქანებს თავის ფარგლებში ისეთი მცირე ერების ძალად მომწყდევა, რომელთაც საკმაოდ ძლიერ კულტურულ ტრადიციებს გარდა, სრულიად თავისებური ნაციონალური თვითცნობიერება და მკვიდრი ნაციონალური იდეალი მოეძევათ“ [იქვე, (გვ. 191, 193)], ხოლო ღია წერილში ულიანოვ-ლენინისადმი პირდაპირ მიუთითებს, რომ „დღეს სულ ორიოდე თვეც არ გასულა და წითელმა რუსეთმა მოსპო ჩვენში ისეთი მთავარი ატრიბუტები სახელმწიფოებრიობისა, როგორიცაა საზღვრები, რკინის გზა, და ვინ არ იცის, რომ ქართული ენა საქართველოში პრაქტიკულად სახელმწიფო ენა აღარ არის [იქვე, (გვ.197)]. ვიღაც რუსი ს. პ.-სადმი მისივე პასუხი შეიცავს ასეთ პასაჟსაც, – რომ „ყოველი დაპყრობა ისტორიის მანძილზე მუდამ განმათავისუფლებლის როლში მოუხდენია დამპყრობელს. პეტრე დიდიდან დაწყებული ალექსანდრე მეფემდის რუსი იმპერატორები განმათავისუფლებლის როლში აგზავნიდნენ თავიანთ ჯარებს ბალკანეთის ნახევარ კუნძულზე პატარა ერების დასაპყრობად. ნაპოლეონიც ათავისუფლებდა ხან იტალიას, ხან გერმანიის სამთავროებს, ხან პოლონეთს და ხან ეგვიპტეს... არ ვიცი, ჩემი  მოკამათე იცნობს თუ არა საქართველოს, ის კი ვიცი, რომ როცა გიორგი სააკაძე სპარსეთის ჯარით შემოვიდა საქართველოში, შაჰ-აბასმა  პროკლამაციებით ამცნო ქართველ ხალხს „საქართველოს ხალხს მეფისაგან ვანთავისუფლებთო“ [იქვე, (გვ. 202)] და იქვე ისევ იმეორებს, რომ ქართული ენა დღეს საქართველოში სახელმწიფო ენა აღარ არისო [იქვე, (გვ. 203)], მწერლის მისიაზე საზოგადოებაში  კი, თავის სტატიაში, – "პასუხი", ამგვარად მსჯელობს: „პირადად მე მგონია, რომ მწერალი არცერთი მთავრობის, არც ერთი პოლიტიკური პარტიის „მოჯამაგირე“ არ უნდა იყოს, რადგანაც მწერალი მხოლოდ თავისუფალი სულის და სიტყვის „მოჯამაგირე“ ყოფილა მუდამ. იგი აწმყოში და მომავალშიაც ასე უნდა დარჩეს... იცვლებიან და ქრებიან პარტიები და მთავრობები, ხოლო ერი უკვდავია, ვითარცა მარადიულ ღირებულებათა შემქმნელი და მატარებელი სუბსტანცია“ [იქვე, (გვ. 204)].
სტატიაში – ვინ არის  შოვინისტი? – საუბრობს რა ლ. ტოლსტოის მიერ შექმნილ რუსი სალდატესკას დაუვიწყარი სურათის შესახებ, „რომელიც ყოველივე „არა რუსულს დაპყრობილ ქვეყნებში, საოცარი ვანდალუსი ინსტიქტებით სდევნიდა და ანადგურებდა“, – იქვე განაგრძობს, რომ „ეს იმპერიალისტური რუსული სალდატესკა ასი წელიწადი სდევნიდა ქართულ ენას საქართველოში, ქართულ ზნე-ჩვეულებებს და ქართულ კულტურას. ამ რეჟიმის ხელით რუსი ბერები და ეპისკოპოსები სისტემატურად ანადგურებდნენ ქართულ მონუმენტალურ კულტურას.
ამ ხნის განმავლობაში რუსებს საქართველოში გარდა  პოლიგონებისა, ყაზარმებისა, გამარუსებელ შკოლებისა და შხამიანი რუსული გაზეთებისა, არ დაუტოვებიათ რა და ნუთუ ვინმე მოითხოვს დღეს ქართული პატრიოტებისაგან, რომ ჩვენ ასეთი რუსები გვიყვარდეს? [იქვე, (გვ. 206].
აბა, ის ხალხი, რომელსაც ევალებოდათ მხოლოდ რუსების სიყვარული, როგორიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, – და მთელი მათი სიცოცხლე, ნიჭი და უნარი მათი სურვილებისა და შოვინისტური მიზნების განხორციელების გამართლებისათვის უდრტვინელად უნდა შეეწირათ, შეძლებდა კონსტანტინესეული ამ შეფასებებისათვის უდრტვინელად მოესმინა და იგი თუნდაც ინფორმაციის დონეზე ისე მიეღო, რომ საკუთარი ბუნებიდან მომდინარე „მოჯამაგირული“ პროტესტები არ გასჩენოდა?! და ლადო ასათიანის ლექსშიც „დედისადმი გამოთქმული ტკივილი რომ, „დაიქცა ყველა დიდი ჯალაბი,/ ნაგაზს ჯაჭვს არვინ არ აღრღნევინებს,/ წინათ თუ ღვინოს დაგაძალებდნენ/ დღეს წყალსაც არვინ დაგალევინებს,/ დანატრებულან ციხე-კოშკები/ „მრავალჟამიერ“ არსად გუგუნებს,/ მე კარგად ვიცი, მალე მოვკვდები./ მე ვერ გავუძლებ ამ საუკუნეს“ (ჟურნ. `ოქროს საწმისი, #3, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 222-223)].                                                                                                     
ანდა გიორგი ჯაყელის პოეზიის ეს სადარდებელიც – /„უხმოდ, უსისხლოდ უცხო თესლი სამშობლოს მართმევს/და მე როზგქვეშ ტაშს ვუკრავ და ვიძახი ვაშას!“ [არის საშველი, იქვე, (გვ.240–243)].                                                                                                                        
ან კიდევ: „ვარძიის ცაო/ ამ ცასავით ძველო ანბანო,/ სვეტიცხოველო და ქართუ¬¬ლო საგალობელო,/ თუ უცაბედად ამივარდეს ცრემლის ხარხარი/ ამის მიზეზი ცნობა არის ახალთახალი/ ავსტრალიაში პაპუასებმა,/ სადაც ჯერ კიდევ ზოგ სოფელში დღესასწაულ¬ზე,/ პირველყოფილი ბედნიერებით,/ ადამიანის ცვრიან მწვადებით/ მიმოხატულ და ფართე პირებს იტკბარუნებენ,/ შექმნეს რესპუბლიკა დამოუკიდებელი და თავისუფალი/ – პაპუა“  –  ვერ მოიპოვებდა მათ თანაგრძნობას. ხოლო მერაბ აბაშიძის ესსეში–მონა ღვთისა და მონა ერისა _ რომელიც მან ზვიად გამსახურდიას მიუძღვნა, წინასწარ¬მეტ¬ყველური სიზუსტით არის ასახული თავისუფლება შეცხადებული ერის ბრბოდ ქცევის, მის მიერ თავისუფლებისათვის მებრძოლთა ქვებით ჩაქოლვის შემზარავი სურათი და მისი კვლავ აღდგომის მისტერია. „უეცრად ციხის კარი გაიღო და სატანამ გამოიხედა... გამოიხედა და ახარხარდა, როცა დაინახა, როგორ ქოლავდა ხალხის საკუთარ სულს, საკუთარ სიწმინდეს, პოეზიასა და მესიას“... [13].
ვფიქრობ, აღნიშნულ პასაჟში ჩვენ არ უნდა გაგვიჭირდეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმეს ჟამთა შეცნობა, თუმცა ასევე მრავლისმთქმელია ნაწარმოების დასასრულიც: „... სამ დღეზე მეტ ხანს გასტანა ხოცვა-ჟლეტამ. მთელი ამ ხნის მანძილზე სატანასთან პირისპირ შეყრას ნატრობდა მესსია... როცა ბრძოლა მისი ერის სასარგებლოდ გადაწყდა, ახლა დახოცილთა შორის დაუწყო ძებნა.
მალე მიხვდა რომ უწმინდური გაპარულიყო...“ [13; იქვე, გვ. 284] და მართლაც, დღევანდელობაშიც თვალნათლივ ვხედავთ, როგორ ცდილობს უწმინდური გაპარვასა და ხალხში შერევას, –  ბრძოლა კი ახლა იწყება.
ვერც „ოქროს საწმისის“ მე-3 ნომერში გამოქვეყნებული სტეფან ცვაიგის – წინასიტყვა „გველის პერანგისა“ [14] და კონსტანტინე გამსახურდიას წერილი – `ქართველ მწერალთა კონფერენციაზე [15] მიანიჭებდა სულის სიმშვიდეს „წითელ ინტელიგენციას“, რადგან ორივე მათგანში ხაზგასმულია მათგან შერისხული ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებისა და საქმიანობისადმი დიდი ყურადღება. არც კონსტანტინეს „გაორებული საქართველო“ [16] და „წერილი პატიმარი პოეტისადმი,“ [17] იქნებოდა მათთვის ადვილად მოსანელებელი. ამ უკანასკნელში ხომ მწერალი 1926 წელს ასეთ რამეს წერს უცნობ პოეტს: „...მე დიდი მწუხარების ზონებში მიხდება სუნთქვა... ისე გადიან თვეები, წლები, რომ ჩემს გულში ისევე იშვიათად ჩამოანათებს სიხარული, როგორც თქვენს საკანში სხივი ოქროვანი“... აღარაფერს ვამბობთ ამავე ნომერში გამოქვეყნებული სრულიად საქართველოს მწერალთა პირველ ყრილობაზე კონსტანტინე გამსახურდიას მიერ წარმოთქმული სიტყვის სტენოგრამაზე, რომელშიაც იგი ლაპარაკობს საქართველოში ქართული ენის ჩაგვრაზე, იმაზე, რომ  სამურზაყანოში მეგრელ ბავშვებს ქართულად არ ასწავლიან, საქართველოში ქართველები ეროვნული უმცირესობის მდგომარეობაში არიან ჩაყენებული და სხვა [18] მათთვის საკითხსა ამავე რიგს მიეკუთვნებოდა – „საქართველოს საკითხი თავისუფალი მსოფლიოს წინაშე“ [19] მასში ასახულია ამერიკის კონგრესის სხდომაზე თეთრ სახლში  კონგრესმენ ვაგონერის (ლუაზიანა) გამოსვლა 1975 წლის 13 მარტს, რომელშიც იგი ეხება აშშ-ს მიერ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დე იურე აღიარების გააგრძელებას და იქვე აღნიშნავს: „ესესაა შესრულდა თებერვლის თვეში 53-ე წლისთავი მნიშვნელოვანი შთამაგონებელი დოკუმენტის შექმნიდან, რომელიც მოდის  საქართველოდან. საქართველო პატარა ერია, რომელიც ბალტიური რესპუბლიკების მსგავსად, ძალით შეიერთა საბჭოთა კავშირმა. 1922 წლის 7 თებერვალს საქართველოს ძველი მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ამბროსიმ ამაღელვებელი მოწოდებით მიმართა ცივილიზებულ ქვეყნებს, რომლებიც მაშინ მონაწილეობას ღებულობდნენ გენუის ერთა საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც საბჭოთა რუსეთიც იყო წარმოდგენილი. ამ მოწოდების გაგზავნის შემდეგ პატრიარქი დააპატიმრა საბჭოთა საიდუმლო პოლიციამ. ამბროსი პატრიარქის  მოწოდება ისევე აქტუალურია დღეს, როგორც 1922 წელს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ერისათვის, რომელიც მიელტვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას“ [იქვე (ოქროს საწმისი, გვ. 313] შემდეგ კი წაიკითხა ეს ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს  ეკლესიის საჭეთმპყრობელი ამხელს რუსული იმპერიალიზმის მიერ საქართველოს მიმართ ჩადენილ უსასტიკეს დესპოტიზმს, რომელმაც 1921 წლის 25 თებერვალს კვლავ დაადგა ჩაგვრის უღელი პატარა, ტანჯულ ქვეყანას. „მართალია, – აღნიშნავს პატრიარქი, – დამპყრობლები ამჟამად ცდილობენ ყველას დაუმტკიცონ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე თავიანთ ქვეყანაში, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველი ხალხი, მაგრამ მე, ჩემი ერის სულიერმა მოძღვარმა და ამჟამად მისმა ჭეშმარიტმა მწყემსმა, რომელსაც ხელთ მიპყრია  უფაქიზესი სიმები მისი გულისა, და რომელიც ყველაზე უკეთ ვუგდებ ყურს მის გლოვასა და ცრემლებს, კარგად ვუწყი რა ბედნიერია დღეს ქართველი ერი!
„შეგვიძლია ვთქვათ გადაჭარბების გარეშე, რომ ის გაურკვეველი ექსპერიმენტები, რომელთაც აყენებენ ქართველ ხალხზე ამ ბოლო წლებში, მას უსათუოდ მოიყვანს ფიზიკურ გდაგვარებამდე და მორალურ დეგრადაციამდე“, – და ბოლოს მოითხოვს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას, რათა ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება თავისი ცხოვრების თავისუფლად მოწყობისა [იქვე, (გვ. 314-315)].
1970-იან წლებში აღნიშნულ პრობლემებზე, მსჯელობა და მათ შესახებ ჟურნალში გამოქვეყნება კი არა, ფიქრიც კი აკრძალული იყო, და, რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯის გადადგმას საბჭოთა წითელ ინტელიგენციაზე ისეთი ზემოქმედება ჰქონდა, როგორც სიბნელეში დიდხანს ნამყოფი ხარისათვის წითელი ნაჭრის აფრიალებას, რადგან ამგვარ აქციებში ისინი არა მარტო თავიანთი არარაობრივი არსებობის, არამედ მათი კოლაბორაციონისტული და ქვეყნის ინტერესებისადმი გამყიდველური დამოკიდე¬ბულების მხილებას ხედავდნენ; ამიტომაც უსინდისო თავგახელებით ებრძოდა ქართველი „ჰომო სოვეტიკუსიც“ მისივე ხელშეწყობით ჩამოწოლილ ბურუსში ნათელი სხივის შეჭრას. აი, ეს იყო სწორედ ის, რის შესახებაც ერის სულიერი მოძღვარი ჯერ კიდევ 1922 წელს გვაფრთხილებდა – ერის მორალური დეგრადაცია, რამაც XX საუკუნის 90-იან წლებში სხვადასხვა ფორმებში  მსუყედ გამოავლინა თავი.
ჟურნალის ამავე ნომერში დაიბეჭდა გალაქტიონის გამოუქვეყნებელი ლექსი –„საქართველო“ [20] ვაჟა-ფშაველას – „სოციალ–დემოკრატისადმი“, [21]  იოსებ გრიშაშვი¬ლის – `ახალ ხელისუფლებას“ და „ოცდახუთი თებერვალი“ [22] და სხვა. აქვეა პ. დიდებუ¬ლიძის [23], გრ. ამაღლობელის [24], ოთ. მაისურაძის (ფაზისი, დაიბადა 1925 წელს, იყო საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლი ორგანიზაციის წევრი, 1943 წელს  გაასამართლა «НКВД»ს ტრიბუნალმა, მიუსაჯა დახვრეტა [25], შეუცვალა 10 წლით. გარდაიცვალა ციხეში ერთი წლის შემდეგ). ადამ ალვანელის (ბობღიაშვილი) [დაიბადა 1912 წელს საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლი რაზმის წევრი, 1943 წელს მოჰკლეს «ЧК»-ს აგენტებმა თუშეთის ტყეში) [26] ანტისაბჭოთა სულისკვეთებით გამსჭვალული ლექსები და შემოქმედება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ზვიად გამსახურდიას „ღია წერილი საქართველოს მწერალთა VIII ყრილობის პრეზიდიუმისადმი“, რომელშიც საქართველოსათვის სხვადა¬ს¬ხვა საჭირბოროტო სკითხების განხილვასთან ერთად იგი აღნიშნავს: „ოფიციოზური ქართული მწერლობა დაემსგავსა იმ დაყრუებულ ექიმს, რომელიც, მართალია დიდი გულმოდგინებით სინჯავს თავისი ყურმილით ავადმყოფის სხეულს, მაგრამ არაფერი გაეგება მისი ტკივილებისა. ეს უკეთეს შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში ეს არის ექიმი, რომელიც იყრუებს თავს, რათა ამით დამალოს თავისი უმეცრება და დანაშაულებრივი ინდიფერენტიზმი ავადმყოფის ბედისადმი. ეს ავადმყოფი დღეს ჩვენი ერია, რომელიც მოელის ჭეშმარიტ გულისხმიერ ექიმს.
ორი დღის განმავლობაში ყრილობაზე ათობით ორატორი გამოვიდა. არც ერთ მათგანს სიტყვა არ დაუძრავს ერის ტკივილებზე, საჭირბოროტო ეროვნულ პრობ-ლემებზე. გაისმა ერთადერთი ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა: რევაზ ჯაფარიძის გამოსვლა, რომელსაც „ღია  კარების მტვრევა“ უწოდა ე.შევარდნაძემ თავის დასკვნით სიტყვაში. ცხადია, რ.ჯაფარიძის გამოსვლას ოფიციალობის ენაზე დაერქმევა მწერლის „უცნაურობით“ და „ორიგინალობის ძიების წყურვილით“ გამოწვეული გამოხდომა. ეს იქიდანაც ჩანდა, რომ პრეზიდიუმის არც ერთ წევრს ტაში არ დაუკრავს მისთვის, თუმცა დარბაზი მქუხარე ოვაციებით შეეგება მას... ბევრი გაუგებრობა დაიბადა აგრეთვე ჩვენში „მავნე ჩვევებთან და ტრადიციებთან ბრძოლასთან“ დაკავშირებით. ამ ბოლო დროს სამწუხაროდ ცხადი ხდება, რომ ეს „მავნე ტრადიციებთან ბრძოლა“ ნიღაბია რელიგიასთან და ეროვნულ თვითმყოფადობასთან ბრძოლისა.
დღესდღეობით ყველაზე უფრო მახინჯი და ნეგატიური მოვლენა ის გახლავთ, რომ საქართველოში რუსიფიკაცია სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ გეზად იქცა. ქართული ენის კანონგარეშე გამოცხადება, ქართულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში რუსული ენის გაბატონების ცდები, ქართველ მეცნიერთათვის აკრძალვა ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების წერისა, აი, რა არის ყველაზე მახინჯი და საგანგაშო მოვლენა. ქართულმა მწერლობამ უნდა სთქვას თავისი სიტყვა ამ მოვლენებთან დაკავშირებით, კმარა წაყრუება საჭირბოროტო ეროვნულ პრობლემებზე, კმარა ოცნება პრივილეგიებზე, თანამდებობებზე და „ჩინ-მენდლებზე“, დროა მივხედოთ ერის ტკივილებს.
დიდმა ილიამ მთელი თავისი მოღვაწეობის საზრისი ჩააქსოვა  მოხევე ლელთ ღუნიას სიტყვებში: „ჩვენი თავი ჩვენამდე უნდა გვეყუდნესო“. ამას მიელტვოდა ქართველ მწერალთა რჩეული თაობა მეცხრამეტე საუკუნეში, ამას შეეწირა დიდი ილია, დეე, ნურც ჩვენი თაობა  შეაქცევს ზურგს მამაპაპეულ იდეალს და ბრძოლის ველიდან გაქცევას ნუ ამჯობინებს. სირცხვილეული თავისუფლების საკურთხეველი უმაღლესი საკურთხეველია მუზებისა, მუზათა ჭეშმარიტი მსახური სჯობს შეეწიროს ამ დიდების  პარნასს, ვიდრე მტრის წინაშე მუცელზე ხოხვაში დალიოს ნაძრახი სიცოცხლე“ [27]; ხოლო მერაბ კოსტავა თავის გამოსათხოვარში კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალების წლისთავისადმი, საუბრობს ქართულ სინამდვილეში მწერლის მიერ შესრულებულ როლზე, მისთვის ჩვეული პირდაპირობით ამბობს, რომ „ერის სულმა კონსტანტინე გამსახურდია გრიგალთა შორის უმძაფრესის, მეოცე საუკუნის გრიგალთან საბრძოლველად მოავლინა... და მისი მისიაც აქ გამოიკვეთა. სიტყვითა და კალმით უნდა შებმოდა იგი მეოცე საუკუნის გრიგალს უუფლებობის წყვდიად ღამეში, ამგვარ  ყიამეთში უნდა აღეზევებინა... მშობლიური ისტორია, ლიტერატურა, განებანა, შეემოსა, სული შთაებერა და გვირგვინი დაედგა იმ ენისათვის, რომელიც ცოცხალ–მკვდარი წამოაყენეს საფლავიდან მეცხრამეტე საუკუნის სამოციანელებმა... ახლა მისი ბრძოლა ენათმეცნიერთა ნეგატიურ ნაწილთან, ყოველივე ახალსა და ცოცხალს რომ ებრძვიან ენასა და ლიტერატურაში? გრამატიკის უსულგულო დოგმებს, ამ  სკელეტს ენისას მიიჩნევდნენ ნიადაგ ეს გვამის  გამკვეთავნი მხატვრული შემოქმედების  თაურად, ერეტიკოსობად მიითვლიდნენ ყველანაირ გაბედვას, თუმც ნებისმიერი იმათთგანი პირისფარეშივით იდრიკებოდა კონსტანტინე გამსახურდიას ცეცხლოვანი სიტყვის წინაშე. მრავალი გალახულა ამგვარად მისი პირუთვნელი და მკაცრი კრიტიკის შოლტით... ათწლეულების მანძილზე ებრძოდა საბჭოთა სახელმწიფო კონსტანტინე გამსახურდიას დაპატიმრებით, მუქარით, მწერალთა კავშირიდან გარიცხვით, უსაფუძვლო, მოსყიდული კრიტიკით, „ჭორის ღრუბლებით“, ცდილობდა მის გადმობირებას, იდეური პოზიციის შერყევას, თავის სამსახურში ჩაყენებას. ბოლოს თითქოს მოლბა იგი, მეტადრე მისი მსოფლიო აღიარების შემდეგ. აირჩიეს აკადემიის წევრად, პრესაში ხოტბა  აღუვლინეს, გამოუცეს ტომეულები, გადაუხადეს იუბილე. გაირინდა მრავალთავიანი ჰიდრა, გულში ჩაიგუბა ბალღამი, თითქოს ყველაფერი  ჩვეულებრივი გზით წარიმართა“ – მრავალმნიშვნელოვნად შენიშნავს საქართველოს ეროვნული გმირი და იქვე ამბობს: „ქართველი ხალხის სიყვარულმა გააპატიოსნა მისი ცხედარი, სიყვარულმა, რომელიც მწერალთა და მოღვაწეთა სიდიადის ერთადერთი უცდომელი ბარომეტრია. ამიტომაც  ცხრათავიანმა ჰიდრამ ვერ მიჩქმალა, ვერც მიისაკუთრა მისი სახელი“...[28].
მაგრამ აღნიშნულმა ჰიდრამ კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალების შემ-დეგ ვეღარ მოახერხა გულში დიდი ხნის ნაგროვები ბოღმის დაფარვა და დაუნდობლად დააცხრა მის იდეურ მემკვიდრეთა ნავსაყუდელს, ქართულ თვითგამოცემასა და მის მესვეურთ. და რა გასაკვირია, რომ მისი გარდაცვალებისთანავე, ეს საბჭოთა იდეოლოგიური სამსახურების ნათხევზე აღზრდილ-დაფრთიანებული სიცრუის მანქანების ყურმოჭრილი მონები, თავგანწირვით დაეძგერნენ იმ „ბოროტებას“, რომელიც მათი მოჩვენებითი კეთილდღეობის საძირკვლებს შერყევით ემუქრებოდა. „ბრძოლის  ველის“ შეტევისათვის მოსამზადებლად მისი  ბომბადირება ქართულმა პრესამ და მასთან შერწყულმა „წითელმა პროფესურამ“ იკისრა, რომელსაც გვერდში ამოუდგა „წითელი ინტელიგენცია“ და სამწუხაროდ, ქართული ეკლესიაც.  და წამოვიდა და წამოვიდა პასკვილებისა და ცილისწამებების ნიაღვარი, რომელთა სათაურებიც კომუნისტური რეჟიმისათვის ჩვეული ლექსიკით იყო შედგენილი და მათი ადრესატების რეპრესირება-განადგურებისათვის ნიადაგის შემზადებას მოასწავებდა, ამასთან სრუ¬ლად გამოხატავდა მათ ავტორთა მთელ სულიერ საგანძურს. აი, ისინიც: „ვის აძლევს ეს ხელს?, [29), „მოღალატე ფარისევლები“, [30], „ძე ნაკლულოვანი“ [31], ცილისმწამებლებმა და პროვოკატორებმა პასუხი უნდა აგონ [32],  და იქვე „რედაქციისაგან“ [33], მრავლისმეტყველი მინაწერით „საქართველოს მწერლების საკადრისი პასუხი“ [34], და ბოლოს – „არა ცილი სწამო! [35]. კომუნისტური პრესის დასახასიათებლად არსებობს ასეთი ანეგდოტი – ამერიკელს ეკითხებიან: რა აზრისა ხართ საბჭოთა პრესის შესახებ? – წარმოიდგინეთ ორი პიროვნება სქესობრივი აქტის დროს და შემდეგ წაიკითხეთ თქვენს გაზეთებში  მოთავსებული სტატიების სათაურები – პასუხობს ამერიკელი. 
რომ გავიგოთ თუ რა დონის სიბინძურესთან გვაქვს საქმე, აქვე წარმოვაჩენთ ერთ-ერთი ავტორისა და იმ დროისათვის ყველაზე ანგარიშგასაწევი (ორგანიზაციების) დაწესებულებების მიერ გამოხატული პოზიციები. Pპ. ქართველიშვილი თავის პასკვილ¬ში – „ძე ნაკლულოვანი“ ბრალს დებს რა ზვიად გამსახურდიას ყველანაირი გზითა და მეთოდით მამის ქონების უკანონოდ მითვისების მცდელობაში, ბოლოს თავად ახმიანებს საკუთარ ბოროტმზრახველურ მიზანს, ქადაგებს რა მართლაც გაუგონარი უსამართლობის სასარგებლოდ და ასკვნის: „...გვინდა დავსვათ ასეთი საკითხი: რადგან ჩვენს გამოჩენილ მწერალს უღირსი შვილი ძე ნაკლულოვანი აღმოაჩნდა, ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი მის მიმართ გამოგვეყენებინა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 513-ე და 543-ე მუხლები მემკვიდრეობის ჩამორთმევის თაობაზე,  რომ იგი სახელმწიფოს კუთვნილებად გამოცხადებულიყო?“ [31] – რა შეიძლება ამაზე ითქვას?!. „ჰომო სოვეტიკუსის“ ღირსების შესაბამისი ნააზრევია, – სხვას ვერაფერს იტყვი...
ახლა ვნახოთ როგორ ეხმაურება აღნიშნულ ამბავს მაშინ საქართველოში ერთა¬დერ¬თი საუნივერსიტეტო დაწესებულება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რო¬გორც ჩანს გაზეთ „კომუნისტის“ რედაქცია არ დააკმაყოფილა ვ. ქვიჩახიას პასკვილმა „ცილისმწამებლებმა და პროვოკატორებმა პასუხი უნდა აგონ“ და იქვე გააკეთა მინაწერი „რედაქციისაგან“, რომელშიაც ვკითხულობთ: „გუშინწინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა  რექტორატის გაფართოებული სხდომა, რომელ¬საც ესწრებოდნენ პარტიული კომიტეტის წევრები, ფაკულტეტის დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები.
დამსწრენი პრესაში გამოქვეყნებულ წერილებთან ერთად გაეცნენ ზვიად გამსახურდიას და მის თანამზრახველთა ცილისმწამებლური და პროვოკაციული ხასიათის მასალებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი ზოგიერთი პროფესორისა და მასწავლებლის შესახებ.
სხდომაზე აზრი გამოთქვეს პროფესორმა ზ. ჭარხალაშვილმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, დოცენტმა მ. ლეკვეიშვილმა, პრორექტორმა ზ. ფორაქიშვილმა, ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ბ. ლუტიძემ, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანმა, დოცენტმა მ. ბაჩიაშვილმა, პროფესორმა გ. ხავთასმა, პროფესორმა ი. ვაშაკიძემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა აკ. სურგულაძემ, დოცენტმა ა. გაჩეჩილაძემ, ეკონომიკური ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა ა.  ბურძგლამ. სხდომაზე გამოვიდნენ უნივერსიტეტის პარტიული კომიტეტის მდივანი, პროფესორი რ.  გორდეზიანი და უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დ.  ჩხიკვიშვილი.
თავიანთ გამოსვლებში ყველა ერთხმად გამოსთქვამდა გულისწყრომას და აღშფოთებას იმ აშკარა ანტისაზოგადოებრივი საქმიანობის გამო, რასაც ზვიად გამსახურდია და მისი თანამოაზრეები ეწევიან, ეს ვაჟბატონები ადამიანის უფლებების დამც¬ველთა სახელით გამოდიან და თავი ისე მოაქვთ, თითქოს ჰუმანური და მამულიშვილური გრძნობები ამოქმედებდათ, სინამდვილეში კი ცილისმწამებლური და დემაგოგიური გამოხტომებით საკუთარი სამშობლოსა და ერის წინააღმდეგ გამოდიან.
თავიანთ სამარცხვინო ხელნაწერის გამოცემას (ზემოთ აღნიშნულ თვითგამოცემებს გულისხმობენ – უ.ო.) მათ „საქართველოს მოამბე“ შეარქვეს. ეს ფაქტი უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ამით დაუპირისპირდნენ მეცნიერებათა აკადემიის ცნობილ გამოცემას, რომელიც მეცნიერთა შრომებსა და გამოკვლევებს აქვეყნებს. პირდაპირ დაუ¬¬შვებელი საოცრებაა ამ სახელწოდებით გამოდიოდეს „სამიზდატი“, რომელშიაც ანტი¬¬საბჭოთა მასალებია  მოცემული და ამავე დროს ყოველგვარი  მონაჭორი მეცნიერ მუშა¬კების ერთი ნაწილის პრესტიჟის ხელყოფის მიზნით.
ზვიად გამსახურდიას მთელი პირადი ცხოვრება იმის მაგალითია, რომ მას მუდამ აკლდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. იგი ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილო და უმადური იყო... პატივმოყვარეობასა და უპრინციპობას იჩენდა... და ბოლოს ისე დაეცა რომ ცილი დასწამა კოლექტივსა და კოლეგებს“, – აღნიშნავს ეს მართლაც ცილისწამებებისა და პროვოკაციების საბუდარი და შემდეგ ჩამოთვლის მეცნიერებს,   იმ ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეებსა და მწერლებს, რომლებსაც ზვიად გამსახურდია საბჭოთა საიდუმლო სამსახურის მუშაკებად ასახელებს, და ბოლოს აკეთებს დასკვნას, რომ „დროა საგნებს თავისი სახელი ვუწოდოთ. ზვიად გამსახურდია და მის თანამოაზრეთა მოქმედება სამშობლოს, სოციალიზმის წინააღმდეგ მოქმედებად უნდა შეფასდეს და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა იქნეს განხორციელებული.
ასეთია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი და სახელოვანი კოლექტივის წევრთა საერთო აზრი“ – [33] რიხით აცხადებს კომუნისტური პარტიის ეს ორგანო; მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, როგორც იმ დროს თბილისის სახელმწიფო უნივერ¬სიტეტის სტუდენტმა, კარგად ვიცი, რომ აქ გამოხატული მოსაზრება სრულებითაც არ იყო ამ, მართლაც დიდი და სახელოვანი კოლექტივის წევრთა საერთო აზრი, და აქ იყვნენ მართლაც ქართული ეროვნულ სატკივარზე მოფიქრალი პატრიოტები: გივი ჟორდანია, დიმიტრი  ლეთოდიანი, გია ავალიშვილი, სოსო კვიციანი, დევი კაჭარავა, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები _ თამარ ჩხეიძე, გია ჩხიკვიშვილი, გელა ნიკო¬ლაიშვილი და სხვები, რომელთაც არავითარი კარიერისტული  ქვენა გრძნობები არ ამოძრავებდათ და თავდაუზოგავად რაზმავდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტე¬ტის სტუდენტ–ახალგაზრდობას ეროვნული იდეალების  გარშემო.
ხოლო რაც შეეხება სტატიას „არა ცილი დასწამო!“ – მისი ავტორები არაფრით ჩამორჩებიან, პირიქით ზოგჯერ კიდევაც აჭარბებენ ინსუნაციების დონით, მწერალთა კავშირის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თუ ლიტერატურის ინსტიტუტის „სახელოვანი კოლექტივებს“, როცა ისინი წერენ: ...“ეს ყველაფრის მკადრებელი მანიაკები, რომელთაც მამულიშვილობისა და კეთილმორწმუნეობის ნიღაბს ამოფარებული ზვიად გამსახურდია  მეთავეობს _ თვალთმაქცობენ, ბინძურ ხერხს მიმართავენ, ეროვნული გრძნობების სპეკულაციას ეწევიან და ნადავლს კი რადიო „თავისუფლების“ და ზოგიერთი უცხოური ჟურნალ-გაზეთის ჭუჭყიან ბაზარზე ეზიდებიან გასასაღებლად... ყველა ქართველისათვის, ვინც ზ.გამსახურდიას ცოტად თუ ბევრად იცნობს, ნათელია, რომ ეს ფსევდო ინტელიგენტი ვაჟბატონი „სიყრმით თვისითგანვე“ გამოუსწორებელი ხულიგანი, გვარიანად გაწვრთნილი შანტაჟისტი და პროვოკატორია. მისი მოქმედების მთავარი იარაღია მემკვიდრეობით დარჩენილი ფული და გარეცხილი სინდისი.  ნებივრობაში, უსაქმურობაში გაზრდილი, მამის ავტორიტეტს შეხიზნული, ერისა და ეკლესიის ცრუ პატრიოტი“... – ამბობენ ისინი და ბინძურ სარკაზმებს არ იშურებენ ზვიად გამსახურდიასა და მის თანამგრძნობთა განსაქიქებლად, შემდეგ კი იქვე განაგრძობენ: ...`საოცარია, საქართველოს ეკლესიის „განახლების“ აზრს გადამ¬თიელთა საზოგადოებრიობა წყვეტდეს... ვინ ჩამოართვა მორწმუნე ქართველს ერს საქართველოს ეკლესიაზე ზრუნვის უფლება, რომ მასზე ფიქრით  ოკეანესგაღმალები „იტვირთავენ“ თავს?“ – კითხულობენ ისინი და თვითონვე პასუხობენ, – „ალბათ გამსახურ¬დიასა და ფაილოძის მრევლად წოდებულმა მ.კოსტავამ და ს.კაჭარავამ, ეკლესიის რომ „ჭირისუფლობენ“, და თავიანთ „მოძღვრებთან“ ერთად სხვათა ხელით ნარ ს გლეჯის ნაცად ხერხზე გადადიან“... და სხვა. დასკვნის სახით კი აღნიშნავენ: „საქართველოს ეკლესია ჯერ არ დაცემულა და არც არასოდეს დამდაბლდება ისე, რომ ვიღაც პარანოიკების დაცვა და მხარში ამოდგომა დასჭირდეს მას...“ და ბოლოს სახელოვან წინაპართა სიტყვებით ასე ამთავრებენ: „არა სადა გეცრუვნოთ შენ სიწმინდით მშობელო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდე¬ბლობაო, რომელსა არა განმცებელ ვქმნილვართ“! იყავნ, იყავნ!“ [35].
თუ რამდენად პასუხობს თვით მოცემული წერილი თუნდაც ამ დაბოლოებაში გამოხატულ ქრისტიანულ-მართმადიდებლურ კრედოს და უფლის ჩვენდამი, მოკვდავთადმი განკუთვნილ სწავლებას, – „არა მოიღო სახელი ჩემი ამაოსა ზედა“, – ამის განსჯა სჯულის მეცნიერთ მივანდოთ, მაგრამ არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ ასეთ შემთხვევებში რაოდენი სიფრთხილე და წინდახედულება მართებთ ერის სულიერ მოძღვართ... და ამას ვერაფერს უშველის თითქმის 33 წლით დაგვიანებული მონანიება-აღიარება, რომ „როგორც ყოფილმა მღვდელთმთავარმა, არ შემიძლია ვთქვა, რომ ზვიად გამსახურდია იყო ერთ-ერთი უგანათლებულესი და ღრმად ეროვნული ცნობიერების მატარებელი პიროვნება, რომლის ინტელექტიცა და სამშობლოს სიყვარულის მუხტი ძლიერ სჭირდება დღეს საქართველოს“... [36]. მითუმეტეს თუ ისიც კარგად  უწყი, რომ „...ეკლესიამ ვერ შესძლო და არ შესწევდა საამისო ძალა და უნარი, და, რა თქმა უნდა ნება, რომ დაპირისპირებოდა საბჭოური იდეოლოგიის იმ უზარმაზარ ურჩხულს, რომლის არაერთგზისი მსხვერპლიც თავად გამხდარა 1921 წლიდან მოყოლებული“... [იქვე] – ზემოთ მოყვანილი წერილის მსგავს რაღაცაზე ხელი არ უნდა მოაწერო.
პრესის მიერ განხორციელებული ამგვარი „ბომბარდირების“ შემდეგ დაიწყო საყოველთაო შეტევა ქართულ საბჭოთა სინამდვილეში გაჭიატებული განსხვავებული აზრის მატარებელი პლაცდარმის გასანადგურებლად. 1977 წლის 1 აპრილს საბჭოთა საქართველოს მწერალთა კავშირში შეიკრიბა მისი პრეზიდიუმის სხდომა, რომლის შესახებ მეორე დღეს გაზეთი „კომუნისტი“ იტყობინებოდა: „გუშინ, 1 აპრილს მწერალთა სასახლეში შედგა საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის სხდომა, რომელმაც განიხილა საკითხი მწერალთა კავშირის წევრის, ზ. კ. გამსახურდიას საბჭოთა მწერლისათვის შეუფერებელი საქმიანობის შესახებ.
საკითხის განხილვისას სიტყვით გამოვიდნენ მწერლები: გ. აბაშიძე, ი. აბაშიძე, გ. ასათიანი, ხ. ბერულავა, ა. გომიაშვილი, ნ. დუმბაძე, ი. თარბა, ა. კალანდაძე, კ. კალაძე, მ. ლებანიძე, რ. მარგიანი, კ. მარგიევი, ე. მაღრაძე, ვ. მერკვილაძე, გ. ნატროშვილი, შ. ნიშნიანიძე, ი. ნონეშვილი, გ. ჟორჟოლიანი, ა. სულაკაური, გ. ფანჯიკიძე, მ. ფოცხიშვილი, დ. შენგელია, გ. ციციშვილი, ვ. ჭელიძე, ს. ჭილაია, თ. ჭილაძე, ფ. ხალვაში, რ. ჯაფარიძე. მათ ერთსულოვნად დაგმეს ზ. გამსახურდიას საბჭოთა მწერლისა და მოქალაქის სახელთან შეუთავსებელი საქციელი.
პრეზიდიუმმა ერთხმად გარიცხა ის სსრკ მწერალთა კავშირის რიგებიდან (საქინფორმი)“ [34].
საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის აღნიშნული სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში ასეთი მრავლისმეტყველი სურათით მთავრდება: 
თავმჯდომარე (გრ.აბაშიძე – უ.ო.) – „ნუ ჩამაყენებთ  ბრალმდებლისა და მოსამართ¬ლის როლში. ჩვენ მოვუსმინეთ აქ გამოთქმულ აზრებს. თუ მართლა ზვიადი დაამ¬ტკი¬ცებს, რომ არავითარი ურთიერთობა არა აქვს, ჩვენ გვეტყვიან და აღვადგენთ ისე, რომ წასული არ იქნება მისი  გარიცხვა, ეს იქნება ჩვენთვის დიდად სასახელო და ჩვენი ყველას რეაბილიტაცია“. განა მარტო ზვიადი, არამედ მთელი ორგანიზაციაა უხერხულ მდგომარეობაში. ვის გაუხარდება ეს. ხვალვე დავარღვევთ ამ დადგენილებას, ოღონდ დაამ¬ტკიცეთ. როგორ გეკადრებათ?!
ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი კავშირის წევრისათვის ეს შეუთავსებელია და შენ თვითონ უნდა დაასაბუთო შენი სიმართლე. შენ ვერაფერი სთქვი.
კენჭისყრა მაინც უნდა მოხდეს. ფორმალურად ხომ უნდა ვუყაროთ კენჭი იმას, რაც აქ ითქვა.
რ. ჯაფარიძე – არ უნდა კენჭისყრა.
თავმჯდომარე – ვინ არის მომხრე იმ წინადადებისა, რომელიც თქვენ სთქვით?... არ არის კენჭისყრა საჭირო?... ვინ არის მომხრე იმ წინადადებისა, რომელსაც ყველა აწერს ხელს?
ი. აბაშიძე – რომ გაირიცხოს?!
თავმჯდომარე – ვინ არის მომხრე რომ გაირიცხოს? გთხოვთ ასწიოთ ხელი, გთხოვთ დაუშვათ, ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. თავი ვინ შეიკავა? არავინ. მაშასადამე წინადადება მიღებულია ერთხმად“... [37].
როგორც ჩანს, წინასწარ საქმის განხილვამდე მოუწერიათ ხელი ზ.გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვაზე…...… ვერაფერს იტყვი, მართლაც შთამბეჭდავი გამოხატულებაა საბჭოთა მწერლის ზნეობრივი სახის. ამგვარად დაასაჭურისა საბჭოთა სინამდვილემ მწერლის ის ღვთაებრივი დანიშნულება, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში აღნიშნავდნენ საქართველოში – „მე ერი მზრდის და ცა მნიშნავს“-ო... ხოლო ერის რა წინამძღოლობას იკისრებდა ამგვარად კასტრირებული ქართული საბჭოთა მწერლობა, ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ... და რა გასაკვირია, რომ ასეთ სიბინძურეში მონაწილეობის შემდეგ ისინი შიშით შესცქეროდნენ ზვიად გამსახურდიას გახელისუფლებას, ხოლო საქართველოს ხელისუფლების სათავეში მისი მოსვლის შემდეგ ძილი და მოსვენება დაუკარგა მათ შესაძლო შურისგებაზე ფიქრმა. ასე, რომ ქართველ მწერალთა ამ ნაწილის დაუნდობელი მტრობა ზვიად გამსახურდიას მიმართ, ზემოთ აღნიშნულ უმსგავსობებში მათი ნებაყოფლობითი მონაწილეობისათვის მხილებისა და მის მიერ მოსალოდნელი შურისგების შიშითაც იყო ნასაზრდოები (კოკასა შიგან რაცა სდგას...).
ყოველივე ზემოთ ნათქვამს თუ გავითვალისწინებთ, აი, ეს არის, მართლაც, საბჭოთა მწერლების საკადრისი პასუხი, რომელსაც მხარში ამოუდგა შოთა რუსთაველის სახელობის ქართულ ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტიც, რომლის 1977 წლის 5 აპრილის გაფართოებული სხდომის ოქმში აღნიშნულია _ `ესწრებოდნენ: ა. ბარამიძე, გ. გვერდწითელი, მ. დუდუჩავა, ი. ბოგომოლოვი, გ. იმედაშვილი, დ. ლაშქარაძე, ი. ლოლაშვილი, გ. მერკვილაძე, ს. ყუბანეიშვილი, მ. ჩიქოვანი, ს. ცაიშვილი, გ. ციციშვილი, მ. მახათაძე, ჯ. ბარდაველიძე, ნ. ჭოლოკავა, თ. დოიაშვილი, მ. გუგუშვილი, ი. მეგრელიძე, დ. თევზაძე, რ. ბარამიძე, ამათ გარდა სხდომას ესწრებოდნენ ძველი ქართული მწერლობის, რუსთველოლოგიისა და საზღვარგარეთის ხალხებთან ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილების თანამშრომლები. სხდომაზე გამოძახებული იყვნენ ზვიად გამსახურდია და ირაკლი კენჭოშვილი.
დღის წესრიგი: ინსტიტუტის თანამშრომლების ზვიად გამსახურდიასა და ირაკლი კენჭოშვილის საბჭოთა მეცნიერებისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხილვა [38]. აღნიშნული სხდომის შესახებ პრესაში გამოქვეყნდა შემდეგი ინფორმაცია: „5 აპრილს შედგა შ.რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელზეც განიხილეს ინსტიტუტის თანამშრომლების ზვიად გამსახურდიასა და ირაკლი კენჭოშვილის საბჭოთა მეცნიერებისათვის შეუფერებელი საქმიანობა.
სხდომას თავმჯდომარეობდა ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ალ. ბარამიძე, აზრთა გაცვლა-გამოცვლაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო საბჭოს წევრებმა: პარტორგანიზაციის მდივანმა ნ. ჭოლოკავამ, პროფესორებმა გ.  იმედაშვილმა, გ.  ციციშვილმა, მ.  ჩიქოვანმა, მ. დუდუჩავამ, გ.  მეკრკვილაძემ, ი.  ლოლაშვილმა, ს. ცაიშვილმა, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ გ.  გვერდწითელმა“ [იქვე].
საქინფორმის ცნობაში სრულიად იგნორირებულია ამავე სხდომაზე ლია ანდღულაძის მიერ გამოთქმული ერთადერთი საღი აზრი, რომ „ის საკითხები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას აწუხებს, ყველა ჩვენგანს აღელვებს. მახსოვს, როგორ აგვაღელვა ჩვენ (მიმართავს გ.იმედაშვილს) X საუკუნის გუმბათიანი ტაძრის კუმურ¬დოს–ნანგრევების ხილვამ, მისმა სავალალო მდგომარეობამ.
ზვიად გამსახურდიას, სათანადო განათლებასთან ერთად, გვარიც შველოდა, რომ ამ საკითხებზე ზრუნვა გაბედულად გამოეხატა და, როგორც თვითონ განაცხადა, არაერთგზის მიემართა სათანადო დაწესებულებებისათვის.
ჩემი წარმოდგენა ზვიადის განათლებაზე რამდენადმე სხვაა. აქ მსჯელობენ მის ნაკლოვანებაზე, მაგრამ არაფერს ამბობენ მის დადებით მხარეებზე. შინაგანად მჯერა, რომ ზვიად გამსახურდია თავის ცოდნას, მამისეულ შემართებას და დედის კეთილშობილებას ჩვენი ქვეყნის სამსახურს მოახმარს“... [იქვე, გვ. 35-36] – და „სამეცნიერო საბჭომ ერთხმად დაგმო ზ. გამსახურდიასა და ი. კენჭოშვილის მოქმედებანი. საბჭომ მოუწოდა  ამ გზააბნეულ თანამშრომლებს დაუფიქრდნენ, ვიდრე გვიან არ არის, თავიანთ საქციელს, ხელი აიღონ საბჭოთა მეცნიერებისათვის შეუფერებელი ნაბიჯების გადადგმისაგან, შეწყვიტონ თვითმარქვია ჟურნალების გამოცემა და ცილისმწამებლური განცხადებებისა და წერილების პუბლიკაცია, აქტიურად ჩაებან ინსტიტუტის სამეცნიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პატიოსანი საქმით აღიდგინონ მეცნიერ-მოქალაქის და ნამდვილი პატრიოტის საპატიო სახელი“ [იქვე, გვ.41]. აი, სამწუხაროდ, ასეთი იყო ამ `მეცნიერ-მოქალაქეებისა და „ნამდვილი პატრიოტების საპატიო სახე“. ხოლო ზვიად გამსახურდიამ და მისმა თანამოაზრეებმა გააგრძელეს რა თავიანთი გზა, იგი დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს აღდგენის მესაძირკვლე და მისი პირველი პრეზიდენტი გახდა.
საქმის ამგვარი მეთოდებით შემზადების შემდეგ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა 1977 წლის 7 აპრილს დააპატიმრეს. საქმე #131 აღიძრა საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდას ითვალისწინებდა. საქმის წარმოება მიმდინარეობდა თითქმის ერთ წელიწადს და 1978 წლის 7 მარტს დასრულდა.
ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია იგონებს, რომ „დაპატიმრებისთანავე სუკ-ის თანამშრომლებმა პროკურორის სანქციის გარეშე დაიწყეს ოჯახებში შემოჭრა ჩხრეკის ჩასატარებლად. ჩხრეკა ერთდროულად მიმდინარეობდა მერაბ კოსტავას ბინაზე ჯავახიშვილის ქუჩა #1 და გალის ქუჩა #16 „კოლხურ კოშკში“... ჩემი დის ლედა არჩვაძის კუთვნილ ბინაზე ვახტანგ ჩიქოვანის #28-ში მიმდინარეობდა ჩხრეკა... სუკი მოქმედებდა თავისუფლად. ოჯახებიდან მათთვის უშუალოდ საინტერესო მასალების გარდა გატანილი იქნა კ. გამსახურდიას ხელნაწერები და ნივთები, რომელთა დაბრუნება ვეღარ შევძელით“...[39]  ამუშავდა საბჭოთა დეზინფორმაციისა და ცილისწამების მთელი მანქანა,  პატიმრებზე სხვადასხვა ფორმით ზეწოლის რთული მექანიზმებითურთ, რის გამოც პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს. მათ მიმართ გამოყენებული იქნა საბჭოთა უშიშროების სისტემის მიერ კარგად დამუშავებული ურჩი პატიმრების ფსიქიატრულ საავადმყოფოში მოთავსების პრაქტიკაც. მერაბ კოსტავა მოათავსეს ორთაჭალის ციხის ფსიქიატრულ განყოფილებაში. ზვიად გამსახურდია კი ჯერ მოსკოვში, სუკ-ის ლეფორტოვის ციხეში გადაიყვანეს, შემდეგ კი სერბსკის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში. ამავე პერიოდში ჰონოლულუში მიმდინარე მსოფლიო ფსიქიატრების კონფერენციამ სასტიკად დაგმო საბჭოთა ფსიქიატრიაში გამოყენებული პოლიტიკური პატიმრების ფსიქიატრიულ საავადმყოფოებ¬ში წამების პრაქტიკა და სსრ კავშირი გარიცხა მსოფლიო ფსიქიატრიული ასო¬ცია¬ციიდან. მსოფლიო საზოგადოებრივი აზრისა და ფსიქიატრების ზეწოლის შედეგად მოხერხდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ფსიქიატრიული დაწესებულე-ბებიდან გამოხსნა 1977 წლის დეკემბერში „საბჭოთა ფსიქიატრებისაგან“ დაკომპლექ-ტებულმა „კომისიამ“ ისინი ფსიქიურად ჯანმრთელად ცნო [იქვე, გვ.9].
ამავდროულად 1977 წელს სსრ კავშირში დააპატიმრეს  ჰელსინკის ხელშეკ-რულებათა საშემსრულებლო ჯგუფის ორმოცამდე წევრი. აშშ კონგრესმა პატიმრების ფიზიკურად გადარჩენის მიზნით ისინი ნობელის პრემიაზე წარადგინა. მათ შორის იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.
1978 წლის 18-19 მაისს ჩატარდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სასამართლო პროცესი, რომელმაც „ბრალდებულთ“ გამოუტანა „განაჩენი"  3 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა და 2 წელი გადასახლება. ზვიადი სასჯელს იხდიდა ნოღაის სტეპში დაბა კოჩუბეიში,ხოლო მერაბი – პერმის ოლქში, ხოლო რაც შეეხება საბჭოთა უშიშროების კომიტეტის სპეცსამსახურების მიერ ინცინირებულ ზვიად გამსახურდიას ე.წ. მონანიებას, ამის შესახებ ჩვენ ნაშრომში [40] უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ აქ საჭიროდ ვსცანით მოგვეტანა აღნიშნულ საკითხზე „მერაბ კოსტავას განცხადება“ რომელშიც ის ამბობს: „... მსურს აღვნიშნო, რომ ჩემზე უკეთ არავინ იცის სიმართლე ამ ყველაფერზე, რადგან მთელი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი ჩვენი საქმის მსვლელობას, სასამართლო სხდომების დროს ხშირად ვხვდებოდი ზ.გამსახურდიას და ვიცი ყოველი დეტალი იმ სასამართლო საქმისა, რომელიც 56 ტომისაგან შედგებოდა.
სასამართლოზე ზ. გამსახურდიას არ მოუნანიებია მისი უმთავრესი საქმიანობა, უარი არ უთქვამს იმ პატრიოტულ წერილებზე, რომლებიც ეხებოდა ქართულ ეკლესიას, ჩვენს ენას, კულტურის ძეგლებს და ჰელსინკის კავშირის განცხადებებს. უფრო მეტიც–სასამართლოზე მან კიდევ ერთხელ მოითხოვა იმ მოთხოვნათა შესრულება, რომელიც ეხებოდა აღნიშნულ საკითხებს და სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ მათი ნაწილი გაითვალისწინა კიდეც ხელისუფლებამ... სასამართლოზე ჩემი უკომპრომისო (მე არ ვაღიარე თავი დამნაშავედ) და ზ.გამსახურდიას ნაწილობრივ კომპრომისული პოზიცია იყო ჩვენი წინასწარმოლაპარაკების შედეგი, გარდა ამისა შევთანხმდით იმაზეც, რომ გადასახლების დროს  ის დაწერდა ხსოვნას გათავისუფლებაზე და ჩემზე ადრე დაბრუნდებოდა საქართველოში, რაც აუცილებელი იყო ჩვენი საერთო საქმისათვის, რათა მას მოეხდინა ჩვენი მოძრაობის მობილიზაცია და ებრძოლა ჩვენი მოთხოვნების შესასრულებლად. მსურს აღვნიშნო, რომ ზვიადმა მართლაც შეასრულა ეს ყველაფერი და გათავისუფლების შემდეგ კვლავაც აგრძელებს ეროვნულ მოღვაწეობას.
მე არა მხოლოდ ვამართლებ მის ასეთ საქციელს, არამედ მივიჩნევ, რომ იმ სიტუაციაში ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი. აქვე დავსძენ, რომ სასამართლოზე ზვიადს არ დაუსახელებია არც ერთი პიროვნება და მის გამო არავინ დაუბარებიათ დასაკითხად „სუკში“.
ის სამშობლოსათვის ყოველთვის სწირავდა საკუთარ სიცოცხლეს და ამ აუცილებელი ნაბიჯითაც უდიდესი მსხვერპლი გაიღო“... [41] მათი მეგობრობის შესახებ კი მერაბ კოსტავა 1989 წლის 31 მარტს შენიშნავდა: „ბევრი ეცადა ჩემი და ზვიადის მეგობრობაში ბზარის გაჩენას, მაგრამ ეს ვერავინ ვერ შეძლო, ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და ჩვენს მეგობრობაში ბზარი გაჩნდა, მაშინ მე ვიტყვი, რომ მეგობრობა საერთოდ არ არსებობს, ეს კი უკვე ქვეყნის დანგრევას უდრის“ [ოქროს საწმისი, იქვე, გვ. 9].
ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ მთელი თავიანთი ცხოვრებითა და მოწამეობრივი აღსასრულით დაამტკიცეს როგორც ერთმანეთისადმი, ასევე იმ იდეალებისადმი უსაზღვრო ერთგულება, რომელთა განხორციელებისათვის ბრძოლასაც ისინი შეეწირნენ. ხოლო სასამართლო პროცესი, რომელიც მათ საბჭოთა რეჟიმმა და მისმა ერთგულმა ლაქიებმა მოუწყვეს, დარჩება როგორც ამ ანტიჰუმანური სისტემის უმახინჯესი შინაარსის გამომხატველი კიდევ ერთი მონუმენტი. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაპატიმრებას სასწრაფოდ გამოეხმარუნენ ახალგაზრდა ქართველი პატრიოტები და სტუდენტური მოძრაობის ეროვნული ფრთის ლიდერები, რომელთაც პროკლამაციები დაყარეს პირდაპირ რუს-თა¬ვე¬ლის პროსპექტზე,  მაღაზიებში, აკრავდნენ აფიშებზე და სხვა. პროკლამაციებში აღნიშნულია:
1. „თავისუფლება ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას!
ქართველებო, ისინი იბრძოდნენ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენ შემოგვწირეს თავიანთი პირადი კეთილდღეობა და თავისუფლება: ახლა ჩვენ გავერთიანდით უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი თანამემამულეების დასაცავად.
გაუმარჯოს ქართველ პატრიოტებს“...
ან. 2. „თავისუფლება ქართველ პატრიოტებს!
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაპატიმრება არის სრულიად უკა-ნონო აქტი, რომელიც იწვევს ქართველი ხალხის აღშფოთებას. ქართველები გავერთიანდეთ თვითნებურად დაპატიმრებული ჩვენი თანამემამულეების დასაცავად. ეს ჩვენი ეროვნული ღირსების საქმეა!
 გაუმარჯოს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას!“ [42].
გავრცელდა  დაბეჭდილი უამრავი მოწოდება „თავისუფლება ზვიად გამსა¬ხურ-დიასა და მერაბ კოსტავას“ [იქვე]. ცნობილი გახდა, რომ სუკ-მა ხელში ვერ ჩაიგ¬დო ამ პროკლამაციების ვერცერთი გამავრცელებელი.
ამავე დროს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაპატიმრებას გამოეხმაურნენ რუსეთის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები. 1977 წლის 12 აპრილს „სსრ კავშირში მორწმუნეთა უფლებების დაცვის ქრისტიანულმა კომიტეტმა“ მიმართა მსოფლიოს ქრისტიანთა საზოგადოებას აღნიშნულ პიროვნებათა უკანონო დაპატიმრების შესახებ. მიმართვას ხელს აწერდნენ გლებ იაკუნინი, ვარსონოფრი ხაიბულინი, ვიქტორ კაპიტანჩუკი.
აკადემიკოსმა სახაროვმა სპეციალური პრეს–კონფერენცია გამართა აპრილში უც¬ხოელ კორესპონდებთან ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ხოლო 1977 წლის ივლისში მანვე, დოქტორმა ტურჩინმა და სხვებმა მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდეს სსრ კავშირში დაპატიმრებული დემოკრატიული მოძრაობის 9 წევრის დასაცავად, რომელთა შორის ზვიად გამსახურ¬დია და მერაბ კოსტავაც იყვნენ დასახელებულნი [იქვე, გვ. 15].
ზვიად გამსახურდიას დაპატიმრება და მისი სახლის ჩხრეკისას ჩადენილი უკანონობანი  გააპროტესტეს რუსმა სამართალდამცავებმა პ. გრიგორენკომ და ს.კალისტრატოვმა 1977 წლის 14 აპრილის მიმართვაში სსრ კავშირის პროკურორი-სადმი [იქვე, გვ. 25].
ქართველ პატრიოტთა მიმართ გატარებულ რეპრესიებს ფართოდ გამოუხმაურა დასავლეთის რადიოსადგურები, განსაკუთრებით „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია, რომელიც პერიოდულად აშუქებდა ქართველ პატრიოტთა მდგომარეობას. მანვე გვამცნო ინგლისელი პროფესორის პიტერ როდდევეის ღვაწლი და თავდადება ქართველი პატრიოტების საქმისათვის [იქვე, გვ. 15-16]. მაგრამ მიუხედავად ყველაფ-რისა, საბჭოთა რეპრესიული მანქანის შეჩერება  შეუძლებელი იყო და მანაც ბოლომდე მიიყვანა მის მიერვე ინსპირირებული სსამართლო პროცესად გაფორმებული ფარსი. 
როგორც ჩანს, აღნიშნული სასამართლო პროცესი, საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას ე.შევარდნაძით სათავეში, სჭირდებოდა მოახლოებული ე.წ. საბჭოთა კონსტიტუციის ქართულ ვარიანტში, მისთვის საჭირო ცვლილებებისათვის შესამზადებლად, რათა ფრთა შესხმოდა საბჭოთა იდეოლოგიური მანქანის მიერ გამოგონებული მორიგი  ნაბოდვარის „ახალი ისტორიული ერთობის – საბჭოთა  ხალხის“ ცნების დამკვიდრებასა და ამისთვის საჭირო და აუცილებელი მოკავშირე რეს¬პუბლიკების კონსტიტუციებიდან მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის ამოღებას და მის ადგილზე რუსული ენის კონსტიტუციურ დამკვიდრებას. საქართველოში ადრევე იყო მცდელობა სახელმწიფო და განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებიდან ქართული ენის გაძევებისა (საქმის წარმოების რუსულ ენაზე დანერგვის ცდა, ქართულ ენაზე უმაღლესი სასწავლებლებისათვის წიგნების გამოცემის აკრძალვა, თუ დისერტაციების რუსულ ენაზე დაცვის შემოღებაზე აქცენტირება და სხვა) რისი განხორციელებისთვისაც ძალისხმევას არ იშურებდნენ.
მე ბედნიერება მხვდა წილად სწორედ ამ პერიოდში – 1976-1981 წლებში მესწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, სადაც ჩემი თანაკურსელები იყვნენ სტუდენტობაში ეროვნული მოძრაობის იდეალების გაღვივებისათვის ბრძოლის ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ თამარ ჩხეიძე, გელა ნიკოლაიშვილი, გია ჩხიკვიშვილი, ნინო შანშაშვილი. ზეინაბ  ბუაჩიძე, თამარ გვიანიაშვილი და სხვები.
როგორც ცნობილია 1977 წელს მიიღეს საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია, რომელშიც  დაფიქსირებული იყო დებულება „ახალი  ისტორიული ერთობის – საბჭოთა ხალხის“ ჩამოყალიბების შესახებ. აღნიშნული დებულების პრაქტიკულად განხორციელების მცდელობას წარმოადგენდა მოკავშირე რესპუბლიკების ახალი კონსტიტუციებიდან მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის ამოღება და მის ნაცვლად რუსული ენის ამ სტატუსით დამტკიცება. ამგვარი მცდელობა რიგ  რესპუბლიკებში და მათ შორის საქართველოში, სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა. ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სასამართლო პროცესების ერთ–ერთი მიზანიც ამ წინააღმდეგობის შესუსტება და ჩახშობაც იყო, – და ზოგიერთი ავტორის მიერ დღეს იმის მტკიცება, რომ თითქოს ისინი ცდილობდნენ მოვლენები ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარემართათ43, ისეთივე ფარსი და ტყუილია, როგორც აღნიშნულ სასამართლო პროცესის მთელი არსი.
ამ არგაგონილმა მკრეხელურმა მცდელობამ ფეხზე დააყენა და ერთ მუშტად შეკვრა ქართველი სტუდენტი ახალგაზრდობა (უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა) და პატრიოტულად განწყობილი ქართული ინტელიგენცია, რომელთაც შეძლეს საზოგადოების (განსაკუთრებით ახალგაზრდების) მობილიზება და კონსტიტუციის ქართული ვარიანტის მიღების წინა დღეებში 1978 წლის აპრილის დასაწყისში მოაწყვეს გრანდიოზული მიტინგი–მანიფესტიციები ქ.თბილისში. მანამდე კი საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების მესვეურნი, ე. შევარდნაძით სათავეში ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ახალ კონსტიტუციაში ასეთი ცვლილების შეტანა „ისტორიულ გარდაუვალობად“ წარმოეჩინათ. ამ მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ე.შევარდნაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრა სტუდენტთა ნაწილმა, თამარ ჩხეიძის ხელმძღვანელობით, პროტესტის ნიშნად დატოვა, ხოლო ამავე მიზნით მოსულ საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მაღალჩინოსანი, ამავე უნივერსიტეტის 103-ე აუდიტორიიდან კინწრისკვრით (პირდაპირი მნიშვნელობით) გამოაგდეს. 1978 წლის 14 აპრილს კი ქართველი ახალგაზრდობის შემართებამ და ერთსულოვნებამ კიდევ ერთხელ ახსნა ჩვენი სამშობლოს ღირსება და საბჭოთა კავშირის სახელისუფლებო ლიდერები აიძულა უკან ადაეხიათ. საბჭოთა საქართველოს ე.წ. კონსტიტუციის 75-ე მუხლში შესატანი ცვლილება უკუგდებული იქნა და  ხელშეუხებელი დარჩა საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. 
აღნიშნულმა მარცხმა კიდევ უფრო გააბოროტა საბჭოთა საქართველოს სათავეში მდგარი კომუნისტური ელიტა და ამუშავდა მისი რეპრესიული მანქანა. დროებით პატიმრობაში აიყვანეს სტუდენტური მოძრაობის ლიდერები – თამარ ჩხეიძე, გელა ნიკოლაიშვილი და სხვები. ფართო ხასიათი მიიღო მათმა დაკითხვებმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელთა მიერ და გააქტიურდა მუშაობა მათი გადაბირება-დაშინების მიზნით. სტუდენტური მოძრაობის ლიდერთა მიმართ გამოყენებული იქნა საბჭოთა „სუკ“-ის მიერ შემუშავებული დეზინფორმაციისა და მათთვის სახელის გატეხვისაკენ მიმართული მთელი უბინძურესი არსენალი. იქამდეც კი მივიდნენ,  თამარ ჩხეიძეს უნივერსიტეტის წითელი დიპლომი რომ არ აეღო, ფრიადი შეფასება სადიპლომო სახელმწიფო გამოცდაზე ე. წ. მეც, კომში, არ დაუწერეს მის თანაჯგუფელ არცერთ სტუდენტს. შემდეგ კი სცადეს მისივე თანაკურსელების მასზე  მისევა, სპეციალურად ავრცელებდნენ რა მათში ხმას, რომ ეს ყველაფერი თამარ ჩხეიძის გამო მოხდა; მაგრამ საბედნიეროდ ამას არ აყვნენ თამარ ჩხეიძის სტუდენტი მეგობრები, ხოლო ამ ოპერაციის სიხისტემ და მასში ჩადებულმა სიბინძურემ გამოამჟღავნა „სუკ“-ის მიერ სტუდენტ ახალგაზრდობაში ჩანერგილი მისივე აგენტურა.
არ გამოუვიდათ რა ზოგიერთი მოკავშირე რესპუბლიკაში „ახალი ისტორიული ერთობას – საბჭოთა ხალხი“-ს კონსტიტუციური გაფორმება, საბჭოთა იდეოლოგიურმა  მანქანამ გააძლიერა მუშაობა შემოვლითი გზით მიზნის მისაღწევად და დაიწყო პროპაგანდა ამ რესპუბლიკებიდან მოსახლეობის რუსეთში მიგრაციის და პირიქით, რუსების მოკავშირე რესპუბლიკებში კიდევ უფრო მომრავლების სასარგებლოდ. აი, რას წერს ამის შესახებ გ. თვალელის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში „აჭარელი ლტოლვილნი“ (რიბაკოვის გეგმა მოქმედებაში).:
„1981 წელს გაზეთ პრავდაში გამოქვეყნდა წერილები სსრ კავშირის მოსახლეობის მიგრაციის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი, „მიგრაციის საქანელა“ „პროფესორ“ რიბაკოვსკისა (პრავდა, 11 სექტემბერი), პირდაპირ აცხადებდა, რომ ამერიკავკასიისა და შუა აზიის რესპუბლიკათა მოსახლეობა ზედმეტ მიჯაჭვულობას ამჟღავნებს იმ ტერიტორიისადმი, ანუ  „შეჩვეული პეიზაჟებისადმი“, რომელზედაც იგი ოდითგანვე მკვიდრობდა,  არ იჩენს მიდრეკილებას სხვა რესპუბლიკებში (კერძოდ რსფსრ-ში) გადასახლებისაკენ და რომ ეს მავნე ტენდენციაა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. რსფსრ-ს მოსახლეობის მიდრეკილება გადაადგილებისაკენ კი, მოწონებული იყო და წერილის ავტორი მოუწოდებდა სხვა რესპუბლიკათა მკვიდრთ, მიებაძათ რსფსრ-ს მოქალაქეთათვის.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ავტორი მოითხოვდა მოკავშირე რესპუბლიკების ნებაყოფლობით რუსეთში  გადასახლებას, ხოლო რუსეთის მოსახლეობას მოუწო-დებდა ამ რესპუბლიკათა ტერიტორიაზე დამკვიდრებისაკენ“, – აღნიშნავს ავტორი და შემდეგ წარმოაჩენს ამ მიმართულებით საქართველოში და კერძოდ, აჭარის ასსრ-ში შექმნილ უმძიმეს ვითარებას, ბოლოს კი დასკვნის სახით ამბობს: „... საქართველოში დღითიდღე უარესდება ეკონომიკური პირობები, გლეხს არ გააჩნია საძოვრები, პირუტყვის საკვები, სახნავ-სათესი, არ ვითარდება მეცხოველეობა, ვინაიდან საქართველო ქცეულა ჩაისა და ციტრუსის კოლონიად. დღითი დღე ძნელდება მშე¬ნებლობა, რთულდება საბინაო საკითხი, ძვირდება ცხოვრება, ხოლო ხელმძღვა¬ნელობა ყოველნაირად ცდილობს ხელი შეუწყოს მიგრაციის ზემოთხსენებულ ტენდენციას. საერთოდ „ინტერნაციონალური  რესპუბლიკა, ანუ საქართველოს სსრ,  დედად ევლინება ყოველი ჯურის არაქართულ მოსახლეობას, უქმნის მათ ყოველ¬გვარ პირობებს, აძლევს პრივილეგიებს, ხოლო საკუთარი, ქართული მოსახლეობისათვის იგი დედინაცვალია. დღემდე განსაკუთრებით მკაფიოდ მოსჩანდა ეს აფხა¬ზეთის ასსრ-ში და სამცხე-ჯავახეთში (რომელნიც შესაძლოა მალე სომხურ ავტონომიურ ოლქად იქცეს), ხოლო ამჟამად აჭარის ასსრ-შიც გამოიკვეთა ეს ტენდენცია“, – აღნიშნავს წერილის ავტორი და ბოლოს მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას, რომ „...მთელის სერიოზულობით გააცნობიეროს ის გარემოება, რომ ჩვენი ერის ბედი რიბაკოვისეულ „მიგრაციის საქანელაზეა“ შეგდებული [44].
ასეთ პირობებში საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვისათვის თავისი ერთგულების დასამტკიცებლად დაიწყო მზადება გიორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის გრანდიოზული ფორმით  აღსანიშნავად, რასაც ქართველმა ახალ¬გა-ზრ¬დობამ პროტესტით უპასუხა და რომლის შესახებაც საქართველოში შევარდნაძის კომუნისტური რეჟიმის მიერ დახვრეტილი უდანაშაულო ღვთისმსახურის, მღვდელ თევდორე ჩიხლაძის ქალიშვილი, რომელიც პირადად ე.შევარდნაძეს მიმართავს, ასე იგონებს: „... როგორც ინტერვიუდან ირკვევა, თურმე „არაფერი გცოდნიათ, არაფერ შუაში ხართ და არაფერი გახსოვთ“.
ძალიან ვწუხვარ, რომ გულმავიწყობის სენს შეუპყრიხართ (ე. შევარდნაძის ჩვეულებრივი თავის დაძვრენის მეთოდი იყო – უ. ო.) ამიტომ თავს უფლებას მივცემთ ამხანაგო მინისტრო, თქვენი წითელი წარსულის ზოგიერთი ეპიზოდი შეგახსენოთ.
1983 წლის 18 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ტრაგედია დატრიალდა. ადგილი ჰქონდა თვითმფრინავის გატაცების მცდელობას.
გამტაცებლები იყვნენ ზედმიწევნით განათლებული, ინტელიგენტი ახალ¬გაზრ-დები, რომლებიც შემდეგ  ბანდიტებად მოინათლნენ... მოსკოვის წინაშე დამსა-ხურებები  მოახლოებული „ჯერარნახული“ საზეიმო ცერემონიალით გსურდათ დაგეგვირგვინებინათ, რომ შემდეგ პარტიული იერარქიის ერთ-ერთ უმაღლეს საფეხურზე ასულიყავით... და უცებ ზეიმისათვის გამალებული მზადების პერიოდში გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. ამხ. ე.შევარდნაძის დიქტატურის წინააღმდეგ ახალგაზრდათა ჯგუფმა საჯარო პროტესტი გამოხატა, მოაწყო პოლიტიკური აქცია, – თვითმფრინავის გატაცება, რომელსაც ბოლშევიკური ჭკუის მოუქნელობისა და „დერჟიმორდათა“ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების გამო მოჰყვა მსხვერპლი... მაშინ ამბიციებმა სული ისე დაგიბრმავათ, რომ მოსკოვიდან სასწრაფოდ გამოაძახებინეთ „სპეცჯგუფი“, აქაოდა მე არაფერ შუაში ვარ, ბატონ-პატრონები აქ თქვენ ხართ და დამეხმარეთ... ჰოდა, დაგეხმარნენ, ამხანაგო ედუარდ!... მშობლების თვალწინ „სპეცჯგუფმა“ 8 წუთში „გაუვნებელყო“ გამტაცებლები“. იმ მშობლების თვალწინ, რომლებიც გვევედრებოდნენ, თვითმფრინავში შესვლის უფლება მიგეცათ, პირობას იძლეოდნენ, რომ შესძლებდნენ შვილების გამოყვანას. თქვენ უარჰყავით ეს ვედრება. მოსკოვს ხომ უნდა დაენახა ამხ. ედუარდის ერთგულება?!
...მერმე ის იყო,  კბილებამდე შეიარაღებულმა „სპეცჯგუფმა“ 8 წუთში „გაუვნებელ¬ჰყო“ ორი გარდაცვლილი, ოთხი დაჭრილი მამაკაცი და ერთიც 19 წლის ქალი¬შვილი... მერე პოლიტიკური აქციის სტატუსი რომ როგორმე მიგეჩქმალათ, „ნარკომანებად“, „ბანდიტებად“ მონათლეთ მხატვარი სოსო წერეთელი, ექიმი – კახა ივერიელი, ექიმი – პაატა ივერიელი, მხატვარი დავით მიქაბერიძე, მსახიობი გეგა კობახიძე, მხატვარი გია ტაბიძე და მამაჩემი – ბერი მამა თევდორე, რომელიც საერთოდ არ ყოფილა თვითმფრინავში და აქციის მოწყობიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ დააპატიმრეს... თქვენ გაასამართლეთ  და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეთ სრულიად უდანაშაულო ადამიანს – მამა თევდორეს“ [45], აღნიშნავს ღია წერილში ავტორი და შემდეგ ხსნის, თუ რატომ გახდა საჭირო ე.შევარდნაძისათვის უდანა-შაულო ღვთისმსახურის სიკვდილით დასჯა. „მამა თევდორე, – მიუთითებს ავტორი, – სუკისა და პირადად ამხ. შევარდნაძისათვის ძალზე მოუხერხებელი პიროვნება გახლ¬დათ. ხოლო მას შემდეგ, რაც 1983 წლის პოლონეთის ეროვნულ-განმათავი-სუფლებელი მოძრაობის დროს  დაღუპულთ, მამა თევდორემ პარაკლისი გადაუხადა სამების ეკლესიაში, იგი ამხანაგი შევარდნაძისათვის საშიშიც გახდა. აი იმის ჭეშმარიტი მიზეზი, რატომ გაასამართლეთ და რატომ მიუსაჯეთ სიკვდილი უდანაშაულო ბერს“, – მიმართავს იგი ე.შევარდნაძეს და ბოლოს ამბობს: „1983 წლის 18 ნოემბრის ტრაგედიის შესახებ მან ისევე შეიტყო, როგორც მე და თქვენ... აქციამდე 10 თვის განმავლობაში მას ხომ საერთოდ არ ჰქონია შეხების წერტილი „გამტაცებლებთან“, 1984 წლის თებერვალში კი „ბანდის მეთაურის“ ბრალდებით დააპატიმრეს...
მამა თევდორეს მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი იყო სისასტიკისა და ცინიზმის გაუგონარი აქტი.
მამა თევდორე რწმენისათვის აწვალეს  მწვალებლებმა.
ამხანაგო ედუარდ, ვერ დამარწმუნებთ, რომ „არაფერი იცოდით“, არაფერ შუა-ში ხართ და არაფერი გახსოვთ“. აი, რას ამბობდა სიკვდილმისჯილი ბერი „საბოლოო სიტყვაში“,– აღნიშნულია ღია წერილში,–„ღმერთო, მომეცი ძალა სიმართლე ვთქვა და თუ ღირსი ვარ, დამიცავი.
უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ მე, როგორც მსჯავრდებული აქ არ უნდა ვიყო. არც ერთ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანს არ სჯიან, მით უფრო არ ხვრეტენ. თქვენ იცით, რომ მე ღვთისმსახური ვარ და ამის გამო მასამართლებთ...“ [იქვე].
აი, ამგვარი ხასიათს ატარებდა ე.შევარდნაძის იეზუიტური რეჟიმი საქართველოში. აქ ყველაფერი უნდა დამორჩილებოდა ერთი კაცის მისაღწევ მიზანს, ე. შევარდნაძისათვის კარიერის ახალ საფეხურზე ასვლის მოთხოვნას... და მან მართლაც მოახერხა ჩვენს სამშობლოში მისი მმართველობისათვის დამახასიათებელი ძალადობის დიქტატურის დამყარება. ამ საქმეში მას მხარში ედგა ჩვენს მიერ ზემოთ მხილებული წითელი ინტელიგენციის ელიტარული კადრები და მისი „ავტორიტეტის“ ხიბლის ქვეშ მოქცეული, მათგანვე დაბოლებული და გამასებული საზოგადოების ნაწილი. ამიტომ მათთვის ბოლომდე მიუღებელი დარჩა ეროვნული  იდეალები და მისი განხორციელებისათვის მებრძოლი პატრიოტების საქმიანობა. ამიტომაც დღემდე შემორჩენილი მისი ნარჩენები კვლავ კომუნისტური შემართებით ებრძვიან ყოველივე ეროვნულის მომძლავრებას (ეს იქნება ეროვნული ეკონომიკის გამოღვიძება, სახელმწიფოებრიობის საფუძვლების განმტკიცება თუ სხვა) რადგან ეს მათთვის არის მათი საბოლოო მხილების შანსის მოსპობისათვის ბრძოლა. აი, აქედან იღებს სათავეს ის ღვარძლი და შეურიგებელი მტრობაც ახალი ქართული სახელმწი-ფოს მიმართ, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში მათ სასტიკი მარცხი განიცადეს და ამი¬ტომაც მის შემადგენლობაში ვერ ხედავდნენ თავიანთი გაშიშვლებული პოლიტიკური ჰაბიტუსისათვის პერსპექტივას და, რა თქმა უნდა, ადგილსაც. მათ, მასზე შურის საძიებლად დარჩათ ერთადერთი გზა, – ლანძღვა-გინებად უნდა დაინთხნენ და ამას აკეთებენ კიდეც, რაც მათი მარადიული კომუნისტური შიგთავსის გამომზე-ურებას წარმოადგენს მხოლოდ და არა ქვეყნის მომავალზე ფიქრის შედეგს, როგორც ეს მათ სურთ წარმოაჩინონ.
ყოფილ საბჭოთა კავშირში გამეფებული ტოტალიტარული რეჟიმის რამდე-ნადმე ლიბერალიზაციისაკენ გადაიდგა ნაბიჯები ე.წ. „პერესტროიკის“ („გარდაქმნა“) პერიოდში, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში ეკონომიკური და პოლი-ტიკური რეფორმების განხორციელების მცდელობას; მაგრამ კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები საკმარისი არ იყო ზემოთ წარმოჩენილი ატმოსფეროს შესაცვლელად. საბჭოთა საქართველოს ახალი ხელისუფლება კი, რომელიც ე.შევარდნაძის მოსკოვში გადაყვანის შემდეგ მოვიდა მმართველობაში, სრულებითაც არ აპირებდა ეროვნული მოძრაობის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შეცვლას და მისთვის განსა-კუთრებით მტკივნეულად მოსანელებელ მომენტებში არ ერიდებოდა ამ მოძრაობის ლიდერთა განადგურების გეგმებზე მსჯელობასაც (ასლანიკაშვილის ვარიანტი – უ.ო.) 1987 წლის აგვისტო [46]. ამიტომ ქართული ეროვნული  მოძრაობის მესვეურთ ამ პერიოდში დიდი სიფრთხილითა და წინდახედულობით უხდებოდათ მოქმედება. მათ ეკოლოგიური პრობლემების წინ წამოწევითა და გონივრული, სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტების მოშველიებით ჯ. პატიაშვილის ხელისუფლებას ჩაუშალეს საქართველოში ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობის გეგმა, რომლისთვისაც უკვე მილიარდობით მანეთი იყო გამოყოფილი [იქვე]. ამასთან წინ წამოსწიეს ისტორიულ ძეგლთა დაცვის პრობლემები, რომელთა შორის განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენისათვის წარმოებულმა უშეღავათო ბრძოლამ. ამ ბრძოლის ბოლო ეტაპზე ქართველსა პატრიოტებმა მიმართეს მიმართეს სკკპ ცკ-ს გენერალურ მდივანს მ. ს. გორბაჩოვს, სკკპ ცკ-ს მდივანს ი. ლიგაჩოვს, საქართველოს კპ-ს პირველ მდივანს ჯ. ი. პატიაშვილის შემდეგი წერილით:
„დავით გარეჯის სამინისტრო კომპლექსი მსოფლიო კულტურის უნიკალური ძეგლია. VI საუკუნეში დაარსებული ეს გასაოცარი ქმნილება წარსულში არაერთხელ ააოხრეს თურქ-სელჯუკებმა, მონღოლებმა თუ სპარსელებმა. მაგრამ თემურ-ლენგისა და შაჰ-აბასის ჯარებისაგან მისი რბევა ოდნადავაც ვერ შეედრება იმ გაუგონარ ბარბაროსობას, რომელმაც იგი ჩვენს ეპოქაში სრული განადგურების პირას მიიყვანა. ამ საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია-მონასტრების ცნობილ ნგრევა-განადგურებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, 1948 წლიდან კომპლექსის ტერიტორიაზე სამხედრო პოლიგონი ამოქმედდა და იგი ბრძოლის ველად, ხოლო მისი უიშვიათესი ფრესკები სამიზნეებად იქცნენ. ტყვიებით დაცხრილული, თვალებდათხრილი და აურაცხელი ნაჯღაბნით აჭრელებული ფრესკები, ეკლესიათა ჩამოქცეული კედლები. აი, რა სურათს ნახავს დღეს მნახველი გარეჯის უდაბნოში: «Осуществил перенесения огня на ету цель», მიუწერია  ბერთუბანში ეკლესიის ფრესკიან კედელზე ვინმე პოდპოლკოვნიკ არხანგელსკის 1952 წლის 15 ოქტომბერს.
ა.წ. 18 ივლისის გაზეთ „კომუნისტში“ ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსი ი. ციციშვილი საზოგადოებას აუწყებდა: „იმის გამო, რომ გარეჯის მიდამოები გარკვეულ სამსახურებს ეკავა, აქ შეუძლებელი და უაზროც იყო გამაგრებითი ან სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება. უფრო მეტიც, კლდეში ნაკვეთი ნაგებობანი და კედლის მხატვრობა თანდათან ნადგურდებოდა და თითქმის განწირულიც იყო. წლების მანძილზე ყველა ინსტანციაში გაგზავნილმა თხოვნამ ნაყოფი არ გამოიღო და მხოლოდ ახლა გადაწყდა გარეჯის მონასტერთა ბედი“... შემდეგ ვკითხულობთ, – აღნიშნავს ავტორი, რომ ამ საკითხზე მიმართავს სკკპ ცკ–ს მდივანს ლიგაჩოვს და მის მიერ გამოგზავნილმა საკავშირო სამინისტროს კომისიამ დადებითად გადაჭრა გარეჯის მონასტერთა დაცვის საკითხი. ამგვარად, ოფიციალობამ პირველად აღიარა, რომ სამხედრო პოლიგონის მოქმედების პირობებში ძეგლი განწირულია გასანად-გურებლად და რას უნდა ნიშნავდეს მონასტერთა ბედის დადებითად გადაწყვეტა, თუ არა პოლიგონის მოქმედების შეწყვეტას? მაგრამ სინამდვილეში მონასტერთა ტერიტორიაზე დღესაც სეტყვასავით ცვივა ჭურვები, რყევებისაგან თანდათანობით ნადგურდებოდა ფრესკები, ინგრევა ეკლესიათა კედლები, რადგანაც ციციშვილის მიერ ნახსენები „გარკვეული სამსახურები“ კვლავაც ადგილზე არიან და სრულებითაც არ ფიქრობენ ამ ტერიტორიების დატოვებას. ცივილიზებული კაცობრიობის სუ-ლიერ ფასეულობათა სრული უგულებელყოფით ჩვენს თვალწინ ხდება ჩვენი კულტურისა და ისტორიის უბრწყინვალესი ძეგლის გეგმაზომიერი განადგურება.
ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დავით გარეჯის ტერიტორიიდან სამხედრო პოლიგონის დაუყოვნებლივ გადატანას“, – [47], აცხადებს წერილის ავტორი.
ასეთი იყო ქართული კომუნისტური კოლაბორაციონიზმის მიერ უფროს ძმად შერაცხული საბჭოთა რუსეთის დამოკიდებულება თავისი „უმცროსი ძმისადმი“. როგორც ვხედავთ, როდესაც ე.წ. ერთიან საბჭოთა ოჯახში „მშვიდობიანი“ თანაარსებობის დროს იგი ვერ ახერხებდა აშკარა საომარი მოქმედების წარმოებას ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ და ქართველი ხალხის ფიზიკურ განადგურებას, საქართველოს ისტორიული ძეგლებისა და მისი უნიკალური რელიქვიების, სულიერი საფუძვლების მოსპობით ცდილობდა თავისი ბარბაროსული ჟინის მოკვლას. და ეს ასე იქნება ყოველთვის და მანამ, სანამ ქართული სახელმწიფოს მესვეურები ერთიანად არ დააფიქსირებენ ყოველივე ამის გამო თავიანთ პრინციპულ პოზიციას და დღემდე თავისი ხუშტურების მიხედვით მოქმედ გაუგნურებულ მეზობელს არ შეაგნებინებენ თვით რუსული სახელმწიფოს მომავლისათვის ამგვარი ქმედებების მავნეობას და პერსპექტივაში მის დამღუპველობას. დღეს კი ზოგიერთ ქართველ „ოპოზიციონერთ“ იმდენი ისტორიული მეხსიერება და ამასთანავე ღირსება მაინც უნდა გააჩნდეთ, რომ დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების ოპოზიციას არ ჩამორჩნენ ისტორიული სამართლიანობის და რაც მთავარია, თანამედროვე რეალო-ბის სწორად აღქმასა და გაგებაში. უამრავი ისტორიული ფაქტებია, თუ რა მოგვიტანა რუსეთის წინაშე მუხლებზე ხოხვამ და მისი სახელმწიფოს წიაღში ჩვენი სამშობლოს არსებობის 200 წლოვანმა ისტორიამ.
ეს უკვე განვლილი ეტაპია და უკან დაბრუნება შეუძლებელია!!!
საბჭოთა საქართველოში, 1977-1987 წლებში არსებული ასეთი უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად მიმდინარეობდა ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის ქართველ პატრიოტების მიერ წამოწყებული უშეღავათო ბრძო¬ლა, რამაც თავისი გამოძახილი ჰპოვა, უპ. ყოვლისა, სტუდენტ-ახალგაზრდობასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა პროგრესულ ფრთაში. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას წინააღმდეგ ინსპირებულმა სასამართლო პროცესმა მიზანს ვერ მიაღწია. პირიქით, მან კიდევ უფრო აშკარად წარმოაჩინა ქართული საზოგადოების სიღრმეში გამჯდარი წყლულები და ხელი შეუწყო ამავე საზოგადოების გამიჯვნასაც, ერთი მხრივ, ეროვნულ და მეორე მხრივ, კოლაბორაციონისტულ პოზიციაზე მდგარ ნაწილებად. რომელთაგან პირველმა თავისი ბრძოლა თავდაპირველად მიმართა ქართული ენის, საქართველოს ბუნების, მისი ისტორიული ძეგლების დაცვისაკენ, რითაც გარკვეულ დრომდე თავიდან აიცდინა კომუნისტური რეჟიმის რეპრესიული მანქანის გამანადგურებელი დარტყმა და ეროვნული ძალები შეამზადა განმათავისუფლებელი ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასასვლელად.









გამოყენებული ლიტერატურა
1. მ. არჩვაძე-გამსახურდია, ოქროს საწმისი (ქართული თვითგამოცემა 30 წლისაა), გამომც. „საქართველოს მაცნე“, თბ., 2006
ა. ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #1, 1975 (მაისი)
ბ. ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #2, 1975 (ივლისი)
გ. ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #3, 1976
დ. ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4, 1976
2. გ. ჯაბაშანური, ინვექტივა-მონუმენტი, ჟურნ. `ოქროს საწმისი~, #1, 1975
3. ლ. ქართველი, სიტყვა ერისადმი, უკანასკნელი ცრემლი, ჟურნ. `ოქროს საწმისი~, 
     #1, 1975
4. ივ. ჯავახიშვილი, XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები, . `ოქროს   
    საწმისი~, იქვე.
5. ნ. წულეისკირი, ნუ დავივიწყებთ მშობლიურ ენას, (სიტყვა წარმოთქმული ე.შევარდნაძესთან შეხვედრის დროს, მწერალთა კავშირში“, ჟურნ. „ოქროს საწმისი. იქვე
6. ზვიად გამსახურდია, გურამ რჩეულიშვილის მოსაგონარი, ჟურნ. „ოქროს საწმისი, #1, 1975
7. მერაბ კოსტავა, გურამ რჩეულიშვილი, იქვე
8. გ. გამყრელიძე, `გლეხი ჩეროში~, `როსინანტი~, ჟურნ. „ოქროს საწმისი, #2, 1975
9. კ. გამსახურდია, ველიკორუსები და არარუსები, გაზ. „სახალხო საქმე“,#25, 1917, 13 აგვისტო (ოქროს საწმისი, გვ. 190-194)
10. კ. გამსახურდია, ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი (ოქროს საწმისი, გვ. 195–199)
11. კ. გამსახურდია, პასუხი, გაზ. „სოციალისტ-ფედერალისტი“,#62, მაისის 15, 1921 წ. გვ. 1-2 (ოქროს საწმისი, გვ. 200-205)
12. კ. გამსახურდია, ვინ არის შოვინისტი“, გაზ. „სოციალისტ-ფედერალისტი“,#72, 1921 წ. მაისის 28, გვ.1-2 (ოქროს საწმისი, გვ. 205-209)
13. მ. აბაშიძე, მონა ღვთისა და მონა ერისა, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #3, 1976 (ოქროს საწმისი, 265-284)
14. ს. ცვაიგი, წინასიტყვა „გველის პერანგისა“, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, გვ. 287-288)
15. კ. გამსახურდია, ქართველ მწერალთა კონფერენციაზე, გაზ. „საპხალხო საქმე“, # 77, 19127, 15 ოქტომბერი, გვ. 3 (ოქროს საწმისი, 289-292)
16. კ. გამსახურდია, გაორებული საქართველო, გაზ. „სახალხო ფურცელი“, #828, 1917, 11 აპრილი (ოქროს საწმისი, 295-297)
17. კ. გამსახურდია, წერილი პატიმარი პოეტისადმი, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #3, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 297-298)
18. სრულიად საქართველოს მწერალთა პირველ ყრილობის სტენოგრამა, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #3, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 298-307)
19. საქართველოს საკითხი თავისუფალი მსოფლიოს წინაშე, ჟურნ. „ოქროს საწმისი“,#4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 313-315)
20. გალაქტიონ ტაბიძე, საქართველო, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 316)
21. ვაჟა-ფშაველა, სოციალ-დემოკრატისადმი, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 317)
22. იოსებ გრიშაშვილი, „ახალ ხელისუფლებას“, „ოცდახუთი  თებერვალი“, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ.318)
23. პ. დიდებულიძე, ლექსები, „ოქროს საწმისი“, #4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 21)
24. გ. ამაღლობელი, ლექსები, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 339-344) ?
25. ო. მაისურაძე, ლექსები, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 345)
26. ადამ ბობღიაშვილი, ლექსები, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4,, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 352-364)
27. ზვიად გამსახურდია, ღია წერილი საქართველოს მწერალთა VIII ყრილობის პრეზიდიუმისაგან, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 400-406)
28. მერაბ კოსტავა, გამოსათხოვარი, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4176, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 407-415)
29. ვის აძლევს ხელს?, გაზ. „კომუნისტი“,#68 (16805), 1977, 23 მარტი
30. მოღალატე ვარისევლები, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, #27, 1977, 28 მარტი
31. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დავით V, მიტროპოლიტი გაიოზი, წილვნელი, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი ეპისკოპოსი გიორგი,ალავერდელი, 17, III 77 წ. თბილისი 
32. ვ. ქვაჩახია, ცილისმწამებლებსა და პროვოკატორებმა პასუხი უნდა აგონ, გაზ. „კომუნისტი“,#76 (16813), 1977, 1 აპრილი
33. რედაქციისაგან, იქვე
34. საქართველოს მწერლების საკადრისი პასუხი, გაზ. „კომუნისტი“, # 77 (16814), 1977, 2 აპრილი
35. არა ცილი სწამო!,  სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დავით V, მიტროპოლიტი გაიოზი, წილკნელი, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი, ეპისკოპოსი გიორგი, ალავერდელი, 17. III, 77 წ. გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, #14 (2065), 1977 1 აპრილი
36. გ.კერატიშვილი, მითი და სინამდვილე, გაზ. „ასავალ-დასავალი“, #1 (797), 2009, 28 დეკემბერი – 2010, 10 იანვარი, გვ. 2-18
37. სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, ოქროს საწმისი, თბ., 2006, გვ. 13–28
38. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომის ოქმი, ოქროს საწმისი, 2006, გვ. 31-40
39. ოქროს საწმისი, იქვე, გვ. 8-9
40. უჩა ოქროპირიძე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის თანამედროვე პერიოდი და აჭარა (1988.X-1994.1.III), გვ. 22-23 
41. სოფიო ღლონტი, ზვიად გამსახურდიას ქრისტიანული მრწამსი (`ვერაბ კოსტავას განცხადება~), , თბ., 2007, გვ. 41-42.
      42. თამარ ჩხეიძის პირადი არქივიდან, გვ. 15.
43.  ე. შევარდნაძე, ფიქრები წარსულზე და მომავალზე, თბ., 2008.
44.  გ. თვალელი, აჭარელნი ლტოლვილნი (რიბაკოვსკის გეგმა მოქმედებაში), 1982.
45.  ელისაბედ ჩიხლაძე, ღია წერილი ამხანაგ ედუარდ შევარდნაძეს, გაზ.   
        „საქართველოს სამრეკლო“, #106 (136), 1999, 7–13 იანვარი, გვ. 3 და 8.
46.  ანდრია კუპეტოვი, ზარი ბიჭვინთის აგარაკზე, «Независимая газета», 18 июля, 1991.
47.  თამარ ჩხეიძე, სკკპ ცკ-ს გენერალურ მდივანს მ.ს.გორბაჩოვს, სკკპ ცკ-ს მდივანს ი.ლიგაჩოვს, საქართველოს კპ-ს პირველ მდივანს ჯ.ი.პატიაშვილს (თ.ჩხეიძის პირადი არქივიდან).


უჩა ოქროპირიძე