შემოგვიერთდით
კატეგორია / კრიტიკა   586 ნახვა    3 წლის წინ
ვაი, საწყალობელთ!..



ავტორთა კოლექტივმა 2012 წელს გამოსცა საქართველოს ისტორიის ოთხტომეული, რომელიც მოიცავს პერიოდს უძველესი ხანიდან დღემდე. ნაშრომი მრავალმხრივაა საინტერესო, მაგრამ მისი ყველა ნიუანსის შეფასება, ამჟამად ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს, თუმცა საკმაოდ დაგვაფიქრა მისი მეოთხე ნაწილის მე-19 თავის _ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა _ ზოგიერთი ავტორისათვის დამახასიათებელმა ისეთმა უპასუხისმგებლო და ოპუსური ხასიათის პასაჟებმა, რომელთაც ისტორიულ მეცნიერებასთან არავითარი კავშირი არ აქვს და წარმოადგენს ისტორიული ყალთაბანდობის სამწუხარო შედეგს. [საქართველოს ისტორია მე-19-მე-20 საუკუნეებში, ტ. 4, თავი მე-19, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, გვ. 485-506, II გამოცემა, თბილისი, 2012]
ლაპარაკობს რა საქართველოში “ჰელსინკის ჯგუფის” შესახებ, აღნიშნული თავის ავტორი, ალ. დაუშვილი ამბობს: “მათ გამოსცეს ლიტერატურული ჟურნალი “ოქროს საწმისი” (ოთხი ნომერი) და პოლიტიკური ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, მაგრამ ეს გამოცემები ხელნაწერთა სახით იყო, მცირე ტირაჟით და მხოლოდ ერთგულ ადამიანთა შორის ვრცელდებოდა. ჯგუფის წევრებს განუწყვეტლივ უთვალთვალებდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და ამიტომ, მათი პროპაგანდისტული შესაძლებლობები ერთობ შეზღუდული იყო.
მაგრამ სულ სხვა იყო ის ძლიერი ტენდენციები და აშკარა პროტესტი, რაც 70-იან წლებში შეიმჩნეოდა ქართულ ლიტერატურაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, _ აღნიშნავს დაუშვილი და შემდეგ ეწევა ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის მართლაც ნიჭიერი რამდენიმე პიროვნებისა და მათი შემოქმედების აპოლოგიას, რისი საწინააღმდეგო ჩვენც არაფერი გვაქვს; მაგრამ როდესაც ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზეა საუბარი, და როდესაც ზემოთ ავტორი ამ მოძრაობის მიერ გამოცემულ თვითგამოცემების შესახებ ლაპარაკობს, ნუთუ მათში ვერაფერი აღმოაჩინა ყურადღებისა და აღნიშვნის ღირსი?! მაგრამ, როგორც ჩანს, ალ. დაუშვილს ამ გამოცემების მარტო სათაურები აქვს წაკითხული, როგორც მას სჩვევია ხოლმე, და მათში, ეტყობა, არც ჩაუხედავს; თორემ აუცილებლად აღმოაჩენდა, რომ სწორედ ამ თვითგამოცემებშია ჩადებული ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოღვიძების, გაღვივებისა და განმტკიცების უდიდესი მუხტი, რომელმაც იგი უძლიერესი პოტენციის მატარებელ ძალად აქცია და ქვეყანა დამოუკიდებლობისაკენ წააყვანინა. და შემდეგ, ალბათ, ასეთი აბსურდული ნაყალბევის წაკითხვაც არ მოგვიწევდა იქვე, რომ იმ პერიოდში “იდეოლოგიური დიქტატის წინააღმდეგ ბრძოლის სულისკვეთება გავრცელდა ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში: ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, ლიტერატორები ცდილობდნენ კომუნისტური დოგმატების მსხვრევას, თავისუფალი სიტყვის თქმას”... და ა. შ. და ა. შ.[გვ. 488] ბოლოს კი, შეიძლება ისიც გახსენებოდა, რომ სწორედ ამ ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების _ ისტორიკოსების, ფილოსოფოსების, ლიტერატორების დამსახურება იყო ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, მართლაც სამარცხვინო, სასამართლო პროცესის შემზადება იმ დონის დემაგოგიური ოპუსებითა და ქმედებებით, რომელთა გახსენებაც მათ ავტორებს იმდენად ზარავდათ და ზარავს დღესაც, რომ ისინი საბჭოური სახელმწიფო აპარატისა და “სუკ”-ის დავალებათა შემსრულებლებიდან, ზვიად განსახურდიას პირად მტრებად ჩამოყალიბდნენ. თუკი ყველაფერი ეს ეცოდინებოდა ბატონ დაუშვილს, მაშინ შეიძლება თავი შეეკავებინა მსგავსი სულელური  ახირებისაგან, რომ “ამ ყველაფერმა (ქართული ინტელიგენციის აქტივობას გულისხმობს _ უ. ო.) შეამზადა მსოფლმხედველობითი საფუძვლები საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობისათვის. ამ პერიოდში მისი ჰეგემონი და იდეური ხელმძღვანელი საქართველოს ინტელიგენცია იყო, რომელიც, საბჭოთა რეჟიმთან ბრძოლის რადიკალური ფორმების გამორიცხვით, ცდილობდა საზოგადოების ევოლუციას სულიერი განწმენდის გზით”... თუმცა ჩვენ მისგან აღარაფერი გაგვიკვირდება. ხოლო საზოგადოების რა ევოლუციას ცდილობდა საბჭოთა საქართველოს ინტელიგენციის უდიდესი უმრავლესობა, მითუმეტეს, “სულიერი განწმენდის გზით”, ეს საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა თქმა უნდა, ბატონი დაუშვილი ათეისტი არ ბრძანდება და ამ ევოლუციაში მაიმუნის გაადამიანების უკუპროცესს არ გულისხმობს.
აქვე ნიშანდობლივია, რომ ქართველი დისიდენტების საქმიანობის მიჩქმალვის პარალელურად, მას არ ავიწყდება ფეხბურთის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტისას “საქართველოს კპ ცკ პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის პირადი მამაცობის” აღნიშვნა. [გვ. 488-489] იქვე კი ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ზვიად გამსახურდიას პიროვნებას, იმეორებს რა “სუკ”-ის მიერ ზვიადის დისკრედიტაციისთვის გამიზნულ აპრობირებულ ვერსიას, რომ “უშიშროების ორგანოებში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ ზვიად გამსახურდია საკავშირო ტელევიზიით გამოვიდა და მოინანია თავისი “დანაშაული საბჭოთა ქვეყნის წინაშე”. შემდეგ კი უშიშროების ყველა მოთხოვნა შეასრულა. ამის გამო ზვიად გამსახურდიას “შეუნდეს” და მერაბ კოსტავასა და ვ. რცხილაძისაგან განსხვავებით, ჩრდილოეთ კავკასიის ყიზლარის საძოვრებზე, ქართველ მეცხვარეებთან გადაასახლეს”... [გვ. 498], ისე აცხადებს ბატონი დაუშვილი, თითქოს გაგონილიც არ ჰქონდეს ამის შესახებ საქართველოს ერვნული გმირის მერაბ კოსტავას მიერ წერილობით დაფიქსირებული სიმართლე, რომ ყველაფერი ეს მოხდა მათი საერთო შეთანხმებით, ქართული ეროვნული მოძრაობის ინტერესებიდან გამომდინარე; და ასეთი სიბინძურის კიდევ ერთგზის გასაღების ცდისას, ეს სულიერი ხეიბარი ფიქრობს, რომ ვინმესთვის მისი ნაცოდვილარი შეიძლება უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდეს, ვიდრე მერაბ კოსტავას სიტყვა. ვაი, საწყალობელთ!..
    ყოველივე ეს იმაზე მიგვითითებს, თუ ვინ არის თავად ალექსანდრე დაუშვილი და ვისი პირადი“ხელის ბიჭია” ის დღესაც. როგორც თქვენც ხედავთ, ეს მრავალგზის ყოფილი ისევე გვასაღებს თავს ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ობიექტურ მკლევარად, როგორც დაუშვილად; მისი სტუდენტობის დროინდელი ნაცნობ-მეგობრები კი, მას არუცევად იცნობდნენ. ამიტომაც, ჩვენც მის გასაგონად ასე ვიტყოდით:
                       რად მოვსთხოვოთ ჩვენ არუცევს,
                       მისსა მოდგმას რაც არ უცევს?!.
    აქვე აღვნიშნავთ, _  მხოლოდ ჩვენს მიერ აქ გამომზეურებული  “ღირსებანი”  ეყოფა საქართველოს ისტორიის ამ ოთხტომეულს იმისათვის, რომ ის მის მშვენივრად შეფუთულ აქსესუარში ამოუღებლად ჩალპეს და წასაკითხად არავინ გადაშალოს, ვისაც ქართული ღირსება გააჩნია...

ისტორიის დოქტორი უჩა ოქროპირიძე
 6.06.2012 წელი