შემოგვიერთდით
კატეგორია / პუბლიცისტური სტატიები   682 ნახვა    3 წლის წინ
რად მოვთხოვო, მე არუცევს, მისსა მოდგმას რაც არ უცევს...



2009 წელს გამოიცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ალექსანდრე დაუშვილის მონოგრაფია, „აჭარის უახლესი ისტორიის საკითხები“ (გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2009), რომელშიც ის ამბობს, რომ „ბათუმელი კოლეგების ნაშრომების გაცნობამ, რიგ საკითხებზე პოლემიკამ, ჩემში დაბადა მოთხოვნილება უფრო ღრმად შემესწავლა აჭარის უახლესი ისტორიის რიგი საკითხები, მეწარმოებინა ამ მიმართულებით კვლევა, მომეძებნა ახალი საარქივო მასალა და ა.შ.“ [იქვე, გვ. 3], რამაც ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და გუნებაში გავიფიქრე კიდეც –„ყოჩაღ უჩა, კაცი აჭარის ისტორიით სერიოზულად  დააინტერესე და მასში ამგვარი „მოთხოვნილების დაბადებასაც“ შეუწყვე ხელი–მეთქი“ (ისე, თუ გააგრძელებდა და აჭარის ისტორიის საკითხების შესწავლას უძველესი პერიოდიდან მიჰყოფდა ხელს, ასე გულმოდგინედ, საქმითაც დაკავდებოდა და თან ბევრ სიავესაც აიცდენდა თავიდან...).
ასევე შეიძლება აღინიშნოს, რომ მონოგრაფია მრავალმხრივ საინტერესო საფეხურს წარმოადგენს ალ. დაუშვილის, როგორც მკვლევარის ჩამოყალიბების გზაზე. მაგრამ ავტორმა მისი თვალსაჩინო აზრების დამახინჯება რომ არ დამაბრალოს, როგორც სჩვევია, მერე კი მორიგი ტყუილებით და ცოდვებით არ დაიმძიმოს ისედაც საკმაოდ დამძიმებული სული, ამ ნაშრომზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, თუმცა კი სათქმელი კარგიც და კრიტიკულიც საკმაოდ ბევრია. 
მაგრამ რადგანაც ბუნება თვისი არ ისვენებს და ისევ უნებებია ჩვენი კრიტიკის გაგრძელება სათაურით –კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო! [იქვე, გვ. 168–184] (სხვათაშორის, მეც ამასვე ვეტყოდი ბატონ ალექსანდრეს!); თან არ მალავს, –ბათუმიდან დამირეკეს და მაცნობეს, რომ კრებულში იბეჭდებოდა უჩა ოქროპირიძის სტატია, რომელშიც გაკრიტიკებული იყო მისი ნაშრომი: „აჭარის ავტონომიის შექმნის საკითხისათვის“, და იმავე კრებულში „მიმიწვიეს“ მასზე პასუხის გასაცემად (პატივცემულო მკითხველო, როგორ მოგწონთ ბათუმელი „დამსმენლების“ თადარიგი და ისიც, თუ როგორ „უშვებს“ მათ  ბატონი დაუშვილი ისე იტყვიან ფერი–ფერსო, მაგრამ მაინც გირჩევდით, –მორიდებოდით ამ ჩვენი „აფუტკვნის“ მსურველს), გვიამბობს ბატონი ალექსანდრე და იქვე განაგრძობს: „მე მოვამზადე სტატია და ბათუმში გავაგზავნე. სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვეღარ შეძლეს ჩაფიქრებული კრებულის გამოცემა [გვ.168]. უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ ბატონი ალექსანდრე, ჩვეულებისამებრ იტყუება, რადგან ჩემი კრიტიკული წერილი ზუსტად აღნიშნულ კრებულში დაიბეჭდა და „ორგანიზატორებს“, ალბათ, ეყოთ ჭკუა მისთვის გვერდით ალ. დაუშვილის ტყუილებითა და სისულელეებით სავსე ნაცოდვილარი აღარ მიებეჭდათ. აღარ გავაგრძელებ სიტყვას სისულელეებზე; ერთ ტყუილზე ზემოთ აღვნიშნეთ, დანარჩენებზე კი ახლავე მოგახსენებთ.
ცდილობს რა იაფფასიანი მეთოდებით ფონს გასვლას, ბატონი ალექსანდრე კვლავ ჩემს დისერტაციაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ „...როცა მისმა სადისერტაციო ნაშრომმა საისტორიო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია“... და ა.შ. საისტორიო საზოგადოების თუ რა აღშფოთება შეიძლება გამოეწვია ჩემს სადისერტაციო ნაშრომს ამის ნათელსაყოფად აქვე ვაქვეყნებ აღნიშნული დისერტაციის წინასწარი დაცვის შედეგად გაკეთებულ „ექსპერტთა კომისიის დასკვნას“, რომელსაც ხელს აწერს თავად ალ. დაუშვილი. აქვე აღვნიშნავ, რომ დაუშვილისაგან შეცდომაში შეყვანილი სადისერტაციო საბჭოს წევრებიც კი, მალე მიხვდნენ ყველაფერს და მე დიდი მადლობელი ვარ მათი უმრავლესობის მიერ ჩემდამი გამოჩენილი სითბოსა და მეგობრულ თანადგომის გამო, აღარაფერს ვამბობ ზოგიერთი მათგანის მიერ დისერტაციის დაცვისას გამომჟრავნებულ იმ უდიდეს თანაგრძნობასა და თავდადებაზე, რომელსაც, ალბათ, ვერასოდეს გადავიხდი.
სურათი ნათელია,–მაგრამ მაშინ თბილისში მოღვაწე და ბათუმელი „ორგანიზატორების“ მიერ დავთარ არეული ალ.დაუშვილი (თვითონ აღიარა ჩემთან, რომ არ ვიცი ეს ხალხი რას გერჩისო) შეცდა და თავი გაყო იმ ყულფში, რომ-ელმაც იგი როგორც მკვლევარი და უპირველეს ყოვლისა, როგორც ადამიანი ნელ–ნელა, თანდათანობით მოაშთო. და ეს მოხდა იმიტომ, რომ მას არ ეყო ვაჟკაცობა ყოფილიყო თავისივე საექსპერტო დასკვნის ადექვატური და დროზე უარეყო უსამართლობაში თანამონაწილეობა.
ბოლოს კი მათ გასაგონად ვიტყოდი: რად მოვთხოვო მე არუცევს, მათსა მოდგმას რაც არ უცევს!?. ღმერთმა შეუნდოთ! 

                      ისტორიის აკადემიური დოქტორი უჩა ოქროპირიძე
                                                                          
                                                                   5.02.2011, 12 საათი