შემოგვიერთდით
კატეგორია / პუბლიცისტური სტატიები   868 ნახვა    3 წლის წინ
ნეობოლშევიზმის პარადოქსები საქართველოში


      საქრთველოს უახლოესმა ისტორიულმა წარსულმა, მასში კოლონიური მემკვიდრეობის დღემდე დიდი ზომით არსებობამ, განსაზღვრა მისი თანამედროვე მომენტის ნეობოლშევიკური ხასიათი. სწორედ მასში დევს უმრავლესობა-უმცირესობის პრობლემის გასაღები დღევანდელ საქართველოში და სწორედ ამ გადმონაშთების მოჭარბებამ განაპირობა ნეობოლშევიკური კონტრრევოლუცია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ აქ ვგულისხმობთ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდეგ მომხდარ მოვლენებს და განსაკუთრებით საქართველოში ხელისუფლების უკანასკნელი ცვლილების შემდეგ განვითარებულ პროცესებს... 
     ვინც ჩვენს ნააზრევში საკუთარ  თავს ამოიცნობს, თავიდან შეიძლება გაცხარდეს და ათასი საძაგლობა მოგვაწეროს, მაგრამ თუ მათ ჩვენი სამშობლოს მომავალი ოდნავ მაინც აწუხებთ, რამდენიმე წუთი მოთმინება იქონიონ და გულისყური მიაპყრონ ჩვენს მიერ მოყვანილ ფაქტებსა და არგუმენტებს, რადგან მდგომარეობის საღად გააზრების გარეშე შეუძლებელია ნორმალური სამომავლო პერსპექტივის არათუ შექმნა, არამედ მასზე ფიქრიც. და თუ მათი მიზანი მაინცდამაინც ჩვენს ქვეყანაში სხვათა ინტერესების სამსახურში “გალევა” არ არის, ამ პერსპექტივის შექმნას თუ ვერ შეძლებენ, მასზე ნორმალურად ფიქრს მაინც შეაჩვიონ გონება.
      დავიწყებთ იქედან, რომ ადრე ხელისუფლებაში მყოფი და ახლა ოპოზიციაში გადავარდნილი (გადავარდნილი და არა გადასული) “გამენშევიკებული” ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის ერთადერთი გზა მათი შეცდომების მართებულ გააზრებასა და მათი დაუყოვნებლივ გამოსწორებისათვის ზრუნვის დაწყებაზე გადის. მათ ვერაფერს უშველის “უცოდველობის მანტიის” მოსხმა და სახელმწიფოებრივი საქმიანობის ფარული საბოტაჟი, თუ არ შეიგნებენ, რომ შეცდომა იყო მოძულებულ მოძალადეობრივი რუსულის მოძალების ჩანაცვლება, ინგლისურის ასევე მოძალადეობრივი მოძალებით (ეს აშშ-მ, ინგლისმა და “პროდასავლურებმაც” კარგად გაიგონ, მათ მიერ ტერორიზმად მონათლული აქტიური წინააღმდეგობა, სწორედ ამ ძალადობის მიერაა ნაშობი)... 
      დასავლეთის კარზე ყურმიჭედებული ნაციონალები გადაყვნენ ამ “დასავლეთის” მოზღვავებული ვნებების და ნება-სურვილთა (გეი პარადების ლეგიტიმაციის ცდა საქართველოში, სექსუალური და ზნეობრივი უმცირესობების – რელიგიურს სპეციალურად არ ვხმარობთ, რადგანაც საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ტოლერანტობით და რელიგიური შემწყნარებლობით – ინტერესთა დაცვა, სხვა ქვეყნების არცთუ კეთილმოსურნე ბრბოების უკონტროლო შემოსევა და სხვა) აღსრულებას, რამაც გამოიწვია მათი მოწყვეტა ქართველი ხალხისაგან და მისი ინტერესების უპრეცედენტო უგულებელყოფა სოციალურ, ეკონომიკურ, თუ ადამიანის უფლებათა დაცვის ელემენტარულ საკითხებში (მაგ.: დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა.) და მათი “გაბოლშევიკება”... მათ ქართველ ხალხს დაუწყეს მოქცევა, არა როგორც თავიანთი მსახურების ობიექტს, არამედ როგორც საკუთარი თვით მომსახურების სუბიექტს, რომლის მორჩილებაში მოყვანის ხარჯზე უნდა მომხდარიყო ნაც-ელიტაზე “დასავლეთიდან” ნაკარნახევი ინტერესების განხორციელება საქართველოში. დასავლეთი აქ ადგილს არ ტოვებს ქართველი ხალხის ინტერესებისა და, რაც მთავარია, მისი ღირსების დაცვაზე დაფიქრებისთვისაც კი, მას უსიტყვოდ უნდა გაჰყვე...მისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესები, ღირსება და, საერთოდ, მისი აზრი. თუ ადრე კომუნისტური პარტია იყო "ჩვენი ეპოქის გონება, ღირსება და სინდისი”, ახლა ეს როლი მშვენივრად მოირგო და შეიღირსა კიდეც `"დემოკრატიულმა" დასავლეთმა. აქ განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ კომუნისტურ პარტიას თუ რაღაც ხილული, პიროვნული სახე მაინც გააჩნდა, ეს უსახური "დემოკრატიული დასავლეთი", ყოველდღე სულ თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, უზენაეს ფასეულობებზე "გეპატიჟება", მაგრამ თავად, ყოველთვის პირველ ტყვიას აჭედებს ამ ფასეულობათა შუბლში თავისი ფარისევლური, გულგრილი, პირდაპირ უსინდისოდ პრაგმატული დამოკიდებულებით, სწორედ ამ ფასეულობათა დაცვის საქმეში, და ამიტომაც, უფრო საზიზღარი, ორპირი არამზადაა. (გავიხსენოთ პირველი მსოფლიო ომი და ვერსალის ხელშეკრულება, 1921, 1924 წლები საქართველოში, მეორე მსოფლიო ომის შესამზადებელი პერიოდი და ერთა ლიგა "მიუნხენის გარიგებითურთ", უნგრეთის სისხლიანი ანგარისწორება თუ "პრაღის გაზაფხული", საქართველოს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენები და შემდეგ ე. შევარდნაძის კრიმინალური რეჟიმისადმი გაეროსა და დასავლეთის მხარდაჭერა და სხვა მრავალი რეგიონალური თუ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები).
     ნაციონალური მოძრაობის მეორე დიდი შეცდომა იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისადმი აგდებული, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება (საეკლესიო ინიციატივებისა თუ რელიგიური პრობლემებისადმი უყურადღებობა, ეკლესიის აზრის უგულებელყოფა და სხვა), თავად აზროვნების სეკულარიზაცია, – საერო, განსაკუთრებით ეკლესიის საწინააღმეგო ამბიციების არაზომიერი მოძალება, ეკლესიების ნგრევაში სახელმწიფო მოხელეთა აქტიურობა და სექტანტური მოძრაობების მოჭარბებული წახალისება, ეკლესიის თვალსაზრისის უგულებელყოფა წმინდა საეკლესიო-რელიგიური საკითხების გადაწყვეტის დროსაც კი, ურწმუნოებასთან წილნაყარი ფსევდო-რელიგიურობისა და მასთან დაკავშირებული ფარისევლობის მაღალი დონე, რაც, რა თქმა უნდა, არც ეკლესიისა და არც საზოგადოებისათვის შეუმჩნეველი არ რჩება და სხვა.
     ზემოთ აღნიშნული ცდომილებანი მათ მიერ საქართველოს დღევანდელობაში გამოვლენილი ნეობოლშევიზმის ერთი მხარეა, რომელმაც ხელი შეუწყო მეორე მხარეს ნეობოლშევიკური რევანშის სცენარით მოვლენების განვითარებაში. სწორედ ნაცმოძრაობის "მოღვაწეობის" უშუალო შედეგია "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებულ ნეობოლშევიკთა აისი; და ესენი რომ ნეობოლშევიკები არიან, ამას ამტკიცებს მათი ანტირუსული ძალებისადმი დაუოკებელი ანგარიშწორების სურვილი, ოღონდაც შემოვლითი მანევრით. მათთვის პირველადი აღმოჩნდა არა მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა, არამედ დაპატიმრებები სამართლიანობის სახელით, უპერსპექტივო ძალადობის დემონსტრირება იმავე ხალხის დაშინების მიზნით, ვისი სახელითაც თითქოსდა სამართლიანობის "აღდგენას" ეწევიან. მიდის მოწინააღმდეგეზე ნიშნისმოგება და არა მასთან სამართლებრივად გამართულ ენაზე საუბარი, და ყველაზე მთავარი – უმრავლეს შემთხვევაში პრორუსული აგენტურის რეაბილიტაცია ჰუმანური მიზნებით გამართლებული ამნისტიით და მათზე პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების სტატუსის მინიჭებით. ეს ძალიან ჰგავს 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების დადების შემდეგ საქართველოში შექმნილ სიტუაციას, როცა აქ ფაქტიურად მოხდა რუსული კომუნისტური აგენტურის რეაბილიტაცია-ლეგიტიმაცია, რის შემდეგაც დასვლეთმა და ე. წ. დემოკრატიულმა სამყარომ (საბაბი მიეცა – უ. ო.) სრულიად აიღო ხელი საქართველოზე და იგი საჯიჯგნად ბოლშევიკურ რუსეთს მიუგდო. როგორც აღნიშნული სიტუაცია, არც დღევანდელი დასავლეთისა და ე. წ. თავისუფალი სამყაროს დამოკიდებულებაა დიდად განსხვავებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სახელმწიფოებისადმი. ისინი აღშფოთდებიან, რეზოლუციებსაც მიიღებენ, გააპროტესტებენ კიდეც, მაგრამ ერთი წუთითაც ვერ ძლებენ რუსული ბაზრის, რუსული გაზის, რუსული ენერგორესურსების და რაც მთავარია, ჩვენდამი ფარისევლური მეგობრობის დაფიქსირების გარეშე – რადგან მათაც სჭირდებათ პირის მობანა და დემოკრატიული იმიჯის შესანარჩუნებლად ენით ზურგის ფხანა, თან იმავე რუსეთთან ჩვენი პრობლემისა და ინტერესების ხარჯზე ჩარჩული ვაჭრობა. თორემ არავითარი აზრი არ ჰქონდა მათ მიერ თუნდაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებათა შესასწავლად ტალიავინის კომისიის შექმნას.…მათ, თუ ადრე არა, 1921 წლიდან მოყოლებული მაინც კარგად იციან, ვინ არის აგრესორი, ოკუპანტი, სხვისი მიწებისა და სუვერენული უფლებების ხელმყოფ-მიმტაცებელი. მაგრამ ყველაფერი ეს დასავლეთს სჭირდება საკუთარი გულგრილობისა და განურჩევლობის შესანიღბავად, რომ ისევ აქეთ დაამუნათონ ისედაც ჩაგრული და ბოროტი უსამართლობით გასრესილი პატარა ერები, – ამით კი საკუთარი უსულგულობა და მასთან ერთად უილაჯობაც შენიღბონ. 
     საქართველოში ასე წახალისებული მემარცხენე თუ მემარჯვენე უკიდურესობანი, სინამდვილეში ერთი მასალისაგან ამოსული ნეობოლშევიკური პარადოქსების ერთობაა, სადაც თითქოსდა ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობილი და მოქმედი ძალები, შინაარსობრივად დიდად არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და პირდაპირი მნიშვნელობით, თავისუფლად გადადიან ერთმანეთში, ამასთან სწორედ თანამედროვე ქართულ ნიადაგზე არიან აღმოცენებული.(გურული გლეხის ანეგდოტი გაგახსენდება მენშევიკებისა და ბოლშევიკების განმასხვავებელი მაგალითით)... და ამ ორი უსამართლობის სცილასა და ქარიბდას შორის მოქცეული საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები, მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება, პირველ რიგში კი იმიჯი, ეწირება სწორედ ამ უსამართლობათა შეგნებულ თუ უნებურ სამსახურში ჩამდგარი ძალების ურთიერთბრძოლას. ეს არის ცივი ომის თანამედროვე გაგრძელება,  – ბრძოლა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ "ცრუ"-სა და მოდერნიზებულ "კგბ"-ს შორის. 
      ვისაც საქართველოს გადარჩენა სურს, პირველ რიგში უნდა მოახერხოს ამის მართებული გააზრება და დადგეს უპირველეს ყოვლისა საქართველოსა და ქართული საქმის გვერდით. 


წერილი II 

საქართველოში "სამართლიანობის აღდგენის" მორიგი რაუნდია... ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა, ისე როგორც მოდი ვნახოთ ვენახშია.
აქ ნიკოლოზ II მენშევიკებმა, მენშევიკები ბოლშევიკებმა, ბოლშევიკები კომუნისტებმა, კომუნისტები ერონულებმა, ეროვნულები მოღალატეებმა, მოღალატეები მოქალაქეებმა, მოქალაქეები ნაციონალებმა, ნაციონალები ოცნებამ მოაშთ–მოინელა, მაგრამ ამ ჩვენს ვენახს ვინ ჭამს, ჯერ ისიც ვერ დავადგინეთ და საკეთებელს კი მაინც ვერაფერი ეშველა. 
აქ, როგორც ხაზანოვი ხუმრობდა, ყველა პირველი, განუმეორებელი და შეუმცდარია, – მხოლოდ მათი წინამორბედები სცდებიან, ხელისუფლებაში მყოფნი კი, არასოდეს და ხალხიც სურთ ყოველთვის მათ მომხრე–მეტაშედ ყავდეთ დაგულვებული; ამიტომაც ტყუილ–დეზიმფორმაცია–ზომბირების ნაცად ხერხს ფართო გასავალი აქვს. ეს ჩვენი, მათ მიერ შემოგდებულ სისულელეეზე ყურებგაბასრული ელექტორატისათვის, ამდენი ტყუილებით გასავათებულისთვის, სულ ერთია ვის მიუგდებენ საჯიჯგნად და უკვე გონებადაბინდული ელოდება მორიგი მსხვერპლის გაგლეჯით მოგვრილ თავისებურ ორგაზმს. წარსული კი სრულებით ავიწყდება და აღარს სურს გახსენებაც, რომ ამგვარ სულის წარმყვნელი ნეტარების შემდეგ თავად მას როგორ გადააჯდნენ ზედ და იმდენი იხმარეს, დღესაც არა აქვს კარგად მოშუშებული ის  ნაიარევები და მისგან დატოვებული ტკივილები. სწორედ აქედან იღებს სათავეს მისი დღევანდელი გაბოროტება და შურისძიების ჟინიც.
ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა განთავისუფდეს ჩვენი ხალხი, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრების მიერ შემუშავებული, ენდემური სახადისაგან, ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა ისწავლოს მან ყურისგდება გონიერების ხმისთვის და ერთმანეთში ბოროტი ძალის მიერ ჩანერგილი მტრის ხატი კი არ უნდა ეძებონ, არამედ თანამოსაგრე, საქვეყნო საქმეებში თანამოაზრე და თანამდგომი. ამიტომ, ჩვენი ნააზრევი ზოგიერთებისათვის მეტად მტკივნეული და შეიძლება ძნელად მისაღები აღმოჩნდეს, მაგრამ ამ ტკივილის მიყენება გამოწვეულია აუცილებლობით, რომ მართლაც რეალურად დავფიქრდეთ,– რა გვჭირს?!
კარგი, ბატონო, სამართლიანობის  სახელით გსურს უსამართლობა გამოასწორო, მაგრამ რატომ არ ფიქრდებით,– განა ჩვენ ვიყავით ყოველთვის სამართლიანნი?!
რატომ გვავიწყდება ქრისტეს არაკი – "პირველი ქვა უდანაშაულომ ესროლოს", თუ "ახლა ჩვენი დროას" პრინციპით ვმოქმედებთ და აღარ გსურს იმ ქართულ სიბრძნეზე დაფიქრებაც კი, რომ "ღორმა ღორს უთხრა, დრუნჩიანოო"...
თუ ასე გავაგრძელებთ, ხვალე შეიძლება სხვისი დროც დადგეს და ვიქნებით ასე, ყოველთვის ბოროტ განზრახვებსა და შურისძიებაზე ორიენტირებული.
თქვენ, კაი ხალხო, თუ მართლაც ქართველები, ქრისტიანები და მართმადიდებლები ვართ, რატომ ვეძებთ სხვის თვალში წკირს მაშინ, როცა საკუთარში დირეს დანახვა არ გვსურს?! ან ყოფილი პრეზიდენტისა და მისი გუნდის გასამართლებაზე რომ გამოვიღეთ გულ–მუცელი, თანაც სულ ენაზე სამართლიანობის აღდგენა გვაკერია, მაშინ თუ სამართლიანობაზეა საუბარი, რატომ არ მოვიკითხავთ სამხედრო კრიმინალური გადატრიალების ავტორებისა და მათი ღირსეული ატამანის ედუარდ შევარდნაძის ბრალეულობას? თუ რადგან ბევრი ამ ბანდის წევრი დღესაც ხელისუფლებაშია, ზოგი პოზიცია, ზოგიც ოპოზიციაში, ამის შესახებ უცნობია ვინმესთვის... 
ხშირად ტელევიზიით გამართული დებატები მახსენებს ვითარებას, როდესაც აქლემის ქურდი, ნემსის ქურდს ამუნათებს და მორალს უკითხავს.
მოვრჩეთ მეგობრებო! თუ სიმართლე და სამართლიანობა გვაინტერესებს, ხომ ვიცით, ჩვენი თაობის ხალხმა მაინც, რომ ყველანი მოტყ.... მოტყ.... მოტყუილებული ვართ და უკანალისკენ ნუ ვიცქირებით, რადგან ყველამ კარგად ვიცით, იქ რაც დევს...
წინ, მომავლისკენ გავიხედოთ და დავაცალოთ მომავალ თაობას საკუთარი ქვეყნის ახალი მომავლის აშენება!!!
თქვენ კი რამდენიმე წელ დარჩენილო მარადიულო "მსაჯულებო", გაიხსენეთ ღმერთი და ისიც, რომ სულ მალე მოგვიწევს მისი სამსჯავროს წინაშე წარდგომა, იქ კი დღევანდელი ფარისევლური ტრიუკები ვერ გიშველით...
და თუ საქმე ისე წავიდა, რომ თქვენთვისაც, "როგორც უფალი, სამშობლო, ერთია ქვეყანაზედა" , უდიდეს სამსახურს გაუწევთ მას, თუ კი დაშოშმინდებით და მიეჩვევით ერთმანეთში მოყვასისა და კეთილისმყოფელის ძიებას...
ღმერთმა გიშველოთ!!!


                                          უჩა ოქროპირიძე
                                           2012. 9. 12.  ბათუმი