1989 წლის 9 აპრილი ბათუმში
47 ნახვა  
  4 კვირის წინ
1989 წლის 9 აპრილი ბათუმში
47 ნახვა  
  4 კვირის წინ
შემოგვიერთდით
კატეგორია / მატიანე   46 ნახვა    4 კვირის წინ
1989 წლის 9 აპრილი ბათუმში


1989 წლის დილას, საინფორმაციო პროგრამის „მოამბე“ მეშვეობით გავიგე 9 აპრი­ლის ღამით თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. მაშინ ბათუმში ჯავა­ხი­შ­ვი­ლის ქუჩის 72 ნომერში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. სასწრაფოდ სახლიდან გამოვედი და ინსტიქტურად ქალაქის ცენტრში მდებარე ილია მართლის ძეგლისაკენ გავეშურე (მაშინ იგი ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის  წინა მხარეს, ახლანდელი ნეპტუნის კომპლექსის ადგილზე იყო განლაგებული). ქალაქი უცნაურად იყო გაყუჩე­ბუ­ლი და მის ქუჩებში კაცის ჭაჭანება არ ჩანდა. ისე გავიარე ბათუმი ჯავახიშვილის ქუჩიდან ილია მართლის ძეგლამდე ქუჩაში თითქმის არავინ შემხვედრია. ბინებისა თუ სახლების ფანჯარა-დარაბებიც პირქუშად იყო გამოკეტილი. ილიას ძეგლთან მისულს იქ დამხვდა ათიოდე ბათუმელი პატრიოტი. ყველა მათ სახელსა და გვარს ვერ ვიხსენებ და ვინმე რომ არ გავანაწყენო, ამიტომაც არ ჩამოვთვლი, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი, როგორც გაზეთის მკითხველს, ისე, უპირველეს ყოვლისა, ყველა მათგანს, რომლებმაც გაბედეს და ასეთ ჟამს გარეთ პროტესტის გამოსახატავად გამოვიდნენ. ძეგლთან შეკრებილი პატრიოტები მკლავზე გაკეთებული შავი ლენტებით ილია მართლის ძეგლის პოსტამენტზე ანთებულ სანთლებს ამაგრებდნენ. მეც მათ შევუერთდი. ცოტა ხნის შემდეგ იქვე გაიმართა მსჯელობა, თუ როგორ გამოვხმაურებოდით ბათუმელები საბჭოთა ხელისუფლების მიერ თბილისში გამოვლენილ მხეცობას. თავიდან გადავწყვიტეთ გაშლილი ეროვნული დროშით, რომელსაც იქვე ვაფრიალებდით, გაგვევლო ქალაქ ბათუმის ქუჩები და ავსულიყავით სოუქ-სუს ეკლესიასთან, სადაც ტრადიციულად ხშირად ვიკრიბებოდით ანალოგიური საკითხების გადასაწყვეტად. მაგრამ სანამ ქალაქში ჩვენი მარში დაიწყებოდა, მანამდე ძეგლთან მოვიდა ქალაქ ბათუმის შინაგან საქმეთა განყოფილების მილიციელთა მცირე ჯგუფი (7-8 კაცი) მათი უფროსის მეთაურობით. მილიციელები თანაგრძნობით შეხვდნენ ჩვენს აქციას, მათმა უფროსმა კი, უხამსი ჟესტით გამოხატა თავისი დამოკიდებულება თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო ჩვენს მიერ შავი სამკლაურების გაკეთებისადმი, რაზეც იქვე მიიღო სათანადო პასუხი. რიგითი მილიციელებისაგან მხარდაუჭერლობის გამო გაწბილებული „ნაჩალნიკი“, იძულებული გახდა თავისი რაზმითურთ იქაურობას სულ მალე გაცლოდა.

გაშლილი ეროვნული დროშით ოციოდე პატრიოტი სოუქ-სუს სასაფლაოს ეკლესიისაკენ დაიძრა; მანიფესტაციას შემოუერთდა მხოლოდ ერთადერთი პიროვნება, მაშინ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის რეჟისორი მერაბ ლებანიძე. აქციის მონაწილეთა მიზანი იყო საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმისათვის დაგვენახვებინა, რომ ქართველი ხალხის დაშინება შეუძლებელია და სანამ ქვეყანაზე იქნება თუნდაც ერთი ქართველი, მასში ვერავი ჩაკლავს თავისუფლებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის  აღდგენისაკენ მისწრაფებას.

სოუქ-სუს სასაფლაოზე გამართულ შეკრებაზე გადაწყდა, რომ მეორე დღეს, 1989 წლის 10 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მაშინ ჯერ კიდევ პედინსტიტუტი იყო - უ. ო.) წინ, რუსთაველის ქუჩიდან ამავალ კიბეებთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაგვეტარებინა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია; მაგრამ მეორე დილით აქციაზე მოსული ხალხი და სტუდენტი-ახალგაზრდობა, ხელისუფლების მითითებით, ვიღაცამ უნივერსიტეტის შიგა ეზოში შეიტყუა და იქ ჩაკეტა. ეზოში ძლივს შევაღწიე და იძულებული გავხდით იქვე გაგვემართა საპროტესტო მიტინგი, რომლის შემდეგაც უნივერსიტეტის მიმდებარე ბულვარის ტერიტორიაზე გაშენებული იქნა 9 აპრილის თბილისის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ფიჭვების კორომი, სადაც შემდგომში დაიდგა მემორიალური ქვა წარწერით „9 აპრილის ცრემლი...“

აღნიშნულ აქციაზე მიღებული საპროტესტო რეზოლუციის თბილისში, ცენტრალ­ურ ქართულ პრესაში გამოქვეყნება, სამწუხაროდ,  ვერ მოხერხდა, რასაც მოყვა გარკვეუ­ლი გაუგებრობანი აჭარის მიმართ, რაც, ჩვენი აზრით, მაშინდელი საქართველოს სსრ-ს მარიონეტული  ხელისუფლებისაგან მართული პროცესის ნაწილს წარმოადგენდა.

 

                                                                                               უჩა ოქროპირიძე