შემოგვიერთდით
კატეგორია / ისტორია   2, 417 ნახვა    4 კვირის წინ
აფხაზეთის პრობლემის გაგებისათვის, ანუ



1989 წელს გამოცემულ ჰელსინკის ჯგუფისა და წმ. ილია მართლის საზოგადოების საინფორმაციო ჟურნალში „მატიანე“ (#4), რომელიც მთლიანად აფხაზეთის პრობლემებს ეძღ­ვნე­ბა, შესავალში ნათქვამია: „ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ და აფხაზ პატრიოტებს: გავაც­ნობიეროთ რეალობა, დავუკვირდეთ მტრების ფანდებს, რომელთაც ოსტატურად შექმნეს კონფრონტაცია ჩვენს ხალხებს შორის, რათა ისინი არ შეერთებულიყვნენ და არ დაპირისპირდებოდნენ მომ­ხვდურთ ამ მიწაზე! დროა, გამოვფხიზლდეთ, აღვადგინოთ ძმური ერთობა და შევუტიოთ ჩვენი ქვეყნების ისტორიულ მტრებს. ასეთი ერთობა ეოცნებებოდათ ჩვენი ქვეყნის რჩეულ შვილებს. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი დღესაც!“ (ჟურნ. „მატიანე“, #4, 1989, გვ, 3).

სამწუხაროდ, მაშინ ორივე მხარისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა გონიერების  ხმის გაგო­ნე­ბა, რადგან ეროვნული ძალებიდან მომდინარე ამ ჭეშმარიტად გონივრულ სულისკვეთებას სას­ტიკად დაუპირისპირდა რუსულ, და უფრო მეტად, საბჭოურ ნიადაგზე ამოზრდილი ბოლშე­ვიკურ-პარტიული საქმიანობისა და იდეოლოგიის პროდუქტი, საბჭოთა ჰომო-სოვეტიკუსური სის­ტემის ერთგული მსახური და მისი ნების ყურმოჭრილი აღმსრულებელი, ქართველი და აფხაზი ხალხის უბოროტესი მტერი - საბჭოური ნომენკლატურა!

აღნიშნულმა ნომენკლატურამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი ხალხების ერთმანეთისაგან გასა­უცხოებლად, ერთმანეთზე წაკიდებისა და მათ მიერ ერთმანეთისადმი უკიდურესი სიძულვილის დასათესად და გასაღვივებლად. შემდეგ კი, საჭირო დროს ხელოვნურად შექმნა მისგანვე მართუ­ლი კრიზისი და ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ მიუსია გამოსოვეტიკუსებული, ნომენ­კლა­ტურული კასტისა და მისი სატელიტებისაგან შეგნებულად შეცდომაში შეყვა­ნი­ლი ორი მოძმე ხალხი (გამოსოვეტიკუსებული ნიშნავს ადამიანის ისეთ ფსიქოლოგიურ ტიპს, რომელსაც ყოველ­გვარი თვალხილული სიმართლის დანახვასა და აღიარებას, ავტორიტარისაგან მოწოდებული და იდეოლოგიურ „პარში“ გატარებული ილუზია და სიცრუე ურჩევნია; ფაქტობრივად ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ნოდარ ნათაძემ „აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა“ უწოდა). ამის მაგალითია ჩვენი თანაცხოვრების საბჭოური პერიოდი და დღევანდელი ვითარება, აღარაფერს ვამბობ რუსეთის ცარიზმის მცდელობებზე...

სწორედ ამ ფენას ემყარებოდა და ემყარება საქართველოში არსებული ყველა ავტორი­ტა­რუ­ლი რეჟიმი. ჩვენდა სამწუხაროდ, აღნიშნული კომუნისტური ნომენკლატურის მმართვე­ლობის პერიოდში დაბადებული და აღზრდილია საქართველოს დღევანდელი მოსახლეობის უმ­რავლესობა და ამიტომაც, ქართული საზოგადოებრივი ორგანიზმი და სახელმწიფოებრივი სისტემაც სუსტია, რადგან ჩანასახოვან მდგომარეობაშია და სუსტია მისი მთავარი საყრდენი, - ქართული სამოქალაქო საზოგადოება. ამ და მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესების გამო ქართული სახელმწიფო არსებობას განაგრძობს საკუთარი სუვერენობის მძლავრ მეზობელ სახელ­მწიფოთა  და თანამედროვე მსოფლიო წესრიგის მესვეურთა მიმძლავრების ფონზე, სადაც მასზე და მის ნებაზე, სამწუხაროდ, თითქმის აღარაფერია დამოკიდებული [ოქროპირიძე უ., კიდევ ერთხელ „თურქი-მესხების“ პრობლემის შესახებ, ბათუმის შრს უნივერსიტეტი ნიკო ბერძენი­შვი­ლის ინსტიტუტი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხები, II (VII), ბათუმი, 2017, გვ. 53-72 (71)]. მაგრამ, როგორც ეს ზემოთაც აღვნიშნეთ, ასეთი ვითარებაა ძალიან დიდი ხანია; ამ მიმართულებით მუშაობა განსაკუთრებით გაძლიერდა საბჭოთა ეპოქაში, ხოლო მისი უშუალო შედეგები საქართველოში გათვალსაჩინოვდა სახელმწიფოებრივი დამოუ­კი­დებლობისათვის ბრძოლის დაწყების დროიდან, რისთვისაც ნიადაგი დიდი ხანია მიზან- მიმართულად მზადდებოდა. ამას სრულიად ადასტურებს  ჩვენს მიერ მოხსენებულ ჟურნალში „მატიანე“ თავმოყრილი მასალა აფხაზეთის პრობლემის შესახებ.

მაგალითად, - აფხაზეთის ქართველების პეტიცია სკკპ XXVI ყრილობის პრეზიდიუმს, სკკპ ცკ-ს გენერალურ მდივანს ლ. ი. ბრეჟნევს... სკკპ ცკ-ის წევრობის კანდიდატს, საქართველოს კპ ცკ-ის პირველ მდივანს ე. ა. შევარდნაძეს. - მიუხედავად იმისა, რომ მას გააჩნია სიმართლის თქმისა და სამართლიანობის აღდგენის პრეტენზია; - თუმცა კიდეც ამბობს გარკვეულ სიმართლეს, მაგ­რამ ნაწილობრივ და, ამასთან სამართლიანობის აღდგენისათვის მიმართავს პეტიციაში აღწერილ უმსგავსობათა უმთავრეს სულის ჩამდგმელთ და ამ სისტემის უშუალო შემოქმედთ, საბჭოთა ნომენკლატურული მმართველობის ჩამომყალიბებელსა და მის უმთავრეს ავტორთ. ამიტომაც, მიმართვის ტექსტიც , ისევე როგორც ამ ყალბი სისტემის მთელი მახინჯი ორგანიზმი, აგებულია ყალბ და, რაც მთავარია, არაგონივრულ, უსამართლო ორიენტირებზე. მისი ავტორები, იმის მა­გივ­რად რომ ემხილებინათ საბჭოთა ნომენკლატურული მმართველობის  სისტემის მთელი სიმა­ხინჯე, აკეთებენ იმას , რასაც სწორედ ამ სისტემის სიცოცხლის უნარიანობა ემყარებოდა და მისი არსებობის გამართლებას უზრუნველყოფდა, - პეტიციაში წინ წამოსწევენ და საუბრობენ რა იმაზე, რომ „იმ დროს ავტონომიური რესპუბლიკის  (აფხაზეთის ასსრ-ს - უ. ო.) უმცირესობის  - აფხაზთა (15 %) ხელში იყო ნომენკლატურულ თანამდებობათა ორი-მესამედი... ბრძოლამ „თანამდებობე­ბი­სათვის“ უმთავრესად ანტიქართული ხასიათი მიიღო... კორუფციის ზრდამ შეუძლებელი გახადა ეფექტური ბრძოლა ვ. კობახიას მფარველობის ქვეშ მყოფ საქმოსანთა და მაქინატორთა წინააღ­მდეგ... „და ა. შ. არავის ახსოვს სამშობლოს ინტერესები და  არც არავინ ამხელს „გააფხაზე­ბულ ქარ­თველებს“  ნომენკლატურულ თანამდებობებისა და პრივილეგიების მისაღებად გადადგმული ამ ნაბიჯისათვის, რადგან ამავე მიზნისათვის, მათი დიდი ნაწილი, სამომავლოდ თვითონაც მზად იყო ანალოგიური ნაბიჯზე წასასვლელად. არც იმის თქმა და აღიარება სურს არავის, ან კიდევ ანა­ლოგიური მიზეზით, თავშიც არ მოსდით, რომ ყველაფერ  ამის სათავეს წარმოადგენს მახინჯი და ბო­­ლომდე კორუფციული სისტემა, რომელსაც თავი სწორედ მოსკოვში ედო. და თუ არა მათი მოს­კოველი წამქეზებლები და შემკვეთ-მფარველები, - კობახიები, ჯენიები, არგუნები, კეხირ-იფები და მთელ აფხაზეთში მოქმედი საქმოსან-მაქინატორთა კამპანია, ვერაფერს გაბედავდა; მი­თუმე­ტეს, 1977 წლის დეკემბრის წერილით საქართველოს მაშინდელი კპ ცკ-ის პირველი მდივნის ე. შე­ვარდნაძის მიერ აფხაზი ხალხის მიმართ ბერიას პოლიტიკის გაგრძელებაში მისი დადანა­შა­უ­ლება, აფხაზეთის ასსრ-ს საქართველოდან გამოყოფა და რუსეთის სფსრ-ში შეყვანის მოთხოვნა, თავშიც არავის მოუვიდოდა, თუ არა მოსკოვის კრემლიდან ანდრეი სუსლოვის მსგავსთა მიერ საქარ­თველოს დასაშლელად აშკარა წამქეზებლური, მავნებლური საქმიანობა. სწორედ ამ საქმიანობის შედეგი იყო აფსუა გ. ანშბას მუქარა ქართველების მიმართ - „გეყოფათ აფხაზეთში ცხოვრება, წა­დით აქედან, სანამ არ დაგხოცავთო“, გაგრის ქალაქკომის  პირველ მდივან კვანტალიანთან დაკავ­შირებული და სხვა ინციდენტები თუ პროვოკაციები, რომლებიც ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან აფხაზეთში ქართული მოსახლეობის არარაობრივ ყოფაზე, რასაც ხელს უწყობდა და თავის მხრივ კი­დევ უფრო აქეზებდა, საბჭოთა ნომენკლატურული მმართველობის უერთგულესი  მსახური სა­ქ­არ­თველოში - ედუარდ შევარდნაძე, - მისი უნიათო და  მხოლოდ საბჭოთა ნომენკლატურულ ინ­ტე­რესებზე გათვლილი ე. წ. დროებით დაშოშმინების  პოლიტიკა, - მერე კი, თუნდაც ქვას ეთოვა. ამ­­გვარი პოლიტიკა ფაქტობრივად აფხაზეთში აღნიშნული სისტემის  მიზნებისა და სურვილების  განხორციელებას წარმოადგენდა და ამდენად ქართული სახელმწიფოს მიმართ მოღალატური იყო.

საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პეტიცია, დიდ წილად, სავსეა ელემენტა­რუ­ლი დასმენებითა და ყალბი პათოსით კომუნისტთა მიერ პარტიული დისციპლინის დარღვევათა შესახებ, რომელთა მთავარი მიზანიც ტომობრივი ნიშნით, ამა თუ იმ ნომენკლატურული თანამ­დებობის მოპოვება იყო; მაგრამ ყველაზე ამაზრზენი იყო და  ურთიერთ სიძულვილის გამღვი­ვე­ბელ მთავარ სტიმულატორს წარმოადგენდა ის, რომ ვინმეს მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლა საერთოდ არ აინტერესებდა და თანამდებობრივ სავარძელში აბობღების შემდეგ, თავადაც სია­მოვნებით განაგრძობდა საქმოსნობასა  და მაქინატორობას. და წარმოიდგინეთ რა მორალურ-ზნე­ობრივი ატმოსფერო იქნებოდა ამ ასპარეზზე თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს „მრავალ­რი­ცხოვანი საჩივრები გაგზავნილი ზემდგომ ორგანოებში, გარჩევისა და რეაგირებისათვის იმავე  ხელ­­მძღვანელებს უბრუნდებოდათ, რომელთაც მშრომელნი უჩივიან. საჩივართა სამართლიანი განხილვის ნაცვლად, მომჩივანნი“ ახალი დევნის მსხვერპლნი ხდებიან, მათ ეროვნულ და ადამი­ანურ ღირსებას აბუჩად იგდებენ და ცინიკურად ეპყრობიან“ - აღნიშნულია პეტიციაში (იქვე, 17).

ასე, რომ დაშვებული იყო ყველაზე ცინიკური და თვით ადამიანობის შეურაცხმყოფელი მეთოდები, „დახურულ კასრში კაციჭამიას გამოსაყვანად“. ხოლო ამ საქმის „ მეცნიერულ დონეზე“ შემზადებას ემსახურებოდა კუზნეცოვის (1922 წ.), აშხაცავას (1925 წ.), ფაჩულიას (1968 წ.), ინალ-იფას (1965, 1976 წლების), ვორონოვის (1978 წ.), ტრაპეზნიკოვის (1979 წ.) ნაშრომები და მათი პრაქ­ტიკული საქმიანობა (აფხაზეთის ქართველთა პეტიცია... გვ. 6-20). ქართველი სპეციალისტების კრი­ტიკისა კი ვორონოვ-ტრაპეზნიკოვებსა და კამპანიისა არ ეშინიათ, რადგან  მათ იციან, რომ „ამ­გ­ვარ საკითხებზე მსჯელობისას ისინი დუმილს ამჯობინებდნენ... (ბაქრაძე აკ., რუსთა მეც­ნიერება და ქვათა ღაღადი, - უმეცრება თუ პროვოკაცია?, ჟურნ. „მატიანე“, იქვე, გვ. 21-28). პირი­ქით, ერთერთი მათგანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის თანამ­შრომელი გურამ მამულია რედაქტირებას უკეთებს და ვიზას აძლევს ასეთ საქართველოსათვის მავნე შინაარსის წიგნს საქართველოში (Chrushkova L. G., Skulptury rannesrednovekovoy abxazii, Tb., izd. “Mecniereba”, 1980).

სიმართლეს თუ ვიტყვით, საბჭოთა ნომენკლატურული სისტემა ანალოგიურ პოლიტიკას ატარებდა აჭარის ასსრ-შიც; აქაც ცდილობდნენ ხელოვნურად გამოეწვიათ და გაეღვივებინათ ერის შიგნით დაპირისპირება და ანტაგონიზმი. ამგვარი წერილები-დასმენებით მანიპულირების შედეგად უზრუნველეყოთ ურთიერთ გაუცხოებისა და მძულვარების ატმოსფერო. ამავე მიზანს ემსახურებოდა აჭარაში ე. წ. „გარდაქმნის ხელისშემწყობი აჭარის საზოგადოება“; თუმცა საქართვე­ლოში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მძლავრმა გაქანებამ მათ ლიდე­რ­ებ­ზეც მოახდინა გავლენა და ზოგიერთთან უშუალო კონტაქტების შემდეგ მოხერხდა მათი აქ­ტი­ვობის განეიტრალება და ეროვნული იდეალებისადმი სიმპათიით განწყობაც კი, თუმცა მათ­შიც იყვნენ ისეთები, რომლებიც „თავიანთი საქმის“ ბოლომდე მისაყვანად უკან არაფერზე დაიხ­ევ­დნენ და მზად იყვნენ შეწირვოდნენ ნომენკლატურული სისტემისადმი ერთგულ სამსახურს, მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა, მათ ამის საშუალება, საბედნიეროდ, არ მიეცათ. ამის ერთ-ერთ მიზეზად ჩვენ ისიც მიგვაჩნია, რომ ისინი ჯერ კიდევ ქართულად ფიქრობდნენ და აზ­როვნებდნენ და მიუხედავად უპირობო მოვალეობისა, შეესრულებინათ უეროვნებო ნომენკლა­ტურის დაკვეთა, მაინც, (შეიძლება ეს მათზე დამოუკიდებელი მიზეზების გამო,  ქვეშეცნეულად მო­ხ­და) საბოლოოდ ვერ გაიმეტეს თავიანთი მშობლიური გარემო, რომელშიც ისინი ამ ენაზე ოპე­რირებდნენ. ენა რომ ერის სულიერი გამოხატულების რეალური ფაქტორია, ამას გვაფიქრებინებს უტყუარი ფაქტები: 1956 წლის მარტსა და 1978 წლის მაისის ამბების დროს, ქალაქ ბათუმში მიუხედავად სტუდენტური მოძრაობის საკმაო გაქანებისა, ორივე შემთხვევაში საპროტესტო მანიფესტაცია-მიტინგებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს მხოლ­ოდ  რუსული ფაკულტეტის სტუდენტებმა, (ბიბილეიშვილი ი., საქართველოსათვის, ბათუმი, 2011, გვ. 16; მეგრელიძე რ., 1978 წლის 26 მაისი ბათუმში, ბათუმი, გამოც. „აჭარა“, 1997, გვ. 9)  რამაც რუსული ენა წარმოაჩინა როგორც იმპერიული სულისკვეთებისა და განწყობილების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, ამხილა მისი შინაგანი იმპერიული ბუნება. ამან კი, კიდევ ერთხელ დაამ­ტკი­ცა, რომ „ ენა ჭეშმარიტი სულია ერისა“... მაშინდელი აფხაზეთის ინტელიგენციის უდიდესი ნაწი­ლი ფაქტობრივად გარუსებული იყო და მშობლიურ ენაზე აღარ საუბრობდა. ხოლო ვორონინ-ტრაპეზნიკოვების მოსმენამ თუ სადამდე მიიყვანა საქმე, ეს დღეისათვის ყველასათვის ნათელია. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო, ქართული მხრი­და­ნაც არ ისმოდა გაწონასწორებული, საერთო საქმის სასარგებლოდ მომართული გონიერების ხმა, თუ არ ჩავთვლით აღნიშნული ჟურნალის „მატიანე“ შესავალ წერილში, „აღდგეს ერთობა“ დაფიქ­სირებულ ჯანსაღ პოზიციას. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ კრებულის შემადგენლობა და შინა­არსი ნაკლებად პასუხობს წერილში დაფიქსირებულ მიზანდასახულობას და პრობლემათა გადა­წყვეტის რეალურ გზას... „აფხაზი“ ავტორებისთვის კი ბედიის, მოქვის, დრანდისა და ლიხნის კუ­ლტურულ ძეგლთა კუთვნილების დასადგენად გადამწყვეტი აღმოჩნდა „ბებია ასინეთის მონათ­ხრობი“, რომელიც თურმე ამ ტაძრებს ხშირად იხსენიებდა  „აფხაზურ ძეგლებად“ (ლორთქი­ფა­ნიძე მ., ცნობა თუ დეზინფორმაცია?, ჟურნ. „მატიანე“, იქვე, გვ. 30). ასე, რომ აქ ქართულ-აფხა­ზუ­რი ნომენკლატურული კლანის ფანტაზია ძალიან შორს იყო წასული და საკუთარი ყალბი არგუ­მენტების გასამყარებლად, როგორც ჩანს, ყველაფერი დაშვებულია. მაგრამ ვისაც სიმარ­თ­ლის და­ნახვის ელემენტარული სურვილი გააჩნია, მისთვის ყველაფერი ნათელია, სავსებით ზე­და­პირზე დევს და მორწმუნე ადამიანს მისი აღქმა არ უნდა გაუჭირდეს; მაგრამ ნომენკლა­ტუ­რული კლანის ყოვლისშემძლეობის  ილუზიით გაბრუ­ებ­ულ  მის ელიტას საკუთარი ფიზიკური და მატერიალუ­რი შესაძლებლობების უფრო სჯერა, ვიდ­რე თვალხილული ჭეშმარიტების და ჯიუტად აგრძე­ლ­ებს სატანის მსახურებას, რაც საბოლოოდ მათი მხილებითა და საკუთარ თავზე ღვთიური მსჯა­ვ­რის მოწევით დასრულდება. აფხაზი ხალხის ჭეშმარიტი შვილები კი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შერვაშიძის მემკვიდრის გიორგი შერვაშიძის სახით, თავიანთი ერ­ოვნული თვა­ლ­­საწიერის კავკასიურ ჰორიზონტს ასე აღიქვამენ: „მართალია, ჩვენს სამშობლოს ივე­რიას ყოველ­გვარი კულტურული განცდა გამოუვლია, მაგრამ ჩვენი წარსული ისე გაშეშდა, რომ დაგვებნა ერ­ოვნული ევოლუციის შარა და კანონი... დიახ, ჩვენ  შეგვიძლია თამამად ვთქვათ, იღბლის უკუღ­მართობას რომ ხელი არ შეეშალა, ევროპის წინათაც ვიქნებოდით დღეს; ვინაიდან, როდესაც ანდრია მოციქული აქ ქრისტეს მცნებას გვიქადაგებდა, მაშინ ევროპაში თვით დუკებსაც კამეჩის ტყავი ეცვათ ტანზე და ფეხშიშველა, შუბებით ხელში ნადირობდნენ ტყეში. მას მერე, როგორც იყო, ომით, მუდამ დავიდარაბით, მოვიტანეთ ჩვენი კულტურის ცხოვრება თამარ დედოფლის დრომდე, რომელიც იყო ივერიის ოქროს ხანა. შემდეგ კი უკუღმართად დატრიალდა ერის არსება, შემოსული მტრები არ გვაძლევდნენ საშველს და ხალხი დაიღალა. ნელ-ნელა ჩაქრა გონებრივი და ქონებრივი თანხა ქვეყნისა და დაიშალა ცხოვრება თვითარსებობისა; ენა გაღარიბდა, ზნეობა წაგვიხდა, ღონება-შეძლება დავკარგეთ, რაინდობა და პატიოსნება განვაგდეთ და ბოლოს მოვაღ­წიეთ ამ ხანაში, როცა კეთილდღეობას ვპოვნიდით ჯაშუშობასა და სამშობლოს მტრობაში“ (შერ­ვაშიძე გ., ლირიკა, ეპოსი, დრამა, სოხუმი, 1946, გვ. 18-19; ბაქრაძე აკ., იქვე, გვ 28).

აი, ამ გარემოს წარმომადგენლად მიაჩნია თავი აფხაზთა უკანასკნელი მთავრის პირდაპირ შთამომავალს (და ეს, როგორც მისი ნააზრევის კონტექსტიდან ჩანს, ეამაყება კიდეც - უ. ო.)  გიორ­გი შერვაშიძეს, უხსოვარი დროიდან იმ ეპოქის ჩათვლით, „როცა რაინდობა და პატიოსნება გან­ვაგ­დეთ და ბოლოს მივაღწიეთ იმ ხანაში, როცა კეთილდღეობას ვპოვნიდით ჯაშუშობასა და სამ­შობლოს მტრობაში“, ანუ ჩვენს მიერ ზემოთ მოხსენიებულ რუსული იმპერიალიზმის განახ­ლე­ბად ფორმათა ნომენკლატურულ მსახურებაში. გიორგი შერვაშიძე, გრძნობდა რა ყოველივე ამას, იქვე იმასაც გვეუბნება, რომ „თუ ქართველი ერი მთლიანად არ გადაშენდა, შთამომავლობა და მო­მავალი ჩასთვლის ჩვენს დროს გონების უმწიფარ ხანად“ (იქვე). გიორგი შერვაშიძის ამ სიტყ­ვების დადასტურებას წარმოადგენს აღნიშნულ კრებულში მოცემული, თითქმის, მთელი მასალა.

აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ აფხაზეთში ჩვენ, ქართველებს აფსუებზე მე­ტად  გვმტრობენ „გააფხაზებული ქართველები“, რომლებიც აფხაზეთში, სწორედ ნომენკლა­ტუ­რ­უ­ლი პრივილეგიებისა და თანამდებობების მისაღებად „აფხაზებად“ ჩაეწერნენ; ამიტომაც აფსუ­ებ­ისათვის ყოველთვის უნდა ემტკიცებინათ, რომ ისინი მათზე ნაკლები „აფხაზები“ არ იყვნენ. და კიდევ - მათ მიერ ამის დასამტკიცებლად  ჩადენილი  ანტიქართული ქმედებანი, ხშირ შემთხვე­ვა­­­ში, უკან, მშობლიურ წიაღში დაბრუნების ყოველგვარ შანსს უსპობდა, რადგან მათი ამ გზით წამ­ყვანი ძალის მიერ ყველაფერი თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული. სწორედ ამ ძალის მიზან­მი­მართული პოლიტიკის შედეგად ისინი კი არ „გააფხაზდნენ“, არამედ განომენკლატურდნენ, რაც მათი გარუსების წინაპირობად იქცა და ამ გზაზე აფსუათა მნიშვნელოვანი ნაწილიც გაიყოლიეს (ნომენკლატურული კლანის შემადგენლობაში ეროვნული ბალანსის დაცვა ურთულეს პრობლე­მას წარმოადგენდა - უ. ო.).

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებისა და დამოუკიდე­ბე­ლი სახელმწიფოს აღდგენის პირობებში, მათივე აზრით, მათ მიერ ჩადენილი საქმეების გამო, ამ კლანს უკან მოსაბრუნებელი გზა მოჭრილი ჰქონდა, თანაც მათი ანგარებით ჩადენილი ქმედე­ბე­ბის მხილებისაც სასტიკად ეშინოდათ და ეშინიათ დღესაც. ამიტომ, მათი  პატრონის შთაგო­ნე­ბით, ამ ადგილობრივ ნომენკლატურულ კლანს მომავალი მხოლოდ რუსეთის მიერ კონტრო­ლი­რე­ბად „აფხაზურ ანკლავში“ წარმოუდგენია და საკუთარი „პრესტიჟული არსებობის“ შესანარჩუ­ნებლად მათთვის ერთადერთი გზა აფხაზეთში რუსული ინტერესების დაცვა  და განმტკიცებაა. მაგრამ ამ საკითხში ისინი ისე შორს არიან წასულნი, საქმის ბოლომდე მისაყვანად, თანახმა გახდ­ნენ გარუსებაზე, - რადგან თუ აფსუური სახელმწიფოს საშენ მასალად გადაიქცევიან, მაშინ კიდევ ერთხელ, უარი უნდა თქვან უკვე მომხდარ საკუთარი გარუსების   ფაქტზე და გააფსუვდნენ; რაც, რუსული სახელმწიფოს დომინირების პირობებში, მათი აზრით, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნე­ბა. ამასთან ნამდვილ ეროვნულ სახელმწიფოზე  მეოცნებე ნამდვილი აფსუებისაც ეშინიათ, რად­გან ასეთ პოზიციას ისინი ღალატად ჩაუთვლიან. თუმცა ეს ბრალდება, ამ „დღევანდელ ღამუ­რ­ებს“, საბოლოოდ მაინც არ ასცდებათ, რადგან „არა არს საიდუმლო, რომელიც არა განცხადდეს“. იც­იან რა ესეც, ამიტომაც თავიანთ ერთადერთ ხსნას ისინი მათი „სულის მყიდველ“ რუსეთში ხე­დავენ. მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, მათ არ იციან თუ რა დასჭირდება რუსეთს მომავალში (აქამდე თუ რა სჭირდებოდა რუსეთს მათგან, ამას, მგონია, საქართველოში ქართულ-აფხაზური ნომენ­კლა­ტუ­რა უკვე მიმხვდარი უნდა იყოს და ისიც გაითვალისწინოს, რომ მათი რესურსი უკვე მილე­ვა­დია - უ. ო.).

ამიტომაც, ამ საბოლოო გადაშენების პერსპექტივას, ხომ არ აჯობებდა, რომ აფსუებთან ერ­თად, თავიანთ თანამოძმე ქართველებთან ურთიერთობის მოგვარებაზე ეზრუნათ? მითუმეტეს, ჩვენ კარგად გვესმის მათი როგორც ადრინდელი, ისე დღევანდელი პრობლემები და არც არფერში ვადანაშაულებთ. ზემოთ მოტანილი მკვეთრი გამოთქმები და ცნებები კი იმისათვის მოვიხმეთ, რომ მათი დღევანდელი მდგომარეობა, მათთვისვე ნათლად დაგვენახვებინა. ჩვენთან მათ, ნორმა­ლურ პირობებში, არავითარი სერიოზული  პრობლემა არ ჰქონიათ და არც არასდროს ექნებათ. ამი­ტომაც სასწრაფოდ შევამზადოთ ნიადაგი ურთიერთ მოსალაპარაკებლად და გონივრული კონსესუსის ნიადაგზე რომ არ გადაიჭრას, ჩვენი ღრმა რწმენით, ჩვენს შორის ისეთი პრობლემა არ არსებობს [ოქროპირიძე უ., კიდევ ერთხელ „თურქი-მესხების“ პრობლემის შესახებ, ბათუმის შრს უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორი­ისა და არქეოლოგიის საკითხები, II (VII), ბათუმი, 2017, გვ. 53-73 (66-68)]. ხოლო თუ სადამდე მიდის უეროვნებო ნომენკლატურის ცინიზმი და მანქურთული დამოკიდებულება მშობელი ერი­სადმი, ამის მაგალითად კმარა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების შეფის ალექსი ინაურის პასუხი 1956 წლის მარტის მოვლენებზე. როდესაც მას შეეკითხნენ, - რატომ გამოიყენა სამხედრო  ძალა უიარაღო მანიფესტანტების წინააღმდეგ, მათი დაშლა ხომ სახანძრო მანქანიდან მიშვებული წყლის ჭავლითაც  შეიძლებოდა, - მან ცინიკურად  უპასუხა: „ჩვენ რომ სახანძრო რაზმის შლანგე­ბით წყალი მიგვესხა დემონსტრანტებისათვის, ისინი გაცივდებოდნენ და ფილტვების ანთება და­ე­მართებოდათ!“ [საქართველოს მოამბე“, # 2, 1977, გვ. 32 (ეს ნომერი ძირითადად ეძღვნება მესხთა რეპატრიაციის პრობლემას)] აი, ამის მსგავს პასუხს უნდა ველოდეთ მომავალშიც, თუ ვინმე  საქართველოში ამ „რუსული რულეტის“ აქტიორთა საქმიანობას მოიკითხავს.

აქვე მინდა აღვნიშნოთ, რომ, სხვათა შორის 1989 წლის 9 აპრილი იყო გარდამტეხი პუნქტი და ქართველი ხალხის ღირსეული პასუხი ქართული ნომენკლატურული კასტის კოლაბორა­ციო­ნისტულ და საკუთარი ხალხის მიმართ მოღალატურ საქმიანობაზე. ამიტომაც, შეაფასა საქარ­თველოს ეროვნულმა გმირმა მერაბ კოსტავამ 9 აპრილის აპოგეა ასე: „ეს არის წამი უდიადესი...“ და უნდა ვიცოდეთ, რომ ამ წამის შემდეგ , - მიუხედავად უამრავი შინაგანი პრობლემებისა და ახლის შობასთან დაკავშირებული ტკივილებისა, ქართველი ერი დაუბრუნდა ტაძრისკენ მიმავალ გზას. მან ამ დღეს აჩვენა, რომ შეიგნო თავისი ღვთაებრივი მისია და დაღუპულ გმირთა წმინდა სისხლით აკურთხა იგი. აქედან იწყება გასაგნებული  სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაც საქარ­თველოში  წარმავალსა და მარადიულს შორის. ღვთისმშობლის წილხვედრი ჩვენი სამშობლო არ დაუშვებს ამ ბრძოლაში დამარცხებას, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, თამამად გვეთქმოდეს: „ჩვენთანნ არს ღმერთი!“, ანუ სიმართლე. სწორედ ამას ნიშნავს 9 აპრილის იდეალების სამსახური, რომელმაც  აუცილებლად ტაძართან უნდა მიგვიყვანოს.

  

 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები

 

1.    ჟურნალი „მატიანე“, # 4, 1989;

2.    საქართველოს მოამბე, # 2, 1977;

3.    აღდგეს ერთობა, ჟურნ. „მატიანე, იქვე, გვ. 3;

4.    აფხაზეთის ქართველთა პეტიცია  სკკპ XXVI ყრილობის პრეზიდიუმს, სკკპ ც;-პს გებერალურ მდივანს ლ.ი. ბრეჟვევს; ასლი: სკკპ ცკ-ის წევრობის კანდიდატს, საქარ­თველოს კპ ცკ-ის პირველ მდივანს ე. ა. შევარდნაძეს, ჟურნ „მატიანე“, იქვე, გვ. 6-20;

5.    ოქროპირიძე უ., კიდევ ერთხელ „თურქი-მესხების“ პრობლემის შესახებ, ბათუმის შრს უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, სამხრეთ-დასავლეთ საქართვე­ლოს ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხები, II, (VII), გვ. 53-73;

6.    ბიბილეიშვილი ი., საქართველოსათვის, ბათუმი, 2011;

7.    მეგრელიძე რ., 1978 წლის 26 მაისი ბათუმში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქ-ოს ისტორიის კათედრა, საისტორიო მაცნე, # 6, ბათუმი, 1997, გვ. 3-17;

8.    ბაქრაძე აკ., რუსთა მეცნიერება და ქვათა ღაღადი, უმეცრება თუ პროვოკაცია?, ჟურნ. „მატიანე“, იქვე, გვ 21-28;

9.    ლორთქიფანიძე მ., ცნობა თუ დეზინფორმაცია?, ჟურნ. „მატიანე“, იქვე, გვ. 29-30;

10. შერვაშიძე გიორგი, ლირიკა, ეპოსი, დრამა, სოხუმი, 1946, გვ 18-19;

11. Anchabadze Z., Trash m. M., Ocherki istorii Abxazckoi ASSR, Chast I, Suchumi, 1960;

12. Anchabadze Z., Iz istorii srednevekovoi Abxazii, Suchumi, 1969;

13. Antelava i. g., Ocherki po istorii abchazii XVII-XVIII vekov, Suchumi, 1961;

14. Chrushkova L. G., Skulptura rannesrednovekovoi Abchazii, Tbilisi, izd. “Mecniereba”, 1980;

15. Pamiatniki drevnei kulturi Abchazii, izd. “Izabrazitelnoe iskustvo”, M., 1972 (S predisloviem Giorgi Gulia – “Govariashie kamni Abchazii”);

16. Voronov IU. N., V mire architekturnich pamiatnikov Abchazii, Moskva, 1978;

 

 

 

            უჩა ოქროპირიძე

დავამთავრე 2018 წლის 9 დეკემბერს,

დავბეჭდე 2018 წლის 12 დეკემბერს