შემოგვიერთდით
კატეგორია / კონფლიქტები   46 ნახვა    4 კვირის წინ
კიდევ ერთხელ "თურქიმ-მესხების" პრობლემის შესახებ


საბოლოო ვარიანტი

კიდევ ერთხელ „თურქი-მესხების“ პრობლემის შესახებ

 

ევროსაბჭოში შესვლისასა 1999 წელს, საქართველომ, 1944 წელს გასახლებული, ე. წ. „თურქ-მესხებად“ მოხსენებული მოსახლეობის უკან დაბრუნების ვალდებულება იკისრა. აღებული ვალდებულების თანახმად, რეპატრიაციის პროცესი 2002 წელს უნდა დაწყებულიყო და 2011 წელს დამთავრებულიყო.

საქართველოში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, 2005 წელს ევრო საბჭომ ახალი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რეპატრიაცია 2013 წლამდე გადაიდო. 2007 წელს კი მიიღეს საქართველოს პარლამენტის კანონი „რეპატრიაციის შესახებ“, რომლის შესრულება, მასში ჩადებული ხელოვნური პრობლემების გამო, თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც, ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში ამ ე. წ. თურქი-მესხების საკითხი ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა. ამასთან, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, „თურქი-მესხების“  საქართველოში დაბრუნების საკითხს უნდობლად ეკიდება, რადგან მასში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის კიდევ ერთ საფრთხეს ხედავს. განსაკუთრებით რადიკალურად არის განწყობილი მესხეთის თანამედროვე მკვიდრი მოსახლეობა.

აღნიშნული საკითხით ადრევე დავინტერესდი და ჯერ კი­დევ 1991 წლის აგვისტოში ადიგენის რაიონში მოვაწყვე ექსპედიცია მისი შესწავლის მიზნით. მაგრამ იმდროინდელ საბჭოთა კავშირში საკავშირო პრობლემების გააქტიურების გამო, იძულე­ბული გავხდით საქმე მოულოდნელად შეგვეწყვიტა, თუმცა საერთო სურათის მომცემი მასალა, თითქმის ერთი-ერთზე ემთხვევა ერთმანეთს და მათგან გამომდინარე ერთიანი საბოლოო დასკ­ვნა ასეთია: - „თურქი მესხების“ საქართველოში  დაბრუნება შეუძლებელია და თუ ისინი დაბრუნდებიან, ჩვენ უნდა დავტოვოთ ჩვენი სამშობლო!“- ამბობენ მესხეთის მკვიდრნი.

ადიგენის რაიონის სოფელ უდეში მცხოვრები პეტრე ქიქოშვილი აღნიშნული კონტიგენტის შეფასებისას მეტად კრიტიკული და კატეგორიულია, აცხადებს რა, რომ „აჭარამ სარწმუნოება შეიცვალა და ენა შეინარჩუნა, რითაც აქ ქართული თავისთავადობა შენარჩუნებული იქნა. აქაურებმა კი დაკარგეს და დაივიწყეს როგორც ენა, ასევე უარყვეს სარწმუნოებაც და სრულიად გათათრდნენ. აჭარაში თუმცა 300 წელი იყვნენ თურქები, მაგრამ მათ ენა, - ქართული შეინარჩუნეს და მათი გადაგვარება თურქებმა ვერ შეძლეს. გადაგვარებულები კი - ენას რომ დაკარგავს, გვარს რომ დაკარგავს და ყველაფერ ქართულს რომ დაკარგავს - ის თურქზე უარესია!“ და ამ შეფასებისაგან დიდად არ განსხვავდებოდა სხვა რესპონდენტთა შეფასებანი, პირიქით, ზოგიერთები ამაზე უფრო მძაფრიცაა. ამასთან ძალზე გვენიშნა ამავე სოფლელ არტემ გელაძის ნათქვამი, რომ „ადიგენის რაიონში რამდენი მეჩეთიც არის, ყველა მეჩეთი ეკლესიის საძირკველზეა აშენებული... თუ მათ ქართველობა უნდოდათ, ეს მეჩეთები 1937-1939 წლებშია ნაშენები... აქ ვერ იქართველეს, აქ, საქართველოში და ახლა შუა აზიაში ნამყოფები იქართველებენ?!.. ააშენა ღმერთმა როინ მეტრეველი, მხარი დაგვიჭირა... ნაირა გელაშვილი,  მამულია, ბაქრაძე შუა აზიაში რომ დარბიან, ერთი აქ ჩამოსულიყვნენ და ჩვენთვის ეკითხათ, რას ვფიქრობთ...

იგივე რესპონდენტი კატეგორიულად აცხადებს: „ესენი არიან ნამდვილი თათრები, არავითარი ქართველები; ადამიანი ეროვნებას რომ შეიცვლის, სახელს რომ შეიცვლის, ენას დაკარგავს თავის სამშობლოში, ის ყველაზე საშიშია!“... ამ აზრს კი სხვებიც იზიარებენ. ადგილობრივთა ვარაუდით, ჩამოსახლების შემთხვევაში, თურქი-მესხები მოინდომებენ მხარის თურქეთისათვის გადაცემას, რის გამოც მათ უკან დაბრუნებას დანაშაულად და შეუძლებლად თვლიან (ექსპედიციის მასალები, 1991).

პრობლემა მართლაც, საკმაოდ რთული და თითქმის მოუგვარებელი ჩანს, მაგრამ რა დააშავეს თუნდაც იმ მცირერიცხოვანმა ადამიანებმა, რომლებსაც ქართული სახელმწიფოს წინაშე არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ და, უსამართლოდ დასჯილნი, სამშობლოში დასაბრუნებლად იბრძვიან. ან კიდევ, დამნაშავედ შეიძლება ჩაითვალონ ადამიანები, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში უწამლავდნენ ეროვნულ თვითშეგნებას და მათ მანქურთებად ჩამოყალიბებას ცდილობდნენ?! ამას კარგად დაფიქრება, ხოლო შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან  ღირსეული გამოსავლის პოვნას უდიდესი შრომა, არანაკლები თავდადება და მოთმინებით მოღვაწეობა სჭირდება, (რაც მომავლის საქმეა...) და არა მოუმზადებელი, ნაჩქარევი, წინასწარ შეუსრულებლობისათვის განწირული გადაწყვეტილებების მიღება.

           რაც შეეხება მაშინდელ ქართულ პრესას, პირველ რიგში,  უნდა აღვნიშნოთ მასში გამოხატული საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების პოზიცია, რომელიც მორიგი, კომუნისტური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი, დემაგოგიითა და ილუზორული სიყალბით ცდილობს ფონს გასვლას და თან ცდას არ აკლებს მეცნიერული მიუდგომლობისა და  „სიღრმისეული ანალიზის“ ფონი შექმნას, - შეცდომას უწოდებს რა იმას, რაც საქართველოში ბოლშევიკური რუსეთის (და საერთოდ, რუსეთის) მიზანმიმართული პოლიტიკა იყო საქართველოს დასანაწევრებლად და დასასუსტებლად - და რადაც აღნიშნული საზოგადოება წარმოგვიდგენს სამცხე-ჯავახეთის 220 სოფლის ერთი ხელის მოსმით დაცარიელებას მოსახლეობისაგან; უნდა ითქვას, რომ ეს იყო ქართველებისაგან ამ მოსახლეობის ხელოვნურად გაუცხოების მორიგი ეტაპი და რუსულმა სახელმწიფო მანქანამ იგი ლოგიკური შედეგით დაასრულა, რათა საჭირო მომენტისთვის ახალი, შეურიგებელი მტრები შეემზადებინა ქართული სახელმწიფოებრიობის მომავლისათვის, მისთვის ზურგში ხანჯლის ჩასაცემად. ამიტომაც ამ საზოგადოების მოწოდებაც, ახლა მაინც „ვიყოთ სამართლიანი  და შეძლებისდაგვარად გამოვასწოროთ ის შეცდომა, რომელმაც დანაშაულამდე მიგვიყვანა“, (მესხთა ტრაგედია, 1989) ყალბია, რადგან ამ დანაშაულში ქართველ ხალხს წილი არ უდევს და მასზე და მის ყველა შედეგებზე პასუხისმგებელია თავისი მიზნების განხორციელებაში დაუნდობელი და ვერაგი რუსული იმპერიული მანქანა. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების პოზიცია სავსებით სამართლიანად გააკრიტიკა ცნობილმა ქართველმა მწერალმა და პუბლიცისტმა ომარ გოჩელაშვილმა წერილში „მართლაც, არ ეგების თვალის დახუჭვა“ (გოჩელაშვილი, 1989).

მაშინაც ასეთი ორგანიზაციებისა და საზოგადოებების საქმე „პარტიული ხაზის“ დაცვასა და მისი პოლიტიკის გამართლების იქით არ მიდიოდა და ვერც წავიდოდა, მათთვის თავიდანვე განსაზღვრული როლის გამო. ამ როლიდან გამომდინარე, მათი უნიათობის გამართლების ცდას ვერაფერს მატებს საქართველოს დემოგრაფიული საზ-ბის თავმჯდომარის მოადგილის ი. ბეგიაშვილის ოპერატიულად მომზადებული საპასუხო წერილიც (ბეგიაშვილი, 1989)), რომელშიც იგი „სამართლიანობის აღდგენის“ მიზნით „კომპეტენტურ ქართველ მეცნიერებსა და სპეციალისტებზე“ და „თვითმხილ­ველ“ პარტიის ახალციხის რაიკომის პირველ მდივანზე მიუთითებს, თანაც მრავალმნიშ­ვნელოვ­ნად ირონიზირებს კიდეც. მაგრამ იგი თუ მართლაც სამართლიანად განსჯიდა ყველაფერს, მიხ­ვდებოდა, რომ სწორედ ეს „კომპეტენტური მეცნიერები და სპეციალისტები“, „პარტიულ ნომენ­კლა­ტურასთან“ ერთად, იყვნენ პირველხარისხოვანი დემაგოგ-გამყალბებლები და სისტემის მრუდე სარკის პირველი ავტორ-შემოქმედნი. სწორედ ისინი იყვნენ, რომ მხოლოდ პარტიის ოფიციალური პოზიციის „მეცნიერულ დასაბუთებასა“ და მისი გასამართლებელი დებულებების შექმნას ემსახურებოდნენ და არა სიმართლეს,  ისტორიული პროცესების სამართლიან, ისტო­რი­ულ ჭრილში წარმოჩენას.

ხოლო, რაც შეეხება სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 28 აპრილის ბრძანებულებით „გადასახლებულები განთავისუფლდნენ კომენდატურის მეთვალყურეობიდან და მიეცათ საბჭოთა მოქალაქის ყველა უფლება“... და „ისინი რეაბილიტირებულნი არიან“, რასაც დიდ მონაპოვრად აცხადებს იგივე ავტორი (იქვე), - ჩვენი აზრით, სწორედ ეს იყო ამ „საბჭოთა მოქა­ლაქის“ ყველაზე დიდი უბედურება, რომ როცა საჭიროდ დაინახავდა, მას ყოველგვარი სასამარ­თლო პროცედურის გარეშე რეპრესირებულს გახდიდა საბჭოთა  სახელმწი­ფო უსამართლო მანქა­ნა, შემდეგ კი იმავე წესით, რეაბილიტაციას გამოუცხადებდა (ასე, რომ აქ ვერავინ გაიგებდა, სად იყო სიმართლე და სამართლიანობა). და თუ ავტორს მართლა სჯერა, რომ ისინი აღნიშნული ბრძანებულებით რეაბილიტირებულნი არიან და მიეცათ საბჭოთა მოქალაქის ყველა უფლება, მა­შინ რატომ არ დააბრუნეს ისინი თავიანთ ადრინდელ საცხოვრისზე და გარკვეულ დრომდე, რა­ტომ დატოვეს ისევ გადასახლებულის მდგომარეობაში?! მაშ, რას ნიშნავს რეაბილიტაცია და საბჭოთა მოქალაქის ყველა უფლების აღდგენა, ამ შემთხვევაში, თუ არა ი. ბეგიაშვილის მთელი მსჯელობის სიყალბის დამტკიცებას?!..

ჩვენი აქ მოყვანილი დებულებების უშუალო დადასტურებაა თამარ საბინაშვილის სტატია, - „სხვისი ჭირი“ (საბინაშვილი, 1989)), რომელიც თავისი მამხილებელი ტონის გამო, ქართული კომუნისტური ნომენ­კლატურის პარტიულმა „ბოსებმა“, როგორც ჩანს, ძალიან სახიფათოდ მიიჩნიეს და გამოსაქ­ვეყ­ნებ­ლად ნაკლებად პოპულარულ გაზეთში „სოფლის ცხოვ­რე­ბა“ გადაამისამართეს. ეს სტატია არის მაშინდელ საბჭოურ სივრცეში მეტად გავრცელებული ურთიერთ გაბიაბრუების მხილების თვალ­საჩინო ნიმუში, როდესაც ერთმა მხარემ თითქოსდა ბევრი რამ არ იცის და ცდილობს ამ „უვიცო­ბის“ თავის სასარგებლოდ ექსპლოატაციას, საკუთარი მიზნის მისაღწევად გამოყენებას. მეორე მხარე ცდილობს მას ყველაფერი დაწვრილებით და გასაგებად აუხსნას, ბოლოს კი ირკვევა, რომ ამ თითქოსდა „არ მცოდნეს“, სინამდვილეში არაფრის ცოდნა არ სურს და საკავშირო ელიტის მოს­კოველ წარმომადგენელთა მორიგი შეკვეთილი ვოიაჟი  თბილისში, უდღეური ტყუილებისა და დემაგოგიის ნაზავით, სწორედ ხალხის „დასაბოლებლად“, გარკვეული კონტიგენტისათვის კი ინსტრუქციის მისაცემად მოწყობილი ფარსია, რომლის საბოლოო მიზანსაც საქართველოსათვის ე. წ. თურქი-მესხების „შემოსაღება“ წარმოადგენდა.

რაც შეეხება ი. საბინაშვილის ემოციურ შეძახილს, - „არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთია აზრი ხალ­ხისა, რომლებიც ძალიან პროგრესულად აზროვნებს...და რომელთაც ...სუნთქვა­შეკ­რული ელ­­ოდა ყრილობა და ტელემაყურებელიც“, მას ახლა მაინც უნდა  ვუთხრათ, რომ - მაშინ შეიძლება მა­რ­თლა, ადამიანურად რუსეთშიც შეაწუხა ვიღაც თბილისში მომხდარმა ამბებმა და ვერც საბ­ჭო­ური „გან­სა­წ­­მენდელის“ გავლა მოასწრეს მათ, ამიტომაც, ემოციებს აყვნენ; ახლა კი ისინი სპეცი­ალურად დამუშავებულნი, სპეციალური დავალებით ჩამოვიდნენ თბილისში საგანგებო მი­სიის შესასრულებლად და თავიანთი პატრონების სასარგებლოდ ცივი გონებით და ანგარიშით უნ­და ემოქმედათ. ამასთან უნდა ვიცოდეთ, რომ მათ „პროგრესული აზროვნება“ შეიძლება იქა­მ­დე გა­ჰ­ყვეთ, სანამ ამას მათი სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს; შემდეგ კი, როგორც ტო­ტა­ლი­ტა­რული სისტემის „ხოლოპებს“, თავიანთი ბატონების სასარგებლოდ, თავის გავირეშმაკება და ყო­ველგვარი აბსურდისა და სისულე­ლის მტკიცება ევალებოდათ, - ხოლო თუ ვინმემ გაბედავდა და ამ­ხელდა, ისინი ყველაფერს ურცხვად საკითხის საფუძვლიანად არცოდნას დააბრალებდნენ; ეს იმ შემ­თხ­ვევაში, სინდისის ნატამალი მათ მმართველ პულტთან, თუ კიდევ ვინმეს  შერჩენოდა. თუ არა და...

ამირან ავალიანი თავის წერილში „ვისია მესხეთი?“ (ავალიანი, 1989) გაკვირვებას გამოთქვამს, რომ საქარ­თველოში ჩამოსახლებული (ზუგდიდის რ-ნი სოფ. ნარაზენი) 15 მესხის კოლექტიურ წერილში გამოხატული მათი ანტიქართული პოზიციის სრული მხილების შემდეგ კამათი მაინც გაგრძელ­დაო...  - აბა, რა ეგონა?! ასე ადვილად დანებდებოდა ვინმე და ხელს აიღებდა დავალების შეს­რუ­ლებაზე?! აქ ხომ თავისი თავისუფალი ნებითა და შეგნებით არავინ მოქმედებდა; ეს იყო ერთი პულტიდან მართული თოჯინების თეატრი. ამასთან, ორივე მხარის პოზიციაში ნათლად ჩანს, რომ კომუნისტური დემაგოგიით, ისევ არაფრის მთქმელი სილოგიზ­მებით ცდილობენ ფონს გასვლას და სრულიადაც ვერ შეუგნიათ მომენტის სრული სერიოზუ­ლო­ბა, როგორც თავისი, ასევე თავიანთი თანამოძმეების მდგომარეობისაც... და კამათი გრძელდება... მა­გრამ ეს უკვე ნაძალადევი, შეკვეთილი კამათია, რათა შემკვეთს საქართველოში მორიგი, უკვე სა­ერთაშორისო მასშტაბის ახალი პროვოკაციების ასაგორებლად საჭირო ბაზა შეუქმნან... აქედან გა­მომდინარე კი სრულებით ბუნებრივია ავტორის კითხვა, რომელშიც პასუხიც იგულისხმება: „დიახაც, გულმოწყალება... სანაქებო თვისებაა, მაგრამ გვაქვს რისკის უფლება, როცა საქმე სამშობ­ლოს ბედს ეხება? ჩვენს მიმართ თუ იჩენს ვინმე ასეთ გულმოწყალებას?” და აქ  უნდა დავეთან­ხ­მოთ აზრს,  რომ „სამი საუკუნის განმავლობაში უცვლელი დარჩა ერთი - „ქარ­თ­ველთა კოლექტიური უპასუხისმგებლობა“ (ტუხაშვილი,1989). მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, თუ როგორი რუდუნებითა და მონდომებით ზრდიდნენ ამ უპასუხისმგებლობას ქართველ ხალხში ასწლეულების მანძილზე მასზე მოძალა­დე აშკარა თუ ფარული მტრები! და სწორედ ამ ქართული კოლექტიური უპასუხისმგებლობის უშუა­ლო შედეგია, რომ ყველა მხრიდან გვისვამენ კითხვებს: „ერთბაშად „აგიჯანყდათ“ შიდა ქართლი, ჯავახეთი, ყვარლის ლეკი მოსახლეობა, „თურქი-მეს­ხე­ბი“, ბერძენ-ურუმები, ოსები, აფხაზები, სა­მ­ხედრო წრეები... კონფლიქტი გაქვთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მეზობელ რესპუბლი­კებ­თან, მოითხოვთ ყველა მხარეზე დაკარგულ ტერიტორიებს, გსურთ დამოუკიდებლობა. ნუთუ ყვე­ლაფერში მართლები ხართ? - ამბობს ავტორი და იქვე ამ კითხვას სრულიად სამართლიანად პასუხობს: „ჰაი-ჰაი, მართლები ვართ, მხოლოდ ეგაა, ვეღარაფრით დაგვისაბუთებია ჩვენი სიმართლე საკავშირო და მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალში. ასე თანდათან ჩამოყალიბდა ანტიქართული სინდრომი... გასაქანი ეძლევა ყოველგვარ ანტიქართულ დემაგოგიას. შეიძლება ითქვას, რომ იგი აქტიურად მოქმედი ფაქტორი გახდა, - დასძენს ავტორი და იქვე განაგრძობს: - მართლაც შეიქმნა მდგომარეობა, როდე­საც ჩვენი „კაკალიც აღარ ჩხრიალებს“, ხოლო სხვებისა ბა­მ­ბაც საშინელ ხმაურს გამოსცემს“ (იქვე). აქ ბატონი ლოვარდ ტუხაშვილი დღეისათვის, ალბათ, აუცილებ­ლად დაამა­ტე­ბ­და, „რადგანაც ერთადერთი მართალი ამ სისტემაში, ჩვენი „უფროსი ძმა“, რუსი უნდა დარჩე­ნი­ლი­­ყო“... ქართველ მეცნიერებს კი არ ჰქონდათ უფლება ადექვატური პასუხი გა­ეცათ ანტი­ქარ­თულ შემოტევებსა და ქმედებებზე; პირიქით, ვალდებული იყვნენ, ხშირ შემთხ­ვე­ვა­ში ეს კომუნ­ის­ტური პარტიის უმაღლესი ეშელო­ნებიდან თუ საკავშირო მთავრობიდან წამოსუ­ლი ანტი­ქართული ინიციატივები მოეწონებინათ და მისი „სიკეთე“ მეცნიერულად დაესაბუთე­ბი­ნათ, რაც კეთდებოდა კიდეც. ამის ორ უტყუარ მაგალითს მოვიყვანთ, რომელთაც ჩვენს თვალ­წინ გაიარეს „აპრობაცია“. პირველია 1978 წლის აპ­რი­ლის ამბები ქართული ენის სახელმწიფო სტა­ტუსთან დაკავშირებით, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავ­ლებელთა დიდი ნაწილი, ცენტრალური საკავში­რო მთავრობისა და კომპარტიის ხაზის სამართ­ლი­ანობას გვიმტკიცებდა და ჩვენ, სტუდენტებს „ისტორიული გარდაუვალობის წინააღმდეგ“ წასვლას გვაბრალებდნენ. და მეორეც, სულ ახლახან - როდესაც სომეხი ისტორიკოსების სრული­ად უკანონო, საქართველოს მიმართ უსამართლო პრე­ტენზიებს ჩვენმა კოლეგამ, საქართველოს საისტორიო  გეოგრაფიის ცნობილმა მკვლევარმა, ის­ტო­რი­ის დოქტორმა სიმონ გოგიტიძემ თავის რეცენზიაში  სათანადო პასუხი გასცა, თბილისში ვერ ვიპოვეთ ერთი ისტორიის მეცნიერებათა დო­ქტორი, პროფესორი, რომელიც, მათი აზრითაც, ამ ღირსეულ პასუხს, უცხოეთში გამომავალ სამეცნიერო გამოცემაში ვიზას მისცემდა. ბოლოს კი ასეთი უცნაური პასუხით მოგვიშორეს თავი­დან - „თქვენს გამო სომხებს ხომ არ მოვიმდუ­რე­ბთო...” სომხები რომ  სამშობლოს  გვედავებოდნენ და მთელი ამიერკავკასია სომხეთად გამოაცხა­დეს, ეს მათთვის არაფერს ნიშნავდა... და, სამწუხაროდ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ „ქვათა ღაღადი“ თანამედროვე საქართველოში არ დაი­წერებოდა! და თუ დაიწერებოდა, მზის სინათლეს ვერ იხილავდა...

როცა ავტორი ზემოთ აღნიშნულ წერილში რუს „სამართლიანობისთვის მებრძოლ მეცნიერზე“ ვიაჩესლავ ივანოვზე საუბრობს, სხვა საკითხებთან ერთად მას უყენებს ბრალდებებს: „იგი უმალავს მსმე­ნელს, რომ ე. წ. აფხაზური სკოლა, აფხაზური დაწესებულებანი ფაქტობრივად რუსულია. იგი მალავს იმასაც, რომ აფხაზური მოსახლეობის მნიშნელოვანმა ნაწილმა არ იცის თავისი მშობლიური (როგორც ქართული, ისე აფხაზური. ეს მაშინდელი რეალობა იყო! - უ. ო.) ენა; რომ საოჯახო ურთიერთობაშიც იყენებს რუსულ ენას. ივანოვისეული ლოგიკის მიხედვით ქართუ­ლის ცოდნა აფხაზთა ასიმილაციას იწვევს, რუსული ენა კი ავითარებს ეროვნულ კულტურას“... ამიტომაც, ჩვენც უნდა დავეთანხმოთ მას, რომ ვიაჩესლავ ივანოვი დემაგოგი და პრო­ვოკატორია. მაგრამ, ჩვენი აზრით, დემაგოგი და პროვოკატორია ყველა ის ქართველი მეცნიე­რიც, რომლებიც, რაღაც თითიდან გამოწოვილი მიზეზებით, თავს არიდებენ ქართული ინტერე­სების მეცნიერულ საფუძველზე დაცვას!

აფასებს რა შუა აზიაში, კერძოდ ფერღანაში დატრიალებულ უბედურებას, ერთ-ერთი და­ზა­რალებული ინტერვიუში ამბობს: „...მთელი ეს სისხლიანი პროვოკაცია მაფიოზური ძალების მიერაა ორგანიზებული და დაფინანსებული, მაგრამ ცოტამ თუ იცის ამ ხოცვა-ჟლეტის ნამდვილი მიზეზები“... მაგრამ დიდი ხანია დადგა დრო ითქვას, რომ ამ ე. წ. თურქი-მესხების საქართველოსა და ქართველთაგან გასაუცხოებლად და გარკვეულ მომენტში, მათზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ დასაპირისპირებლად მიზანმიმართული მუშაობა, განსაკუთრებით გაძლიერდა საბჭოთა პერიო­დ­ში. მათი შუა აზიაში გადასახლება და გარკვეულ დრომდე იქ ანტიქართული სულისკვეთებით დამუხტვაც, ამ მიზანს ემსახურებოდა. ხოლო საქართველოში აღმავალი ეროვნულ-განმათავი­ს­უ­ფ­ლებელი მოძრაობის პერიოდში ფერღანაში მათი დარბევა და საქართველოში გადმორეკვის მცდე­ლობაც, ამ მოძრაობისათვის ზურგში მახვილის ჩასაცემად და ერის მთელი ენერგიის საში­ნაო პრობლემებზე გადართვის  მიზნით იყო განხორციელებული, რაც საქართველოსთვის მომაკ­ვდინებელ საშიშროებას შეიცავდა. და არა იმიტომ, რომ „თურქი-მესხები” იყვნენ თითქოს  ასეთე­ბი, არამედ იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიულ მანქანას ამ მიმართულებით სურდა მათი გამოყენება და მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს აამოქმედებდა საკუთარი მიზნის მისაღწევად. მათი დღევანდელი პრობლემებიც „ბოროტების იმპერიის“ აგრესიული მემკვიდრის არსებობითა და მისი არც თუ გონივრული სამომავლო მიზნებითაა განპირობებული; ჩვენ კი, ამდენი ხნის გან­მავლობაში მათ მიერ მიზანმიმართული ღვარძლის თესვისა და ჩვენს შორის ბოროტგანზრახული დგომის გამო, ერთმანეთის ცნობა და ერთად თანაცხოვრება ვეღარ მოგვიხერხებია.

იმავე ინტერვიუს გაგრძელებაში ნათქვამია, რომ მომხდარში „არცთუ მცირე ბრალი მიუძღვის ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, რომლებსაც ჩვენ არაერთხელ მივანიშნეთ მოსალოდნელ ტრაგედიაზე, მაგრამ ისინი ჩვენს გაფრთხილებასა და თხოვნას ზერელედ მოეკიდნენო“, რაც მხოლოდ ამტკიცებს ზემოთ გამოთქმულ ჩვენს მოსაზრებას, ამ საქმეში მთელი საბჭოთა სისტემის  თანამონაწილეობა-თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულმა ადგილობრივმა ორგანოებმა ზუსტად შეასრულეს მოსკოვის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან მომდი­ნა­რე დავალება და მითითებანი. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა მათი ერთ-ერთი „ლიდერის“, საკუთარი ხალხის ბედით ურცხვად მოვაჭრე პროვოკატორ ი. სარვაროვის, პროვოკაციული გან­ცხა­დებანი, რომ თითქოს საქართველოში „ჩვენი მოსმენა არ უნდათ, გაიძახიან“ სამშობლოში დაბრუნებისათვის საჭიროა „გახდე ქართველი“, უარი თქვა შენს ენაზე, რელიგიაზე და ბოლოს და ბოლოს გვარზეც... ასი წლის წინათ მესხები ქართველები იყვნენ და შემდეგ გათურქდნენო“... შემდეგ კი სვამს ასევე პროვოკაციული შინაარსით გაზავებულ კითხვას: „ნუთუ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორებს არ ესმით, ...რომ მას შემდეგ ადამიანებს ჩამოუყალიბდათ გარკვეული ეროვნული შეგნება და ახლა ამ შეგნების შესაცვლელად მათი იძულება შოვინიზმი არ არის?!“ (გადმობეჭდილია გაზ. „ლიტერატურნაია როსია“-დან; ნახევარი საუკუნე..., 1989).

ამ ინტერვიუს სათაურად „ნახევარი საუკუნე უსამშობლოდ“ ჰქვია და იგი გაზეთ „ლიტე­რატურნაია როსიას“ კორესპონდენტ ა. პისარევს ჩაუწერია. ჩვენ ვსვამთ კონტრშეკითხვას: მსგავსი შეგნებისა და ფსიქოლოგიის ადამიანმა, სამშობლოზე თუ შეიძლება ისაუბროს, რადგან მას ასეთი რამ, საერთოდ, გააჩნია?! და აქვე უნდა ვთქვათ, რომ სარვაროვის მსგავსთა ქმედებების გამოა, რაც ამ ტანჯულ ხალხს სჭირს. მისნაირთა ქმედებების გამო დასჯილი ქართული ორიენტაციის მეს­ხთა მისდამი გამოტანილი მსჯავრიც სრულიად სამართლიანია და ეთანხმება ჩვენს აზრს, როდე­საც ისინი აცხადებენ: „სარვაროვსა და მისნაირ გამყიდველებს საკავშირო ინფორმაციის საშუა­ლ­ე­ბები ფართოდ უხსნიან კარს ქართველი ერის საზიანოდ. თვითონ ჩვენც, არაქართული ორიენ­ტაციის მესხთა ჩამოსახლების მოწინააღმდეგენი ვართ, და თუ ასეთებმა მაინც შემოაღწიეს, უკან უნდა მიბრძანდნენ“... (ღია წერილი... , 1989). მაგრამ ასე გაგრძელებაც აღარ შეიძლება...

ცნობილი მეცნიერისა და მწერლის აკაკი გელოვანის მიერ გამოთქმული მოსაზრებანი (გელოვანი, 1989) ერთი-ერთზე ემთხვევა 1991 წლის აგვისტოში ადიგენის რაიონში ექს­პედიციის დროს ჩვენს მიერ ამ საკითხზე მოპოვებული ვიდეო მასალის შინაარსს, რომელთაგან ზოგიერთი, მათი გამაღიზიანებელი სისასტიკისა და ვულგარულობის გამო, რესპოდენტებმა აღარ ჩაგვაწე­რი­ნეს. ყოველი მხრიდან დაუნდობლობისა და სასტიკი ღალატის აჩრდილთა შემოსევა ისახებოდა რეს­პონდენტთა მოგონებებსა და საუბრებში: და ყველაფერი ეს თვალწინ მიცოცხლებს გრიგოლ გვა­რამაძის წერილში გულისტკივილით დახატულ სურათს, რომ ეს „თურქი-მესხები“, იგივე „ხუ­ჟა­ნი“ უფრო საშიში, ვერაგი და სასტიკი მტერი იყო ჩვენი ხალხისა, ვიდრე ოსმალეთიდან შემოჭ­რილი თურქი დამპყრობლები. „ხუჟანები“ უფრო ვერაგულად იბრძოდნენ ქართველთა და ყველა ქრისტიანთა წინააღმდეგ“... (გვარამაძე, 1989).

ასეთი სურათის აღმქმელს, გარდა იმისა რაღა დამრჩენია ვიფიქრო - რამ უნდა აქციოს ად­ამიანი ისეთ არსებად, რომ საკუთარ სამშობლოდ  მიჩნეულ ქვეყანაში ასე, გეშ აღებული ნადი­რივით დადიოდე და ყოვლის წამლეკავმა სიძულვილმა ისიც დაგავიწყოს, საერთოდ ვინა ხარ?! მაგრამ ეს ამ ხალხის საუკუნოვანი მონობის და ორი იმპერიული სახელმწიფოს, ჩვენი ერთმანეთზე მგეშავი პოლიტიკის შედეგია, რომლის ამ შედეგების აღმოფხვრა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  არანაკლებ დროსა და მოთმინე­ბ­ით მუშაობას მოითხოვს, ვიდრე მისმა დამნერგავებმა ამ უკიდეგანო სიძულვილის ჩათესვა-გაღ­ვი­ვებაზე დახარჯეს... თუმცა დღევანდლამდე, მტრის მიერ დიდი ოსტატობით ჩანერგილი სიძულ­ვილის ნაყოფი ერთმანეთთან მიახლოების საშუალებასაც არ აძლევს ქართველთა ორად გახლე­ჩილ ცნობიერებას; მაგრამ თუ ამ ჩვენი საერთო ჭირის გადალახვა გვსურს, უნდა შევძლოთ ორივე მხარისათვის მწარე და მეტად სამწუხარო სიმართლის მოსმენა, რის გარეშეც შეუძლებელია ვითა­რების მართებული ანალიზი და სათანადო დასკვნების გამოტანა, რათა დაისახოს დღეს არსებულ რეალობის გათვალის­წინე­ბით მდგომარეობის გამოსწორების სამომავლო პერსპექტივა.

ვფიქრობთ, რადგან აფხაზეთის გარშემო შექმნილმა თანამედროვე პრობლემებმა თითქმის ყველა ჩვენთაგანის თვალწინ ჩაიარა და ჩვენს ცნობიერებაში გავლილი ჯერ კიდევ ცოცხალი ფაქ­ტია, აფხაზეთით დავიწყებ და „თურქი-მესხების საკითხისთვისაც“ (და სხვებისთვისაც- უ. ო.) ბე­ვ­რი რამ საცნაური გახდება.

პირდაპირ უნდა ვთქვათ, და ეს  ფაქტია, აფხაზეთში ჩვენ, ქართველებს ყველაზე მეტად გვმტრობენ „გააფხაზებული ქართველები“ (რომელთაც ისევე, როგორც „თურქი-მესხების“ დიდ ნა­წილს, „გაქართველება“ ვერ წარმოუდგენია, და თუ რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ...), რომ­ლე­ბიც აფხაზეთში გარკვეული პრივილეგიებისა და თანამდებობების მისაღებად „აფხაზებად“ ჩა­ეწერნენ; ამიტომაც „აფსუებისთვის“ ყოველთვის უნდა ემტკიცებინათ, რომ ისინი მათზე ნაკლები „აფხაზები“ არ იყვნენ, და კიდევ - ამიტომაც მათ მიერ ჩადენილი ქმედებანი, ხშირ შემთხვევაში, მათ უკან, მშობლიურ წიაღში დაბრუნების ყოველგვარ შანსს უსპობდა, რადგან მათი ამ გზით წამყვანი ძალის მიერ ყველაფერი თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული. სწორედ ამ ძალის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად ისინი სინამდვილეში კი არ „გააფხაზდნენ“, არამედ „გარუსდნენ“ და ამ გზაზე აფსუა­თა ნაწილიც გაიყოლიეს.

 მაგრამ ამ ანგარიშიან, მზაკვრულ თამაშში ჩაყოლამ უცებ დაკარგა თა­ვისი ხიბლი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ქართული ეროვნული სახელმწი­ფოს აღდგენის პერს­პექტივის გაჩენისთა­ნ­ა­ვე, რადგანაც ისინი ამ მოძრაობის დაწყებისთანავე მიხვდნენ, რომ საკუთა­რი ამბიციების განხო­რ­ციელება, მათ შეგნებაში, საკუთარი ეროვნული მეობის „ღალატის“ გარეშეც შეიძლებოდა; მაგ­რამ, მათივე აზრით, მათ მიერ ჩადენილი საქმეების გამო, უკან მოსაბრუნებელი გზა მოჭრილი ჰქონდათ, თანაც მათი ანგარებით ჩადენილი ქმედე­ბე­ბის მხილებისაც სასტიკად ეშ­ი­ნოდათ და ეშ­ი­ნიათ დღესაც. ამიტომაც, მათი პატრონის შთაგონებით, მათ მომავალი, მათივე აზრით, მხო­ლოდ რუსეთის მიერ კონტროლირებად აფხაზურ „ანკლავში“ ჰქონდათ და საკუთარი „პრესტიჟუ­ლი არსებობის“ შესანარჩუნებლად ერთა­დერ­თი გზა, აფხაზეთში რუსული ინტერე­სების დაცვა და განმტკიცება იყო. მაგრამ ამ საკითხში ისინი ისე შორს არიან წასულნი, რომ საქმის ბოლომდე მი­საყვანად მათი მომდევნო ნაბიჯი საბოლოო გარუსებაზე შეფარული თანხმო­ბით დასრუ­ლ­­დება; (რაც უკვე მომხდარი, მაგრამ ჯერ კიდევ დაუსრულებელი ფაქტია). მაგრამ ნამდ­ვილ ერ­ოვნულ სახელმწიფოზე მეოცნებე ნამდვილი აფსუების ეშინიათ, რადგან ამ ნაბიჯს ისინი ღალატ­ში ჩაუთვლიან, თუმცა ეს ბრალდება ამ „დღევანდელ ღამურებს“ საბოლოოდ მაინც არ ასცდებათ. იციან რა ესეც, ამიტომაც, თავიანთ ერთადერთ ხსნას მათი „სულის მყიდველ“ რუ­სეთში ხედავენ. მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, მათ არ იციან, თუ რა დასჭი­რ­დება რუსეთს მომავალში, - ან საბოლოო გადაშენების პერსპექტივას ხომ არ აჯობებდა, რომ აფსუებთან ერთად თავიანთ თანამოძმე ქარ­თველებთან ურთიერთობის მოგვარებაზე ეზრუნ­ათ? მით­უმეტეს ჩვენ კარგად გვესმის მათი როგორც ადრინდელი, ისე დღევანდელი პრობლემები და არც არაფერში ვადა­ნა­შა­ულებთ; ზემოთ მოყვანილი მკვეთრი გამოთქმები და ცნებები კი იმის­თვის მოვიხმეთ, რომ მათი ახ­ლანდელი მდგო­მარეობა მათთვისვე ნათლად დაგვენახვებინა. ამას­თან, შევახსენებთ ისტორი­ულ წარსულს, რომ დღევანდელი ე. წ. „მესამე რომის“ წინამორბედმა ბიზანტიის იმპერიამ, როცა მას გაუჭირდა და დასჭირდა, როგორ მიუგდო მის მიერ მიტაცებული ქართული მიწები საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ს... რა ვიცით, რა ხდება?! ჩვენთან კი, ნორმალურ პირობებში, მათ არავითარი პრობ­ლემა არც არასდროს ჰქონდათ და არც არასდროს ექნებათ. ამიტომაც შევამ­ზა­დოთ ნიადაგი ურ­თიერთ მოსალაპარაკებლად და კონსესუსის ნიადაგზე რომ არ გადაიჭრას, ჩვენი ღრმა რწმენით, ისეთი პრობლემა  ჩვენს შორის არ არსებობს.

რაც შეეხება ყოველივე ამასთან „თურქი მესხების“ საკითხის კავშირს, ისინი ამ მიმართუ­ლ­ე­ბით კიდევ უფრო შორს არიან წასულნი და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე იმ დონეზეა გა­თურქებულ-გათათრებული, რომ ამის დაფარვას არც ცდილობენ და კიდევაც აშკარად გამოდიოდნენ და გამოდი­ან საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, როგორც თურქეთისა თუ რუსეთის ინტერესების აგენტე­ბი. ასეთ ვითარე­ბა­ში, რო­გ­ორ უნდა მოიქცეს ქართული სახელმწიფო საკუთარი სახელმწიფოებ­რივი ინტერესებიდან გამო­მ­დი­ნარე? მან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიცვას საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები! ეს მსოფლიო პოლიტიკის აქსიომაა.

მოდით,  საღად შევხედოთ მომავალს, თავი გავანებოთ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის ინტე­რე­სების სხვათა საქმე­ებ­ის კეთებისათვის შეწირვას და ბოლოს და ბოლოს, დავიწყოთ ჩვენი საერთო სამ­შო­ბლოს ნამდვილ მომავალზე ზრუნვა. გავაანალიზოთ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გა­მო, საერთო არაკეთილმოსურნეების მიერ ჩვენს შორის ხელოვნურად გაღვივებული სიძულვი­ლისა და ფალსიფიცირებული ურთიერთობის შედეგად ჩვენთვის თავსმოხვეული მძიმე მემკვი­დ­რეობა და აღვადგინოთ იმ დროის ტრადიცია, როდესაც ერთმანეთი გვეიმედებოდა.

მესხთა ტრაგედია არ ახალია. იგი წარმოშობილია მათი თურქ-ოსმალთა ბატონობის ქვეშ მოქცევის დროიდან და ახალი ფორმით გაგრძელდა მხარის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგაც, როდესაც აქაური მოსახლეობის უდიდესი ნაწილი განდევნილი იქნა საკუთარი მიწა-წყლიდან, მათ მაგივრად კი ჩამოასახლეს სომხები თურქეთიდან. საბჭოთა პერიოდში უფრო მეტი მონდომებით გაისარჯნენ უზურპატორ-ინტერნაციონალისტები და იმის მაგივრად, რომ ქართული თვითშეგნებისა და ცნობიერების აღდგენაზე ეზრუნათ მათში, მათი სრული და საბოლოო გადაგვარების პროექტის განხორციელებას შეუდგნენ. მესხეთში გახსნეს თურქულ-აზერბაიჯანული სკოლები და ამავე ეროვნების „მასწავლებლებით“ გაავსეს რეგიონი, რამაც მათი საქართველოსა და ქართველებისაგან გაუცხოების პროცესი კიდევ უფრო გააძლიერა; ერთი მოდგმისა და ორი რელიგიური თემისაგან შემდგარ მოსახლეობაში საურთიერთობო ფონი კიდევ უფრო დაამძიმა და ხელოვნურად ვითარების გამწვავებისთვისაც, „ბოროტების იმპერია“ მის არსენალში არსებულ არცერთ იარაღს არ დაიშურებდა. ბოლოს კი მივიღეთ ის, რომ ამ ორი რელიგიური აღმსარებლობისა და საერთო წარმოშობის ქართული თემის მნიშვნელოვან ნაწილს ერთად ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნიათ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების  ქართ­ველ წარმომადგენლებს, რომ ამ პრობლემის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების  შესაბამისად გადაწყვეტა ნდომებოდათ, ადრევე დაიჭერდნენ თადარიგს და 1988 წელს მაინც, როდესაც მიღებული იქნა „მაჰმადიანი მესხების და ინგილოების უფლებების აღდგენისა და დაცვის ლიგის დეკლარაცია“, მიიღებდნენ სათანადო ზომებს, როგორც ამ დეკლარაციაშია აღნიშნული „ქართველი მაჰმადიანების ეროვნული თვითგამორკვევისათვის, მათი ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისათვის“... (ლაპარაკია მაჰმადიან მესხებზე - უ. ო.) ხელს შეუწყობ­დნენ „სხვადასხვა სარწმუნოების ქართველთა შორის ურთიერთსიყვარულის, ურთიერთნდობისა და პატივისცემის გაღვივებას“... (მაჰმადიანი მესხების... 1988) მაგრამ, სწორედ, საქართველოში საბჭოთა მმართველობის ერთგული დამცველი და მისი პოლიტიკის გამტარე­ბე­ლი კომუნისტური ნომენკლატურა წარმოადგენდა იმ რგოლს, რომლის მეშვეობითაც ქართველი ხალხის ნების იგნორირებით, ამასთან მისი სახელით ხდებოდა ყველაზე ანტიქართულ უბინ­ძუ­რეს საქმეთა აღსრულება, რაც, ხშირ შემთხვევაში, სასტიკად წამლავდა ატმოსფეროს სხვადასხვა აღმსარებლობის ქართველთა შორის. ასეთი პოლიტიკით ისინი ცდილობდნენ ეს ხალხი საერთო ქართული ეთნოფსიქოლოგიის დამანგრეველ ელემენტად ექციათ და საკუთარი ბოროტი მიზ­ნების გამტარებელ მანქურთებად გამოეყენებინათ. ყოველივე ამის მენტალური შედეგები კი დღემდე წამლავს ქართულ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ გარემოს.

თავს თუ არ მოვიტყუებთ, ორივე მხარემ კარგად ვიცით, რომ დღევანდელი ქართული სა­ხელმწიფოს თითქმის ყველა პრობლემის არსებობის მიზეზი, ხანგრძლივ პერიოდში საქართვე­ლოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არარსებობაში, თანამედროვე პირობებში კი ჩამოყალიბების გაზაზე მდგარი დამოუკიდებელი ქვეყნისა და სახელმწიფო სტრუქტურების სისუსტეში უნდა ვეძიოთ. ამ სისუსტეს განაპირობებს ისიც, რომ საქართველოშიც სახელმწიფოებ­რივი მანქანის გაკონტროლებას ცდილობს ის ძალა, რომელიც ყალბი ილუზიებით „ასაზრდოებს“ მსოფლიოს და  ეროვნული სახელმწი­ფოებისა და მისი ტრადიციული თვითმყოფადობის დაცვა მისთვის არაფერს წარმოადგენს; ასეთ ვითარებაში კი ჩვენი ქვეყანა განიარაღებულია და არ გააჩნია ერის ღირსების დამცავი რეალური მექანიზმები. ამიტომაც, იგი კვლავ განაგრძობს არსებობას საკუთარი სუვერენობის, სხვა სახელმწიფოთა და მსოფლიოს თანამედროვე წესრიგის მესვეურთა მიერ, მიმძლავრების ფონზე, სადაც მასზე და მის ნებაზე, სამწუხაროდ, თითქმის აღარაფერია დამოკიდებული.

ამ მდგომარებიდან, ჩვენი აზრით, ერთადერთი გამოსავალია, საქართველოს სახელმწიფომ გააერთიანოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, პირველ რიგში, მოამზადოს მომავალი თაობა და ქვეყანაც, აღნიშნული გამოწვევებისათვის საჭირო პასუხის გასაცემად (დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქა, გრიგოლ ხანძთელისა და  მისი მოწაფეების, აგრეთვე საზღვარგარეთ მაშინ მოქმედ ქართული საგანმანათლებლო ცენტრების მიერ აღზრდილ სულიერებაზე აღმოცენდა) და ჩვენ ამ დაუნდობელ შერ­კინებაშიც ერთად მოგვიწევს ბრძოლა საკუთარი მეობისა და კავკასიური იდეის გადასარჩე­ნად.  სასწრაფოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ამ მისიის შესასრულებლად ერთმანეთი ძალიან გვჭირდება! სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ხალხის მომავალი, თუ კი გვსურს, რომ ის საერთოდ გვქონდეს.     

 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები

ექსპედიციის მასალები..., 1991: - 1991 წლის 19-20 აგვისტოს საქართველოს ეროვნული მოძრაობის ისტორიის მუზეუმის მიერ ადიგენის რაიონში ჩატარებული ექსპედიციის მასალები - ვიდეო გადაღება (ინტერვიუები 3 საათი);

მესხთა ტრაგედია, 1989: - მესხთა ტრაგედია, გაზ., „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1989. 04. 07;

გოჩელაშვილი, 1989: - გოჩელაშვილი ო., მართლაც არ ეგების თვალის დახუჭვა, გაზ. „ახ. კომ-ი“, 1989. 17. 07;

ბეგიაშვილი, 1989: - ბეგიაშვილი ი., მესხთა ტრაგედიის გამო, გაზ. „ახ. კომ-ი“, 1989. 27. 07;

საბინაშვილი, 1989: - საბინაშვილი თ., სხვისი ჭირი, გაზ. „სოფლის ცხოვრება“, 1989. 21. 07;

ავალიანი, 1989: - ავალიანი ამ., ვისია მესხეთი, გაზ. „თბილისი“, 1989. 08. 07;

ტუხაშვილი, 1989: - ტუხაშვილი ლ., „სინდრომი“, გაზ. „ახ. კომ-ი“, 1989. 27. 07;

ნახევარი საუკუნე..., 1989: - ნახევარი საუკუნე უსამშობლოდ, ინტერვიუ, გაზ. „ახ. კომ-ი“, 1989. 08. 08;

თუნგია, 1989: - თუნგია მ., შეხვედრა სამშობლოსთან, გაზ. „ახ. კომ-ი“, 1989. 08. 08;

აბაიშვილი, 1989: - აბაიშვილი პ., დახმარება ჩვენი ზნეობრივი ვალია, გაზ. „თბილისი“, 1989. 07. 08;

გელოვანი, 1989: - გელოვანი აკ., თურქობაზე ორი აზრი?!, გაზ. „თბილისი“, 1989. 27. 11;

ბაშარული, 1989: - ბაშარული ზ., მესხეთმა უწყის, რას ნიშნავს „თურქობა“, გაზ. „ახ. კომ-ი“, 1989. 01. 08;

ღია წერილი..., 1989: - ღია წერილი ზურაბ ბაშარულს, გაზ. „ახ. კომ-ი“, 1989. 14. 10;

გვარამაძე, 1989: - გვარამაძე გრ., იმას რა დამავიწყებს, გაზ. „სოფლის ცხოვრება“, 1989. 09. 12;

ვადაჭკორია, 1989: - ვადაჭკორია ბ., დაუმთავრებელი საუბარი, გაზ. „ახ. კომ-ი“, 1989. 08. 08;

მაჰმადიანი მესხების..., 1988: - მაჰმადიანი მესხების და ინგილოების უფლებების აღდგენის და დაცვის ლიგის დეკლარაცია, გაზ. „სამშობლო“, #17, 1988 წ. აგვისტო;

 

 

ბათუმის შრს უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი,  ისტორიის დოქტორი, პროფესორი უჩა ოქროპირიძე

20. 10. 2017 წელი

ქ. ბათუმი

 

 

 

                                                                უჩა ოქროპირიძე

კიდევ ერთხელ „თურქი მესხების“ პრობლემის შესახებ

რეზიუმე

 ნაშრომში განხილულია 1991 წლის აგვისტოში „თურქი-მესხების“ პრობლემის შესასწავლად ჩვენს მიერ მესხეთში სპეციალურად მოწყობილი ექსპედიციის, ამ პერიოდთან ახლოს აღნიშნულ საკითხზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების, ამასთან თანამედროვე მასალის საფუძველზე გაანალიზებული აღნიშნული პრობლემის წარმომშობი მიზეზები, მისი განვითარება და სამწუხარო შედეგები. მათი ფესვები ჯერ ოსმალეთისა და შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ამ რეგიონის ყოფნის დროს გატარებულ დიდმპყრობელურ და კოლონიურ პოლიტიკაშია საძიებელი. თავიანთი მტაცებლური მიზნების მისაღწევად განსაკუთრებით გააქტიურდა მათი ძალისხმევა რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, ამიერკავკასიის საბჭოთა რუსეთიდან გამოყოფის პერიოდში. ამ მხრივ არაფერზე იხევდა უკან ქემალისტური თურქეთიც. აღნიშნულ რეგიონში და განსაკუთრებით მესხეთში გატარებულმა ახალმა საბჭოურმა იმპერიულმა პოლიტიკამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა ურთიერთ გაუცხოება, როგორც ადგილობრივ ქართველ ქრისტიანებსა და მაჰმადიანურ მოსახლეობას შორის და ამასთანავე გამოიწვია ამ უკანასკნელთა  კიდევ უფრო დაშორება და მტრული განწყობილების წაქეზება საქართველოს სახელმწიფოსა და საერთოდ,  ქართველობისადმი. ხოლო აქაურ სკოლებში აზერბაიჯანელ მასწავლებელთა საქმიანობამ და ამით ხელოვნურად შექმნილმა ანტიქართულმა გარემომ, კიდევ უფრო დაძაბა ვითარება  ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა დასახელებული ორი სარწმუნოებრივი თემის თანაცხოვრება უკიდურესად გაამწვავა და მას სასტიკი ურთიერთ უნდობლობისა და ფარული მტრობის სახე მისცა, რომლის ნაღვერდალსაც მოხერხებულად უბერავდა სულს და აღვივებდა საქართველოს ყველა ავის მოსურნე. ყოველივე ამის შედეგს წარმოადგენს 1944 წელს მესხთა ტრაგედია...

ნაშრომში აღნიშნულია, რომ ანალოგიური ურთიერთ გაუცხოების პოლიტიკა, ოღონდაც სხვა მიზეზებითა და მეთოდებით, გამოყენებულია აფხაზეთშიც; რამაც ძალმომრეობის მოქნილი ფორმით ხელოვნურად გააფხაზებული ქართული ეთნოსის წარმომადგენელთა შეურიგებელი დაპირისპირების ინსპირაცია მოახდინა თავისივე თანამოძმეებთან და დღემდე გრძელდება რუსეთის მიერ ორივე მხარისათვის დამღუპველი ამ პოლიტიკის თავის სასარგებლოდ გამოყენება-ექსპლოატაცია.

აქვე გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები და მითითებულია ამ ხელოვნურად შექმნილი ჩიხიდან თავის დაღწევის რეალური გზა.