შემოგვიერთდით
კატეგორია / ისტორია   304 ნახვა    3 თვის წინ
ბათუმში ალექსანდრეს ბაღისა და უფლისწულ ნიკოლოზის ბულვარის წარმოშობისა და განვითარების მოკლე ისტორია


აღნიშნული საკითხისადმი არსებული დიდი ინტერესის გამო მოცემული ისტორია რუსულიდან თარგმნა ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა უჩა ოქროპირიძემ.

რადგან აღნიშნული თარგმანის ჯერ კიდევ ჩასასწორებელი პირი მბეჭდავის კომპიუტერიდან გაურკვეველ პირობებში გაქრა, გადავწყვიტე მისი unews.ge-ზე, ჩემს კომპიუტერულ საიტზე გამოქვეყნება შესაბამისი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით 

 

ბათუმში ალექსანდრეს ბაღისა და უფლისწულ ნიკოლოზის ბულვარის

წარმოშობისა და განვითარების მოკლე ისტორია

 

 ბათუმის

საქალაქო მმართველობის გამომცემლობა, ა.ვ. კულჩიცკის ტიპოგრაფია, 1903

 

იბეჭდება ქალაქის თავის განკარგულებით

 

1878 წლის 25 აგვისტოს ბათუმში (როგორც უკვე რუსულ ქალაქში) პირველად შემოსულებს, თურქული ბათუმი დაგვხვდა შემდეგი სახით. მოსახლეობის ნაგებობანი, ძირითადად ერთსართულიანი და ზოგიერთ შემთხვევაში ორსართულიანები, განლაგებული იყო სანაპირო ყურეს გასწვრივ და საჭიროა ვთქვათ, წვრილი ხრეშით მოკირწყლულ, ორ თუ სამ მის პარალელურ ქუჩაზე თავისებური დახრილობით შუაში წვიმის წყლის ნაკადის გასატარებლად; ამავე ქუჩებზე თავმოყრილი იყო, დღეს ამ სახელის მატარებელი – „თურქული ბაზარი“, რამდენიმე თურქული ბინძური და გაცვეთილი (ძველი – უ.ო.) სახლებით, რომელთაც მაშინ საყავეებსა და სასტუმროებს ეძახდნენ. ამ ცენტრის იქით, სამივე მხარეს – სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით, როგორც ნაგებობანი, ისე ყოველგვარი ნიშანი, მაჩვენებელი ქალაქური დასახლების უფრო და უფრო იშვიათი ხდებოდა; ასე, რომ მაგ. იმ ადგილიდან, სადაც დღეს განლაგებულია დონდუკოვ-კორსაკოვის ქუჩა და უფრო დასავლეთით იმ ქუჩიდან, მდებარეობდა პატარა ტყე, რომელიც ახლოს იყო „ნურიე გელის“ ტბასა და ზღვის ნაპირებთან და წარმოადგენდა ისეთ ხშირსა და გაუვალს, რომ მასში ველურ თხებსა და ტურებზე ნადირობდნენ. ბევრისთვის, ვინც მაშინ ჩამოვიდა და უზრუნველად ცხოვრობს ბათუმში დღევანდლამდე, დაუვიწყარია იქამდე აქ არნახული 1879 წლის მძიმე ზამთარი, როდესაც ქალაქის ნაწილებში, რომელთაც დღეს ეწოდებათ „ნურიე“, მოსახლეობა მათ კლავდა უბრალო კომბლებით.

ასეთივე სანახაობას, ხშირსა და გაუვალ ბუჩქოვან ტყეს, წარმოადგენდა ნურიე-გელის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთი უბანი, რომელიც პირველად 1881 წლიდან მაშინდელი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორის, გენერალ-მაიორ სა. მ. სმეკალოვის მიერ მონიშნული იქნა საქალაქო ბაღის გასაშენებლად. ეს ტბა, რომელსაც უკავია 40 000 კვ. საჟენი ფართობი, 1879 წელს არენდით გაიცა მ.ს.ბ-ზე 100 მანეთად წელიწადში, მარგალიტის მარცვალთა მოსაპოვებლად, თითქოს-და მის სანაპიროზე ნაპოვნი იყო მარგალიტის ნიჟარათა ნაკვალევი. ეს არენდა დიდხანს არ გაგრძელებულა... არენდა ერთი წლის შემდეგ დამთავრდა, ამასთან არცერთი ცალი მარგალიტის მარცვალი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა მოპოვებული.

ქალაქის ბაღის მოწყობამდე ბათუმში არსებობდა ორი კერძო ბაღი – ერთი მაშინდელი რუსეთის კონსულის, მცენარეთა დიდი მოყვარულის, ბ-ნ ჯიუდიჩის სახლის წინ (შემდგომში ეწოდა გუბერნატორის), რომელმაც ამ ბაღისათვის საზღვარგარეთიდან და სხვა ადგილებიდან გამოიწერა იშვიათი ეგზოტიკური მცენარეები და დეკორატიული ხეები. ამ ბაღიდან ბევრი ძვირფასი მცენარე გადარგეს ქალაქის ბაღში, სადაც ისინი დღესაც ცოცხლობენ. მეორე ბაღი, რომელსაც საზოგადოებრივი ეწოდება, მოაწყო ბათუმში რუსების მოსვლამდე ყოფილმა ბათუმის საფაშალიკოს მმართველმა ჰამიდ-ფაშამ, იმ კვარტალში, სადაც ამჟამად სამეურნეო მმართველობის შენობა, მშენებარე ტაძარი და თავად ვიზიროვის და კოჩხოევის სახლებია განლაგებული. ამ ბაღს ეწოდებოდა „მელეტომ-ბაღჩა“ და გაშენებული იყო იმ ფულით, რომლებიც შესწირეს ბათუმისა და მისი შემოგარენის მაშინდელმა მოსახლეობამ.

ასე, რომ ქალაქის ბაღის გაშენების პირველი ინიციატივა, რომელსაც შემდგომში ალექსანდრეს ბაღი ეწოდა იმპერატორ ალექსანდრეს საპატივცემულოდ, რომლის დროსაც რუსეთ-თურქეთის უკანასკნელი ომის შედეგად მოხდა ბათუმის ოლქისა და ქალაქ ბათუმის შეერთება რუსეთის იმპერიასთან, ეკუთვნის ამჟამად გარდაცვალებულ სმეკალოვს. პოლიციის სამმართველოს საარქივო საქმეებიდან, რომლებიც მაშინ გაიცა, მოსახლეობის მიერ არჩეულ დეპუტატებთან, ქალაქის მმართველებთან ერთად, როგორც ჩანს, 1881 წ.             დასახელებულმა  მმართველობამ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს მითითებით და ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის მიერ ბაღის გაშენების პროექტის დამტკიცებით პრუსიის ქვეშევრდომ რესლერთან, ფოთის ბაღის გამშენებელთან, 1881 წლის 1 აპრილს დაიდო ხელშეკრულება 10 წლის ვადით შემდეგი მთავარი პირობებით: პირველ ხუთ წელიწადს სწავლული მებაღე რესლერი  ვალდებულია საბოლოოდ გააშენოს ბაღი, მის მიერვე მოწონებული და დაწესებული წესების და მის მიერვე შემუშავებული გეგმის მიხედვით, ამასთან ბაღი უნდა შედგებოდეს ორი განყოფილებისაგან: პარკისა და სასეირნო ბაღისაგან, ეკიპაჟებისა და ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილი გზებით. ამავდროულად  რესლერი ვალდებული იყო 1, 2, 5 და 10 წლის განმავლობაში ბაღში დაერგო ბუჩქოვანი, წიწვოვანი, კვიპარისისა და დეკორატიული (მცენარეები) ხეები; მოეწყო განსაკუთრებული სკოლა ორნამენტული და დეკორატიული ხეებისა და კულტურული განყოფილება ბაღის სასეირნო ნაწილში; ქალაქის მმართველობის მითითებით ქალაქის ქუჩებში დარგოს 4 და 5 წლოვანი ხეები და ეს გააგრძელოს ხელშეკრულების ვადის დამთავრებამდე, ყურადღება მიაქციოს მათ სწორად ზრდას. მებაღეს უფლება ეძლეოდა კულტურული განყოფილებიდან, ისევე როგორც სკოლიდან, ზედმეტი ხეები და (მცენარეები) ნარგავები გაეყიდა თავის სასარგებლოდ, მაგრამ რადგანაც ბაღის ეს ნაწილები ემსახურებოდნენ მებაღის მიერ ხელშეკრულების პირობების პირნათლად შესრულებას, მეხუთე წლის ბოლოს, კულტურული განყოფილებისა და სკოლის ნარგავები სპეციალისტების გაანგარიშებით უნდა ღირებულიყო 1500-დან 2000 რუბლამდე, ხოლო სახელშეკრულებო ვადის ბოლოს (ე. ი. 10 წლის შემდეგ) – 3000 რუბლი.

წარმოებულო სამუშაოზე დაწესებული იყო კონტროლი ხელშეკრულების  მიხედვით ქალაქის მმართველობის საერთო სამსახურის სახით ქალაქის თავის თავმჯდომარეობით, და ყოველწლიური სამუშაოების შედეგების მიხედვით მებაღე ვალდებული იყო შეუსრულე­ბელი სამუშაო დაუყოვნებლივ შეესრულებინა, ზედმეტად შესრულებული სამუშაოები კი მას ეთვლებოდა (შემდეგი) მომდევნო წლის ანგარიშში. და ბოლოს, მებაღის მიერ სახელშეკ­რულებო ვადის გასვლამდე თანამდებობის უმიზეზოდ დატოვება, ისევე როგორც ქალაქის მხრიდან მებაღის უმიზეზოდ  დათხოვნა, ორივე მხრიდან გარანტირებული იყო 3 ათასი მანეთი პირგასამტეხლოთი. სამუშაოების დასაწყებად ერთდროული ხარჯებისათვის ასიგ­ნებული იყო 3500 მანეთი, რომელთაგან ინსტრუმენტების შესასყიდად და მოსაწყობად 650 მანეთი, მებაღისათვის სახლის ასაგებად 2000 მანეთი, მუშების ხარჯისთვის 600 მანეთი და ღობის მოსაწყობად – 300 მანეთი. მებაღესვე დაენიშნა 600 მანეთი შემოსავალი ყოველ­წლიურად.

თუმცა უეჭველია, რომ პირველი და ძალიან მტკიცე საძირკველი საქალაქო ბაღისა, ჩაყ­რი­­ლი იქნა ბ-ნ რესლერის მიერ, რომლის მეშვეობითაც ქ. ფოთში მოეწყო და არსებობდა ბაღი. იგი სარგებლობდა ძალიან სოლიდური და გამოცდილი მებაღის სახელით, მაგრამ როგორც პოლიციის სამმართველოს საქმეებიდან ჩანს, მან მცირე ხანს იმუშავა ბათუმის ბაღში, ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებლად. უკვე ერთნახევარი წლის შემდეგ, კერძოდ, როგორც საპორტო ქალაქ ბათუმის სამმართველოს ჟურნალიდან ირკვევა, 1882 წლის დეკემბრიდან, დადგინდა ქალაქის ბაღის მოწყობის საქმე თავის გამგებლობაში მიეღოთ, რისთვისაც ითხოვდნენ თანხმობას, 1883 წლიდან ხარჯთაღრიცხვაში ორი წლის განმავლობაში წელიწადში 2500 მანეთის შეტანას.  თავის მხრივ, თავად რესლერი, თითქმის მისი მებაღის თანამდებობაზე მოსვლის წლიდანვე მიმართავს ბ-ნ გუბერნატორს და მის თანაშემწეს განუწყვეტელ მოხსენებებით, რომლებშიც ის ჩივის არა მარტო ქალაქის პატრონების მიერ მისთვის ბაღის მოსაწყობად ფულის არააკურატულად მიწოდებაზე, არამედ პირადად მისთვის განკუთვნილი ქონების მითვისების შესახებ, რაც საერთოდ ძალიან ამუხრუჭებდა საქმის წარმატებით მიმდინარეობას. სხვათა შორის, ამ გარემოებას ამტკიცებს ერთ საქმეში შემორჩენილი წერილი, რომელიც ეკუთვნის მაშინდელი ბათუმის პორტოს უფროსს, კონტრ-ადმირალ ა. ი. გრევეს, მებაღეობის დიდ მოყვარულს, რომელიც სამხედრო გუბერნატორის დავალებით მიწვეული იყო ბაღის სამუშაოებზე სამეთვალყუროდ. 1883 წლის 23 სექტემბრის N92, წერილში, ბ-ნი გრევე განმარტავს, რომ მებაღე რესლერზე თანხების არადროულად გადაცემა შეუძლებელს ხდის „ალექსანდრეს ბაღის „აყვავებას“ და ხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას როგორც მებაღისგან, მისგან აღებული მოვალეობების აკურატულ შესრულებაზე, ისე საკუთარი თავისაგან, როგორც ბაღის საქმის მოსაწყობად მიწვეული მონაწილისაგან. ის, აგრეთვე, აფრთხილებს, რომ თუ ეს არააკურატულობა შემდგომშიც გაგრძელდება, მაშინ ის იძულებული იქნება უარი თქვას ამ საქმეში ყოველგვარ მონაწილეობაზე.

1884 წლის 6 ივნისს მებაღე რესლერი გარდაიცვალა, ვერ მოასწრო რა საბოლოოდ დაემთავრებინა მისგან დაწყებული ბაღის გაშენების საქმე, და ერთი წლის შემდეგ, 1885 წლის 4 ივნისის განსაკუთრებული ხელშეკრულებით ალექსანდრეს ბაღისა და მაშინ უკვე დაწყებული ბულვარის მოწყობის ხელმძღვანელად 5 წლის ვადით 1885 წლის 1 იანვრიდან მოწვეული იქნა მებაღე აზნაური მ. ზ. დ’ალფონსი.

დ’ალფონსის ქალაქის მებაღედ დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ წარმოიშვა აზრი ზღ­ვის ჩრდილოეთ ნაპირზე ბულვარის მოწყობის შესახებ, აზრი, მოტივირებული მაშინდელი ქალაქ ბათუმის პოლიცმაისტერის ვოზნესენსკის მიერ – ზღვის სანაპიროზე სასეირნო ადგილის უქონლობის გამო; ამასთან მისი მოწყობის დასაწყისისათვის მოთხოვნილი იქნა 2000 მანეთი; სამუშაოების დაწყებას ხელს უშლიდა შემდეგი გარემოებები: ბულვარის მოსაწყობად მიჩნეული უბნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში აღმოჩნდა ქოხი, რომელიც ეკუთვნოდა სამსახურიდან გადამდგარი უნტეროფიცრის ცოლს, ყოფილ მოწყალების დას სულ ახლახან დამთავრებულ რუსეთ-თურქეთის ომში, ა. შჩერბას, რომელმაც ეს ქოხი შეიძინა მეორე მოსახლისაგან დასაშლელად. აღნიშნულ შჩერბას ამ ადგილიდან გასაყვანად და ქოხის დასანგრევად, რომლის გარეშეც არ შეიძლებოდა ბულვარის მოწყობის სამუშაოების დაწყება, საჭირო დარჩა ნახევარი წელი და მხოლოდ 1884 წლის ბოლოს ადმინისტრაციამ მოახერხა ქოხის დასანგრევად გაყიდვა, ამასთან მის მფლობელს ჯილდოდ ამისთვის გადაეცა 60 მანეთი და ამას ზევით გამოეყო ნაკვეთი მაშინ უკვე დაწყებულ დასახლება გოროდოკში (სლობოდა ხოლოდნაია).

ბულვარის გაშენება, რომელსაც ეწოდა უფლისწულ ნიკოლოზის სახელი, მემკვიდ­რე უფლისწულის საპატივცემულოდ, ამჟამად ბედნიერნი თვითმპყრობელს ნიკოლოზ II-სა, წარმოებდა მებაღეების რესლერისა და რეიერის გეგმის მიხედვით, რომლებიც, სამ­წუ­ხაროდ, არ შემონახულა საპოლიციო სამმართველოს საქმეებში. თუმცა ამ საქმეებში მოი­პოვება ბულვარის და მასზე ვიღაც კასუმოვის მუსიკოსებისათვის აშენებული პავი­ლიონის განაშენიანების გეგმა, რომელიც ითხოვდა ნებართვას ამ სამუშაოების ნარდად ჩატარებაზე, რაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ მას უარი მიუღია, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება ამის დამადასტურებელი არავითარი ცნობა.

1884 წლის ბოლოსა და 1885 წლის დასაწყისში წარმოებდა ბულვარში ნარგავების დარგვა და მასში მხოლოდ ორი ხეივნის განაშენიანება: ერთის ბულვარის ქუჩის გასწვრივ და მეორე ზღვის სანაპიროსთან, და ამ ხეივნებს შორის გზების გაყვანა. პირველდაწყებითი განაშენიანება გაკეთდა ბულვარის დასაწყისიდან ბურუნ-ტაბიეს მიმართულებით ტაძრის შესახვევამდე. შემდგომი განაშენიანება და მისი სიგრძეში გაზრდა ისევ ორი ხეივნით და სათანადო გზებით წარმოებდა: 1886 წელს არტილერიის სახლამდე და 1894 წ. ვოზნესენსკის ქუჩამდე.

ამასთან არ შეიძლებოდა სამუშაოების წარმოება ბულვარის გასაფართოებლად, იმის გამო, რომ ჯერ კიდევ 1888 წ. ზღვა გამოდიოდა თითქმის იმ ადგილამდე, სადაც ახლა დგას ბულვარის საგუშაგო ბუფეტით. მაგრამ ზღვის თანდათანობით უკანდახევამ, მდ. ჭოროხის ჩამონატანების წყალობით, 90-იანი წლების დასაწყისში შესაძლებელი გახადა მეორე და მესამე პარალელური ხეივნის მოწყობა, რაც 1895 წელს დაიწყო და 1897 წ. შეპელევსკისა და ვოზნესენსკის ქუჩებამდე მიაღწია. ამ დროისათვის ბულვარი გრძელდება საპყრობილის შესახვევამდე, ამასთან მისი სიგრძე 470 საჟენია. ბულვარის საერთო ფართობი უდრის 11790 კვ. საჟენს (28,300 კვ.მ.).

ბულვარის სიგანე, ზღვის სანაპიროს მოხაზულობის მიხედვით, ყველგან ერთნაირი არ არის: ასე, რომ დასაწყისში „ბურუნ-ტაბიეს“ სიმაგრესთან ის 51 საჟენს უდრის, შუაში, გოსპიტალის წინ – 25 საჟენს, ხოლო ბოლოში საპყრობილეს შესახვევთან – 9 საჟენს.

ბულვარის მოსაწყობად ისევე როგორც ეს ზემოთაა აღნიშნული, ქალაქის ბაღის შემდგომი სამუშაოები დაიწყო 1885 წელს და წარმოებდა მებაღე დ’ალფონსის მიერ. 1886 წელს კავკასიაში ხელმწიფე იმპერატორის მოსალოდნელი ჩამობრძანების გამო, ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის განკარგულებით, შეიქმნა განსაკუთრებული კომისია ბაღსა და ბულვარში წარმოებული სამუშაოების სამეთვალყუროდ შემდეგი შემადგენლობით: ვიცე-ადმირალი გრევე, ბათუმის მომრიგებელი მოსამართლე გუსონი, საფრანგეთის კონსული დე-ლიაშომი და ქალაქის სასწავლებლის ინსპექტორი ბოგდანოვი. ამ კომისიის გადაწყვეტილებით დ’ალფონსს ხელშეკრულების ვადა გაუგრძელდა 1891 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ მას მოუხდა არენდის ვადის დასრულება. საკრებულოს 1889 წლის 11 მარტის დადგენილებით, მმართველობის მიერ დ’ალფონსთან ხელშეკრულების პირობების არ შესრულების საფუძველზე მომხდარი გაუგებრობის გამო, 18 მარტიდან ის გადაყენებული იქნა მებაღის თანამდებობიდან და კინაღამ პოლიციის დახმარებით გააძევეს ბაღიდან.

სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ დ’ალფონსს ვერ აპატიეს ძალიან დიდი დამოუკიდებლობა ბაღისა და ბულვარის მოწყობის სამუშაოებში. ორივე ეს დაწესებულება ჯდებოდა ძალიან ძვირი და იშვიათი სხვადასხვა სახეობის მცენარეების გამო, რომლებიც მან გადმორგა ჩაქვში საკუთარი მებაღეობის დაწესებულებიდან ქალაქის ხარჯზე, მანამდე კი ქალაქის ბაღშივე, ასევე ქალაქის სასწავლებელში გადმორგული იქნა მებაღე რესლერის მიერ რამდენიმე ძვირფასი ხე და მცენარე გუბერნატორის სახლის ბაღიდან, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. ამასთან ეს ბაღიც გაშენებული იყო იმავე რესლერის მიერ.

დ’ალფონსის შემდეგ, კერძოდ 1889 წლის მაისიდან 1898 წლამდე ბაღსა და ბულვარს ხელმძღვანელობდა რესლერის ყოფილი მოწაფე, პრაქტიკოსი მებაღე ნ. ტყებუჩავა. ამასთან ყველა სამუშაოებს 1895 წლამდე ხელმძღვანელობდა მმართველობის ყოფილი წევრი ა. ი. კოინდერი, მემცენარეობის დიდი მოყვარული, რომელიც ყოველთვის დიდი სიყვარულითა და გულისყურით ეკიდებოდა მასზე დაკისრებულ საქმეს, უძღვნიდა რა მას ადრე დილის საათებსა და თითქმის მთელ სადილობის შემდეგ დროს. 1898 წ. თებერვლიდან 1902 წლამდე მებაღედ მოწვეული იყო ნიკიტის სასწავლებლის კურსდამთავრებული აკ. ხოშტარია, ამჟამად გაგარინის კლიმატური სადგურის ხელმძღვანელი; 1902 წ. აპრილიდან ამ დრომდე მებაღედ არის თბილისის მებაღეობის სადგურის კურსდამთავრებული დ. ლიონიძე.

 ბაღისა და ბულვარის მოწყობა, შემდგარია, განსაკუთრებით ბულვარი ქ. ბათუმის მშვენებაა, მაგრამ ჯერ კიდევ დაუმთავრებელია. აქაურმა კლიმატურმა და ნიადაგურმა პირობებმა მოითხოვა დიდი ძალისხმევა და ხარჯები, ბათუმში განსაკუთრებით ზაფხულში და შემოდგომაზე ხანგრძლივი წვიმების და ჰაერის ტენიანობის მიუხედავად, აქ ისეთი გვალვები იცის, რომ გარდაუვალია მიმართო ნარგავების ხელოვნურ მორწყვას ბაღსა და ბულვარში. ამაზე მიაქცია ყურადღება ბაღის მოსაწყობი სამუშაოების დაწყების წინ მებაღე რესლერმაც, ითხოვა რა, მორწყვისათვის ტბის წყალის უხარისხობის გამო, გამოეყვანათ ჯერ კიდევ თურქეთის ხელისუფლების დროს მოწყობილი  წყალგაყვანილობიდან წყალი და მასში რამდენიმე ადგილას მოეწყოთ აუზები და ჭები, რაზეც ჯერ კიდევ 1884 წელს ასიგნებული იყო 300 მანეთი, თუმცა წყალი მოგვიანებით გამოიყვანეს, კერძოდ, 1886 და 1887 წლებში. იქამდე კი ნარგავების მორწყვა ბაღში ხდებოდა ჭიდან ამოქაჩული წყლით. უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენდა, განსაკუთრებით ბულვარში, ნიადაგი. ალექსანდრეს ბაღის უაღრესად თხელ ნიადაგს, მსხვილი სილის მნიშვნელოვანი მინარევით, განსაკუთრებით ხშირი წვიმები და ბათუმის თბილი კლიმატი, რომელიც იწვევს სწრაფ გამოშრობასა და გამორეცხვას მასაზრდოებელი ნივთიერებებისა, საჭიროს ხდის ყოველწლიურ აუცილებელ მნიშვნელოვან დანახარჯებს სასუქებზე, რომლის უკმარისობა ადგილზე კიდევ უფრო ართულებს სამუშაოების ნორმალურ წარმოებას.

ბულვარში, საკუთარი ნიადაგი საერთოდ არ არსებობს: ბულვარის მთელი ტერი­ტორია წარმოადგენს მსხვილი ხრეშის მძლავრ ფენას, მოტანილს ზღვის მოქცევისას მდ. ჭოროხის ჩამონატანებიდან. ამის გათვალისწინებით აქ დარგვა წარმოებს ორმოებსა და მეტ- ნაკლებად ფართო არხებში 2-2 1/2  არშინ სიღრმეზე, რომელშიც ხრეში შეცვლილია ხელოვ­ნური ნიადაგით თიხის, სილისა და ნაკელის შემადგენლობით, რომელიც მოაქვთ მეზობელი ადგილებიდან. სამუშაოს ეს ნაწილი – ნიადაგის სასუქით გამდიდრება, როგორც ადრე, ახლაც შეადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხარჯს ბაღისა და ბულვარის შენახვისას, მუშაობაში ყველა სიძნელეების მიუხედავად, როგორც ალექსანდრეს ბაღი, ისე მეფისწულ ნიკოლოზის ბულვარი რამდენიმე წელიწადში გაიზარდა და მიიღო სრულად კეთილმოწყობილი სახე: ბულვარი, თავისი მდგომარეობით, ზომითა და სილამაზით წარმოადგენს ბათუმის ყველაზე წარმტაც ნაწილს, რომლისაც, ამ მხრივ, ბევრ ზღვისპირა ქალაქს შეშურდებოდა.

ბათუმის გავლით, იშვიათია ვინმე მაღალი თანამდებობის პირს ემოგზაურა, რომ არ სტუმრებოდა ბაღსა და ბულვარს, 1888 წ. თავისი სტუმრობით კავკასია გააბედნიერა ღმრთისგან დალოცვილმა ხელმწიფე იმპერატორმა ალექსანდრე III, უავგუსტეს ოჯახთან ერთად. ბათუმში გავლისას 25 სექტემბერს აღნიშნული წლისა, ხელმწიფე იმპერატორმა და უავგუსტესმა ოჯახმა ინება ქალაქის ბაღში დაერგათ შემდეგი ნარგავები: იმპერატორ ალექსანდრე III – Magnolia grandiflora,  ხელმწიფე იმპერატრიცა მარია თევდორეს ასული – Cedrus  Deodora,  მეფის მემკვიდრე ნიკოლოზ, ახლა მეფე ხელმწიფე იმპერატორი  ნიკოლოზ II – Cuninghamia Sinehsis და დიდი მთავარი გიორგი ალექსანდრეს ძე – Olea ilicofolia  და Cedrus Deodora.  1888 წელსვე მისმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამ დიდმა მთავარმა მიხეილ ნიკოლოზის ძემ ინება ბაღში დაერგა Magnolia grandiflora,   ხოლო 1896 წ. დიდი მთავრის ალექსანდრე მიხეილისძის მიერ დაირგა  Querebus Suber. ნარგავთა რიცხვიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს მაღალჩინოსანმა პირებმა გააკეთეს, ყურადღებას იქცევენ შემდეგნი: მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების მინისტრი ა. ს. ერომოლოვი – Magnolia grandiflora,   (1897 წ.), ყოფილი სამხედრო მინისტრი ვანოვსკი – Agave  Americana (1886 წ.), ყოფილი ფინანსთა მინისტრი ვიშნეგრადსკი – Chamaerops excelesa (1890 წ.), ყოფილი სამიმოსვლო გზების მინისტრი გიუბენეტი – Retinispora aurea (1890  წ.), E. U. B.  პრინცი კ. პ. ოლდენბურგი – Pinus Austriaca (1834 წ.), იუსტიციის მინისტრი ნ. ვ. მურავიევი – Laurus nobilis (1895 წ.) და სხვა.

ქალაქის ალექსანდრეს ბაღი, 13518 კვ. საჟენი ფართობით, განთავსებულია ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მარინის პროსპექტის ბოლოს, ტბა „ნურიე გელის“ აღმოსავ­ლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს და შედგება საკმაოდ კარგად ფორმირებული ძვირ­ფასი წიწვოვანი და დეკორატიული მცენარეებისაგან, რომელთაგან ბევრი დარგულია მაღალი თანამდებობის პირთა მიერ. მიმდინარე 1903 წლამდე ალექსანდრეს ბაღი შედგებოდა სასეირონო და სანერგე განყოფილებისაგან, მაგრამ ამ წლის გაზაფხულიდან სანერგე აქედან  გადაიტანეს ქალაქის სასაკლაოს მიმდებარე უბანში, მდ. მეჯინი -სუზე, ქალაქიდან ორი ვერსტის მანძილზე, სადაც ჩამოტანილი თიხის მდიდარი და ღრმა ნიადაგი უფრო უზრუნველყოფს, ყველა თვალსაზრისით, სანერგეში ნარგავთ გაზრდას და ამცირებს ხარჯებს სასუქებზე, რადგანაც სასაკლაოსთან არის მუდმივი მარაგი ნაკელის სასუქისა. ადგილი, დაკავებული 1903 წლამდე  ქალაქის ბაღში სანერგის მიერ, გათვალისწინებულია ბათუმის ბოტანიკური განყოფილებისათვის, რომლის მოწყობა დაიწყება მ/წლის შემოდგომაზე.

ბაღის ნარგავთა ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია და შედგება სხვადასხვა სახეობის და მრავალგვარი წიწვოვანი, მარადმწვანე, დეკორატიული და ფოთლოვანი ჯიშის ხეებისაგან და ბუჩქებისაგან.

წიწვოვანი მცენარეებიდან საყურადღებოა: Abies excelsa, Abies Nordmaniana, Araucaria imbricata, Casuarina  tenuissima, Cuninghamia  sinensis, Cedrus Deodora, Chamaecyparis Lawso­niana, Chamaecyparis argentea, Criptomeria Japonica და elegans,   Cupressus pyramidalis, Horizon­talis, funebris, macrocarpa, pungens, peruviana; Frenella glauca, cricoides და Australis, Juniperus virginiana,  Libocedrus decurrens, სხვადასხვა სახეობა Pinus, Keinosporaurea და ARGENTEA, Taxodium distichum,  Taxus baccata, სხვადასხვა სახეობა  Thuia და სხვ.

მარადმწვანეებიდან ბაღში მოიპოვება: Arbutus unedo, Acacia Dealbata და melanoxylon,  Agave  americane, Aralia papyrifera, Arundo-donax, Azalea Japonica, ასორტიმენტი (13 სახეობა) Bambusa, სხვადასხვა Buxusu, camellia japjnica, Dracaena  indivisa, ასორტიმენტი  Eucalyptus’oвъ, gynerium  argenteum, gardenia radicans, grevillea  robusta, Magnolia  grandiflora, Musa  martini, Mespilus japonicas,  Citrus  Limonum,  Laurus  Camphora, Camphora officinalis, Pittosporum  Tobirae,  Phormiu,  tenax, Philocereus Houlettii,  Nerium oleander, quercus:  Suber, ilex, და Japonica, Vibunum tinus, Vucca recurvata,. filomentosa და  alofilia, Olea ilicifolia და fragrans და მრავალი სხვა.  არის აგრეთვე ფოთლოვანთა დიდი ასორტიმენტი  Chamaerops exelsa, Phoenix canariensis,  Cabal  palmeta და  Cecas revolute.

თითქმის იგივე ნარგავებია ძირითადად წარმოდგენილი ქალაქის ბულვარშიც. ნარგავთა ჯგუფი ალექსანდრეს ბაღში და ბულვარში საკმაოდ მრავალფეროვანია. მცენარეები დაჯგუფებულია ან ცალკეული კულტურულ  სახეობებად (უმთავრესად წიწვოვანები), ან ხეივნებად. ზოგანაც არის მეტ-ნაკლებად ვრცელი სპეციალური წიწვოვანი მცენარეების უბნები კლუმბებში (ყვავილნარებში) ყველგან გავრცელებულია გაზონები და ზოგიერთ ადგილას ყვავილის ხალიჩები.

ბაღისა და ბულვარის საერთოდ ყველა ნარგავების მოსავლელად ქალაქის დაწესებულებებსა და მის ქუჩებში დასაქმებულია ერთი მებაღე, 800 მანეთი ხელფასით, 400 მან. ბინის ხარჯით წელიწადში; მებაღის დამხმარე (თანაშემწე) 420 მან. ხელფასით. წელიწადში და 12 ბაღის მუდმივი მუშა და დარაჯი, რომლებიც თვიურად ღებულობენ 20-დან 25 მანეთამდე. ქალაქის საერთო ხარჯი წლიურად ბაღისა და ბულვარის სანერგის შესანახად შეადგენს 9 ათას მანეთამდე. ბაღისა და ბულვარის მთელი ხარჯი ამ დროისათვის გამოიხატება მრგვალ თანხაში 115 ათასი მანეთის ოდენობით.

დასკვნის სახით უნდა მივუთითოთ, რომ ბაღების უმრავლესობა, რომლებიც ეზოებს ალამაზებს, როგორც კერძო საცხოვრებელ სახლებში, ასევე მრავალ დაწესებულებებში ბათუმში, თავის წარმოშობას უნდა უმადლოდეს ქალაქის ბაღსა და სანერგეს. ამ უკანასკნელებმა მისცეს მასალა ქალაქში ზოგიერთი ქუჩის განაშენიანებას, აგრეთვე მიმდინარე 1903 წელს 120 საწოლზე საავადმყოფოს ბაღისა და ნახევრადბაღნარების გასაშენებლად ქალაქის ახალი საზოგადოებრივი მმართველობის შენობის წინ.

 

რუსულიდან თარგმნა უჩა ოქროპირიძემ.