შემოგვიერთდით
კატეგორია / დღიურები   37 ნახვა    3 თვის წინ
Bunyamin Kivrakinin, Hatije Tarkan Doganaynin ve Emre Althunerinin Bularin Turkye (Tarjume eth)


ბუნიამინ კივრაკის,  ხატიჯე ტარკან დოღანაისა და ემრე ალთუნერის თურქეთი

2018 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ქობულეთიდან სრულიად მოულოდნელად დამირე­კეს და თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის ვილაეთის ქალაქ ვეზირქიოფრუს სადღესასწაულო ფეს­ტივალზე სტუმრად მიმიწვიეს, რომელიც ამავე წლის 23-25 აგვისტოს უნდა გამართულიყო. ფესტივალზე გამგზავრების ორგანიზატორ ქ. ქობულეთის მუზეუმის დირექციისათვის (დირექტორი რეზო ტა­კიძე), ასეთი თავაზიანი ჟესტის გამო, მადლობის მეტი რა მეთქმოდა და მეც დიდი სიამოვ­ნებით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. ფესტივალზე ჩვენთან ერთად წამოვიდა ლიეტუვას სახელმწიფოს ფოლკლორული ანსამბლი „Spigens” (12 პირის შემადგენლობით), დიანა ბომბლაუსკაიტეს ხელმძღვანე­ლობით.

ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქობულეთის მუზეუმის დირექტორი ბატონი რეზო ტაკიძე, ხოლო მისი წევრები იყვნენ - გია ჩხარტიშვილი (თარჯიმანი), რუსლან სურმანიძე (მუზეუმის თანამშრომელი), მე, უჩა ოქროპირიძე და ორი ჟურნალისტი TV 12-დან, - ნაირა ქობულაძე და ეკა ბერიძე.

ბათუმიდან გავედით 22 აგვისტოს, დილის 9-ის წუთებზე. სარფის საბაჟო გავიარეთ და მასპინძლების მიერ ვეზირქიოფრუდან გამოგზავნილ კეთილმოწყობილ ავტობუსში გადავბარგ­დით (კიდევ კარგი, რომ დამხვდურთაგან არავის უნახავს სარფთან  მიმყვანი  ჩვენი ყვითელი, სამარცხვინოდ მოფახფახე, სახაზო ავტობუსი...).  უკვე საღამოსთვის ვეზირქიოფრუს ერთ-ერთ სას­ტუმროსთან მომლოდინე ჩვენს გულღია და კეთილგანწყობილ მასპინძლებს - ბუნიამინ კივ­რაკს, რეშატ გუმუშს და ხატიჯე ტარკან დოღანაის - შევხვდით. გულითადი ურთიერთ მოკითხ­ვებისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ, მათ იქვე სასტუმროში გვავახშმეს. ვახშმობისას კი გაგვაცნეს სახელდახელოდ ჩვენთან შესახვედრად მოწვეული, აქაური სიძველეების ცნობილი მკვლევარ-არქეოლოგი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი რაინერ მარია ცზიხონი, რომელმაც იქ­ვე გადმოგვცა მისი თანაავტორობით გამოცემული მეტად საინტერესო წიგნი „Neoklavdiopolis An­tik Kenti” („ნეოკლავდიოპოლისის ანტიკური ნაქალაქარი“) და ბუკლეტი სათაურით „Neoklav­di­o­polis, Nerik, Andrapa, Vezirkiofru, Kiopru, Neapolis, Gedagra”. შემდეგ კი, როცა მას თავის არქე­ო­ლოგიურ ბაზაზე, სოფელ ოიამააგაშში ვეწვიეთ, კვლავ გვაჩუქა მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული, უაღრესად საინტერესო ისტორიული და არქეოლოგიური შინაარსის შემცველი კრებული - „Aktual Arkeoloji Dergisi” („არქეოლოგიის აქტუალური საკითხები“), რომელშიც თავად რაინერ მარია ცზიხონისა და სხვა თურქეთში მოღვაწე ცნობილი არქეოლოგების გარდა, გან­თავსებულია ჩვენი თანამემამულის, მსოფლიოში უკვე საკმაოდ ცნობილი, წარმოშობით ქართვე­ლი მეცნიერ-მკვლევარის, მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორის, ბატონი გოჩა ცეცხლაძის ნაშრომი „Hellen Kolonizasyonu Karadeniz” („შავი ზღვის ბერძნული კოლონიზაცია“).

 ჩვენგან უღრმესი პატივისცემის ღირს ბატონ რაინერს ბოდიშს ვუხდით, რომ თურქული ენის არცოდნის გამო ვეზირქიოფრუშივე ვერ შევძელით ამ საინტერესო კრებულის (აღნიშნული კრე­ბულის ზოგიერთი სტატიის მაინც)  გაცნობა და მასთან ოიამააგაშის ბორცვზე ყოფნისას და­წყებული მეტად საინტერესო საუბრის გაგრძელება, რომელიც ხეთურ ცივილიზაციასთან კავკა­სიის უძველესი კულტურული მოსახლეობის ურთიერთობის საკითხს ეხებოდა. მაგრამ დღეს შეგ­ვიძლია ვთქვათ, რომ  ჩვენც სრულიად ვიზიარებთ  ბატონი რაინერის მიერ ბუკლეტსა და ზემოთ აღნიშნულ წიგნში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ მის მიერ შესწავლილი თუ დასახელებული ძეგლები - ოიამააგაში (ნერიკი), ჰოიაიუკი, ყიზილარდა, წინა და შუა ტუნჯი, თუ აქვე მოხსე­ნიებული მრავალი სხვა - სრულად ფარავს პერიოდს ადრებრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. აღ-ის 5000-3000 წლები), რკინის ხანამდე და ელინისტურ პერიოდამდე (ძვ. წ. აღ-ის 1200-330 წლები).

სასტუმროში პირველივე ვახშმობის დროს მოვიდა და ჩვენს დელეგაციას სპეციალურად  გაგვეცნო ქ. ვეზირქიოფრუს მერი, იბრაჰიმ სადიკ ედისი, რომელმაც ვახშმობის შემდეგ ქალაქის ბაღში ჩაიზე მიგვიპატიჟა, სადაც შედგა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და საუბარი შინაურულ ატმოსფეროში. ვეზირქიოფრუს მერს თავის პატარა ქალაქში თითქმის ყველა იცნობს, აქ იგი საკმაოდ თავდაჯერებულად გრძნობს თავს, ყოველგვარი ამალის გარეშე დასეირნობს და ყველას მიმართ თავაზიანობასა და ყურადღებას იჩენს...

ქალაქში ამგვარი გასეირნების შემდეგ მიგვიყვანეს „სასტუმროში“, რომელიც სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთი ბლოკი აღმოჩნდა. იგი დაყოფილია 3-3 და 2-2 ადგილიან კეთილმოწყობილ ნომრებად, რომელშიც განლაგებულია კარგად დაგეგმარებული კომპლექსი - ტუალეტით, აბანოთი და პირსაბანით, რომლებიც ყოველთვის უზრუნველყოფილია ცივი და ცხელი წყლით. აქვე თითოეულ ბინადარზე, მათი ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებულია საკმაოდ კომფორტული საწოლები სათანადო განჯინებითა და სკამებით,  სასწავლო თუ სხვა, მასთან დაკავშირებული პროცესისათვის მოხერხებული მაგიდებით, საწიგნე-კარადებით და სწავლისათვის აუცილებელი გარემოთი; აქვეა ტანსაცმლისა და პირადი მოხმარების სხვა ნივთებისათვის ცალკ-ცალკე პერსონალური, სათანადო ინფრასტუქტურის მქონე კარადები. „სტუდ-ქალაქის“ ეზოში მოწყობილია პატარა მოედანი მინი-ფეხბურთის კალათბურთის, ფრენბურთის სათამაშოდ. კომპლექსს იცავს სათანადო სამსახური.

ყოველივე ამან და თურქეთის რესპუბლიკაში ნახულმა სხვა გარემოებებმაც შეგვიქმნა შთაბეჭდილება, რომ აქ მომავალი თაობის ნორმალურად სწავლა-განვითარებისა და მათი პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდისათვის, ბევრი რამ კეთდება. მრავალთა შორის ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებათა რიგს, ჩვენი აზრით, მიეკუთვნება ვეზირქიოფრუს მუნიციპალიტეტში კუნდუზის მთაზე გამართული ხელოვნების, სპორტის, კულტურისა და ტურიზმის ფესტივალი. აქ  სპეციალურად აგებულ სპორტულ მოედანზე, რომელზედაც დაბალი ბალახი ბიბინებს, იმართება ხალხმრავალი შეჯიბრი საგანგებოდ თურქულ ჭიდაობასა, დოღსა თუ სპორტის სხვადასხვა სახეობებში. აღნიშნულ სპორტულ ღონისძიებაზე თავს იყრიან თურქეთში სახელ განთქმული ფალავნები თუ სხვა ცნობილი სპორტსმენები. ფესტივალის მთელ მიმდინარეობას კი უმთავრეს მახასიათებლად გასდევს სპეციალურად ამისთვის მომზადებული დეკლამატორების მიერ გაჟღერებული პატრიოტული სულისკვეთების მატარებელი მოწოდებანი და ამავე საკითხთან დაკავშირებულ ეპიკურ ამბავთა გახსენება-თხრობა.

აღსანიშნავია კუნდუზის მთაზე გამართული ამ მეტად საინტერესო ღონისძიების საერთო-სახალხო ხასიათი და არნახული მასიურობა, რომელშიც ათეულ ათასობით ადამიანი ხალისით მონაწილეობს. ამასთან მათ აქ ბაზრობაზე გამოაქვთ თავიანთი სოფლის მეურნეობის  თითქმის ყველა დარგის, ხელოსნობის, ხალხური რეწვის ნიმუშები,  თუ იქვე შექმნილი კულინარიული ნაწარმის უნიკალური შედევრები, რაც ამ ჭეშმარიტად სახალხო ზეიმს კიდევ უფრო მეტ შინაარსსა და გრანდიოზულობას სძენს. აქედან ჩვენმა კეთილმოსურნეობით აღსავსე მასპინძლებმა მიგვიწვიეს სპეციალურ ნაკრძალში ირმების ჯოგის სანახავად. მაგრამ მყვირალობის სეზონის დაწყების გამო, ირმებმა ჩვენს ნახვას თავიანთ გულის სწორებთან განმარტოება არჩიეს და მათთან შეხვედრით  ვერ გავიხარეთ; თუმცა ბუნების არნახულმა მშვენიერებამ რამდენადმე შეგვივსო ეს დანაკლისი.

ჩვენ ასევე თანამონაწილენი გავხდით 24 აგვისტოს დილით ქალაქ ვეზირქიოფრუში გამართული, (თუმცა მცირე მასშტაბის  -უ. ო.) ანალოგიური სულისკვეთების ღონისძიების -   „განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის ფესტივალის“ საზეიმო გახსნისა, რომელშიც მონაწილეობდნენ ძველ თურქულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი და ასევე ძველი ეროვნული ინსტრუმენტებით აღჭურვილი მუსიკოსთა გუნდი, ამასთან მოხდენილ, ჯიშიან ცხენებზე ამხედრებული ძველი ოსმალური პერიოდის სამხედრო ფორმებში გამოწყობილი მხედრები. მათ, ღონისძიებაზე შეკრებილ ხალხთან ერთად, თურქული მარშის ფონზე, გაიარეს ქალაქის ქუჩები და მის მთავარ მოედანზე გამართეს შთამბეჭდავი სანახაობა, რომელიც, ჩვენი აზრით, თურქეთის წარსულთან და ვეზირქიოფრუს ილჩეს ისტორიასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ვიქრობთ, რომ აქ ოსმალეთის იმპერიის დროინდელი სცენების წარმოჩენა-გახსენებაც, დღევანდელი თურქეთის ხელისუფალთა აზრით, ახალგაზრდობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას უნდა ემსახურებოდეს...

 სხვადსხვა ღონისძიებებში მონაწილეობის შემდეგ იმავე დღის საღამოს შედგა მთავარი აქტი, რისთვისაც ვეზირქიოფრუში მიგვიწვიეს  - ეს იყო ვეზირქიოფრუს სადღესასწაულო ფესტი­ვალისადმი - „განათლება, კულტურა, სპორტი და ტურიზმი“ - მიძღვნილი საზეიმო გალა კონცერტი, (იგი მიყავდა ჩვენს გულითად მასპინძელს ბუ­ნიამინ კივრაკს),  რომელიც გახსნა ვეზირქიოფრუს ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა (ხე­ლ­მძღვანელი რეშატ გუმუში); მასში მონაწილეობა მიიღეს მეზობელი რეგიონებიდან მობილიზებულმა რამდენიმე ფოლკლო­რულმა კოლექტივმა და ჩვენმა ლიეტუვაელმა მეგობრებმა, რომლებმაც თავზე აიღეს საფესტი­ვალო გალა კონცერტის მთავარი ტვირთი, - საკმაოდ შთამბეჭდავად შეასრულეს ლიეტუვაური ფოლკლორის სხვადსხვა ნიმუშები, - იმღერეს, იცეკვეს და არც ჩვენ, მეგობრები დავვიწყებივართ, - ერთ-ერთი ცეკვა გუნდთან ერთად მე და რეზო ტაკიძესაც შეგვასრულებინეს.

მანამდე კი, იმავე დღეს, დილით დაგვათვალიერებინეს ვეზირქიოფრუს ახალ აშენებული, გრანდიოზული მთავარი მეჩეთი, სადაც გადავიღეთ მისი გარე და შიდა ხედები და სამახსოვრო სურათები. ჩვენთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა მეორე დღეს ქალაქის შედარებით ძველ უბანში ერთ-ერთ უძველეს საკულტო ნაგებობასა (რომელშიც ახლა მეჩეთია განთავსებული -უ. ო.) და მის ეზოში აღმოჩენილი არტე ფაქტები.  დავათვალიერეთ  ქალაქის რესტავრირებულ ძველ უბანი, სადაც ვნახეთ ქალაქის ამ უბანში ტრადიციად ქცეულ გასეირნებაზე გამოსული უმშვენიერესი მეფე-დედოფალი, გავესაუბრეთ მათ და გადავიღეთ სამახსოვრო სურათები; დავათვალიერეთ აქვე არსებული ქალაქის ეთნოგრაფიული მუზეუმი, აღდგენილი ქარვასლა და ჩაის სამოვრების ძველი,  უნიკალური ბაზარი.

ზემოთ აღნიშნული ძველი ნაგებობის, ახლა უკვე მეჩეთად გარდაქმნილი  შენობის მიერ გან­ვლილ ტრაგიკულ ისტორიაზე მოგვითხრობს მისი დასავლეთი კედლის კუთხეში, საძირ­კვე­ლ­თან ჩატანებული ქვის უძველესი სტელა, რომელზეც წარმოდგენილია რომაელი ცნობილი მთავარსარდლის გნეიუს პომპეუსის მიერ ძ. წ. აღ-ის პირველ საუკუკუნის 60-იან წლებში აქ დაარსებული უძველესი ქალაქის, ნეაპოლისის მომდევნო, რომის იმპერიის დროინდელ, ახ. წ. აღ-ის პირველ საუკუნეში კლავდიოპოლისად გადანათვლისა და მისი შემქმნელი თუ ადრინდელი მესვეურების წაშლა-აღმოფხვრის სამწუხარო დრამა.

ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა აგრეთვე, აღნიშნული მეჩეთის გვერ­დით ეზოში ბრწყინვალედ შემონახულმა ტაძრის კაპიტელის მარმარილოს საყრდენმა თავმა, რო­მ­ლის ერთ-ერთ ოვალურად გამოყვანილ გვერდზე მკაფიოდ არის ამოკვეთილი ბოლნური ჯვარი. თუ მხედველობაში მივიღებთ ქალაქის ცენტრში ბაღის ტერიტორიაზე მასპინძლების მიერ ანტი­კური პერიოდის  (მასპინძლები მას გნეიუს პომპეუსის მიერ აშენებული ქალაქ ნეაპოლისის დრო­ინ­დელ ნაშთებად მიიჩნევენ) ნარჩენებს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ქალაქმა მისი დაარსებიდან, ანუ ნეაპოლისის პერიოდიდან დღევანდლამდე, მეტად მრავალწახნაგოვანი და საინტერსო ისტო­რია განვლო, რასაც ადასტურებს მის ტერიტორიაზე საკმაოდ მრავლად აღმოჩენილი არტე ფაქტე­ბი ანტიკური ხანიდან მოყოლებული წარმართულ-წინარექრისტიანულ, ქრისტიანული თუ ის­ლა­მური კულტურის ძეგლებით. ანტიკური, ანუ წინარექრისტიანული, წარმართული პერიოდის ჯერ კიდევ შეუფასებელ ძეგლს უნდა წარმოადგენდეს აგრეთვე შაჰინკაის კანიონზე არსებული კლდეში ნაკვეთი კიბეები, მის თავზე გაშენებული დღესაც ცოცხალი ზეთისხილის ბაღით, რო­მელიც, ჩვენი აზრით, აქ არსებულ ქალღმერთ ათენას კულტთან დაკავშირებულ უძველეს ტრადი­ციაზე უნდა მიგვანიშნებდეს.

აქვე მინდა ავღნიშნო ერთი, ამ ღონისძიების მსვლელობისას დაფიქსირებული მეტად მნიშვნელოვანი, ქართული პოლიტელიტის ფსიქოლოგიისათვის უცხო, მაგრამ თავისი შინაარსით შთამბეჭდავი ნიუნსი.

როდესაც ფესტივალის გალა-კონცერტზე დასასწრებად ქალაქის საზოგადოებამ ცენტრალურ მოედანზე, სახელდახელოდ გაკეთებული სცენის წინ, შეკრება დაიწყო, მაყურებელთა სკამები წინა რიგებში სწრაფად აღმოჩნდა დაკავებული და ვეზირქიოფრუს მერის გვერდით და გასწვრივ ადგილი აღარ დარჩა... ამ დროს სახელდახელო სცენის ასასვლელი კიბის ქვედა საფეხურზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩამომჯდარი იყო საკმაოდ ახალგაზრდა, სიმპატიური მამაკაცი და ყოველგავარი ამბიციისაგან თავისუფალი, მშვიდად ადევნებდა თვალს მის თვალწინ მიმდინარე წინა საკონცერტო სამზადისს, სანამ ფესტივალის ორგანიზატორებმა არ შენიშნეს და ქალაქის მერის გვერდით განთავისუფლებულ სკამზე არ მიიწვიეს. იგი ვეზირ­ქიოფ­რუს ილჩეს კაიმაკამი (ვეზირქიოფრუს ილჩეში სამსუნის ვილაეთის გუბერნატორის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული - უ. ო.), ემრე ალთუნერი აღმოჩნდა. საერთოდ, უნდა ავ­ღნიშნოთ, ემრე ბეისთან  ჩვენი  ურთიერთობისას დაფიქსირებული მისი თავისუფალი, მეტად უბ­რა­ლო, ადამიანური თვალსაზრისით, მიმზიდველი  და უშუალო მანერა. იგი ფესტივალის გალა-კონცერტის დამთავრების შემდეგ ჩვენთან ერთად ჩაჯდა კომფორტულ მიკროავტობუსში  და ქალაქ ამასიაში (ქ. ვეზირქიოფრუდან 100 კმ-ზე მეტ მანძილზე) იქ მიმდინარე საზეიმო კონ­ცერტზე დასასწრებად წაგვიყვანა. ამ  კონცერტის შინაარსიც ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდის საკმაო ნიუანსებს შეიცავდა და იგი დასრულდა დამსწრე საზოგადოებაზე ქალაქ ამასი­ის  მერის (ქალბატონი ბრძანდებოდა) მიმართვით, რომელშიც მან თანამოქალაქეებსა და მობრძა­ნე­ბულ   სტუმრებს მიულოცა ყურბან ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაული და წარმატებები უსუ­რ­ვა მათ. იქედან მომავლები, კაიმაკამმა რესტორანშიც დაგვპატიჟა და გულიანადაც გვიმასპინძლა...

ჩვენი აზრით, თურქეთის ისტორიულ წარსულზე იყო ორიენტირებული ვეზირქიოფრუს გარეუბანში სახელდახელოდ მოწყობილ მოედანზე გამართული თავისებური ყაბახიც, სადაც ცხენზე ამხედრებული მშვილდოსნები, ერთმანეთს  მიზანში სროლაში ეჯიბრებოდნენ. ცხენოსნების მიერ გამართულ ყველა აქტივობაში მონაწილეობდა უმშვენიერესი ამორძალი ფაზიე, რომლის წინაპარიც, ჩვენი მასპინძლების გადმოცემით, ყირიმელ დიდგვაროვანთა (ხანები) შთამომავალი იყო; ალბათ, ამიტომაც ასპარეზობის დამთავრების შემდეგ  ამ ულამაზეს ქალბატონთან ყველას ფოტოსურათის გადაღება სურდა.

უნდა ვთქვა, - ადრევე თურქეთში 2015 წელს მოგზაურობისას  თორთუმის ჩანჩქერისა და ას­­ევე ახლახან ვეზირქიოფრუს მახლობლად ნანახი შაჰინკაის კანიონის ხელოვნურად შექმნის ისტორიამ, მაფიქრებინა, რომ საერთოდ თურქები სილამაზისა და მშვენიერების დიდად  მოტრ­ფიალე ხალხი უნდა იყვნენ. თუმცა ეს მისწრფება ზოგჯერ აუნაზღაურებელი მსხვერპლის ფასად  შეიძლება დაკმაყოფილდეს, - მაგრა, თავად მშვენიერებისაკენ ეს დაუოკებელი ლტოლვა აქ, ჭეშ­მარიტი და ყოველგვარ ქვენა გრძნობას მოკლებული ის დიდი ადამიანური საიდუმლოა, რომელ­საც ადამის მოდგმა ღმერთმა თავისი სულის შთაბერვით აზიარა. ამიტომაც არის მათში მშობლი­ურად მიჩნეული მიწის პირველყოფილი ვნებით აღვსილი უსაზღვრო სიყვარული. ეს, თავს გახ­სენებს ყველგან; ავიღოთ თუნდაც თურქეთის შავიზღვისპირა სანაპიროს საქალაქთა­შორისო ინ­ფრა­სტრუქტურა, სადაც თანამედროვეობის მიღწევებით აღჭურვილი გზები ისე მიუყ­ვება სანაპი­როს, რომ ყველას, ვინც მასზე გაივლის, მისი ერთმანეთში გარ­და­­მავალი უმშვენიერესი პანორამე­ბის არა მარტო თავისუფლად ხილვის, არამედ მათი განუმე­ორებელი სილამაზით ტკბობის შესა­ძ­ლებლობაც ჰქონდეს. აქ, სანაპირო ქალაქს  თავისი ბუნებ­რივი უბე და ნავთსაყუდელი თუ არ გა­­აჩნია, ის ხელოვნურად არის მის მახლობლად შექმნილი (ხშირად რამდენიმეც) თავისი იახტ-კლუბებით, თევზსაჭერი თუ ნაოსნობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ინფრასტრუქ­ტუ­რით. საერთოდ, აღსანიშნავია თანამედროვე თურქეთის საქა­ლაქ­თაშორისო ავტომაგისტრალე­ბის, ავტობანების მაღალტექნიკური აღჭურვილობა, საჭირო ადგილებზე თავისი  გვირაბებითა, ერთმანეთზე მიშენებული სხვადსხვა ქალაქებში მიმავალი გადასახვევებითა და ავტოსტრა­დე­ბით, რომლებთან შედარებით საქართველოს შესაბამისი დარგი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძ­ლებს, - ამ, უმთავრესად სოფლის გზების დონის ინფრასტრუქ­ტურით, ჩვენი გაცხარებული ფარ­თი-ფურთი ევროპაში შესასვლელად, მხოლოდ გულსაკლავ სანახაობად გამოიყურება და ალბათ, ირონიულ ღიმილსაც კი ჰგვრის ზოგიერთებს... (ისე ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სათანადო ინფ­რასტუ­ქტურის შესაქმნელად მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მილიარ­დო­ბით დოლარია შეჭმული, რითაც „ეკონომიკური მკვლელი“ აქ თავის საქმეებს აგვარებს).

ახლა ჩვენი თურქული ვოიაჟის ზოგიერთ საჩოთირო ნიუანსზეც უნდა ვთქვა ორიოდე სი­ტყვა... ავღნიშნავ, რომ ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაში ზოგიერთები  (ქართველებს ვგულის­ხმობ),  ისე ვიქცეოდით, თითქოს ჩვენს ირგვლივ ჩვენს მეტს ვერავის ვამჩნევდით; და ამ სირაქ­ლე­მასებურად თავის სილაში წარგვით,  ზიანი მიადგა არა მარტო ჩვენი დელეგაციის იმიჯს, არა­მედ ჩვენს საერთო საქმესაც, რომელზედაც, პირველ რიგში, ერთად უნდა გვეზრუნა. მეორეც, ხე­ლოვნურად იქმნებოდა ჩვენს თურქ მასპინძლებთან კომუნიკაციის პრობლემა  მაშინ, როდესაც თუ ზოგიერთს სურდა, მათ ყველაფერზე თურქულად ეჭიკჭიკებოდა, ხოლო სხვების მიერ მას­პინ­ძლებთან ელემენტარულ საკითხზე გასაუბრების სურვილის შემთხვევაში, ხელოვნურად ქმნიდა პრობლემას და ენის უცოდინარობას იმიზეზებდა, თანაც... კარგი, აღარ ღირს!

აქვე არ შეიძლება, რომ არ გავიხსენო თურქეთში მცხოვრები ჩვენი სისხლის და ხორცის ამიდის ( მისი აქაური, ქართული გვარი თურქულად საღიოღლად ითარგმნება, ანუ ქართულად გამოდის კაიკაციშვილი - უ. ო.) მიერ ჩვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღება და წინაპრების მიერ დატოვებული მისი სამშობლოსადმი უდიდესი ნოსტალგია, რომელიც ბატონმა ამიდმა ჩვენთან ურთიერთობის დროს გამოხატა. საქართველოში ამბობენ: ღმერთი მიწაზე ჩამოვიდა და სამშობლო დაირქვაო, - და არაფერია იმაშიც საკვირველი, თუ ამ ღვთიური მადლით ცხებულ კაცში ღმერთისკენ სწრაფვა ასეთი ძლიერია!!!

 ბოლოს, თურქეთში ჩემი უკვე ორჯერ მოგზაურობის შემდეგ, შემიძლია თამამად გან­ვა­ცხ­ადო, რომ ჩვენ თუ რაიმე საბაბს არ მივცემთ, მის მოსახლეობაში საქართველოსა და ქართ­ვე­ლე­ბისადმი ანტიპატიური განწყობილება არ შეინიშნება, პირიქით. აქედან გამომდინარე, ვფიქ­რობ, რომ ადრინდელი წარმოდგენა ჩვენდამი ამ მოსახლეობის  მტრული და აგრესიული  დამო­კი­დე­ბ­უ­ლების შესახებ, ჩვენს ქვეყანაში ადრე გაბატონებული რუსული იმპერიალისტური იდეო­ლო­გი­ის შედეგად, მის საფუძველზე აღმოცენებულ მცდარ, ჰომოფობიურ გადახრად უნდა მივიჩნიოთ.

 ღმერთმა ქნა, დადგა დრო, როდესაც შეგვიძლია ერთმანეთს უშუალოდ, მესამე პირის ჩა­რე­ვის  გარეშე ველაპარაკოთ, გავიგოთ და დავაფასოთ ერთმანეთის ღირსებანი და მხარში ამოვუ­დგეთ ერთურთს  ჯერ კიდევ არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის, ურთიერთ სასარგებლო და ორივე ქვეყნის უკეთეს მომავალზე ორიენტირებული პერსპექტივის შექმნის საქმეში.

ასე, რომ ჩვენ უფრო მეტი ნდობით და სიმპატიით უნდა მოვეკიდოთ ბუნიამინ კივრაკის, ხატიჯე ტარკან დოღანაის და ემრე ალთუნერის თურქეთს და წარმატება ვუსურვოთ მას!

 

5. 09. 2018 წელი, ოთხშაბათი, 11 საათი და 45წუთი

ქ. ბათუმი უჩა ოქროპირიძე