შემოგვიერთდით
კატეგორია / კრიტიკა   211 ნახვა    6 თვის წინ
ინსპექტორ ჟავერის ქართული დასასრული


ვიქტორ ჰიუგოს ცნობილ ნაწარმოებში „საბრალონი“, პოლიციის ინსპექტორი  საბოლოოდ შეიგნებს რა საკუთარი ქმედებების სრულ უსამართლობას, მისგან ცხოვრებაში განაწამებ უდანაშაულო პიროვნებას, რომელიც უკვე კიდევ ერთხელ უსამართლოდ შეპყრობილი ჰყავს, თავად აჰყრის ბორკილებს, ხელებზეც თავად გაიკეთებს მათ და მდინარე სენაში გადაეშვება...

მაგრამ ეს ხდება ჰიუგოს შესანიშნავ დრამაში და ინსპექტორ ჟავერის დღევანდელ ქართველ პროტოტიპებს მასთან არავითარი კავშირი არა აქვთ. ნეტავ, როდისღა გამოიღვიძებს მათშიც ადამიანური ღირსებისადმი, მათი ელემენტარული უფლებებისადმი პატივისცემა?!. და, ბოლოს და ბოლოს, სინდისი საკუთარ თავში!?...

რომ არაფერ გაუგონარსა და მოგონილს არ ვამბობ, ამის დასტურად მოვიყვან რამდენიმე უეჭველ მაგალითს, , რომლის შესახებაც, ჩვენს თანამედროვეობაში, ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ ამ საქმეთა მაპროვოცირებელ ადრესატებს არაფრის გაგონება არ სურთ და კვლავ განაგრძობენ ძალადობის, სხვადასხვა ფორმებით ფსიქოლოგიური ზეწოლისა და და კუნთების თამაშის დემონსტრირებას, რასაც ისინი სავალალო შედეგებამდე უნდა მიეყვანა და მიიყვანა კიდეც.

შორს რომ არ წავიდეთ, 2017 წლის 11 მარტის ბათუმის სავალალო მოვლენები გავიხსენოთ - როდესაც საპატრულო პოლიციის ადგილობრივმა მუშაკებმა თავიანთი უსამართლო ქმედებებით ბათუმის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში თავად შექმნეს უკმაყოფილებისა და ამბოხის მუხტი, შემდეგ კი, როდესაც მათ ქმედებებზე გამწარებული მოსახლეობისგან სათანადო რეაქცია და საპასუხო ამბოხი მართლაც მიიღეს, ისევ ხალხს მოუნდომეს დაშინება და ანგარიშსწორება... ამის შესახებ მთელმა ქვეყანამ იცის და მის მალვასა და ვიღაცეებისათვის კუდების სწორებას აზრი არა აქვს... შედეგად თუ რა მიიღეს, ესეც საქვეყნოდ ცნობილია. მაგრამ უსამართლობაზე აწყობილმა  სახელმწიფო მანქანამ ისევ ხალხზე და მისგანვე პროვოცირებულ მოსახლეობაზე სცადა ჯოხის გადატეხვა და ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი შეცდომები შეეგნო და მათ გამოსწორებაზე ეზრუნა, დაუწყო შავ კატას ძებნა ბნელ ოთახში, სადაც ის ნამდვილად არ იყო... და დასაჯა მისგანვე ხელოვნურად პროვოცირებული და დამნაშავეებად ქცეული ადამიანები.

ყოველივე ამის შესახებ ჩვენ მაშინვე გავაფრთხილეთ საქართველოს ხელისუფლება და ისიც ვუწინასწარმეტყველეთ, თუ რა მოყვებოდა შედეგად სახელმწიფოსაგან ამგვარი პოლიტიკის გაგრძელებას, მხარდაჭერასა და წახალისებას, რაც, როგორც ჩანს, დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა... და აი შედეგიც - 2018 წლის მაის-ივნისის თბილისის აქციები, რომელმაც მთელ საქართველოში ჰპოვა გამოძახილი და რომელმაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს წინაშე წარმოაჩინა, როგორც ერთ-ერთი უშავბნელესი სივრცე დედამიწაზე, სადაც სახელმწიფოებრივ დონეზე სამართლის ძებნას აზრი დაეკარგა და გამძვინვარებული ხალხის უსასტიკესი პროტესტის შედეგად იქნა მიღწეული გარეგანი კოსმეტიკური ცვლილებები, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოებრივი უნარების გაუმჯობესება შეუძლებელია. მაგრამ მის მმართველ დაჯგუფებას  ამის ელემენტარული ანალიზის უნარი, სახელმწიფოებრივი შეგნება და ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია.

ყოველივე ამან  გამოიწვია ქვეყნის  ძალოვანი სტრუქტურების თავის ქმედებებში კიდევ უფრო გაუხეშება, კიდევ უფრო გააძლიერა მათში ყოველგვარი დანაშაულებრივი, უსამართლო ქმედებებით საქმის გატანისა და დაუსჯელობის სინდრომი, რომლისგან თავის დაცვა ცალკეული პიროვნების პირად შესაძლებლობებზე და უნარზე დარჩა დამოკიდებული, რომელსაც უნდა შესძლებოდა და გვერდში ამოეყენებინა ხალხის მასობრივი ძალისხმევა. თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. საქართველოს მოსახლეობის  უდიდესი ნაწილის შეუპოვარი პროტესტის ფონზე ხელისუფლებაში მომხდარმა ზემოთ მოხსენებულმა ფასადურმა ცვლილებებმა, ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა უკვე დანაშაულებრივად  მოქმედი სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის გაუჯობესებაზე. პირიქით, უპირველეს ყოვლისა, მათ და შემდეგ მთელმა საქართველომ დაინახა, თუ როგორი ფარისევლობით და არაფრის შეცვლის სურვილითაა გაჯერებული საქართველოს სახელისუფლებო დაჯგუფების „რეფორმატორული საქმიანობა“. იგი ისევ უგულებელყოფს მსოფლიოში აპრობირებულ  და ქმედუნარიან გამოცდილებას და ისევ ერთი კაცის ჭკუით ცდილობს გადაწყვიტოს ამ კაცის გონებრივი შესაძლებლობებისათვის არა ხელმისაწვდომი პრობლემები... და ამ ერთი კაცის სურვილებისა და ხუშტურების განხორციელებას ეწირება ქართული სახელმწიფოს იმიჯი და მისი პერსპექტიული მომავლის ინტერესები, - მხოლოდ მისი ერთგული სამსახურია გამოცხადებული, მავანთა მიერ, საქართველოს ინტერესების დაცვად. აქედან გამომდინარე, თუ მას ემსახურებიან, ფიქრობენ, რომ თავადაც ყველანაირად დაცულნი არიან. ყველაფერი ეს კი ზრდის სახელმწიფო  სამსახურეობრივი მოვალეობის აღსრულებისას დაშვებული თვითნებობისა და დანაშაულებრივი თავგასულობის ფაქტორს, რაც სხვადასხვაგვარ უხეშ ქმედებებში და კრიმინალში გადადის.

სწორედ ამის შედეგია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (და არა მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის) მომხდარი მოვლენები - მოსახლეობის ცემა-ტყეპა, დამცირება, აბუჩად აგდება, - რასაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა. პოლიციის თანამშრომლებმა კი, იმის ნაცვლად, რომ მომხდარიდან სათანადო დასკვნები გამოეტანათ და ვითარებას სერიოზულად ჩაფიქრებოდნენ, როგორც ცნობილი გახდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის პოლიციის შენობაში, კინაღამ ცემით მოკლეს მათზე თავისი ნებით ჩაბარებული ეჭვმიტანილი, რომელიც, ამავე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, დამნაშავედ  ჩვენს მიერ  ზემოთ მოყვანილმა გარემოებებმა აქცია. ხელსუფლება კი ისე იქცევა, თითქოს აქ ის არაფერ შუაშია და მათი უნიათო ქმედების შედეგად დაღუპულ პოლიციელს მისივე ძმით ანაცვლებს... პირდაპირ საკვირველია ამ ხალხის უტიფრობა და ხალხისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.

ბოლოს კი შეკითხვას ვუსვამ საქართველოს დღევანდელ ხელისუფალთ და მისგან წაქეზებულ უსამართლობის ჩამდენ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას: ნუთუ არ არის საკმარისი და ასე ფიქრობთ ქვეყანაში შექმნილი ყველანაირად უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორებას?! ნუთუ თქვენს გულებსა და შეგნებაში აღზევებული დანაშაულებრივი თვითნებობა, თავხედობა და უპასუხისმგებლობა, მხოლოდ „მოლოტოვის კოქტეილებით“ შეიძლება ამოიწვას, რისკენაც ასე, საკუთარი ხალხის სიძულვილით თვალ დაბინდულთ, მიგყავთ ქვეყანა?!

ღმერთმა გიშველოთ!!!

 

უჩა ოქროპირიძე

2018 წლის 19 ივნისი, 12 საათი და 27 წუთი

ქ. ბათუმი