შემოგვიერთდით
კატეგორია / ისტორია   322 ნახვა    6 თვის წინ
ხასან თხილაიშვილი ქობულეთურ ხალხურ გადმოცემებსა და ლექსებში


პიროვნების ეპიკურობის დამადასტურებელია ხალხში მის შესახებ შემორჩენილი თქმულება-გადმოცემები. ხასან თხილაიშვილი ამ მხვრივაც წარმოჩენილია თავისი კუთხისათვის დამახასიათებელ ქობულეთურ ფოლკლორში.

„მფრინავი რაზმის“ წევრი მურად ინაიშვილი მოგვითხრობს: „1918 წელს ფიჭვნარში მოწვეული რეფერენდუმის წინა დღით რვა კაცი შევიკრიბეთ მჟავანაძის ტყეში (ქობულეთი, ახლანდელი რუსული სკოლის მახლობლად), უნდა შეგვერჩია ერთი პიროვნება, რომელიც სიტყვით გამოვიდოდა რეფერენდუმზე. მას ქართულის გარდა თურქულიც უნდა სცოდნოდა. ასეთი ჩვენს რაზმში სამი კაცი იყო − მამუდ მჟავანაძე, რიზა ბეჟანიძე და ხასან თხილაიშვილი. კენჭის ყრით სიტყვის თქმა ხვდა ხასანს...“ ამავე საკითხს ეხება  ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის მემედ გოგიბერიძის შვილი, ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბრის საშუალო სკოლის მასწავლებელი ბესირე გოგიბერიძე. იგი ამბობს: „ამ კუთხის საუკეთესო შვილები დაირაზმნენ სამშობლოს ინტერესების დასაცავად. მათ შორის იყვნენ − ძმები მემედ, ხუსეინ და რიზა გოგიბერიძეები, დურსუნ ჯაფარიძე (გოგიბერიძეების სიძე), ახმედ ჯაფარიძე, სეიდ ართმელაძე (გოგიბერიძეების მამიდაშვილი), ქემალ ნოღაიდელი, ხასან (ხასია) თხილაიშვილი, სულეიმან ჭყონია და სხვები.

ქობულეთში 1918 წლის ივლისში დღევანდელი მე-4 საშუალო სკოლის მიდამოებში (ფიჭვნარი) დაინიშნა რეფერენდუმი. რეფერენდუმამდე აღნიშნულ პატრიოტთა ჯგუფი შეიკრიბა სოფელ სამების ტყეში, სადაც წილისყრით გამოვლინდა ის პიროვნება, რომელიც რეფერენდუმის დროს აშკარად განაცხადებდა ქართული ორიენტაციისადმი მხარდაჭერას, საქართველოსთან შეერთების სურვილის დაფიქსირებით. წილის ყრის შედეგად ეს მისია ერგო ხასან თხილაიშვილს, რომელმაც მას თავი ბრწყინვალედ გაართვა.“

აღნიშნულ მოგონებაში, მურად ინაიშვილის ნაამბობისაგან განსხვავებით, რეფერენდუმის წინა  შეკრების ადგილად ქალბატონი ბესირე გოგიბერიძე სოფელ სამების ტყეს ასახელებს. მაგრამ ეს არცაა გასაკვირი და სრულიად ნორმალურია, რადგან ისეთი სერიოზული პრობლემის გადასაჭრელად, რასაც ხსენებულ „რეფერენდუმში“ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა წარმოადგენდა, ქართული ორიენტაციის პატრიოტები არაერთხელ შეიკრიბებოდნენ და ერთერთი შეკრება სამების ტყეშიც შეიძლებოდა მომხდარიყო...

ხოლო, რაც შეეხება ოსმალური რეფერენდუმის საწინააღმდეგოდ თავად ხასან თხილაიშვილის მიერ წარმოთქმულ სიტყვას, მას რიზა გოგიბერიძე ასე გადმოგვცემს: „ძმებო, მეზობლებო! დღევანდელ კრებაზე საკითხი დგას, თუ ვისთან ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენს ძმებთან ქართველებთან, თუ ოსმალებთან. ჩვენ ქართველები ვართ ეროვნებით, სისხლით და ხორცით, ჩვენი სამშობლო საქართველოა და ჩვენი დედა ენა − ქართული. ამიტომ ჩვენ, როგორც ქართველებს არაფერი სართო არ გვაქვს თურქებთან. ისინი აქ მოსულან, როგორც დამპყრობლები, − უცხოელები და მათ უნდა დასტოვონ ჩვენი მიწა-წყალი, ეს კრება ნაძალადევია, ჩვენ ჯარებითა და ზარბაზნებითა ვართ გარშემორტყმული.

მე პირადად, როგორც ქართველი მუსლიმანი, ხმას ვაძლევ ჩვენს დედა-სამშობლოს − საქართველოს!“

მემედ ჯაფარიძე კი თავის საგულისხმო მოგონებას, რომლის ჩვენს მიერ გადამუშავებული და რედაქტირებული ვერსია საიუბილეო კრებულში მთლიანად ქვეყნდება, ასეთი მრავლისმეტყველი პასაჟით ამთავრებს: „... მე გთხოვთ, ამ ხალხის სახელით, ის ხასან თხილაიშვილი, რომელიც თქვენი ბრძანებით გაკრულია ზარბაზანზე ზღვაში გასასროლად, ხალხს უნდა გვაპატიო. თქვენ დიდი კაცი ბრძანდებით, მთელი თურქეთის მმართველი, თქვენგან ჩემისთანა უბრალო კაცის და ამდენი ხალხის გაწბილება... არ შეიძლება. და თუ არ გვაპატიებ, სულერთია, ჩვენ აქ მყოფი ხალხი ცოცხალი არ წავალთ სახლში. უსუფ იზეთინს (მემედ ჯაფარიძის გადმოცემით აღნიშნული „რეფერენდუმის“ ჩატარებას ხელმძღვანელობდა ოსმალეთის სულთნის შვილი, უფლისწული უსუფ იზეთინი - უ. ო.) სიტყვა აღარ უთქვამს, განკარგულება გასცა ხასანი ზარბაზნიდან ჩამოეხსნათ და გაეშვათ. რაზედაც იქ მყოფმა ხალხმა მადლობა გადაუხადა და მალე დაიშალა.

ამგვარად დამთავრდა კენჭის ყრა და რეფერენდუმი ჩაიშალა. ყველამ ამინ თქვა და მადლობა გადაუხადა უსუფ იზეთინს. უფლისწული, მემედ ჯაფარიძის გადმოცემით, ცოფებს ყრიდა პირიდან, რადგან გამარჯვებაში დაიმედებული იყო „სედაი მილეთის“ („ხალხის ხმა“) ხალხიდან, მაგრამ მას პირისპირ შეხვდა მამაცი ვაჟკაცი, ლომგული ხასან თხილაიშვილი და  აჩვენა სულთნის შვილს „ბაბუამისი ჩაქურაშიო“.

აქ, შესაძლებლობის ფარგლებში, მოვიტანეთ ქობულეთური თქმულება-გადმოცემების მხოლოდ მცირე, ის ნაწილი, რომელიც წარმოაჩენს ხასან თხილაიშვილის პატრიოტული ქმედების ძირითად შინაარსის ხალხის მიერ აღქმას. მაგრამ ამ ხალხურ საგანძურს თავისებური ახალი, ტევადი შტრიხებით ავსებს მის შესახებ არსებული ქობულეთური, ქართული ხალხური პოეზიის უმშვენიერესი ნიმუშები. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ფოლკლორის ამ მიმართულებამ სრული სისავსით აღიქვა ხასან თხილაიშვილის რაინდულ-პატრიოტული თავგადასავალი და მხოლოდ ხალხისთვის დამახასიათებელი სრულყოფილებით უკვდავყო და გაანარატივა, ყველასთვის საამოდ სასმენ ეპიკურობით აღჭურვა იგი.

ერთგან მის შესახებ ვკითხულობთ:

მაგარი სიტყვით, სიყვარულით, მხარით გაშლილით,

შენაც იქნები, ძმაო, ხასან თხილაიშვილი!...

ხოლო ხასან თხილაიშვილისადმი მიძღვნილ ხალხურ ლექსებში დაგემოვნებული ალუზიები, ყველა პოეტურ კრებულს დაამშვენებდა...

გახსოვდეს, რომ აქ მარხია

წინაპართა ჩვენთა ძვალნი,

დახოცილან მამულისთვის,

დღესაც ჩანა მათი კვალნი,

ჩვენც ვიბრძოლებთ მათებურა,

ავასრულოთ ჩვენი ვალნი, -

მათ პირნათლად შევეყაროთ

ჩვენც იქა ვართ მიმავალნი!...

„ხასან თხილაიშვილი, ვაჟკაცი, ლომგული წავიდა თავის წინაპრებთან, სამშობლოსათვის თავდადებული და ვალმოხდილი“ - წერს იქვე ამ ხალხური შედევრის ავტორი მემედ ჯაფარიძე, შემდეგ კი ამავე მოგონებას ამთავრებს შემდეგი სტროფებით:

„ მე ღმერთსა ვთხოვ, ჩემო ხასან,

აქ დანაკლისს, მაქ გაკმარებს,

მოგაშორა აღმზრდელს, ცოლ-შვილს,

შეგაერთა წინაპარებს!...

თამარ მეფე, ჩვენი დედა,

წმინდა სახელს მაქ ატარებს, -

ის მიგიღებს, თქვენი მხსნელი,

თავის კალთას მოგაფარებს!“

და ბოლოს, ხასან თხილაიშვილის გმირობით შთაგონებული ავტორი თავის პოეტურ წარმოსახვებს წერტილს ასე უსვამს:

„ ბატონის დავ, ქვეყნისათვის

კაცმა თავი უნდა დადოს,

მამულს უნდა გამოადგეს

დედამ შვილი თუ დაბადოს,

ვინც მოკვდება სამშობლოსთვის,

თავის ვალი გადიხადოს, -

ის უკვდავად ჩაითვლება,

მან სიცოცხლე დაიქადოს!...“

აქვე მოყვანილია ხასან თხილაიშვილის საყვარელი გამოთქმა-აფორიზმი - „მთლიანი ვაშლის ბაღის გაჩეხვას, სჯობს ერთი ძირი ვაშლი მოიჭრას“, რაც ასე უნდა გავიგოთ, რომ თუ შენი სიცოცხლის შეწირვით შეიძლება მრავალთა სიცოცხლე იხსნა, ეს უნდა შესძლო და გააკეთო!...

სტატია მსურს დავასრულო თემურ თხილაიშვილის ლექსის - „ეძღვნება ღირსეულ წინაპრებს“ - სტრიქონებით:

„ახლა ვდგავარ და კინტრიშს გავცქერი, წყალში კენჭს ვაგდებ, ვიწყებ მისნობას,

კინტრიში - ჩემი ჩქარი მდინარე, ფეხდაფეხ მისდევს მარადისობას!...

ჰგავს მარადიულ მგზავრთა დინებას, ეს სიანკარე და ეს სინაზე, -

მუხლზე ეცემა პატარა ბიჭი და უკვდავ სახელს აწერს სილაზე

ხასან თხილაიშვილი

P. S. ჩვენი მჩქეფარე კინტრიში

ახლაც გვიმღერის ნანას,

აქ ჩვენი ფესვი მარხია,

აქ წინაპრები წვანან!!!

 

უჩა ოქროპირიძე

2018 წლის 7 ივნისი, 18 საათი