შემოგვიერთდით
კატეგორია / პარალელური აზრები   174 ნახვა    8 თვის წინ
საქართველოს ისტორიის საკითხები ოთხტომეულში


                                                   უჩა ოქროპირიძე

საქართველოს ისტორიის საკითხები ოთხტომეულში „ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია“ (ქფაი)

 

 არ დარჩენილა ქართული ფილოსოფიური კი არა, კულტურის, ხელოვ­ნების თუ საზოგადოებრივი ცხოვრების არცერთი დარგი, რომელსაც ასახვა არ ეპოვოს თანამედროვე ქარ­­თ­უ­ლი აზროვნების წარმომჩენ ამ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ნაშრომში; მაგრამ  მისი ყველა ას­პექტის განხილვა ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. ამიტომაც მისდამი მიძღვნილ შეფასებაში ჩვენ შევეცდებით შევეხოთ მასში ასახულ საქართველოს ისტორიისა და ისტორიულ მეცნიერებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს.

შემეცნება არის ღვთაებრივის წვდომის უნარი ადამიანში, ღმერთთან დაბრუნება, და რო­გ­ორ შეიძლება რაიმე ამაზე ღირებული იყოს? ეს ხომ ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი და შინაარსია. ანუ შეიძლება ითქვას, რომ როგორც იოანე დამასკელი განსაზღვრავს „ფი­ლო­სოფო­სო­ბაი არს სიყვარული სიბრძნისაი, ხოლო სიბრძნე ჭეშმარიტი ღმერთი არს“ (ქფაი, ტ. I, გვ. 180); როგ­ორ უბრალოდ და სადად აზროვნებენ!!! პირდაპირ აფრქვევენ ღვთაებრივ მადლსა და სიყვარულს.

ვფიქრობთ, რომ შ. ხიდაშელის პირით, აქ თვით ჭეშმარიტება ღაღადებს, როდესაც ის ქფაი-ს პირველი წიგნის მეშვიდე თავის მე-2 პარაგრაფში „არეოპაგიტული მოძღვრების ძირითადი იდე­ები“, ამბობს: „არეოპაგიტული კორპუსის თარგმნა ქართულ ენაზე ქართული ნააზრევის თა­ვის კერაზე დაბრუნებას ნიშნავდა“, (იქვე, გვ. 191) რადგან იგი პროტოქართულ-კოლხურ სამყაროში უნდა იყოს ნაშობი და აქედან არგონავტების მისიით გარეთ გატანილი. იქვე ნათქვამია, რომ „ბოროტ არს მოკლება კეთილისაგან“, ანუ ღმერთთან, მარადიულ სიკეთესთან ეშ­მა­კეული დაპირისპირება, ანტიქრისტეს მსახურება. ხოლო, რაც შეეხება მოსაზრებას - „პირ­ველ­საწყისიდან არსისა და ბოლოს სამყაროს წარმოქმნა დაკლებაა, სამყარო დაკლებულია პირველ­მი­ზეზთან შე­და­რებით“...(იქვე, გვ. 199-200) ასეც უნდა იყოს, მაგრამ ღმერთს როგორც ყოვლის შემოქ­მედს, რო­გორ შეიძლება არ უყვარდეს თავისი შემოქმედების ნაყოფი?! ეს ყოვლად დაუშვებელია; ხოლო, სა­დაც სიყვარულია, იქ ღმერთი სრული სისავსითაა წარმოჩენილი. ამიტომაც ისტორიაც სიყვარულით უნდა იწერებოდეს!

პლოტინე ჭეშმარიტებასთან ძალზე ახლოსაა, როდესაც ამბობს, რომ „კოსმოსის გარეთ მხო­­ლოდ ერთი, ღმერთი დარჩა, კოსმოსი ამ სიკეთის გამოსხივებაა, მისი ემანაციაა“ (იქვე, ვ. 224). მაგ­რამ ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს ხომ არ მივიდოდით, თუ კი ვიტყოდით, რომ კოსმოსის გარეთ მხოლოდ ღმერთი და მის მიერ ხატად და სახედ თვისა შექმნილი, ყველაფერ ამის შემმეც­ნებელ-აღმქმელი ადამი და მისი მოდგმაა დარჩენილი?!..

თუ კი მატერია სიკეთის ძალის ჩაქრობაა, მაშინ ის არ შეიძლება არარა იყოს, რადგან არარა იგივე ღმერთია, მისი მიწიერი, ქართული სახელია და სწორედ ის არაფერია, რომელიც ყველაფერია. როგორც ნიკოლოზ კუზანელი ამბობს: „რამდენადაც ღმერთი არის ყოველივე, ის არის არარაც“ (იქვე, გვ. 378; Nikolai Kuzanskyi, Izbrannie filosofskie proizvedenia, M., 1937, str. 37). (მისი რიცხვითი მნიშვნელობაა 20.3, ანუ ს და გ, რაც = სიტყვა, იგივე ღმრთი მიწიერი, ანუ ადამიანის მიერ აღქმული). ხოლო არეოპაგიტიკული „ბრძნული დუმილი“, კუზანელისეული „სწავლული არ ცო­დ­ნა“, მშვენივრად ეხმიანება ლაო ძისეულ „ბრძენი დუმს...“; იმას კი სრულიად უნდა დავეთან­ხ­მოთ, რომ  „შემეცნების პროცესი, მართლც გაკვირვებით იწყება და განცვიფრებით მთავრდება“ (იქვე, გვ. 288; VIII თავი, პარ. 3, „იოანე პეტრიწის ფილოსოფია, შემეცნების ბუნების დანიშნუ­ლე­ბის შესახებ“ - ავტ. გ. თევზაძე). ეს თავზე გამომიცდია...

„მხოლოდ ადამიანის ისეთი სწრაფვაა განხორციელებადი, რომელიც სიკეთისაკენაა მიმა­რ­თული; სიკეთისათვის ბრძოლა რეალურია და მიღწევადი. ბოროტება დროებითია, შემთხ­ვე­ვი­თი და წარმავალი. შემთხვევითია ადამიანის სწრაფვა ბოროტისაკენ“ (იქვე, გვ. 393). ამის მაგალი­თად ამავე წიგნიდან ვრცლად უნდა მოვიყვანო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი საქართვე­ლოს ისტორიიდან.

დავით აღმაშენებლის მეფობის ბოლო წლებში, არა უადრეს 1123 წლისა, გაიმართა საეკ­ლე­სიო კრება, რომელიც ეხებოდა მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის არსებულ სადავო საკი­თხებს... კრებას დავითიც ესწრებოდა... ინტერესს არ იქნება მოკლებული შევეხოთ ამ კრების მიმ­დი­ნარეობას და დავითის დამსახურების საკითხს კრების გადაწყვეტილებაში.

კამათი დიდხანს გაგრძელდა და როდესაც ძლევის ჟინით შეპყრობილი მოკამათენი ისეთ აბსტრაქციებში შეიჭრნენ, საიდანაც გამოსვლა გაუჭირდათ, მეფეს მოეწყინა მოკამათეთა დაუს­რუ­ლებელი დავა და მათ შემდეგი სიტყვებით მიმართა „ „თქუენ მამანო, სიღრმეთა სადამე შეს­რულ ხართ და უცნაურთა (შეუცნობად) ხედვათა, ვითარცა ფილისოფოსნი, და ჩვენ ვერას უძლ­ებთ ცნობად, ვითარცა უსწავლელნი და ყოვლად მსოფლიონი... მაგრამ იცოდეთ, რომ მე, შორს მყოფი სწავლულებასა და მეცნიერებას“, ვითარცა „მხედრობას შინა აღზრდილი“, შევუერთდები თქვენს კამათს „ ლიტონთა და მარტივთა მიერ სიტყუათა“ მეშვეობით.

ესე რა თქუა, - აგრძელებს თხრობას ისტორიკოსი, - იწყო მათდა მიმართ სიტყუათა თქმად, რომელსა ღმერთი მოსცემდა უეჭველად პირსა მისსა, ესეოდენთა იგავთა და სახეთა წინადაუ­დე­ბ­და, ახსნათა საკვირველთა მიერ წინადაუდგომელთა და უცილობელთა, რომლითა დანთქნა, და დაუყო პირი მათი და უპასუხო ყვნა და ყოვლად უსიტყველ...“ (ქართლის ცხოვრება, ტ. I, თბ., 1955, 357). დამარცხდნენ კრებაზე „მწვალებელნი“ და ყოვლად უღონო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. იძუ­ლებულნი იყვნენ ეღიარებინათ „ცხადად ძლეულება თუისი“ და გამოეთქვათ თავიანთი გაო­ცება დავითის მიერ წარმოთქმული სიტყვით: „ჩუენ მეფეო, მოწაფე გუეგონა ამათ მოძღვართა თქუ­ენთა, გარნა ვითარ ვხედავთ, შენ ხარ მოძღუარი მოძღუართა , რომლისა ბრჭალსა ვერ მიმ­წუთარ არიან ეგე მოძღუარ საგონებელნი თქვენნი“. პაექრობა დამთავრდა ისე, რომ დამარცხე­ბუ­ლი მოწინაღმდეგენი „მიიქცევს სირცხვილეულნი, არღარა ოდეს მკადრებელნი ამისნი ოდესცა“ (იქვე; ქფაი, I ტ. გვ. 292-293) - ამთავრებს ისტორიკოსი. მაგრამ მიუხედავად ამ უცილობელი მარ­ცხის უეჭველი აღიარებისა, ადამიანთა ძლეული ნაწილისთვის აღნიშნული ძლევის „დაჯერება“ შეუძლებელი აღმოჩნდა და „კამათი“ დღემდე დაუსრულებელია. მაგრამ, ვფიქრობ ბოროტება,  ამ შემთხვევაშიც, დროებითია...

ძალზე საინტერსოა ამავე ტომში „მზიანი ღამის“, „უჟამო ჟამის“ და ღმერთის გააზრებათა ცდები... (გამოვთქვამთ აზრს, რომ „მზიანი ღამის“ მხატვრულ წარმოსახვად შეიძლება გავიაზროთ სამხრეთ კორეას დროშაზე გამოსახული სიმბოლო - დე“-სა და „დაო“-ს მარადიული ერთობა, ანუ ქართული „დედაო“).

პირველ ტომში უმნიშვნელოვანესია ივანე ჯავახიშვილის „ზნეობრივი მოძღვრების ისტორია საქართველოში. ქველმოქმედება და საქველმოქმედო დაწესებულებანი“ (იქვე, გვ. 394-424), მისივე - „ადამიანი ძველ ქართულ მწერლობაში“, რომელშიც შედის პარაგრაფები - „მოძღ­ვრება ადამიანზე“, (გვ. 425-438), „ადამიანის სოციალური იდეალები“ (გვ. 439-450), „ადამიანი, ვითარცა მოღვაწე“ (გვ. 451-466).

ამავე ტომში ძალიან საინტერესოა ჟამთააღმწერელზე, ვახუშტი ბატონიშვილზე, ანტონ პი­რ­ველზე და სხვებზე ივ ჯავახიშვილის, კ. კეკელიძის, შ. ნუცუბიძის მიერ გამოთქმული მოსაზ­რებანი (ავტორი მ. მახარაძე). მაგრამ მეტად ნიშანდობლივია აქვე, შესაბამის თავში დემეტრე მეორე თავდადებულის მისიის განსაზღვრის ცდა... მასში ნათქვამია, რომ იგი თავდაპირველად ღირსეულად იქცეოდა. მაგრამ როცა ცოტა ასაკში შევიდა (29 წლის გარდაიც­ვალა - უ. ო.) წარმართთა წესი გადმოიღო, მოიყვანა სამი ცოლი და უზნეობის ჭაობში ჩაეშვა, რაზედაც შემოწყრა ნიკოლოზ კათალიკოსი და მიატოვა კიდეც იგი“ (ქფაი, ტ. II, გვ. 255; ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე... გვ. 127).

მეფისათვის ქრისტეს მცნებანი და ქრისტიანული ცხოვრების წესი რომ დიდს არაფერს ნიშნავდა, ეს დღესავით ნათელია... და ერთადერთი გზა, რომელსაც მისი სულის გადარჩენა შეეძლო, იყო ის, რაც ქვეყნისათვის ამის შემგნებმა ჩაიდინა. სამშობლოსათვის თავგანწირვაში მკვდრეთით აღსდგა , როდესაც წარმოთქვა სიტყვები: „აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენს წინაშე, და იყოს ნება ღმრთისა, უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქვეყანა უვნებლად გადარჩეს“(იქვე, გვ. 256; ჟამთააღმწერელი...გვ. 179). წუთისოფლისაგან მრავალგვარად ნატანჯი და გაცოდვილებული მეფე,  შინაგანად მაინც ქრისტიანული სათნოებით აღსავსე აღმოჩნდა და როდესაც შანსი მიეცა, საკუთარი სჯულისაებრ წამებულის გვირგვინი მიეღო როგორც ქრისტიანს, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და „ყოველი სოფლის შეძენას“ უკვდავების სავანეში დავანება არჩია. სწორედ ამით განსხვავდება ქართული ფენომენი სხვათაგან, რაზეც კიდევ გვექნება საუბარი.

 ვახუშტი ბატონიშვილს თავის „აღწერაი სამეფოსა საქართველოსაი“ წინასიტყვაობაში სა­უ­ბარი აქვს ღმერთის მიერ სამყაროს შექმნაზე, ადამისა და ევას სამოთხეში მოთავსებაზე, მათ­თ­ვის მცნებების მიცემასა და ცდუნებაზე, მათი სამოთხიდან გამოძევებაზე და ბოლოს, კაენის ცოდ­ვაზეც (იქვე, გვ. 261; ვახუშტი... გვ. 13-14). ცნობილია, რომ ადამი ღმერთმა შექმნა ხატად და სახედ თვისად, მაგრამ რისთვის დასჭირდა მისთვის მცნების მიცემა?! ნუთუ მისთვის საკუთარი სულის შთაბერვით, სრულად არ გადასცა ადამს თავისი ცნობადობა? გამოდის, რომ მათზე დამატებით რა­ღაც ცნების მიცემით ღმერთმა თავად მოახდინა ადამისა და ევას პროვოცირება (ხე ცნობა­დი­სა­ზე მინიშნებით) ცოდვის ჩასადენად, რადგან მათ ბუნებით (მიწისაგან გააკეთა) მაინც თავისზე ნაკლები ხარისხისად თვლიდა; და საკომპენსაციოდ მათზე „თავისუფლების“ მინიჭებით, მანაც მოიპოვა მათზევე თავისუფლად დაკვირვების უფლება, იმიტომ, რომ ძალიან აინტერესებდა, - გააგრძელებდნენ ცოდვით დაცემას თუ დაუყოვნებლივ მოინანიებდნენ და ღვთიურ გზას დაუბ­რუნდებოდნენ... ადამი კი არც დაფიქრებულა, ისე გაცვალა უკვე დაკარგული სამოთხე, ერთ ორ­გაზმში... და დღესაც, უმთავრესად, ამ ჭკუაზეა. ამასთან,  ადამი და ევა თუ ღვთიურ ბუნებას შეი­ნარჩუნებდნენ, თავადაც ხომ ღმერთის თანაბრად აღიქვამდნენ თავს და საკუთარი შემოქმედი შეიძლება აღარც დასჭირვებოდათ. ამიტომაც ისინი თავიდანვე ცოდვით დაცემისთვის იყვნენ განწირულნი, რომ უზენაესის საჭიროება საკუთარი ცოდვიანობის გამო და ამ ცოდვათა მისატე­ვებ­ლად, ყოველთვის ეგრძნოთ. გამოდის, რომ ღმერთმა ადამის მოდგმას თავისუფლება მიანიჭა ცოდვების ჩადენისათვის, რათა შემდეგ მისგან თვითონვე გაეთავისუფლებინა და მათი ხსნის მისია ყოველთვის მის ხელთ ყოფილიყო...

ნაშრომის მე-2 ტომში გამოთქმულია მოსაზრება: XVIII საუკუნის ქართველი მწერლები ის­ე­ვე, როგორც მათი თანამედროვე ლაიბნიცი, ჰერდერი და ვოლფი, თვით ქრისტიანობაში ხედავ­დნენ ჰუმანისტურ მსოფლგაგებას  და განმანათლებლობის წინაპირობას (იქვე, გვ. 291). აქედან შე­­გ­ვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში განმანათლებლობის იდეის რუსეთიდან შემოსვლა არაფერ შუ­ა­შია და ქართული სააზროვნო სივრცეში ისინი რუსე­თი­საგან დამოუკიდებლად იგნებდნენ გზას... დავით გურამიშვილის და ვახტანგ VI-ის მის­ტიურ ლტოლვაში ჩაქსოვილია უზენაესისადმი ზია­რ­ების სიდიადის განცდა. ამ მოძღვრებაში მარტო ინტელექტუალურ საზრდოსა და ზნეობრივ თვი­თ­ დახვეწას კი არა, არამედ, ამავე დროს  ეროვნული ხსნისა და პიროვნული სრულყოფის გარ­დაუვალ გზებს ხედავდნენ... ეს ეპოქალური სიახლე ეყრდნობოდა ტრადიციული ქრისტიანული ზნეობის მსოფლაღქმას“- ნათქვამია ნაშრომში (იქვე, გვ. 291-292). ანუ ყველაფერი ეს, ქართულ თვითმყოფად ნიადაგზე არსებობდა და ვითარდებოდა რუსეთთან „შეერთებამდე“ დიდი ხნით ადრე.

აქვე საუბარია, რომ ამავე საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოში არ არსებობდა თუნდაც ვახტანგ მეექვსის კანონების დასამკვიდრებლად რეალური ძალა და ამიტომაც ვახტანგი­ს­ე­ული კანონმდებლობა თითქოს ფიქციად იქცა და იგი დარჩა, როგორც შესანიშნავი იურიდიუ­ლი დოკუმენტი, რომელმაც ვერ შეძლო საზოგადოების წარმართვა (იქვე, გვ. 300). მაგრამ რატომ­ღაც ავიწყდებათ, როგორ და რა ვითარებაში მოხდა ამ პერიოდში ვახტანგის მიერ დაწყებული დიდი საქვეყნო აღმშენებლობის შეჩერება და მისი სრული განადგურება... ეს იყო პეტრე დიდის რუსეთზე ვახტანგ მეექვსის მინდობისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კიდევ ერთი, საქართველოსთვის ტრაგიკულად დამთავრებული ისტორიის ფურცელი. საერთოდ უნდა ით­ქვას, რომ არცერთ თუნდაც კარგ კანონს არა აქვს არავითარი განხორციელების შანსი, თუკი საზო­გადოება არ არის მზად მისი ცხოვრებაში გატარებისათვის; ანუ არ არის ნება და რეალური ძალა ამ ნების ცხოვრებაში დასამკვიდრებლად. ავიღოთ თუნდაც დღევანდელი საქართველო - რა აზრი აქვს ამ ქვეყანაში რაიმე კანონის მიღებას, როცა ერთ კაცს შეუძლია ყველა მათგანის იგნორირება და ფეხქვეშ გათელვა?! დღევანდელ საქართველოში მივიწყებულია აზრი, რომ „სიცოცხლე ღვივის მაშინ, როცა ჩვე­ნი აზრი შეიყვარებს ჭეშმარიტებას, გაჰყვება მის ბილიკებს, ჩაჰხედავს მას თვალ­ებ­ში და ზეი­მობს, მხიარულობს ამ წარუვალი ნათელით“(იქვე, გვ. 307-308; G.S. Skovoroda, Sochinenia, T. 1,  M., 1912, str. 360).

ქფქაი-ს მე-3 ტომის მე-4 თავის მე-3 პარაგრაფში „ნიკოლოზ ბარათაშვილი“, ავტორი (ლ. ზაქარაძე) ამბობს: „ქართული რომანტიზმი არ იყო იზოლირებული ეპოქის ევროპული აზროვნ­ებ­ისაგან. არ იყო მხოლოდ ლოკალური მოვლენა...“(ზაქარაძე ლ., ნიკოლოზ ბარათა­შვი­ლი, ქფაი, ტ. III, გამომც „უნივერსალი, თბ., 2013, გვ. 145; 131-145). ასე როდესაც ვლაპარაკობთ, აქ იგულის­ხმება ერთგვარი ქედ დადრეკა და ევროპულისაკენ მიზანმიმართული მისწრაფება. ამ დროს თვით ევროპელი მეცნიერებისაგანაა აღიარებული, რომ ევროპული კულტურის, თუნდაც ცივილიზა­ცი­ის აკვანი სწორედ კავკასიაში დაირწა და მისი წარ­მოშობა-განვითარების საქმეში საკუთარი მნიშვ­ნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი პროტო­ქარ­თულ გენს. ამიტომაც, ევროპასთან არაფერი გვაქვს ენის მოჩლექით სალაპარაკო, რადგან მისგან ვიბრუნებთ იმას, რაც თავის დროზე გავეცით და რამაც ის, მარადიულ სასიცოცხლო ენერგიას აზიარა...

შალვა ხიდაშელი თავის სტატიაში „მსოფლმხედველობრივი საკითხები ქართულ მწერ­ლობაში, ილია ჭავჭავაძე“ (იქვე, გვ. 178-207), აღნიშნავს, რომ XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუ­კუ­ნის დასა­წყისში, როდესაც ბრძოლა ილიას ფიზიკური განადგურებით დამთავრდა, განსაკუთ­რე­ბული „სი­მარტივითა და სიადვილით აყალბებდნენ წარსული თუ თანამედროვე კულტურის წარმომად­გე­ნე­ლთა შეფასების კრიტერიუმებს“; იგივე მეორდება დღესაც, როდესაც  XX საუკუნის ბოლო ათ­წლეულში მოკლეს თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს შემქმნელ-არქიტექ­ტორი და მი­სი პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია...

აი, ასე სძულთ საქართველო და ყოველივე ქართული დღესაც, გამანქურთებულ ქართველ ჰომო სოვეტიკუსებს საქართველოში... და ამ ღვთის გარეგან სამშობლოს სულთამხუთავებს, რით შეიძლება გული მოვულბოთ?! ან საკუთარი სამშობლოსადმი მომხმარებლური დამოკიდებულება და პატრიოტი ქართველებისადმი ცხოველური ზიზღი, რომელსაც თავად პატრიოტიზმად და ქვე­ყ­ნის გადასარჩენად გადადგმულ ნაბიჯებად ცდილობენ გაასაღონ, გონებიდან ამოვუღოთ?! რამ განაპირობა მათი ასეთი უკიდურესი ნიჰილიზმი და განურჩევლობა სამშობლოს ბედისადმი? ეს, ჩვენი აზრით, იმ პერიოდიდან უნდა იღებდეს სათავეს, როდესაც სქართველოს დაუძინებელმა მტრებმა შეძლეს მისი არა მარტო ფიზიკური დაპყრობა-განადგურება, არამედ სულიერი დეგრა­დი­რება და ცალკეულ მხარეებად დანაწევრება. როდესაც ერთმანეთზე  მტრად მოკიდებულ ჩვენი წინაპრები ერთიდან მეორე მოწინააღდეგისაკენ სწრაფვაში ატარებდნენ თავიანთ ბედკრულ ცხო­ვ­რებას, ოღონდაც კი თავიანთი ვიწრო, ეგოისტური ინტერესები დაეკმაყოფილებინათ. აქ მთა­ვა­რი იყო ვინ ვის დაასწრებდა და მოწინააღმდეგეზე „გამარჯვებას“ მიაღწევდა. ეს ინერცია, სამ­წუხაროდ, დღესაც აგრძელებს არსებობას და თავის უბინძურეს საქმეთ. ამიტომაც, უნდა შევ­ცვა­ლოთ გარემო, რომ ამგვარმა ქმედებამ აზრი დაკარგოს და პრიორიტეტად იქცეს სამშობლოს უან­გა­რო სამსახური... ასე, რომ ნამდვილი დამოუკიდებლობა და თავისუფლება თუ გვინდა, ვარს­ქენის მოკ­ვლა აუცილებლად მოგვიწევს!

იაკობ გოგებაშვილი სრულიად მართებულად ამბობს: „იქნებ არცერთ მსოფლიო გენიოსს არ ჰქონდა იმდენი მნიშვნელობა თავისი ერისათვის, რამდენიც აქვს ილია ჭავჭავაძეს საქარ­თვე­ლოსათვის“ (იქვე, გვ. 179). სწორედ ამიტომაც მოკლეს, რომ ასეთი გაუგონარი სისასტიკით ეძიათ შური საქართველოს გამოღვიძებისა და მისი ფეხზე დაყენების ცდისთვის... მისი მკვლელობის დამგეგმავნი პილატეს უდიდესი ცოდვით დამძიმებულნი და იმდენად გათახსირებულნი არიან, ხელების ბანას დღესაც აგრძელებენ...

როდესაც ილიას როლისა და მისიის განსაზღვრას ცდილობს აკადემიკოსი გიორგი მელი­ქი­შვილი ამბობს: „თავისი, როგორც ეროვნული, ისე სოციალური იდეალების მისაღწევად თერგ­დალეულები, ილია ჭავჭავაძის ჯგუფი, უარყოფენ ძალმომრეობას, რევოლუციის გზას. (ამიტომაც შეცდომაა, როდესაც მათ რევოლუციურ-დემოკრატებს უწოდებენ), (იქვე, გვ.184; დაზ. „კომუ­ნი­ს­ტი“, 1978, 28. 05). ავტორის სამართლიანი მტკიცებით „ მსგავსი დებულებანი ისტორიულ სინამდვილეს არ შეეფერება (იქვე; გ. მელიქიშვილი, ჟურნ. „მაცნე“, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების სერია, # 4, 1978, გვ. 118-124). იგივე ავტორი აღნიშნავს, რომ „თერგდალეულების“ შეფასებაში ხშირად ჭარბობს რომელიმე კარგად ცნობილ სქემაში მათი მოთავსების სურვილი“ (იქვე, გ. მელიქიშვილი, საქართველოს ისტორიის შესწავლა ოქტომბრის დიდი სოციალისტური რევოლუციის 50 წლისთავზე. კრებული „საისტორიო წერილები“, თბ., 1968, I ნაკვ., გვ. 72) და საბოლოოდ აკეთებს დასკვნას, რომ „შეუძლებელია ილიას და თერგდალეულების,  „სულ სხვა ნიადაგზე აღმოცენებული მარქსისტული სოციალ-დემოკრატიული მიმდინარეობის წინაპრებად გამოცხადება“ (იქვე, გვ. 185; მელიქიშვილი, იქვე, გვ. 118), რითაც დიდმა მეცნიერმა ბოლო მოუღო ილია ჭავჭავაძის სოციალიზმის წინამორბედად გამოცხადების ცდას საქართველოში და აქედან გამომდინარე, მის მატერიალისტურ-დიალექტიკოსად წარმოჩენასაც, - და სრულიად მართებუ­ლია ნაშრომში წარმოჩენილი აქედან გამომდინარე დასკვნებიც (იქვე, 185-186).

„მოძრაობა, რომელსაც ილია მეთაურობდა, არ იყო მხოლოდ სოციალური და, შეიძლება ით­ქვას, უფრო მეტადაც ის ეროვნულ მოძრაობას წარმოადგენდა; იგი ემყარებოდა არა მხოლოდ სოციალურსა და არა იმდენად სოციალურ პრინციპს, რამდენადაც ეროვნულს: „ჩვენი საქმე საქარ­თველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გაუმჯობესება, - ჩვენი პირველი და უკანასკნელი ამოცანაა“... 1906 წელს რუსეთის სახელმწიფო საბჭოში არჩევის შემდეგ ილიამ პირდაპირ განაცხადა: „არ დავ­ფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელი საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქ­ნები“(იქვე, გვ. 187; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, თბ., 1951, I ტ., გვ. 7).

ასე, რომ ილიას მოღვაწეობის განსაზღვრისათვის, სულ სხვა კატეგორიაა გამოსანახავი, რა­დ­გან იგი თავისი სრულყოფილებით არ თავსდება არცერთ ჩვენთვის ცნობილ დეფინიციაში და არც მხოლოდ ეროვნულ მახასიათებელში. იგი ერის სვე-ბედზე, მის ყველა გამოვლინებაზე მოფი­ქ­რალი ღმერთკაცია და ქართულმა სამოციქულო ეკლესიამ მას ტყუილად არ უწოდა ილია მარ­თა­ლი; ილია სრულიად საქართველოს ხელახლა დაბადებისათვის უფლისაგან მოვლენილი ღვთის სიტყვაა, რომლის გარეშეც საქართველოს გამოცოცხლება და ფეხზე დაყენება წარმოუდგენელი იყო. მან, როგორც რჩეულმა წინასწარმეტყველმა, სული შთაბერა თითქმის „თიხად ქცეულ“ ჩვენს სამშობლოს და სწორდ ამიტომაც, ილია მართალი საქართველოსთვის ბევრად უფრო მეტია, ვიდ­რე ეროვნული მოღვაწე, ერისკაცი... მხოლოდ მას შეეძლო ეთქვა და კიდევაც სთქვა: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული...“

ხოლო, რაც შეეხება იმას, რომ რუსი სოციალ-დემოკრატები ბევრად უფრო მაღლა იდგნენ დასავლეთევროპელ სოციალ-დემოკრატებზე“ - ეს, თანამედროვე გადასახედიდან აბსურდის თე­ა­ტ­რად ქცეული ის სინამდვილეა, რომელსაც ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს; რადგან ჩვენ ხომ თავშივე ვიცით, რომ არცერთი არ გამოხატავს ღვთის ნებას და აქედან გამომდინარე, არაფრით უწყობს ხელს ამ ნების აღსრულებას. პირიქით, თანამედროვე მსოფლიოს პრობლემების უდიდესი ნაწილი, სწორდ ამ ყალბ საფუძველზე აგებული და ამავე მსოფლიოსთვის თავს მოხვე­უ­ლი სოციალური დემაგოგიის შედეგია, რომელმაც უეროვნებო, საკუთარ პერსონებზე ორიენტი­რებულ უმდიდრეს ადამიანთა რამდენიმე ასეულისაგან შემდგარ კასტას შეუქმნა ილუზია, რომ მათ შეუძლიათ ჩაანაცვლონ ღმერთი და განაგონ მსოფლიოს ბედი.

ნაშრომში მნიშვნელოვანია მშობლიურ ენაზე და მის უდიდეს როლზე გამოთქმული მოსა­ზ­რებანი. მასში აღნიშნულია, რომ ი. გოგებაშვილი იზიარებდა უშინსკის თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც, „ადამიანის აგებულებასთან კავშირშია მისი მშობლიური ენა და ამდენად, ფესვე­ბი­დან მისი მოწყვეტა უარყოფით შედეგს იძლევა“(იქვე, გვ. 215; ი. გოგებაშვილი, რჩეული თხზუ­ლე­ბანი, თბ., 1990, ტ. II, გვ. 16-17). აქ, იაკობ გოგებაშვილი ცდილობს ავტორიტეტების მოშვე­ლი­ებით კონსტანტინე მუხრანსკის მსგავსთა, ქართველოფობიური, ანტიქართული შემოტევებისაგან დაიცვას მშობლიური ენა და მისი ასპარეზი. ი. გოგებაშვილი განაგრძობს: „როდესაც ვახუშტი, იოსებ სამებელი და მათნი თანაშემწენი, აღზრდილნი და დასრულებულნი ეროვნულს ნიადაგზე, რუსეთში ნაყოფიერად შრომობდნენ ქვეყნისთვის, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, ღრმა კვალი დასტოვეს ჩვენს ცნობიერებაში; ახლანდელი რუსეთის ქართველები, იმ გადახვეწილთა შთამო­მა­ვა­ლნი, (ანუ გარუსებული ქართველები - უ. ო.), ყოვლად გამოუსადეგარნი არიან საქართვე­ლოს­თვისაც და რუსეთისთვისაც“... (იქვე. გვ 215; ი. გოგ., გვ. 17). გარკვეული მიზეზების გამო აქ იაკობი მათ გარუსებას ვერ ახსენებდა, მაგრამ როგორც მოცემული აზრის კონტექსტიდან ჩანს, ზუსტად ამას გულისხმობდა. და მისი ასეთი ქართველების შედარება ჩრდილოეთში მოყვანილ კახურ ვაზთან, რომელიც თავის ნიადაგს მოწყვეტილი ტკბილი აღარ არის, სრულიად ბუნებრივად გამოიყურება.

ამავე ნაშრომში ხაზგასმული მისივე აზრის თანახმად „ერის გადაგვარება და გაქრობა მარ­ტო მისს, კერძო უბედურებას როდი შეადგენს; იგი ნამდვილი დანაკლისია თვით კაცობრი­ობ­ის­თვისაც, რომელსაც ამით აკლდება ერთი თავისი  ნაწილი, ანუ წევრი, უშრება იმ წყაროთაგანი, რომელნიც ავსებენ შეერთებულად მსოფლიო კულტურის ზღვასა... ყველა ხალხი, თავისი შესა­ბა­მისი ხმით იღებს მონაწილეობას მსოფლიო ღაღადისში. შეწყდა რომელიმე ერის ხმა? გაღარიბდა კაცობრიობის ხოროს ჰარმონია, შესუსტდა ხოროს ღაღადისი, დანაკლულდა ზღვა თავისებუ­რე­ბისა, მოაკლდა ერთი თავისებური ლალი კაცობრიობის კულტურის დიდებულ სალაროსა“ (იქვე, გვ. 219; ი. გოგ. გვ. 45). შეიძლება ითქვას, რომ ამაზე უფრო თანმიმდევრულად და გასაგებად დღემდე არავის დაუცავს ერების თვითმყოფადობა და კულტურული უნიკალურობა, თანაც მსო­ფ­ლიო და საკაცობრიო საზომით განჭვრეტილი დემოკრატიულობით.

მეტად საინტერესოა ამავე წიგნში დაფიქსირებული ნიკო ნიკოლაძის თვალთახედვის თა­ნა­მედროვე  აღქმა, რომელიც ამბობს: „ არ უნდა ვიქონიოთ იმის იმედი, რომ მოვა უცხო ვინმე და ჩვენს ხალხს ბედნიერს გახდის. ეს არასოდეს მოხდება. მარტო ჩვენს გამძლავრებასა და გაძ­ლი­ერებაზე ვიშრომოთ - მაშინ მეგობარიც ბევრი გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც“ (იქვე, გვ314; ქართული მწერლობა 30 ტომად , თბ., 1988, ტ. IV, გვ. 183). და კიდევ - „სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა ან ხეირიანი განწყობილება... ხალხი მაშინ გაძლიერდება, მაშინ შეადგენს ერთ ძმურ ოჯახს, როცა სადაო არ ექნებათ რა სხვადსხვა წოდებას“(იქვე, გვ. 313; ქართ. მწერლობა, გვ.172).

საქართველოს ისტორიის საკითხთა მართებულად  გაგებისათვის მეტად მნიშვნელოვანია ქფაი-ს მე-4 ტომში დაფიქსირებული თვალსაზრისი, რომ „რა მიმართულებისაც არ უნდა ყოფი­ლი­ყო ქართველი მოაზროვნე, გარდა ქართველი ბოლშევიკებისა, მის „იზმს“ ქართული ელფერი ჰქონდა, ცდილობდა საქართველოს სასარგებლოდ გამოეყენებინა მის მიერ არჩეული მოძღვრების ძირითადი პრინციპები. ამით განსხვავდებოდნენ ქართველი ანარქისტები, საერთოდ ანარქისტე­ბისაგან, იგივე ითქმის სხვებზეც (გ. თევზაძე, XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის სააზროვნო ვითარება, ტ. IV, I თავი, გვ. 14-25; გვ. 15).

ამის ილუსტრაციას წარმოადგენს გრიგოლ რობაქიძის მოსაზრება, რომ „ვარლამ ჩერქეზი­შვილი მსოფლიოში ერთადერთი ანარქისტი იყო „ანარქიზმისა და ნაციონალიზმის შემზავე­ბე­ლი“... და ეს არ იყო მხოლოდ ლიტონი სიტყვები. ნაშრომის აღნიშნულ თავში თვალსაჩინოდ არის მხილებული არა მარტო ე. წ. მარქსიზმის კლასიკოსთა, ამ წვერებიანი თაღლითების, „საქმენი საგმირონი“ (იქვე, გვ. 79-დან 83-ის ჩათვ­ლ­ით), არამედ წარმოჩენილია ამ საქმეში ვარლამ ჩერქეზიშვილის მიერ შესრულებული უდიდესი როლი. მაგრამ აქ, გრ. რობაქიძისათვის  მაინც მთავარია ზემოთ აღნიშნული თვალსაზრისის დამადას­ტურებელი ვ. ჩერქეზიშვილის მოსაზ­რებანი, როდესაც ის ამბობს: „თურქები, ეს ბარბაროსები, რთავენ სკოლების არსებობის ნებას ბულგარეთში და ამ სკოლებში სწავლება ადგილობრივი მოსახლეობის ენაზე მიმდინარეობს... მაშინ, როცა ჩემს მშვენიერ სამშობლოში... ოფიციალური ენა რუსულია, სრულიად უცხო ენა არა მარტო გლეხებისათვის, არამედ თავადაზნაურობის უმრავლესობისათვის: სწავლება სავალდე­ბუ­ლოა რუსულ ენაზე“ (იქვე, გვ. 83; V. Cherkezov, Xronika-Rossia “obShCina”, 1878, #1, str. 26).

აქვე აღნიშნულია, რომ 1882 წელს ვ. ჩერქეზიშვილმა ჟენევაში, რუსულ ანაზე გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი: „გადიაჩელი დრაგომიროვები რუს სოციალისტებთან ბრძოლაში“, რომე­ლშიც პირველად რუსეთის იმპერიის განმათავისუფლებელ მოძრაობაში, აღძრა ეროვნული  საკი­თ­ხი... დაიცვა იმპერიის დაპყრობილი ხალხის, მათ შორის ქართველი ხალხის უფლება - აღედ­გი­ნათ საკუთარი სახელმწიფოებრიობა ეროვნული ავტონომიის სახით (იქვე). უფრო მოგვიანებით კი, 1919 წელს, პარიზის კონფერენციის დროს, სადაც მსოფლიოს ახალი მოწყობის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, გამოქვეყნდა ვ. ჩერქეზიშვილის წიგნი ინგლისურ ენაზე: „საქართველო, მისი ტრადიციები და პოლიტიკური უფლებები“. როგორც ქფაი-შია აღნიშნული, მართლაც, გაუგონა­რი ამბავი ხდებოდა - ანარქიზმის ერთ-ერთი საქვეყნოდ ცნობილი ბელადთაგანი, ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის უარმყოფელი - დასავლეთის პოლიტიკური ელიტის წინაშე გამოდიოდა, როგორც საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებ­ლო­ბის დამცველ-დამსაბუთებელი და ქართველი ერისათვის, მსოფლიოს „დამოუკიდებელ ერებს შორის თავისი ისტორიული ადგი­ლის დაბრუნებას მოითხოვდა“ (იქვე, 84; ფერაძე გ., ვარლამ ჩერქეზიშვილი დიდ ბრიტანეთის წიგნსაცავებსა და არქივებში“, თბ., 2201, გვ. 78). აქვე აღნიშნულია, რომ „ ანარქიზმის მთავარი პრინციპის საწინააღმდეგოდ, ცნობილი ქართველი მოაზროვნე მიხაკო  წერეთელიც, წინა პლანზე აყენებს ეროვნულ პრობლემატიკას“ (იქვე, გვ. 92).

დღევანდელ საქართველოში მეტად საინტერსოდ გამოიყურება ქართული ანარქიზმის რა­დი­კალური ფრთის წარმომადგენლის შალვა გოგელიას ის მოსაზრება, რომ „პარლამენტისა და პარ­ლამენტარიზმის, პარლამენტის მეშვეობით წესრიგის დამყარება და სამართლიანობის აღდგე­ნა, თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი...“. შალვა გოგელია უფრო შორს მიდის, და ამით კიდევ უფ­რო უახლოვდება თანამედროვე ქართულ სინამდვილეს, მიიჩნევს რა პარლამენტს ჩაგვრის ია­რაღად... „იგი ქმნის კანონებს და სწორედ კანონების მეშვეობით ახშობს თავისუფლებისადმი მის­წრაფებას. მისი აზრით, ბურჟუაზიამ (იგულისხმე თანამედროვე ქართული ხამოკრატია - უ. ო.) თავისი მიზნების განსახორციელებლად პარლამენტი შემოიღო. ის არის ჩაგვრის იარაღი“ (იქვე, გვ.97; შ. გოგელია, კრიტიკა სოციალ-ფედერალიზმისა, თბ., 1908, გვ. 137-139). თარიღი რომ არ იყოს მითითებული, გეგონება თანამედროვე საქართველოს პარლამენ­ტ­სა და სახელმწიფო ბიუ­რო­კრატიაზეა სა­უ­ბარი, რომელიც საკუთარი ბედნიერი ცხოვრების მოსაწყობად ყვე­ლაფერს კადრულობს (ისედაც მაღალი ხელფასების გაორმაგება, საკუთარი ცხოვრების კომფორ­ტულად მოწყობაზე ზრუნვის პარალელურად, ასევე ცხოვრების პირობების გაუმჯობესების საბა­ბით, უღატაკეს ფენაზე ისედაც მიზერული სოციალური დახმარებების მოხსნა და ათასი სხვა, პრი­მი­ტიულად გააზრებული სოციალური დემა­გოგია); ხოლო საქართველოს მოსახლეობის ძირითადი, ისედაც და­ჩა­გ­რული და გაღატაკებული ნაწილის მდგომარეობის გაუმჯობესების მაგიერ, კანონის ფარგლებ­ში ექცევა მათდამი უთანას­წო­რო დამოკიდებულება ცხოვრების ყველა სფეროში - მაშინ, როდესაც  პარლამენტარებსა და სახელ­მ­წიფო ბიუროკრატიას 7-8 ათასი ლარის ოდენობის ხელფასები კანო­ნით უმტკიცდებათ, ამ უღატ­ა­­კესი ფენისათვის საშუალო თვიური შემოსავალს შეიძლება 180 ლა­რი პენსია და 45-50 ლარი დახ­მარება წარმოადგენდეს, სულ კი, 225-230 ლარი. ეს პირდაპირ აღ­არც ასა­ხ­ავს ძველი რუსეთის XI საუკუნის იაროსლავ ბრძენის დროინდელ „Russkaia Pravda”-ში დაფიქ­სირებულ მდგომარეობასაც კი, როდესაც „ბოიარინის“ სიცოცხლე 16-ჯერ მეტი ღირდა „ხო­ლო­პი­საზე“; როგორც ვხედავთ,  საქართველოში ეს ვითარება აღმატებით ხარისხშია - აქ ხომ განს­ხვავება თითქმის 34-ჯერ მეტია; და ძალიან საინტერესოა, რით დაიმსახურეს ამ ჩვენმა „ბოიარებმა“ ქართველი ხა­ლხის ქედზე ასე უსინდისოდ გადაჯდომის უფლება?!..

საბოლოოდ საქართველოში ანარქიზმის შესაფასებლად უნდა ვთქვათ, რომ ის იმ თავი­სე­ბ­უ­რებით ხასიათდებოდა, რომ, როგორც ნაშრომშია აღნიშნული „ერთი ფრთის წამომადგენლე­ბი­სა­თ­ვის (ვ. ჩერქეზიშვილი, მ. წერეთელი) ანარქისტულ იდეებთან ერთად ეროვნული საკითხიც მნი­შვნელოვან როლს თამაშობდა, მეორე ფრთისთვის კი(ძმები გოგელიები), ერ­ოვნული საკითხი იგ­ნო­რირებული იყო და მწვანე შუქი ენთებოდა რეაქციულ იდეებს (ტერორი, ძალად­ობა, ხელი­სუფლების დამხობა, დემოკრატიული ელემენტების ნორმების უარყოფა  და სხვა.

 ოთხტომეულის გაცნობამ დაგვარწმუნა, რომ „ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორია“ ქართულ სააზროვნო სივრცეში შემოჭრილი ის ჯანსაღი ნაკადია, რომელიც თანამედროვე საქართველოს უკეთესი მომავლისაკენ წაყვანას გვპირდება. ქართული ფილოსოფიური აზროვნებისა და  მისი ისტორიის ასეთი გადააზრება სწორედ დროით ნაკარნახევი ის აუცილებლობაა, რომლის გარეშეც ჩვენთვის მსოფლიოს ახლებურად გააზრებასაც ნაკლებად პოზიტიური პერსპექტივა ექნებოდა. ამიტომაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის არის ახალი, თანამედროვე აზრით გაჯერებული სიტყვა ქართული სულიერების ისტორიაში.